წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 3


ნაწილი 3

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, 1828 წლის ივლის, ეხება მორმონის წიგნის პირველი ნაწილის თარგმანიდან ხელნაწერის 116 გვერდის დაკარგვას, რომელსაც ეწოდებოდა ლეხის წიგნი. წინასწარმეტყველმა უნდომლად გადასცა ეს გვერდები მარტინ ჰარისს, რომელიც მოკლე დროის განმავლობაში მსახურობდა მწერლად მორმონის წიგნის თარგმნისას. გამოცხადება მიღებულ იქნა ურიმისა და თუმიმის მეშვეობით. (იხ. ნაწილი 10.)

1–4, უფლის გეზი არის ერთი მარადიული წრე; 5–15, ჯოზეფ სმითმა უნდა მოინანიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს თარჯიმნობის ძღვენს; 16–20, მორმონის წიგნი გამოდის, რათა გადარჩეს ლეხის შთამომავლობა.

1 ღმერთის საქმეები, ჩანაფიქრები და მიზნები შეუძლებელია იყოს წარუმატებელი ან არაფრის მომტანი.

2 ვინაიდან ღმერთი არ დადის მრუდე ბილიკებით, არც მარჯვნივ უხვევს და არც მარცხნივ და არ გადათქვამს თავის ნათქვამს, ამიტომ სწორია მისი ბილიკი და გეზი მისი არის ერთი მარადიული წრე.

3 გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ წარუმატებელია არა ღმერთის საქმენი, არამედ ადამიანისა;

4 ვინაიდან, იმისდა მიუხედავად, რომ ადამიანს შეუძლია, მიიღოს მრავალი გამოცხადება და შესწევდეს ძალა გააკეთოს მრავალი ძლევამოსილი საქმე, მაგრამ თუ იკვეხნის საკუთარი ძალით და არაფრად აგდებს ღმერთის რჩევას და მისდევს საკუთარი სურვილის ნებასა და ხორციელ სურვილებს, იგი უნდა დაეცეს და მიიღოს საკუთარ თავზე სამართლიანი ღმერთის შურისგება.

5 აჰა, განდეს ყოველივე ეს, მაგრამ რამდენად მკაცრი იყო შენთვის მოცემული მცნებები; და გაიხსენე ასევე დაპირებები, რომლებიც მოგეცა, ისინი რომ არ დაგერღვია.

6 და აჰა, რაოდენ ხშირად არღვევდი ღმერთის მცნებებსა და კანონებს და აჰყევი ადამიანთა რწმუნებას.

7 ვინაიდან, აჰა, ღმერთზე უფრო მეტად არ უნდა შეგშინებოდა ადამიანის. თუმცა, ადამიანები არაფრად აგდებენ ღმერთის რჩევას და სძულთ მისი სიტყვები –

8 ამისდა მიუხედავად, უნდა ყოფილიყავი ერთგული; და გამოგიწვდიდა ხელს და დაგიცავდა მტრის გავარვარებული ისრებისგან; და შენთან იქნებოდა ყოველი გაჭირვების ჟამს.

9 აჰა, შენ ხარ ჯოზეფი და არჩეულ იყავ უფლის საქმის შესასრულებლად, მაგრამ თუ არ იქნები ყურადღებით, დანაშაულის გამო დაეცემი.

10 მაგრამ გახსოვდეს: ღმერთი მოწყალეა; ამიტომ, მოინანიე, რაც ჩაიდინე, რაც ეწინააღმდეგება მცნებას, რომელიც მოგეცი; და შენ ჯერ კიდევ რჩეული ხარ და კვლავ ამ საქმისთვის მოწოდებული;

11 თუ ამას არ გააკეთებ, მიტოვებულ იქნები და გახდები სხვა ადამიანებივით და აღარ გექნება ძღვენი.

12 და როდესაც გადაეცი ის, რაც ღმერთმა გიბოძა – თარგმნის ხედვა და ძალა, შენ გადაეცი ბოროტ ადამიანს ხელში ის, რაც წმინდა იყო,

13 რომელმაც არაფრად ჩააგდო ღმერთის რჩევები და დაარღვია ყველაზე წმინდა დაპირებები, რომლებიც დადო ღმერთის წინაშე, ეყრდნობოდა რა საკუთარ გონებას და იკვეხნიდა საკუთარი სიბრძნით.

14 და ეს არის იმის მიზეზი, რომ დროებით დაკარგე შენი უპირატესობანი –

15 ვინაიდან დაუშვი, რომ შენი წინამძღვრის რჩევები დასაბამიდანვე ფეხქვეშ იყო გათელილი.

16 ამისდა მიუხედავად, ჩემი საქმე წავა წინ, ვინაიდან ისე, როგორც ცოდნა მხსნელის შესახებ ამქვეყნად მოვიდა იუდეველთა დამოწმებით, ასევე მოვა ცოდნა მხსნელის შესახებ ჩემს ხალხთან –

17 ნეფიელებთან და იაკობიელებთან; იოსებიელებთან და ზორამიელებთან, თავიანთი მამების დამოწმების მეშვეობით.

18 და ეს დამოწმება მიაღწევს ლამანიელების ცოდნამდე, ლემუელებისა და ისმაელიელებისა, რომლებიც გადაშენდნენ ურწმუნოებაში, თავიანთი მამების ურჯულობის გამო, რომლებსაც უფალმა ნება მისცა, გაენადგურებინათ საკუთარი ძმები, ნეფიელები, მათი უსამართლობისა და სისაძაგლეებისთვის.

19 ზუსტად ამ მიზნით შენახულ იქნა ეს ფირფიტები, რომლებიც მოიცავს ამ ჩანაწერებს, რათა აღსრულდეს უფლის დაპირებები, რომელნიც მან დადო თავის ხალხთან;

20 რომ ლამანიელები მოვიდნენ თავიანთი მამების ცოდნასთან, რათა იცოდნენ უფლის დანაპირები, რომ იწამონ სახარება, დაეყრდნონ იესო ქრისტეს მადლს და გაბრწყინდნენ მის სახელში რწმენის მეშვეობით, რომ თავიანთი მონანიებით იქნენ გადარჩენილნი. ამინ.