წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 124


ნაწილი 124

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისადმი ბოძებული გამოცხადება, ნავუ, ილინოისი, 19 იანვარი, 1841 წ. სახელმწიფო მოხელეების მიერ წარმოებული მზარდი დევნისა და უკანონო სამართალწარმოების გამო, წმინდანები იძულებულნი იქნენ, მისური დაეტოვებინათ. მისურის გუბერნატორის, ლილბურნ ვ. ბოგსის მიერ 1838 წ. 27 ოქტომბერს გაცემულმა განადგურების ბრძანებამ არჩევანი არ დაუტოვა მათ. 1841 წელს, როდესაც ეს გამოცხადება ბოძებულ იქნა, ქ. ნავუ მდებარეობდა ყოფილი სოფელ კომერსის ადგილზე ილინოისში, სადაც ის წმინდანების მიერ აშენდა და იქ ჩამოყალიბდა ეკლესიის სამმართველო.

1–14, ჯოზეფ სმითს ნაბრძანები აქვს, შეადგინოს სახარების საზეიმო განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, გუბერნატორებისა და ერების მმართველებისთვის; 15–21, ჰაირამ სმითი, დევიდ ვ. პატენი, ჯოზეფ სმითი უფროსი და სხვანი ცოცხლებიდან და გარდაცვლილებიდან არიან კურთხეულნი თავიანთი პატიოსნებისა და სათნოებისთვის; 22–28, წმინდანებს ნაბრძანები აქვთ, ააშენონ ნავუში სასტუმრო სახლი უცხო ადამიანებისთვის და ტაძარი; 29–36, გარდაცვლილთათვის ნათლობა უნდა ჩატარდეს ტაძარში; 37–44, უფლის ხალხი ყოველთვის აშენებს ტაძრებს წმინდა წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად; 45–55, წმინდანები განთავისუფლებულნი არიან ტაძრის მშენებლობისგან ჯექსონის ოლქში მტრების მიერ დევნის გამო; 56–83, მოცემულია მითითებები ნავუს სახლის მშენებლობის შესახებ; 84–96, ჰაირამ სმითი მოწოდებულია, იყოს პატრიარქი, მიიღოს გასაღებები და დაიკავოს ოლივერ ქაუდერის ადგილი; 97–122, უილიამ ლო და სხვები იღებენ რჩევებს თავიანთი სამუშაოს შესახებ; 123–145, დასახელებულია საერთო და ადგილობრივი მოხელეები, მათი მოვალეობები და ქვორუმებში წევრობა.

1 ჭეშმარიტად, ასე გეუბნება უფალი, ჩემო მსახურო, ჯოზეფ სმით: ძალზედ კმაყოფილი ვარ შენი შემოწირულობებითა და აღიარებებით; ვინაიდან, აღგზარდე იმ მიზნით, რომ ჩემი სიბრძნე დავანახო დედამიწის უძლურთა მეშვეობით.

2 ჩემ წინაშე შენი ლოცვები მისაღებია; და მათ საპასუხოდ გეუბნები, რომ მოწოდებული ხარ, დაუყოვნებლივ შეადგინო საზეიმო განცხადება ჩემს სახარებაზე და ამ პალოზე, რომელიც მე დავაფუძნე, რათა იყოს სიონის ქვაკუთხედი, რომელიც დახვეწილად გაპრიალდება სასახლის ქვის მსგავსად.

3 ეს განცხადება უნდა განეცხადოს ყოველ მეფეს ამაქვეყნისა, რომელშიც ცხოვრობ, მის ოთხივე კიდეს, პატივცემულ არჩეულ პრეზიდენტსა და ქვეყნის დიდსულოვან გუბერნატორებს და საზღვარგარეთ გაფანტულ დედამიწის ყოველ ერს.

4 დაე, ეს დაწერილი იყოს თვინიერების სულითა და სულიწმინდის ძალით, რომელიც შენში იქნება მისი წერის დროს.

5 ვინაიდან, ეს გებოძება სულიწმინდისგან – ცოდნა ჩემი ნების შესახებ ამ მეფეებსა და მმართველებზე, ისიც კი, თუ რა დაატყდებათ მათ თავს მომავალში.

6 ვინაიდან, აჰა, მალე მოვუწოდებ მათ, ყური დაუგდნონ სიონის სინათლესა და დიდებას, ვინაიდან დადგა დათქმული დრო ამის განსახორციელებლად.

7 ამიტომ, მოუწოდე მათ ხმამაღალი განცხადებითა და შენი დამოწმებით, არ შეგეშინდეს მათი, ვინაიდან არიან ვითარცა ბალახი და ყვავილივით არის მთელი მათი დიდება, რომელიც მალე ჩამოვარდება, რათა გამართლების გარეშე დარჩნენ –

8 რათა ვეწვიო მათ, მოვლინების დღეს, როდესაც სახედან საბურველს მოვიხსნი, რათა ფარისეველთა შორის დავუნიშნო მჩაგვრელს საზღაური, სადაც არის კბილების ღრჭენა, თუ ისინი უარყოფენ ჩემს მსახურებს და დამოწმებას, რომელიც მათ გავანდე.

9 და კვლავ, მე მოვევლინები და მოვულბობ გულს მრავალ მათგანს თქვენს სასარგებლოდ, რათა მადლი მოიპოვოთ მათ თვალში, რათა მათ შეძლონ ჭეშმარიტების სინათლესთან და წარმართებმა – სიონის თაყვანისცემისკენ ანუ ამაღლებისკენ მოსვლა.

10 ვინაიდან, მალე დადგება ჩემი მოვლინების დღე, საათზე, რომელზეც არ ფიქრობთ; და სად იქნება ჩემი ხალხისთვის უსაფრთხოება და თავშესაფარი მათთვის, ვინც მათი რიცხვიდან დარჩება?

11 გაიღვიძეთ, დედამიწის მეფენო! მოდით, მოდით, თქვენი ოქროთი და ვერცხლით ჩემი ხალხის დასახმარებლად სიონის ასულის სახლში.

12 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნები: დაე, ჩემი მსახური, რობერტ ბ. ტომპსონი დაგეხმაროს ამ განცხადების დაწერაში, ვინაიდან ძალზედ კმაყოფილი ვარ მისით და იგი შენთან უნდა იყოს.

13 დაე, ყური დაუგდოს შენს რჩევას და ვაკურთხებ მას კურთხევების სიმრავლით; დაე, ამიერიდან იყოს ერთგული და სანდო ყოველივეში და დიადი იქნება იგი ჩემს თვალში.

14 მაგრამ, დაე, ახსოვდეს, რომ მისი მმართველობის პასუხისმგებლობას მისივე ხელიდან მოვითხოვ.

15 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნები: კურთხეულია ჩემი მსახური ჰაირამ სმითი, ვინაიდან მე, უფალს, მიყვარს იგი თავისი გულის პატიოსნებისთვის და იმის სიყვარულისთვის, რაც მართალია ჩემ წინაშე, – ამბობს უფალი.

16 კვლავ, დაე, ჩემი მსახური, ჯონ ქ. ბენეტი, დაგეხმაროს ჩემი სიტყვის გაგზავნაში მეფეებისა და დედამიწის ხალხისთვის; და გაჭირვების ჟამს დაგიდგეს გვერდში ჯოზეფ სმითი, ჩემო მსახურო და ჯილდო მისი არ გამოილევა, თუ იგი რჩევას მიიღებს.

17 და მისი სიყვარულისთვის იგი იქნება დიადი, ვინაიდან იქნება ჩემი, თუ ამას გააკეთებს, – ამბობს უფალი. მე ვიხილე მისი ნაშრომი, რომელსაც მივიღებ, თუ იგი გააგრძელებს და მას დავაგვირგვინებ კურთხევებითა და დიდი სიდიადით.

18 და კვლავ, გეუბნები: ეს არის ჩემი ნება, რომ ჩემმა მსახურმა, ლაიმან უაითმა, გააგრძელოს ქადაგება სიონში თვინიერების სულისკვეთებით, მაღიაროს რა ამასოფლის წინაშე; და მას ავამაღლებ ვითარცა არწივის ფრთებზე; და იგი შექმნის ბრწყინვალებასა და პატივისცემას თავისთვის და ჩემი სახელისთვის.

19 რათა შევძლო მისი ჩემთან მიღება, როდესაც დაასრულებს თავის სამუშაოს, როგორც მივიღე ჩემი მსახური დევიდ პატენი, რომელიც ამჟამად ჩემთან არის და ასევე ჩემი მსახური ედვარდ პარტრიჯი, ასევე ჩემი მოხუცი მსახური ჯოზეფ სმითი უფროსი, რომელიც ზის აბრაამთან ერთად მისი მარჯვენა ხელისკენ; და იგი კურთხეულია და წმინდა, ვინაიდან იგი არის ჩემი.

20 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნები: ჩემს მსახურ ჯორჯ მილერში არ არის მზაკვრობა; მისი ნდობა შეიძლება, ვინაიდან გულით პატიოსანია; და სიყვარულისთვის, რომელიც აქვს ჩემი დამოწმებისადმი, მე, უფალს, იგი მიყვარს.

21 ამიტომ, გეუბნები: მას ვუბოძებ ეპისკოპოსის თანამდებობის რწმუნებულებას, როგორც ჩემს მსახურს, ედვარდ პარტრიჯს, რათა მიიღოს შემოწირულობები ჩემი სახლისთვის, რათა შეძლოს ჩემი ხალხის ღარიბთა თავზე კურთხევების მოტანა, – ამბობს უფალი. დაე, არავინ დაამციროს ჩემი მსახური ჯორჯი, ვინაიდან იგი მე მეთაყვანება.

22 დაე, ჩემმა მსახურმა ჯორჯმა და ჩემმა მსახურმა ლაიმანმა, ჩემმა მსახურმა ჯონ სნაიდერმა და სხვებმა, ააშენონ სახლი ჩემს სახელზე, როგორსაც ჩემი მსახური ჯოზეფი დაანახებს, იმ ადგილზე, რომელსაც იგი ასევე მიუთითებს მათ.

23 და ეს სახლი იქნება სასტუმრო, სახლი, სადაც შორიდან ჩამოსული უცხონი შეძლებენ ღამის გათევას; ამიტომ, დაე, ეს იყოს კარგი სახლი, ყოველგვარი მიღების ღირსეული, რათა დაქანცულმა მოგზაურმა ჰპოვოს ჯანმრთელობა და თავშესაფარი, როდესაც იმსჯელებს უფლის სიტყვაზე; და ჩემ მიერ დანიშნულია ქვაკუთხედი სიონისთვის.

24 ეს სახლი იქნება ჯანსაღი საცხოვრებელი, თუ აშენდება ჩემს სახელზე და თუ მისთვის დანიშნული მმართველი არ დაუშვებს სახლის რაიმე ფორმით წაბილწვას. ეს სახლი იქნება წმინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში უფალი თქვენი ღმერთი არ იცხოვრებს მასში.

25 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, შორიდან მოვიდეს ყოველი ჩემი წმინდანი.

26 და გააგზავნეთ სწრაფი მაცნენი, დიახ, ამორჩეული მაცნენი და მათ უთხარით: მოდით თქვენი ოქროთი და ვერცხლით, თქვენი ძვირფასი ქვებით, მთელი თქვენი ძვირფასეულობებით და ყოველი, ვისაც აქვს ცოდნა ძვირფასეულობების შესახებ, ვისაც სურს მოსვლა, დაე, მოვიდეს და მოიტანოს ბზა, ნაძვისა და ფიჭვის ხე ერთად, დედამიწის ყველა ძვირფას ხესთან ერთად;

27 და რკინით, სპილენძით, თითბერითა და თუთიით და თქვენი ყველა ძვირფასი მიწის მადნით; და ააშენეთ სახლი ჩემს სახელზე, რათა მასში უზენაესმა იცხოვროს.

28 ვინაიდან, არ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი, სადაც შეძლებს, მივიდეს და კვლავ აღადგინოს ის, რაც დაგეკარგათ ან რაც წართმეულ იქნა ანუ მღვდლობის სისავსე.

29 ვინაიდან, არ არის დედამიწაზე ნათლობის ემბაზი, სადაც ისინი, ჩემი წმინდანები, შეიძლება გარდაცვლილთათვის მოინათლონ –

30 ვინაიდან, ეს წეს-ჩვეულება ჩემს სახლს ეკუთვნის და ჩემთვის მიუღებელია, გარდა თქვენი სიღარიბის დღეებისა, როდესაც არ შეგიძლიათ ჩემთვის სახლის აშენება.

31 მაგრამ გიბრძანებთ, ყველა ჩემს წმინდანს, რომ ააშენოთ ჩემთვის სახლი; და გიბოძებთ საკმარის დროს ჩემთვის სახლის ასაშენებლად; და ამ დროის განმავლობაში ჩემთვის მისაღები იქნება თქვენი ნათლობები.

32 მაგრამ, აჰა, დანიშნული დროის შემდეგ ნათლობები თქვენი გარდაცვლილთათვის აღარ იქნება მისაღები ჩემთვის; თუ არ შეასრულებთ ყოველივე ამას დანიშნული დროის შემდეგ, როგორც ეკლესია, იქნებით უარყოფილნი თქვენს გარდაცვლილებთან ერთად, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

33 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით: მას შემდეგ, რაც საკმარისი დრო გქონდათ ჩემთვის სახლის ასაშენებლად, სადაც გარდაცვლილთა ნათლობის წეს-ჩვეულება არის განკუთვნილი, რაც დაწესებულ იქნა ამაქვეყნის დასაბამამდე, ნათლობები თქვენი გარდაცვლილთათვის მიუღებელი იქნება ჩემთვის.

34 ვინაიდან, მასში ხელდასხმულია წმინდა მღვდლობის გასაღებები, რათა მიიღოთ პატივი და სიდიადე.

35 ამ დროის შემდეგ ნათლობები გარდაცვლილთათვის მათ მიერ, რომლებიც ამქვეყნად არიან გაფანტულნი, მიუღებელია ჩემთვის, – ამბობს უფალი.

36 ვინაიდან, ასეა დადგენილი, რომ სიონში, მის პალოებში და იერუსალიმში ადგილები, რომლებიც დავნიშნე თავშესაფრად, იყოს თქვენს გარდაცვლილთა ნათლობის ადგილები.

37 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: როგორ იქნება განბანვის წეს-ჩვეულება ჩემთვის მისაღები, თუ არ ჩაატარებთ მას სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არის აშენებული?

38 ვინაიდან, ამ მიზნით ვუბრძანე მოსეს, აეწყო კარავი, რომელსაც ისინი თან ატარებდნენ უდაბნოში და აეშენებინათ სახლი აღთქმულ მიწაზე, რათა მათთვის ეუწყებინათ ეს წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამაქვეყნის დასაბამამდე იყო დაფარული.

39 ამიტომ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ზეთისცხებები, განბანვები და გარდაცვლილთათვის ნათლობები, თქვენი საზეიმო შეკრებები და თქვენი შეწირულობების ღირსახსოვარი ლევის ძეთა მიერ, თქვენი გამოცხადებები ყველაზე წმინდა ადგილებში, რომელთა მეშვეობით იღებთ შეტყობინებებს და თქვენი წესები და განჩინებები, რომლებიც ემსახურება გამოცხადებების დაწყებასა და სიონის დაფუძნებას, დიდებას, პატივისცემასა და შემოსვას ყოველი ხალხისა, ხელდასხმულია ჩემი წმინდა სახლის წეს-ჩვეულებებით, რომლის შენება ჩემს წმინდა სახელზე ყოველთვის ნაბრძანები ჰქონდა ჩემს ხალხს.

40 და ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ეს სახლი აშენდეს ჩემს სახელზე, რათა მასში ჩემს ხალხს გავანდო ჩემი წეს-ჩვეულებები.

41 ვინაიდან, ვფიქრობ, გავანდო ჩემს ეკლესიას ის, რაც იყო დაფარული ამაქვეყნის დასაბამამდე, რაც ეხება ჟამთა სისრულის წყობას.

42 და მე დავანახებ ჩემს მსახურს, ჯოზეფს, ყოველივეს, რაც ეხება ამ სახლს, მის მღვდლობასა და ადგილს, სადაც ის უნდა აშენდეს.

43 და ის უნდა ააშენოთ იმ ადგილზე, სადაც ფიქრობდით მის აშენებას, ვინაიდან სწორედ ის ადგილია, რომელიც ამოვარჩიე, რათა ის ააშენოთ.

44 თუ იშრომებთ მთელი თქვენი ძალ-ღონით, მე ვაკურთხებ ამ ადგილს, რათა წმინდა გახდეს.

45 თუ ჩემი ხალხი ყურს დაუგდებს ჩემს ხმას და ჩემი მსახურების ხმას, რომლებიც დავნიშნე ჩემი ხალხის წინამძღვრებად, აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით, მათ ვერ დაძრავენ თავიანთი ადგილიდან.

46 მაგრამ, თუ ჩემს ხმას ყურს არ დაუგდებენ, არც ამ ადამიანების ხმას, რომლებიც დავნიშნე, არ იქნებიან კურთხეულნი, ვინაიდან ბილწავენ ჩემს წმინდა მიწასა და წმინდა წეს-ჩვეულებებს, წესდებებსა და ჩემს წმინდა სიტყვებს, რომლებიც მათ ვუბოძე.

47 და იქნება ასე: თუ ჩემს სახელზე ააშენებთ სახლს და არ შეასრულებთ ყოველივეს, რასაც ვამბობ, მე არ აღვასრულებ ფიცს, რომელიც თქვენთან დავდე, არც დაპირებებს, რომლებსაც ჩემი ხელიდან მოელით, – ამბობს უფალი.

48 ვინაიდან, კურთხევების ნაცვლად თქვენ, თქვენი საქმეებით, იწვევთ წყევლას, რისხვას, გულისწყრომასა და სასჯელს საკუთარ თავზე, თქვენი უგუნურობითა და მთელი თქვენი სიბილწით, რომელსაც ჩემ წინაშე სჩადიხართ, – ამბობს უფალი.

49 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: როდესაც ადამიანთა შვილებისგან რომელიმეს ვუბრძანებ, შეასრულოს საქმე ჩემს სახელზე და ადამიანთა ეს შვილები მიდიან მთელი თავიანთი ძალისხმევითა და ყველაფრით რაც აქვთ, ამ საქმის შესასრულებლად, არ თმობენ სიბეჯითეს და მათი მტრები მოდიან მათზე და აფერხებენ მათ საქმის შესრულებისას, აჰა, აუცილებელია, რომ ადამიანთა ამ შვილებისგან მეტი არ მოვითხოვო, არამედ მივიღო მათი შემოწირულობანი.

50 ურჯულობისა და ჩემი წმინდა კანონების დარღვევების გამო დასჯას მოვავლენ მათ თავზე, რომლებიც აფერხებენ ჩემს საქმეს, მესამე და მეოთხე თაობამდე, სანამ არ მოინანიებენ და ექნებათ ჩემ მიმართ სიძულვილი – ამბობს უფალი ღმერთი.

51 ამიტომ, ამ მიზნით, მივიღე მათი შემოწირულობანი, ვისაც ვუბრძანე, აეშენებინათ ქალაქი და სახლი ჩემს სახელზე ჯექსონის ოლქში, მისურიში, და მათმა მტრებმა ხელი შეუშალეს, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

52 და პასუხად თავს დავატეხ მათ განსასჯელს, მრისხანებას და გულისწყრომას, კვნესას, ტანჯვასა და კბილების ღრჭიალს, მესამე და მეოთხე თაობამდე, სანამ არ მოინანიებენ და ექნებათ ჩემ მიმართ სიძულვილი, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

53 და ეს მაგალითად მომყავს თქვენთვის, თქვენ სანუგეშოდ მათთან მიმართებაში, ვისაც ებრძანათ, ემუშავათ და ხელი შეუშალეს მტრების ხელითა და დევნით, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

54 ვინაიდან, მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და გადავარჩენ ყოველ თქვენს ძმას, რომელიც იყო გულით წმინდა და მოკლულ იქნა მისურის მიწაზე, – ამბობს უფალი.

55 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: კვლავ გიბრძანებთ, ააშენოთ სახლი ჩემს სახელზე, სწორედ ამ ადგილზე, რათა დამიმტკიცოთ, რომ ერთგულნი ხართ ყოველივეში, რასაც გიბრძანებთ, რათა შევძლო თქვენი კურთხევა და დაგვირგვინება პატივით, უკვდავებითა და მარადიული სიცოცხლით.

56 და ახლა, გეუბნებით სასტუმრო სახლზე, რომელიც გიბრძანეთ, აგეშენებინათ უცხოთა მისაღებად, დაე, აშენდეს იგი ჩემს სახელზე და ჩემი სახელი, დაე, იყოს მასზე, დაე, ჩემს მსახურს ჯოზეფს და მის ოჯახს ჰქონდეს იქ ადგილი, თაობიდან თაობამდე.

57 ვინაიდან, მას თავზე ზეთი ვცხე, რათა მისი კურთხევები გადასულიყო ასევე მისი შთამომავლების თავზე მის შემდეგ.

58 როგორც მე ვუთხარი აბრაამს დედამიწის ყოველი ტომის შესახებ, ისევე ვეუბნები ჩემს მსახურს, ჯოზეფს: შენში და შენს შთამომავლობაში კურთხეულ იქნება დედამიწის ყოველი ტომი.

59 ამიტომ, დაე, ჩემს მსახურს, ჯოზეფს, და მის შთამომავლობას მის შემდეგ, ჰქონდეს ადგილი იმ სახლში, თაობიდან თაობამდე, უკუნითი უკუნისამდე, – ამბობს უფალი.

60 დაე, სახელი ეწოდოს იმ სახლს – ნავუს სახლი; დაე, იყოს ის სასიამოვნო საცხოვრებელი ადამიანისთვის და დაქანცული მოგზაურის დასასვენებელი, რათა მან იმსჯელოს სიონის დიდებაზე და ამ ქვაკუთხედის დიდებაზე;

61 რათა მიიღოს ასევე რჩევა მათგან, რომლებიც დავნიშნე, იყვნენ როგორც სახელოვანთა ნარგავები და გუშაგნი მის კედლებზე.

62 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემი მსახური, ჯორჯ მილერი, და ჩემი მსახური, ლაიმან უაითი, და ჩემი მსახური, ჯონ სნაიდერი, და ჩემი მსახური, პიტერ ჰავსი, ჩამოყალიბდნენ და ქვორუმის პრეზიდენტად დანიშნონ ერთ-ერთი თავიანთაგანი, ამ სახლის აშენების მიზნით.

63 და მათ უნდა შეადგინონ წესდება, რომლითაც შეძლებენ ფონდების მიღებას ამ სახლის აშენების მიზნით.

64 და ისინი არ მიიღებენ ორმოცდაათ დოლარზე ნაკლებს ამ სახლის მშენებლობის სააქციო ფონდში შემომტანისგან და ნებადართულია, მიიღონ ნებისმიერი ადამიანისგან თხუთმეტი ათასი დოლარი ამ სახლის მშენებლობის სააქციო ფონდში.

65 მაგრამ, არ ექნებათ უფლება, სააქციო ფონდში შემომტანი ნებისმიერი ადამიანისგან მიიღონ თხუთმეტ ათას დოლარზე მეტი.

66 და არ ექნებათ უფლება, სააქციო ფონდში შემომტანი ნებისმიერი ადამიანისგან მიიღონ ორმოცდაათ დოლარზე ნაკლები.

67 და მათ არ ექნებათ უფლება, ნებისმიერი ადამიანი მიიღონ ამ სახლში აქციონერად, გარდა იმისა, რომელიც მათ ხელზე გადაუხდის სააქციო შემოსატანს თავისი აქციის მისაღებად;

68 და ხელზე გადახდილი სააქციო თანხის შესაბამისად, იგი მიიღებს იმ სახლში სააქციო წილს; მაგრამ თუ არაფერს არ გადაუხდის მათ ხელზე, იგი არ მიიღებს ამ სახლში არანაირ სააქციო წილს.

69 და ვინც მათ ხელზე სააქციო შემოსატანს გადაუხდის, ეს იქნება ამ სახლში მისი წილის აქცია და მის შემდეგ, მისი შთამომავლების, თაობიდან თაობამდე, სანამ ხელში ეკავებათ ეს აქციები და არ გაყიდიან ან ნებაყოფილობით არ გადასცემენ კუთვნილ აქციებს საკუთარი ხელით, თუკი შეასრულებთ ჩემს ნებას, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

70 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ ჩემი მსახური, ჯორჯ მილერი, და ჩემი მსახური, ლაიმან უაითი, და ჩემი მსახური, ჯონ სნაიდერი, და ჩემი მსახური, პიტერ ჰავსი, მიიღებენ რაიმე საწილე შემოსატანს ხელზე, ფულის ან ქონების სახით, რასაც ექნება ნამდვილი ფულადი ღირებულება, მათ არ უნდა გამოიყენონ ამ სააქციო ფონდის არანაირი წილი სხვა რაიმე მიზნისთვის, ამ სახლის გარდა.

71 თუ ისინი გამოიყენებენ ამ ფონდის რომელიმე ნაწილს რაიმე სხვა მიზნისთვის ამ სახლის ნაცვლად აქციონერის ნებართვის გარეშე და არ აუნაზღაურებენ ოთხმაგად ამ წილს, რომელიც მათ სხვა მიზნისთვის გამოიყენეს, ამ სახლის ნაცვლად, ისინი იქნებიან დაწყევლილნი და თავიანთი ადგილიდან გადაყენებულნი, – ამბობს უფალი ღმერთი; ვინაიდან მე, უფალი, ვარ ღმერთი და ვერ ვიქნები დასაცინი რაიმე ამდაგვარში.

72 ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემმა მსახურმა ჯოზეფმა გადაუხადოს წილი მათ ხელზე ამ სახლის ასაშენებლად, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის; მაგრამ ჩემი მსახური ჯოზეფი არ გადაიხდის თხუთმეტ ათას დოლარზე მეტს ამ სახლის წილში, არც ორმოცდაათ დოლარზე ნაკლებს; და არც სხვა არავინ, – ამბობს უფალი.

73 და ასევე არიან სხვები, რომლებსაც სურთ, გაიგონ ჩემი ნება მათ შესახებ, ვინაიდან ეს ჩემგან მოითხოვეს.

74 ამიტომ, გეუბნებით ჩემი მსახურის ვინსონ ნაითის შესახებ, თუ იგი ჩემს ნებას შეასრულებს, დაე, ჩადოს წილი ამ სახლში თავისთვის და შემდეგ თავისი შთამომავლებისთვის, თაობიდან თაობამდე.

75 დაე, აიმაღლოს ხმა, ხანგრძლივად და ხმამაღლა, ხალხს შორის, უქომაგოს ღარიბთა და გაჭირვებულთა საქმეს, დაე, არ შეყოვნდეს და არ დაუძლურდეს გული; და მე მივიღებ მის შემოწირულობებს, ვინაიდან ისინი არ იქნება ჩემთვის კაენის შემოწირულივით, ვინაიდან იგი იქნება ჩემი, – ამბობს უფალი.

76 დაე, გაიხაროს მისმა ოჯახმა და შეუქციოს გული მწუხარებას; ვინაიდან, ამოვარჩიე იგი და ვაცხე ზეთი, იგი პატივცემული იქნება თავის სახლში, რადგან მივუტევებ ყველა ცოდვას, – ამბობს უფალი. ამინ.

77 ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემმა მსახურმა ჰაირამმა ჩადოს წილი ამ სახლში, როგორც მიიჩნევს სწორად, თავისთვის და მისი შთამომავლებისთვის მის შემდეგ, თაობიდან თაობამდე.

78 დაე, ჩემმა მსახურმა ისააკ გალანდმა ჩადოს წილი ამ სახლში, ვინაიდან მე, უფალს, იგი მიყვარს მის მიერ შესრულებული საქმისთვის და მივუტევებ ყოველ ცოდვას; ამიტომ, დაე, გაიხსენონ იგი მისი წილისთვის ამ სახლში, თაობიდან თაობამდე.

79 დაე, ჩემი მსახური, ისააკ გალანდი, დაინიშნოს თქვენ შორის და ზეთცხებულ იქნეს ჩემი მსახურის, უილიამ მარკსის, მიერ და აკურთხოს იგი, რომ წავიდეს ჩემს მსახურ ჰაირამთან, რათა შეასრულოს საქმე, რომელსაც მათ ჩემი მსახური ჯოზეფი მიუთითებს და იქნებიან დიდად კურთხეულნი.

80 დაე, ჩემმა მსახურმა, უილიამ მარკსმა ჩადოს წილი ამ სახლში ისე, როგორც ჩათვლის სწორად, თავისთვის და მისი შთამომავლებისთვის, თაობიდან თაობამდე.

81 დაე, ჩემმა მსახურმა, ჰენრი გ. შერვუდმა ჩადოს წილი ამ სახლში ისე, როგორც ჩათვლის სწორად, თავისთვის და შემდგომ შთამომავლებისთვის, თაობიდან თაობამდე.

82 დაე, ჩემმა მსახურმა, უილიამ ლომ, ჩადოს წილი ამ სახლში ისე, როგორც ჩათვლის სწორად, თავისთვის და შემდგომ შთამომავლებისთვის, თაობიდან თაობამდე.

83 თუ სურს, შეასრულოს ჩემი ნება, დაე, ოჯახი არ წაიყვანოს აღმოსავლეთ მიწებზე, კირტლანდშიც კი; ამისდა მიუხედავად, მე, უფალი, კირტლანდს ავაშენებ, მაგრამ მე, უფალს, მომზადებული მაქვს მათრახი მისი მაცხოვრებლებისთვის.

84 და ბევრი რამით, რაც ჩემს მსახურს ალმონ ბაბიტთს ეხება, არ ვარ კმაყოფილი; აჰა, ცდილობს, გაავრცელოს თავისი რჩევა ნაცვლად იმ რჩევისა, რომელიც მე დავამტკიცე ჩემი ეკლესიის პრეზიდენტობით; და იგი ოქროს ხბოს უდგამს თაყვანისცემის ნიშნად ჩემს ხალხს.

85 დაე, არავინ არ წავიდეს ამ ადგილიდან, ვინც აქ მოსულა ჩემი მცნებების მოსაძებნად და დასაცავად.

86 აქ თუ იცხოვრებენ, დაე, ჩემთვის იცხოვრონ და თუ გარდაიცვლებიან, დაე, გარდაიცვალონ ჩემთვის; ვინაიდან, აქ დაისვენებენ ყოველი შრომისგან და გააგრძელებენ თავიანთ საქმეს.

87 ამიტომ, დაე, ჩემმა მსახურმა, უილიამმა, მომანდოს თავისი სასოება და ნუღარ ექნება შიში თავის ოჯახზე, ამ მიწის ავადმყოფობის გამო. თუ გიყვარვართ – დაიცავით ჩემი მცნებები; და მიწის ავადმყოფობა ხელს შეუწყობს თქვენს დიდებას.

88 დაე, ჩემი მსახური, უილიამი, წავიდეს და როცა ჩემი სულით იქნება შთაგონებული, გამოუცხადოს ჩემი მარადიული სახარება მაღალი ხმითა და დიდი სიხარულით, უორსოუს მცხოვრებლებს და ასევე კარტიჯის მცხოვრებლებს, ასევე ბურლინგტონის მცხოვრებლებს და მედისონის მცხოვრებლებს და დაელოდოს მოთმინებითა და სიბეჯითით შემდგომ მითითებებს ჩემს გენერალურ კონფერენციაზე, – ამბობს უფალი.

89 თუ იგი შეასრულებს ჩემს ნებას, დაე, ამიერიდან ყური დაუგდოს ჩემი მსახურის, ჯოზეფის რჩევას და დაეხმაროს თავისი საშუალებებით ღარიბთა საქმეს და დედამიწის მცხოვრებთათვის გამოაქვეყნოს ჩემი წმინდა სიტყვის ახალი თარგმანი.

90 და იგი თუ ასე მოიქცევა, ვაკურთხებ მას კურთხევების სიმრავლით, რათა არ იყოს მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა იყოს ლუკმა-პურის თხოვნაში შემჩნეული.

91 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემი მსახური, უილიამი, დაინიშნოს, ხელდასხმულ და ზეთცხებულ იქნეს ჩემი მსახური ჯოზეფისთვის მრჩევლად ჩემი მსახურის, ჰაირამის, ადგილზე, რათა ჩემმა მსახურმა ჰაირამმა მიიღოს მღვდლობისა და პატრიარქის რწმუნებულება, რომელიც მისთვის დანიშნულ იქნა თავისი მამის მიერ კურთხევით და ასევე უფლებით;

92 რათა ამიერიდან იგი ფლობდეს პატრიარქის კურთხევის გასაღებებს, მთელ ჩემს ხალხზე,

93 რათა ყოველი, ვისაც იგი აკურთხებს, იყოს კურთხეული და ვისაც დაწყევლის, იყოს წყეული; ვინაიდან, რასაც იგი შეკრავს დედამიწაზე, ზეცაში იქნება შეკრული და რასაც გახსნის დედამიწაზე, ზეცაში იქნება გახსნილი.

94 ამიერიდან, ვნიშნავ მას, იყოს ჩემი წინასწარმეტყველი, წინასწარმჭვრეტი და განმცხადებელი ჩემი ეკლესიისთვის, ისევე როგორც ჩემი მსახური, ჯოზეფი;

95 რათა მან ასევე შეთანხმებულად იმოქმედოს ჩემს მსახურ ჯოზეფთან ერთად; და იგი მიიღებს რჩევას ჩემი მსახური ჯოზეფისგან, რომელიც დაანახებს მას გასაღებებს, რომლებითაც იგი შეძლებს, ითხოვოს და მიიღოს, იყოს დაგვირგვინებული იგივე კურთხევებითა და ბრწყინვალებით, პატივისცემით, მღვდლობითა და მღვდლობის ძღვენით, რომელიც ოდესღაც იყო დადებული იმაზე, რომელიც ჩემი მსახური იყო, – ოლივერ ქაუდერი;

96 რათა ჩემმა მსახურმა, ჰაირამმა, შეძლოს იმის დამოწმება, რასაც დავანახებ, რათა მისი სახელი პატივისცემით მოიხსენიებოდეს თაობიდან თაობამდე, უკუნითი უკუნისამდე.

97 დაე, ჩემმა მსახურმა, უილიამ ლომ, ასევე მიიღოს გასაღებები, რომლებითაც იგი შეძლებს, ითხოვოს და მიიღოს კურთხევები; დაე, ჩემ წინაშე იყოს მორჩილი და ტყუილის გარეშე და იგი მიიღებს ჩემი სულისგან თვით მანუგეშებელს, რომელიც გამოუცხადებს ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ და სათანადო საათს უბოძებს იმას, რაც მან უნდა თქვას.

98 და გაჰყვება მას ამდაგვარი ნიშნები: იგი განკურნავს ავადმყოფებს, განდევნის ეშმაკებს და გამოხსნილ იქნება მათგან, ვინც შეეცდება მისთვის მომაკვდინებელი შხამის მიცემას;

99 და იმ ბილიკებზე იქნება გაძღოლილი, სადაც შხამიანი გველი ვერ მისწვდება მას ქუსლზე და ამაღლდება თავისი ფიქრების წარმოსახვებში, ვითარცა არწივის ფრთებზე.

100 და თუ იქნება ჩემი ნება, რომ მან გააცოცხლოს გარდაცვლილი, დაე, ნუ შეაკავებს თავის ხმას.

101 ამიტომ, დაე, ჩემმა მსახურმა, უილიამმა, თავდაუზოგავად იღაღადოს ხმამაღლა, შესძახოს სიხარულითა და ბედნიერებით ოსანა მას, ვინც ზის ტახტზე უკუნითი უკუნისამდე, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

102 აჰა, გეუბნებით; მომზადებული მაქვს მისია ჩემი მსახური უილიამისთვის და ჩემი მსახური ჰაირამისთვის და მხოლოდ მათთვის; დაე, ჩემი მსახური, ჯოზეფი, სახლში დარჩეს, ვინაიდან იგი სჭირდებათ. დანარჩენს ამის შემდეგ დაგანახებთ. სწორედ ასე. ამინ.

103 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ ჩემი მსახური, სიდნეი, მომემსახურება და იქნება ჩემი მსახური ჯოზეფის მრჩეველი, დაე, წამოდგეს და მოვიდეს და დაიკავოს თავისი მოწოდების თანამდებობა და დაიმდაბლოს თავი ჩემ წინაშე.

104 თუ შემომწირავს მისაღებ შემოსაწირს და აღიარებას და დარჩება ჩემს ხალხთან, აჰა, მე, უფალი, თქვენი ღმერთი, ვუმკურნალებ მას, რათა განიკურნოს; და იგი კვლავ აღიმაღლებს ხმას მთებში და იქნება განმცხადებელი ჩემ წინაშე.

105 დაე, ჩამოვიდეს და დაასახლოს თავისი ოჯახი მეზობლად, სადაც ჩემი მსახური, ჯოზეფი, ცხოვრობს.

106 და ყოველი მოგზაურობისას დაე, აიმაღლოს ხმა საყვირივით და გააფრთხილოს დედამიწის მცხოვრებნი, რათა გაექცნენ რისხვას, რომელიც მოვა.

107 დაე, დაეხმაროს ჩემს მსახურს, ჯოზეფს და ასევე დაე, ჩემი მსახური, უილიამ ლო, დაეხმაროს ჩემს მსახურს, ჯოზეფს, დედამიწის მეფეებისადმი საზეიმო მიმართვის შედგენაში ისე, როგორც მანამდე გითხარით.

108 თუ ჩემი მსახური, სიდნეი, ასრულებს ჩემს ნებას, დაე, არ წაიყვანოს თავისი ოჯახი აღმოსავლეთ მიწებზე, არამედ შეუცვალოს მათ საცხოვრებელი ადგილი ისე, როგორც მე ვთქვი.

109 აჰა, ჩემი ნება არ არის, რომ ეცადოს უსაფრთხოებისა და თავშესაფრის მოძებნა იმ ქალაქის გარეთ, რომელიც მე დაგინიშნეთ ანუ ქალაქი ნავუ.

110 ჭეშმარიტად გეუბნებით: ახლაც კი, თუ ყურს დაუგდებს ჩემს ხმას, იგი კარგად იქნება. სწორედ ასე. ამინ.

111 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემმა მსახურმა, ამოს დეივისმა, გადაუხადოს წილი მათ, რომლებიც დავნიშნე სასტუმრო სახლის ასაშენებლად ანუ ნავუს სახლის.

112 ასე მოიქცეს, თუ სურს სარგებელი; დაე, ყური დაუგდოს ჩემი მსახურის ჯოზეფის რჩევას და იშრომოს თავისი ხელით, რათა მოიპოვოს ადამიანების ნდობა.

113 და როდესაც დაამტკიცებს თავის ერთგულებას ყოველივეში, რასაც მას მიანდობენ, დიახ, მცირედშიც კი, იგი დაინიშნება მრავალთა მმართველად.

114 დაე, მან დაიმდაბლოს თავი, რათა ამაღლებულ იქნეს. სწორედ ასე. ამინ.

115 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ ჩემი მსახური, რობერტ დ. ფოსტერი, ემორჩილება ჩემს ხმას, დაე, ააშენოს სახლი ჩემი მსახური ჯოზეფისთვის, მასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, იმის მიხედვით, როგორ გაეღება მას დროდადრო კარი.

116 დაე, მოინანიოს მან თავისი უგუნურობა და შეიმოსოს მოწყალებით; და შეწყვიტოს ბოროტი ქმედებები და გვერდზე გადადოს ყოველი თავისი შეურაცმყოფელი გამოსვლა.

117 და გადაუხადოს წილი ნავუს სახლის ქვორუმს ხელზე, თავისთვის და შემდეგ თავისი შთამომავლებისთვის, თაობიდან თაობამდე;

118 და ყური დაუგდოს ჩემი მსახურების, ჯოზეფის, ჰაირამის და უილიამ ლოს რჩევას და უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს, რომლებსაც მოვუწოდე, საფუძველი ჩაუყარონ სიონს; და იგი კარგად იქნება უკუნითი უკუნისამდე. სწორედ ასე. ამინ.

119 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ვერავინ შეიძენს ნავუს სახლის წილს ქვორუმისგან, გარდა მათი, ვისაც სწამს მორმონის წიგნის და გამოცხადებების, რომლებიც მოგეცით, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

120 ვინაიდან, ამაზე მეტი ან ნაკლები მოდის ბოროტისგან და თან ახლავს წყევლა და არა კურთხევები, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი. სწორედ ასე. ამინ.

121 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ნავუს სახლის ქვორუმმა მიიღოს დამსახურებული ანაზღაურება ხელფასით თავიანთი შრომისთვის ნავუს სახლის მშენებლობაში; დაე, თავად მოილაპარაკონ ერთმანეთში, რაც შეეხება ხელფასის ოდენობას.

122 დაე, ყოველმა ადამიანმა, რომელიც იხდის წილს, გადაიხადოს ხელფასის ნაწილიც, თუ ეს საჭიროა მათ მხარდასაჭერად, – ამბობს უფალი; სხვაგვარად, მათი შრომა უნდა ჩაითვალოს ამ სახლის მშენებლობაში შეტანილ წილად. სწორედ ასე. ამინ.

123 ჭეშმარიტად გეუბნებით: ახლა გიბოძებთ მოხელეებს ჩემი მღვდლებიდან, რათა ფლობდეთ მის გასაღებებს ანუ მღვდლობას მელქიცედეკის წესისამებრ, რომელიც არის ჩემი მხოლოდშობილის წესით.

124 პირველი: გიბოძებთ პატრიარქად ჰაირამ სმითს, რათა ფლობდეს ჩემი ეკლესიის ჩაბეჭდვის კურთხევებს, აღთქმის წმიდა სულისა, რომლით ჩაბეჭდილნი ხართ გამოსყიდვის დღისთვის, რათა არ დაეცეთ ცდუნების საათის მიუხედავად, რომელიც შეიძლება მოგევლინოთ.

125 მთელი ჩემი ეკლესიის თავჯდომარე უხუცესად გიბოძებთ ჩემს მსახურს, ჯოზეფს, რათა იყოს მთარგმნელი, განმცხადებელი, წინასწარმჭვრეტი და წინასწარმეტყველი.

126 მას ვუბოძებ მრჩევლებად ჩემს მსახურს, სიდნეი რიგდონს, და ჩემს მსახურს, უილიამ ლოს, რათა შეადგინონ პირველი პრეზიდენტობის ქვორუმი, რათა მიიღონ გამოცხადებები მთელი ეკლესიისთვის.

127 გიბოძებთ თორმეტთა მოგზაურ საბჭოს პრეზიდენტად ჩემს მსახურს, ბრიგამ იანგს;

128 თორმეტთა, რომელნიც ფლობენ გასაღებებს, რათა დაამკვიდრონ ჩემი სასუფევლის ძალაუფლება დედამიწის ოთხივე კუთხეში და შემდეგ, მიაწვდინონ ჩემი სიტყვა ყოველ არსებას.

129 ესენი არიან: ჰიბერ ს. კიმბალი, პარლი პ. პრატი, ორსონ ჰაიდი, უილიამ სმითი, ჯონ ტეილორი, ჯონ ე. პეიჯი, ვილფორდ ვუდროფი, უილარდ რიჩარდსი, ჯორჯ ა. სმითი;

130 დევიდ პატენი მოვიყვანე ჩემთან: აჰა, მას ვერავინ წაართმევს მღვდლობას, მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით: შესაძლებელია სხვა დაინიშნოს იგივე მოწოდებაზე.

131 და კვლავ, გეუბნებით: სიონის ქვაკუთხედისთვის გიბოძებთ უმაღლეს საბჭოს –

132 სახელდობრ: სამუელ ბენტი, ჰენრი გ. შერვუდი, ჯორჯ უ. ჰარისი, ჩარლზ ქ. რიჩი, თომას გროვერი, ნუელ ნაითი, დევიდ დორტი, დანბარ ვილსონი – ჩემთან მოვიყვანე სიმურ ბრანსონი; ვერავინ წაართმევს მას მღვდლობას, მაგრამ შესაძლებელია, სხვა დაინიშნოს იგივე მღვდლობაზე მის მაგივრად; და ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემი მსახური, აარონ ჯონსონი, დაინიშნოს ამ მოწოდებაზე მის მაგივრად; დევიდ ფულმერი, ალფეუს ქათლერი, უილიამ ჰანტინგტონი.

133 და ასევე, გიბოძებთ მღვდელმთავართა ქვორუმის პრეზიდენტად დონ ქ. სმითს;

134 წეს-ჩვეულება, რომელიც დაწესებულია, რათა უფლებამოსილება ებოძოს მათ, რომლებიც დაინიშნებიან ადგილზე პრეზიდენტებად ან მსახურებად სხვადასხვა პალოებში საზღვარგარეთ;

135 ასევე, სურვილისამებრ, მათ შეუძლიათ, იმოგზაურონ, მაგრამ უმთავრესად დანიშნულნი არიან ადგილზე პრეზიდენტებად; ეს არის თანამდებობა, რომელზეც არიან მოწოდებულნი, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

136 მათ ვუბოძებ მრჩევლებად ამასა ლაიმანს და ნოე პაკარდს, რათა იყვნენ ჩემი ეკლესიის მღვდელმთავართა ქვორუმის თავჯდომარენი, – ამბობს უფალი.

137 და კვლავ, გეუბნებით: გიბოძებთ ჯონ ა. ჰიკს, სამუელ უილიამსს და ჯესი ბეიკერს და ეს სამღვდლოება უნდა თავმჯდომარეობდეს უხუცესთა ქვორუმს, ქვორუმს რომელიც დანიშნულია ადგილზე მსახურთათვის; ამისდა მიუხედავად, მათ შეუძლიათ, იმოგზაურონ, თუმცა ჩემს ეკლესიაში ადგილზე მსახურებად არიან დანიშნულნი, – ამბობს უფალი.

138 და ასევე, სამოცდაათთა ქვორუმის თავჯდომარეებად გიბოძებთ ჯოზეფ იანგს, ჯოშია ბატერფილდს, დანიელ მაილსს, ჰენრი ჰერიმანს, ზერა ფულსიფერს, ლევი ჰენკოკს, ჯეიმს ფოსტერს;

139 ქვორუმი, რომელიც დანიშნულია მოგზაური უხუცესებისთვის, რათა დაუმოწმონ ჩემი სახელის შესახებ მთელ მსოფლიოს, სადაც კი მათ მოგზაური უმაღლესი საბჭო, ჩემი მოციქულები, არ გააგზავნიან, რათა გზა მოამზადონ ჩემ წინაშე.

140 განსხვავება ამ ქვორუმსა და უხუცესთა ქვორუმს შორის არის ის, რომ ერთი განუწყვეტლივ მოგზაურობს, ხოლო მეორემ დროდადრო უნდა გაუწიოს თავჯდომარეობა სამრევლოებს; ერთი ვალდებულია, დროდადრო გაუწიოს მმართველობა და მეორე არ არის მმართველობაზე ვალდებული, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

141 და კვლავ, გეუბნებით, გიბოძებთ ვინსონ ნაითს, სამუელ ჰ. სმითს, შადრაქ როუნდის, თუ იგი მიიღებს ამას, რათა თავჯდომარეობა გაუწიონ ეპისკოპოსობას; ცოდნა ხსენებულ ეპისკოპოსობაზე თქვენ გებოძათ მოძღვრება და აღთქმების წიგნში.

142 და კვლავ, გეუბნებით: სამუელ როლფი და მისი მღვდელთა მრჩევლები, მასწავლებლების პრეზიდენტისა და მის მრჩევლების, ასევე დიაკვანთა პრეზიდენტის და მის მრჩევლების და ასევე პალოს პრეზიდენტისა და მის მრჩევლებისთვის.

143 ზემოთ ხსენებული წოდებები და მათი გასაღებები გიბოძეთ დასახმარებლად და მმართველობისთვის, მსახურების საქმისთვის და ჩემი წმინდანების სრულყოფისთვის.

144 და გაძლევთ ბრძანებას, დაიკავოთ ეს წოდებები და მხარი დაუჭირეთ მათ, რომლებიც ვახსენე ან უარყავით ისინი ჩემს გენერალურ კონფერენციაზე.

145 და მოამზადეთ ოთახები ყოველი ამ თანამდებობისთვის ჩემს სახლში, როდესაც მას ააშენებთ ჩემს სახელზე, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი. სწორედ ასე. ამინ.