წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 54


ნაწილი 54

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ნუელ ნაითისათვის, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, ივნისი, 1831 წ. ეკლესიის წევრებს შორის ოჰაიოს ოლქის ქ. ტომპსონში იყო განხეთქილება ქონების მიძღვნასთან დაკავშირებით. თავკერძობამ და სიხარბემ იჩინა თავი. შეიკერებთან თავისი მისიის შემდეგ (იხ. 49-ე ნაწილის შესავალი), ლემან კოპლეიმ დაარღვია აღთქმა, რათა ეწილადებინა საკუთარი დიდი ფერმიდან მიწა მემკვიდრეობის ადგილად წმინდანებისთვის, რომლებიც მოდიოდნენ ქ. კოლსვილიდან, ნიუ-იორკის ოლქი. ამის შედეგად ნუელ ნაითი (ქ. ტომპსონში მცხოვრები წმინდანების წინამძღვარი) და სხვა უხუცესები მივიდნენ წინასწარმეტყველთან და ჰკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. წინასწარმეტყველმა მიმართა უფალს და მიიღო შემდეგი გამოცხადება, რომელიც უბრძანებს ეკლესიის წევრებს, დატოვონ ლემან კოპლეის ფერმა და გაემგზავრონ მისურისკენ.

1–6, მოწყალების მისაღებად წმინდანებმა უნდა დაიცვან სახარების აღთქმა; 7–10, გაჭირვების ჟამს ისინი უნდა იყვნენ მომთმენნი.

1 აჰა, ასე ამბობს უფალი – ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, იგი, რომელიც ჯვარს აცვეს ამაქვეყნის ცოდვებისთვის –

2 აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები, ჩემო მსახურო, ნუელ ნაით, მტკიცედ უნდა დადგე თანამდებობაზე, რომელზეც დაგნიშნე.

3 და შენს ძმებს თუ სურთ მტრისგან თავის დაღწევა, დაე, მოინანიონ ყოველი ცოდვა და ჭეშმარიტად დამდაბლდნენ ჩემ წინაშე მონანიებით.

4 და ვინაიდან, მათ დაარღვიეს ჩემთან დადებული აღთქმა, ის გაბათილდა და აღარ აქვს ძალა.

5 და ვარამი მას, ვისგანაც მოდის ეს დანაშაული, ვინაიდან მისთვის უკეთესი იქნებოდა, ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.

6 ხოლო კურთხეულნი არიან ისინი, რომლებმაც შეინარჩუნეს აღთქმა და დაიცვეს მცნება, რადგან მოწყალებას მიიღებენ.

7 ამიტომ, წადით, გაიქეცით ამ მიწიდან, რათა მტერი თავს არ დაგესხათ: გაემგზავრეთ და ვინც გსურთ, ის დაინიშნეთ წინამძღვრად, რათა იხადოს ფული თქვენთვის.

8 ამგვარად, უნდა გაემგზავროთ დასავლეთ მხარეებში, მისურის მიწაზე, ლამანიელთა საზღვრებთან.

9 და მას შემდეგ, რაც დაასრულებთ თქვენს მოგზაურობას, აჰა, გეუბნებით: მოიძიეთ არსებობის საშუალებები სხვა ადამიანებივით, სანამ ადგილს მოვამზადებ თქვენთვის.

10 და კიდევ: გაჭირვებისას იყავით მომთმენნი, ჩემს მოსვლამდე და აჰა, მე სწრაფად მოვალ და ჯილდო ჩემი არის ჩემთან და რომლებიც მეძებდნენ, იპოვიან თავიანთი სულების განსასვენებელს. სწორედ ასე. ამინ.