წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 66


ნაწილი 66

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. ჰაირამი, ოჰაიო, 1831 წ. 29 ოქტომბერი. უილიამ ე. მაკლელინმა უფალს შესთხოვა, წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეღო პასუხი ხუთ შეკითხვაზე, რომელიც უცნობი იყო ჯოზეფ სმითისთვის. მაკლელინის თხოვნით წინასწარმეტყველმა ჰკითხა უფალს და მიიღო ეს გამოცხადება.

1–4, მარადიული აღთქმა არის სახარების სისრულე; 5–8, უხუცესებმა უნდა იქადაგონ, დაამოწმონ და ხალხთან იმსჯელონ; 9–13, ერთგული ღვთისმსახურება უზრუნველყოფს მარადიული სიცოცხლის მემკვიდრეობას.

1 აჰა, ამას ეუბნება უფალი ჩემს მსახურს, უილიამ ე. მაკლელინს: კურთხეული ხარ იმდენად, რამდენადაც ზურგი აქციე ურჯულოებას და მიიღე ჩემი ჭეშმარიტება, – ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი, ამაქვეყნის მხსნელი და მათი, რომლებმაც იწამეს ჩემი სახელი.

2 ჭეშმარიტად გეუბნები: კურთხეული ხარ, რომ მიიღე ჩემი მარადიული აღთქმა, ჩემი სახარების სისრულე, რომელიც გავუგზავნე ადამიანთა შვილებს, რათა ჰქონოდათ სიცოცხლე და გამხდარიყვნენ დიდების მოზიარენი, რომელიც უნდა გამოცხადდეს უკანასკნელ დღეებში, როგორც ეს დაიწერა ძველ დროს წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ.

3 ჭეშმარიტად გეუბნები, ჩემო მსახურო, უილიამ, რომ სუფთა ხარ, მაგრამ მთლიანად არა; ამიტომ, მოინანიე ყოველივე ის, რაც ჩემს თვალში არ არის სასიამოვნო, – ამბობს უფალი, ვინაიდან უფალი დაგანახებს ამას.

4 და ახლა, ჭეშმარიტად, მე, უფალი, დაგანახებ, თუ რა მსურს შენთან დაკავშირებით ანუ როგორია ჩემი ნება შენ მიმართ.

5 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნები: ეს არის ჩემი ნება, გამოაცხადო ჩემი სახარება მიწიდან მიწაზე და ქალაქიდან ქალაქში, დიახ, მიწის გარშემო მხარეებში, სადაც ეს ჯერ არ გამოუცხადებიათ.

6 ამ ადგილზე მრავალი დღე ნუ დარჩები, სიონის მიწაზეც ჯერ ნუ წახვალ, მაგრამ რაიმეს გაგზავნა თუ შეგიძლია – გააგზავნე, სხვაგვარად შენს ქონებაზე ნუ იფიქრებ.

7 წადი აღმოსავლეთ მიწებისკენ, გაუზიარე დამოწმება ყოველ ადგილზე, ყოველ ხალხს და იმსჯელე ხალხთან მათ სინაგოგებში.

8 დაე, ჩემი მსახური, სამუელ ჰ. სმითი, წამოვიდეს შენთან ერთად. არ მიატოვო იგი და მიეცი დარიგებები; და ვინც ერთგულია – გაძლიერდება ყოველ ადგილას და მე, უფალი, შენთან ერთად ვივლი.

9 ავადმყოფებს ხელი დაასხი და გამოჯანმრთელდებიან. არ დაბრუნდე, სანამ მე, უფალი, არ გაგაგზავნი. მომთმენი იყავი გაჭირვებაში. ითხოვე და მიიღებ, დააკაკუნე და გაგეღება.

10 გულს ნუ დაიმძიმებ, მიატოვე ყოველგვარი უკეთურობა. არ ჩაიდინო მრუშობა – ცდუნება, რომლითაც იყავი შეწუხებული.

11 შეასრულე ეს სიტყვები, ვინაიდან ისინი ჭეშმარიტი და სარწმუნოა; და განადიდებ შენს წოდებას და უბიძგებ მრავალ ხალხს სიონისკენ, მათ თავზე მარადიული სიხარულის საგალობლებით.

12 გააგრძელე ყოველივე ეს ბოლომდე და გექნება გვირგვინი მარადიული სიცოცხლისა ჩემი მამის მარჯვენა მხარეს, რომელიც აღსავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით.

13 ჭეშმარიტად, ამას ამბობს უფალი, შენი ღმერთი, შენი გამომსყიდველი, იესო ქრისტე. ამინ.