წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 82


ნაწილი 82

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება ინდიფენდენთსში, ჯექსონის ოლქი, მისური, 26 აპრილი, 1832 წ. საბაბი იყო ეკლესიის უხუცესთა და მღვდელმთავართა საბჭო. საბჭოზე ჯოზეფ სმითს მხარი დაუჭირეს მღვდელმთავართა პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომელზეც მანამდე იქნა ხელდასხმული მღვდელმთავართა, უხუცესთა და წევრთა კონფერენციაზე ამჰერსტში, ოჰაიო, 25 იანვარი, 1832 წ. (იხ. 75-ე ნაწილის შესავალი). ეს გამოცხადება იმეორებს მითითებებს, რომლებიც მოცემულ იქნა ადრინდელ გამოცხადებაში (ნაწილი 78) რათა ჩამოყალიბდეს ფირმა, ცნობილი როგორც გაერთიანებული ფირმა (ჯოზეფ სმითის ხელმძღვანელობით სიტყვა „ფირმა“ შეიცვალა სიტყვით „ორდენი“) რათა ეკლესიას ჰქონოდა სავაჭრო და საგამომცემლო საწარმოები.

1–4, მას, ვისაც ბევრი ებოძა, ბევრიც მოეთხოვება; 5–7, სიბნელე მეფობს დედამიწაზე; 8–13, უფალს აკისრია ვალდებულება, როდესაც ვასრულებთ იმას, რასაც იგი ამბობს; 14–18, სიონი უნდა გაიზარდოს სილამაზესა და სიწმინდეში; 19–24, ყოველი ადამიანი უნდა ზრუნავდეს მოყვასის კეთილდღეობაზე.

1 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, ჩემო მსახურებო: იმისდა მიხედვით, როგორ აპატიეთ ერთმანეთს შეცოდებები, ისე შეგინდობთ მე, უფალი.

2 თუმცა, თქვენ შორის არიან ისინი, რომლებმაც ძალზედ შესცოდეს; დიახ, ყოველმა თქვენგანმა შესცოდა; მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნებით, ამიერიდან ფრთხილად იყავით და ცოდვისგან თავი შეიკავეთ, თორემ მძიმე სასჯელი დაგატყდებათ თავს.

3 ვინაიდან მას, ვისაც ბევრი ებოძა, ბევრიც მოეთხოვება; და იგი, რომელიც სცოდავს დიადი სინათლის წინააღმდეგ, უფრო მკაცრ განსასჯელს დაიმსახურებს.

4 თქვენ გამოცხადებებისთვის მოუხმობთ ჩემს სახელს და მე გიბოძებთ მათ; და რამდენადაც არ იცავთ ჩემს ბრძანებებს, რომლებსაც გაძლევთ, თქვენ ხდებით დამნაშავენი; სამართალი და განაჩენი არის სასჯელი, რომელიც თან დავურთე ჩემს კანონს.

5 ამიტომ, რასაც ვეუბნები ერთს, ვეუბნები ყველას: იფხიზლეთ, ვინაიდან მტერი აფართოებს თავის სამფლობელოს და სიბნელე მეფობს;

6 და ღმერთის მრისხანება დაენთო დედამიწის მცხოვრებთა წინააღმდეგ; და არავინ არ აკეთებს სიკეთეს, ვინაიდან ყველა ასცდა გზას.

7 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: მე, უფალი, არ გწამებთ რაიმე ცოდვას; იარეთ თქვენი გზით და აღარ შესცოდოთ; მაგრამ სულს, რომელიც სცოდავს, თავისი წარსული ცოდვები დაუბრუნდება, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

8 და კვლავ, გეუბნებით: გაძლევთ ახალ ბრძანებას, რათა ჩასწვდეთ ჩემს ნებას თქვენ შესახებ;

9 ანუ სხვა სიტყვებით გაძლევთ მითითებებს, როგორ მოიქცეთ ჩემ წინაშე, რათა ეს თქვენი ხსნისთვის წაგადგეთ.

10 მე, უფალს, მაკისრია ვალდებულება, როდესაც ასრულებთ, რასაც ვამბობ, მაგრამ როდესაც არ ასრულებთ, რასაც ვამბობ, დაპირება არ გექნებათ.

11 ამიტომ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ საჭიროდ მიმაჩნია, ჩემმაი მსახურებმა – ედვარდ პარტრიჯმაი, ნიუელ კ. უიტნიმ, ა. სიდნეი გილბერტმაი, სიდნეი რიგდონმაი და ჩემმა მსახურმაი, ჯოზეფ სმითმაი, ჯონ უიტმერმაი და ოლივერ ქაუდერმი, ვ. ვ. ფელფსმაი და მარტინ ჰარისმაი აიღონ ვალდებულება თქვენს სხვადასხვა ზედამხედველობაში ერთხმად და აღთქმით, რომელიც არ დაირღვევა შეცოდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოჰყვება განაჩენი –

12 რათა განაგონ ღარიბთა საქმენი და ყოველივე, რაც ეხება ეპისკოპოსობას სიონის მიწაზე, ასევე კირტლანდის მიწაზე;

13 ვინაიდან, კირტლანდის მიწა ჩემთვის შესაფერის დროს ვაკურთხე უზენაესის წმინდანთა სასარგებლოდ და სიონის პალოსთვის.

14 ვინაიდან, სიონი უნდა გაიზარდოს სილამაზესა და სიწმინდეში, მისი საზღვრები უნდა გაფართოვდეს, მისი პალოები უნდა გაძლიერდეს; დიახ, ჭეშმარიტად გეუბნებით, სიონი უნდა აღსდგეს და შეიმოსოს თავის მშვენიერ სამოსელით.

15 ამიტომ, გაძლევთ ამ ბრძანებას, რათა იყოთ ამ აღთქმით დავალებულნი და ეს აღსრულდება უფლის კანონების შესაბამისად.

16 აჰა, ამაშია სიბრძნე, ასევე ჩემში, თქვენს სასიკეთოდ.

17 და თქვენ უნდა იყოთ თანასწორნი ანუ სხვა სიტყვებით, უნდა გქონდეთ ერთნაირი უფლებები ქონებაზე, რათა უკეთესად უხელმძღვანელოთ თქვენი ზედამხედველობისსაქმეებს, ყოველი ადამიანი თავისი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, შესაბამისად იმისა, რამდენად სამართლიანი იქნება მისი სურვილები –

18 და ყოველივე ეს ცოცხალი ღმერთის ეკლესიის სასარგებლოდ, რათა ყოველმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი ნიჭის გაღრმავება, რათა ყოველმა ადამიანმა შეძლოს სხვა ნიჭის მიღება, დიახ, ასჯერადაც, რათა უფლის საცავში იქნეს ჩადებული, რათა მთელი ეკლესიის საერთო ქონებად იქცეს –

19 ყოველი ადამიანი ზრუნავს მოყვასის კეთილდღეობაზე და ყოველივე ამას აკეთებს ღმერთის სიდიადისკენ მიპყრობილი მზერით.

20 ეს ორდენი დავნიშნე მარადიულ ორდენად თქვენთვის და თქვენი მემკვიდრეებისთვის, თუ ისინი არ შესცოდავენ.

21 და სული, რომელიც ამ აღთქმის წინააღმდეგ სცოდავს და გულს იქვავებს მის წინააღმდეგ, გასამართლდება ჩემი ეკლესიის კანონების შესაბამისად და სატანჯად გადაეცემა სატანას გამოსყიდვის დღემდე.

22 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით და ამაშია სიბრძნე: დაიმეგობრეთ მამონას უკეთურნი და ისინი არ გაგანადგურებენ.

23 სამსჯავრო მე დამიტოვეთ, ვინაიდან ეგ არის ჩემი და მე მივუზღავ. მშვიდობა იყოს თქვენთან; ჩემი კურთხევები იყოს თქვენთან.

24 ვინაიდან, სასუფეველი ჯერ კიდევ თქვენია და იქნება მარად, თუ არ დათმობთ სიმტკიცეს. სწორედ ასე. ამინ.