წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 34


ნაწილი 34

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ორსონ პრატისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, 4 ნოემბერი, 1830 წ. ძმა პრატი იმ დროს ცხრამეტი წლის იყო. იგი მოქცეულ იქნა და მოინათლა ექვსი კვირის წინ, როცა პირველად მოისმინა აღდგენილი სახარების ქადაგება თავისი უფროსი ძმის, პარლეი პ. პრატისგან. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა პიტერ ვიტმერის სახლში.

1–4, გამოსყიდვის მეშვეობით ერთგულნი ღმერთის შვილებად იქცევიან; 5–9, სახარების ქადაგება მეორე მოსვლისთვის ამზადებს გზას; 10–12, წინასწარმეტყველება მოდის სულიწმინდის ძალით.

1 ჩემო შვილო, ორსონ, მომისმინე და ყური დაუგდე იმას, რასაც გეტყვი მე, უფალი ღმერთი, თავად იესო ქრისტე, შენი გამომსყიდველი;

2 ქვეყნის სინათლე და სიცოცხლე, სინათლე, რომელიც ანათებს უკუნეთში და მას ბნელი ვერ მოიცავს;

3 რომელმაც იმდენად შეიყვარა სოფელი, რომ შესწირა საკუთარი სიცოცხლე, რათა ყოველი, ვინც იწამებს, გახდეს ძე ღვთისა, ამიტომ, შენ ხარ ჩემი ძე;

4 და კურთხეული ხარ, რადგან იწამე;

5 და უფრო მეტად ხარ კურთხეული, ვინაიდან მოგიხმე ჩემი სახარების საქადაგებლად –

6 რათა აიმაღლო ხმა საყვირივით, დიდხანს და ხმამაღლა და შეჰღაღადო მონანიება გამრუდებულ და უკუღმართ თაობას, მოუმზადო რა უფალს გზა მეორედ მოსვლისთვის.

7 ვინაიდან, აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მალე დადგება ჟამი, როდესაც მოვალ ღრუბლებში, ძალითა და დიდი სიდიადით.

8 და ეს იქნება დიადი დღე ჩემი მოსვლის ჟამს, ვინაიდან აკანკალდება ყველა ერი.

9 მაგრამ, სანამ დადგება ეს დიადი დღე, მზე დაბნელდება და მთვარე იქცევა სისხლად; ვარსკვლავები უარს იტყვიან ნათებაზე, ზოგი ჩამოცვივდება და ბოროტთ მოელით დიდი განადგურება.

10 ამიტომ, აიმაღლეთ ხმა და არ დაზოგოთ თავი, ვინაიდან ეს უფალმა თქვა; ამიტომ, იწინასწარმეტყველე და ეს გებოძება სულიწმინდის ძალით.

11 და თუ ხარ ერთგული, აჰა, შენთან ვიქნები, ჩემს მოსვლამდე –

12 და ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მალე მოვალ. მე ვარ შენი უფალი და გამომსყიდველი. სწორედ ასე. ამინ.