წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 49


ნაწილი 49

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით სიდნეი რიგდონის, პარლი პ. პრატისა და ლემან კოპლისათვის მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 7 მარტი, 1831 წ. ლემან კოპლიმ მიიღო სახარება, მაგრამ კვლავ მისდევდა შეიკერთა ზოგიერთ სწავლებებს (ქრისტეს მეორედ მოსვლაში მორწმუნეთა გაერთიანებული საზოგადოება), რომლებშიც ისწავლებოდა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა უკვე მოხდა და იგი მოევლინა ამასოფელს როგორც ქალი, სახელად ენ ლი. ისინი არ თვლიდნენ აუცილებლად წყლით ნათლობას, უარყოფდნენ ქორწინებას და სწამდათ უქორწინო ცხოვრება. ზოგიერთი შეიკერი კრძალავდა ხორცის ჭამას. ამ წინასწარმეტყველების წინასიტყვაობაში, ჯოზეფ სმითის ისტორიაში წერია: „იმისათვის, რომ ამ საკითხზე მქონოდა უფრო სრულყოფილი წარმოდგენა, მივმართე უფალს და მივიღე შემდეგი“. გამოცხადება უარყოფს შეიკერთა ძირითად სწავლებებს. ზემოთ ხსენებულმა ძმებმა მიიტანეს ამ გამოცხადების ასლი შეიკერთა თემში (კლივლენდის ახლოს, ოჰაიო) და ბოლომდე წაუკითხეს მათ, მაგრამ მათ ეს უარყვეს.

1–7, ქრისტეს მოსვლის დღე და ჟამი უცნობი იქნება მის მოსვლამდე; 8–14, ადამიანმა ხსნის მისაღებად უნდა მოინანიოს, იწამოს სახარება და დაემორჩილოს წეს-ჩვეულებებს; 15–16, ქორწინება არის ღვთის წესი; 17–21, ხორცის ჭამა ნებადართულია; 22–28, სიონი გაიფურჩქნება და ლამანიელები აყვავდებიან, როგორც ვარდები, მეორედ მოსვლის წინ.

1 ჩემო მსახურნო, სიდნეი პარლი და ლემან; ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს; ვინაიდან, აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ გაძლევთ ბრძანებას, წახვიდეთ და უქადაგოთ შეიკერებს ჩემი სახარება ისე, როგორც ის მიიღეთ.

2 აჰა, გეუბნებით, რომ მათ სურთ ჭეშმარიტების გაგება ნაწილობრივ და არა მთლიანად, ვინაიდან, არ არიან ჩემ წინაშე მართალნი და უნდა მოინანიონ.

3 ამიტომ, მე გგზავნით, ჩემო მსახურნო, სიდნეი და პარლი, უქადაგოთ მათ სახარება.

4 და ჩემი მსახური, ლემანი, ხელდასხმული იქნება ამ საქმისთვის, რათა იმსჯელოს მათთან არა იმისდა მიხედვით, რაც მათგან მიიღო, არამედ იმისდა შესაბამისად, რასაც თქვენ, ჩემო მსახურნო, მას ასწავლით; და ასე ვაკურთხებ მას, სხვაგვარად იგი ვერ მიაღწევს წარმატებას.

5 ამას ამბობს უფალი: ვინაიდან მე ვარ ღმერთი და ამქვეყნად ჩემი მხოლოდშობილი ძე მოვავლინე ამასოფლის გამოსასყიდად და ვბრძანე, რომ ვინც მას მიიღებს – გადარჩება და რომელიც მას არ მიიღებს – იქნება წყეული –

6 და ისინი მოექცნენ კაცის ძეს, როგორც თავად სურდათ; და მან აიღო თავისი ძალა თავისი სიდიადის მარჯვენით და იმეფებს ზეცაში, სანამ არ მოევლინება დედამიწას, რათა ფეხქვეშ გათელოს ყოველი თავისი მტერი, რომელთა დრო უკვე დადგა –

7 მე, უფალმა ღმერთმა, ვთქვი ეს; ხოლო ჟამი და დღე არავინ იცის, არც ზეცაში ანგელოზებმა და არც მათ ეცოდინებათ, სანამ იგი არ მოვა.

8 ამიტომ მსურს, რომ მოინანიოს ყოველმა ადამიანმა, ვინაიდან ყველა არის ცოდვილი, გარდა მათი, რომლებიც ჩემთვის შევინახე, წმინდა ადამიანები, რომლებსაც თქვენ არ იცნობთ.

9 ამიტომ, გეუბნებით, რომ თქვენ გამოგიგზავნეთ ჩემი მარადიული აღთქმა, ის, რომელიც იყო დასაბამიდანვე.

10 და რაც აღვუთქვი – შევასრულე და ამის წინაშე დედამიწის ერები ქედს მოიხრიან; და თუ არა საკუთარი ნებით, ისინი ძირს დაეშვებიან, ვინაიდან რაც ახლა თავის თავს ადიდებს, ძალით იქნება დამდაბლებული.

11 ამიტომ, გაძლევთ ბრძანებას, წახვიდეთ ამ ხალხში და ელაპარაკოთ მათ, ვითარცა ჩემი ძველი დროის მოციქული, რომლის სახელია პეტრე:

12 იწამეთ უფალი იესოს სახელი, რომელიც იყო დედამიწაზე და უნდა მოვიდეს, რომელიც არის დასაწყისი და დასასრული;

13 მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, წმინდა მცნების შესაბამისად, ცოდვების მისატევებლად;

14 და რომელიც ამას აკეთებს – იღებს სულიწმინდის ძღვენს, ეკლესიის უხუცესთა ხელდასხმით.

15 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ვინც გიკრძალავთ ქორწინებას, არ არის ღმერთისგან, ვინაიდან ქორწინება ღმერთმა ადამიანს დაუწესა.

16 ამიტომ, კანონიერია, რომ მან იყოლიოს ერთი ცოლი და ისინი ორივე იქნებიან ერთი ხორცი და ეს ყოველივე იმისთვის, რომ დედამიწამ შეასრულოს თავისი შექმნის დანიშნულება;

17 რათა ის საკმარისად შეივსოს ადამიანებით, ადამიანის შექმნის თანახმად, სანამ შეიქმნებოდა ქვეყანა.

18 და ვინც კრძალავს ხორცს, რათა ადამიანმა არ ჭამოს ის, იგი არ არის ღმერთისგან დანიშნული;

19 ვინაიდან, აჰა: მინდვრის მხეცები, ცის ფრინველები და ის, რაც იზრდება მიწიდან, დანიშნულია ადამიანისთვის გამოსაყენებლად, საჭმელად და სამოსად და რომ მას უხვად ჰქონდეს.

20 მაგრამ, არ არის ნაბოძები, რომ ერთი ადამიანი ფლობდეს უფრო მეტს, ვიდრე მეორე, ამიტომ, წევს ცოდვაში ამასოფელი.

21 და ვარამი ადამიანს, რომელიც სისხლს ღვრის ან ანადგურებს ხორცს საჭიროების გარეშე.

22 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ძე კაცისა არ მოევლინება ქალის სახით, არც დედამიწაზე მოგზაურ ადამიანად.

23 ამიტომ, არ შეცდეთ, იყავით მტკიცენი, დაელოდეთ ზეცის შეზანზარებას და დედამიწის აკანკალებას, როგორ იქანავებს იგი აქეთ-იქეთ მთვრალი კაცივით. და როდესაც ამაღლდება ველები და დამდაბლდება მთები და გასწორდება უსწორმასწორო ადგილები – და ყოველივე ეს, როდესაც ანგელოზი შეჰყვირებს თავისი საყვირით.

24 მაგრამ, სანამ უფლის მოსვლის დიადი დღე დადგება, იაკობი აყვავდება უდაბნოში და ლამანიელები ვარდებივით გაიფურჩქნებიან.

25 სიონი აყვავდება გორაკებზე და გაიხარებს მთებზე და ერთად შეიკრიბება ადგილზე, რომელიც დავნიშნე.

26 აჰა, გეუბნებით: იარეთ, როგორც გიბრძანეთ, მოინანიეთ ყოველი თქვენი ცოდვა; ითხოვეთ და მიიღებთ; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.

27 აჰა, თქვენ წინ მე ვივლი და ზურგიდანაც მე დაგიცავთ; და ვიქნები თქვენ შორის და არ შეიმუსრებით.

28 აჰა, მე ვარ იესო ქრისტე და მალე მოვალ. სწორედ ასე. ამინ.