წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 128


ნაწილი 128

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის წერილი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას, რომელიც მოიცავს შემდგომ მითითებებს გარდაცვლილთა ნათლობის შესახებ. დათარიღებულია ნავუ, ილინოისი, 6 სექტემბერი, 1842 წ.

1–5, ადგილობრივმა და საერთო მეოქმეებმა უნდა დაამოწმონ გარდაცვლილთა ნათლობის მოვლენა; 6–9, მათი ჩანაწერები ძალაშია და იწერება დედამიწაზე და ზეცაში; 10–14, ემბაზი წარმოდგენილია საფლავის სიმბოლოდ; 15–17, ელიამ აღადგინა გარდაცვლილთა ნათლობის უფლებამოსილება; 18–21, აღდგენილია ყოფილ წყობათა ყველა გასაღები, ძალა და უფლებამოსილება; 22–25, სასიხარულო და ბრწყინვალე ამბები გამოცხადებულია ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის.

1 როგორც განვაცხადე საცხოვრებელი ადგილის დატოვებამდე ჩემ მიერ წინასწარ მოწერილ წერილში, რომ დროდადრო მოგწერდით და მოგაწვდიდით განმარტებებს მრავალ თემაზე, ახლა ვაგრძელებ გარდაცვლილთა ნათლობის თემას, ვინაიდან ამ თემამ დაიპყრო ჩემი აზრები და ყველაზე მეტად მაწვება გრძნობებზე იმ დროიდან, რაც მტრები მდევნიან.

2 მე მოგწერეთ გამოცხადების რამდენიმე სიტყვა მეოქმესთან მიმართებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა რამდენიმე დამატებითი მოსაზრება, რომელსაც ახლა ვადასტურებ. ანუ, ჩემს წინა წერილში განცხადებულ იქნა, რომ უნდა იყოს მეოქმე, რომელიც იქნება თვითმხილველი მოწმე, ასევე მოისმენს საკუთარი ყურით, რათა გააკეთოს უფლის წინაშე ჭეშმარიტი ჩანაწერი.

3 ახლა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალზედ რთული იქნება ერთი მეოქმესთვის, მუდმივად ესწრებოდეს და ზრუნავდეს მთელ საქმიანობაზე. ამ სირთულის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია, ქალაქის ყოველ მეურვეობაში დაინიშნოს შესაბამისი მეოქმე, რომელიც გააკეთებს ზუსტ ჩანაწერებს; დაე, იგი იყოს ძალზედ ზუსტი და უტყუარი ყოველი ოქმის გაფორმებისას, დაამოწმოს რა ოქმებში, რაც თავისი თვალით იხილა და რაც თავისი ყურით მოისმინა, მიუთითოს თარიღი, სახელები და ა.შ. და მომხდარის მთელი ისტორია, ასევე დაასახელოს სამი თანდამსწრე პირთა სახელი, თუ ასეთები იქნებიან, რომლებიც ნებისმიერ დროს, როდესაც მათ მოუწოდებენ, ამას დაამოწმებენ, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა.

4 შემდეგ, დაე, იქ იყოს მთავარი მეოქმე, რომელსაც გადაეცემა ეს და სხვა ჩანაწერები, დამოწმებებთან ერთად თანდართული თავისი ხელმოწერებით, რომლებიც დაამოწმებენ, რომ მათ მიერ გაკეთებული ჩანაწერი ჭეშმარიტია. შემდეგ ეკლესიის მთავარ მეოქმეს შეუძლია, შეიტნოს ჩანაწერი, დამოწმებებითა და თანდამსწრე მოწმეებით, ეკლესიის მთავარ წიგნში, თავისი საკუთარი დამოწმებით დაადასტუროს, რომ ჭეშმარიტად სწამს ხსენებული მოწმობებისა და ჩანაწერების ჭეშმარიტება, იცის რა ამ პირთა ღირსებებისა და ეკლესიაში დანიშნულების შესახებ. და როდესაც ეს ჩაიწერება ეკლესიის მთავარ წიგნში, ჩანაწერი იქნება ისეთივე წმინდა და წეს-ჩვეულებების შესაფერისი, როგორც თავად ეხილოს საკუთარი თვალითა და მოესმინოს საკუთარი ყურით და ამის შესახებ თავად ჩაეწერა ეკლესიის მთავარ წიგნში.

5 შეიძლება ეს წესი ძალზედ განსაკუთრებულად ჩათვალოთ; მაგრამ ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის ნების აღსრულება, შეესაბამება რა მომზადების წეს-ჩვეულებას, რაც უფალმა დააწესა და მოამზადა ამაქვეყნის დასაბამამდე, გარდაცვლილთა ხსნისთვის, რომლებიც გარდაიცვლებიან სახარების ცოდნის გარეშე.

6 და შემდეგ, მინდა შეგახსენოთ, რომ იოანე განმცხადებელი მსჯელობდა სწორედ ამ საკითხზე, გარდაცვლილთა მიმართებაში, როდესაც მან გამოაცხადა, რაც შეგიძლიათ იპოვოთ გამოცხადება 20:12-ში – და ვიხილე მკვდრები, მცირენი და დიდნი, იდგნენ რა ღმერთის წინაშე და გადაშლილი იყო წიგნები; და გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი და თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ, განკითხულ იქნენ მკვდრები.

7 თქვენ აღმოაჩენთ ამ ციტატაში, რომ წიგნები გადაშლილი იყო; და სხვა წიგნიც გადაიშალა, რომელიც იყო სიცოცხლის წიგნი; მაგრამ გარდაცვლილნი განკითხულ იქნენ იმისდა მიხედვით, რაც ეწერა წიგნებში, მათი საქმისამებრ; შესაბამისად, ნახსენები წიგნები უნდა იყოს ის წიგნები, რომლებიც მოიცავს ჩანაწერებს მათ საქმეებზე და მიმართავს ჩანაწერებს, რომლებიც კეთდება დედამიწაზე. და წიგნი, რომელიც ნახსენებია სიცოცხლის წიგნად არის ჩანაწერი, რომელიც კეთდება ზეცაში; ეს წესი შეესაბამება მოძღვრებას, რომელიც ნაბრძანები გაქვთ გამოცხადებაში, რომელიც თქვენთვის დაწერილ წერილში მოგაწოდეთ, სანამ მივატოვებდი საცხოვრებელ ადგილს – რასაც ჩაწერთ, ზეცაში იყოს ჩაწერილი.

8 ახლა, ამ წეს-ჩვეულების არსი მდგომარეობს მღვდლობის ძალაში, იესო ქრისტეს გამოცხადებით, რომლითაც მოცემულია: რასაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც და რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. ანუ სხვა სიტყვებით, სხვაგვარად თუ შევხედავთ თარგმანს, რასაც ჩაწერთ დედამიწაზე, ჩაიწერება ზეცაშიც, რასაც არ ჩაწერთ დედამიწაზე, არ ჩაიწერება ზეცაშიც; ვინაიდან, წიგნების მიხედვით განიკითხებიან თქვენი გარდაცვლილები, თავიანთი საქმეების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, პირადად თვითონ ესწრებოდნენ წეს-ჩვეულებებს თუ თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით, წეს-ჩვეულების წესის შესაბამისად, რომელიც ღმერთმა მათი ხსნისთვის მოამზადა ამაქვეყნის დასაბამამდე, ჩანაწერების შესაბამისად, რომლებსაც აკეთებდნენ თავიანთ გარდაცვლილთა მიმართებაში.

9 შეიძლება ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ზოგიერთს ძალზედ გაბედულ მოძღვრებად ეჩვენოს – ძალა, რომელიც იწერს და შეკრავს დედამიწაზე და შეკრავს ზეცაში. თუმცა ამაქვეყნის ყველა საუკუნეში, როდესაც უფალი ჭეშმარიტი გამოცხადებით სამღვდელოების წყობას უბოძებდა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, ეს ძალა ყოველთვის ეძლეოდათ. ამიტომ, რასაც ის ადამიანები აკეთებდნენ უფლებამოსილებით, უფლის სახელით, აკეთებდნენ რა ჭეშმარიტად და ერთგულად და ამის შესახებ აწარმოებდნენ სწორ და სანდო ჩანაწერს, იქცა კანონად დედამიწაზე და ზეცაში და დიდი იეღოვას ბრძანებების თანახმად ვერ გაუქმდება. ეს არის ჭეშმარიტი ნათქვამი. ვის შეუძლია მისი მოსმენა?

10 და კვლავ, მაგალითად, მათე 16:18,19: და მე გეუბნები: შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.

11 ახლა, მთელი საკითხის დიდი და მნიშვნელოვანი საიდუმლო და ჩვენ წინაშე წარდგენილი თემის უდიდესი მადლი მდგომარეობს წმინდა მღვდლობის ძალის მიღებაში. ვინაიდან, ვისაც ეს გასაღებები ებოძება, არ უჭირს ცოდნის მიღება მოვლენაზე, რომელიც უკავშირდება ადამიანთა შვილების ხსნას, როგორც გარდაცვლილთა, ასევე ცოცხალთა.

12 ამაშია დიდება, პატივი და უკვდავება და მარადიული სიცოცხლე – წყლით ნათლობის წეს-ჩვეულება, წყალში ჩაძირვით, გარდაცვლილთა განსახიერებლად, რათა ერთი წესი შეესაბამებოდეს მეორეს; რათა წყალში ჩაძირვა და წყლიდან ამოსვლა განასახიერებდეს გარდაცვლილთა აღდგომას, მათ საფლავებიდან ამოსვლას; აქედან გამომდინარე, ეს წეს-ჩვეულება დაწესდა, რათა გარდაცვლილთა განსახიერებით შეიქმნას კავშირი გარდაცვლილთა ნათლობის წეს-ჩვეულებასთან.

13 შესაბამისად, ემბაზი დაწესდა საფლავის განსასახიერებლად და ნაბრძანებია, აიგოს იმ ადგილის ქვევით, სადაც ცოცხალნი იკრიბებიან, რათა გამოჩნდეს ცოცხალი და გარდაცვლილი, რათა ყოველივეს ჰქონდეს თავისი მსგავსება და ერთმანეთს შეესაბამებოდნენ – რათა რაც მიწიერია, შესაბამისობაში იყოს იმასთან, რაც არის ზეციური, როგორც პავლემ განაცხადა, 1 კორინთელთა 15:46, 47 და 48:

14 თუმცა პირველი სულიერი კი არა ხორციელია; შემდეგ კი – სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისგან; მეორე კაცი კი არის უფალი ზეციდან. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორი ჩანაწერებიც დედამიწაზეა თქვენს გარდაცვლილთა შესახებ, რომლებიც არის სწორად შედგენილი, ასეთივე ჩანაწერებია ზეცაში. ამიტომ, ეს არის ჩამბეჭდავი და შემკრავი ძალა და ერთი სიტყვით – სასუფევლის გასაღებები, რომელნიც მოიცავს ცოდნის გასაღებს.

15 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, ნება მიბოძეთ, დაგიმტკიცოთ, რომ ეს არის წესი გარდაცვლილთა და ცოცხალთა მიმართებაში, რომელსაც შეუძლებელია, გვერდი აუაროთ დაუდევრად, რადგან ეხება ჩვენს ხსნას. ვინაიდან, მათი ხსნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ხსნისთვის, როგორც პავლე ამბობს მამებზე – ისინი ჩვენ გარეშე ვერ გახდებიან სრულყოფილნი – ვერც ჩვენ ვერ გავხდებით სრულყოფილნი ჩვენს გარდაცვლილთა გარეშე.

16 და ახლა, გარდაცვლილთა ნათლობასთან დაკავშირებით, მე მოვიყვან პავლეს კიდევ ერთ ციტატას, 1 კორინთელთა 15:29: თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?

17 და კვლავ, ამ ციტატასთან დაკავშირებით, მოგიყვანთ ერთ-ერთი წინასწარმეტყველის ციტატას, რომელმაც საგანგებო ყურადღება მიაქცია მღვდლობის აღდგენას, იმ ბრწყინვალებებს, რომელნიც განდობილ იქნება უკანასკნელ დღეებში და განსაკუთრებულად მარადიული სახარების ამ ყველაზე დიდებულ საკითხებს, სახელდობრ, გარდაცვლილთა ნათლობა, ვინაიდან მალაქია ამბობს (ბოლო თავი, მე-5 და მე-6 მუხლები): აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე. და იგი გულს მოუბრუნებს მამებს შვილებისკენ და შვილების გულებს – მამებისკენ, რათა არ მოვიდე და ქვეყანა არ შევმუსრო წყევლით.

18 მე შემეძლო ეს უფრო ნათლად გადამეთარგმნა, მაგრამ როგორც არის, უკვე საკმარისად ნათელია ჩემი მიზნისთვის. საკმარისია, ვიცოდეთ ამ შემთხვევაში, რომ დედამიწა შეიმუსრება წყევლით, თუ არ იქნება რაიმე დამაკავშირებელი რგოლი მამებსა და შვილებს შორის ამა თუ იმ საკითხზე – და აჰა, რა საკითხია ეს? ეს არის გარდაცვლილთა ნათლობის საკითხი. ვინაიდან, ჩვენ მათ გარეშე ვერ გავხდებით სრულყოფილნი, ვერც ისინი გახდებიან სრულყოფილნი ჩვენ გარეშე, ვერც ისინი და ვერც ჩვენ ვერ გავხდებით სრულყოფილნი მათ გარეშე, რომლებიც გარდაიცვალნენ სახარებაში, ვინაიდან ეს აუცილებელია ჟამთა სისრულის წყობის გასახსნელად, წყობის, რომელიც ახლა იხსნება, რათა მოხდეს სავსე, მთელი და სრულყოფილი დაკავშირება და გაერთიანება წყობებისა და გასაღებების, ძალებისა და ბრწყინვალებების და გამოცხადდეს ადამის ჟამიდან დღევანდელ დღემდე. და არა მარტო ეს, ასევე ის, რაც არასდროს ყოფილა გამოცხადებული ამაქვეყნის დასაბამიდან, რაც დაფარული იყო ბრძენთა და გონიერთაგან, გამოეცხადებათ ბავშვებსა და ახალშობილებს ამ ჟამთა სისრულის წყობაში.

19 ახლა, რას ვისმენთ სახარებაში, რომელიც მივიღეთ? სიხარულის ხმას! ზეციდან მოწყალების ხმასა და ჭეშმარიტების ხმას დედამიწიდან; სასიხარულო ამბებს გარდაცვლილთათვის, სიხარულის ხმას ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის, სასიხარულო ამბებს დიდი სიხარულისა. რა მშვენიერია მთებზე მათი ფეხი, რომლებსაც მოაქვთ სასიხარულო ამბები სიკეთისა, რომელნიც ეუბნებიან სიონს: აჰა, მეფობს შენი ღმერთი, მოეფინებათ მათ ღვთისგან ცოდნა, ვითარცა ქარმელის ცვარი.

20 და კვლავ, რას ვისმენთ? სასიხარულო ამბებს ქუმორიდან! მორონის, ანგელოზს ზეციდან, რომელიც აცხადებს წინასწარმეტყველებათა შესრულებას წიგნზე, რომელიც გამოცხადდება. უფლის ხმას ფეიეტის უდაბნოში, სენეკის ოლქი, რომელიც გამოაცხადებს, რომ სამი მოწმე დაამოწმებს წიგნის შესახებ! მიქაელის ხმას სასქუეჰანას ნაპირებზე, რომელიც ამხელს ეშმაკს, როდესაც ის მოვლენილ იქნა სინათლის ანგელოზად! პეტრეს, იაკობისა და იოანეს ხმებს უდაბნოში, ჰარმონისა და სასკუეჰანას ოლქს შორის და კოლსვილში, ბრუმის ოლქში, სასკუეჰანის მდინარეზე, აცხადებენ რა რომ ისინი ფლობენ სასუფევლის და ჟამთა სისრულის წყობის გასაღებებს!

21 და კიდევ, ღვთის ხმას, მოხუცი მამა უიტმერის ოთახში, ფეიეტში, სენეკის ოლქში, სხვადასხვა ჟამსა და სხვადასხვა ადგილებში, უკანასკნელ დღეთა იესო ქრისტეს ეკლესიის ყველა მოგზაურობასა და გაჭირვებაში! მთავარანგელოზ მიქაელის ხმას, გაბრიელის ხმას და რაფაელისა და სხვადასხვა ანგელოზებისა, მიქაელისა თუ ადამის დღევანდელ დღემდე – ყოველი აუწყებს თავის წყობაზე, უფლებებზე, თავის გასაღებებზე, ღირსებაზე, თავის დიდებულებასა და ბრწყინვალებაზე და თავისი მღვდლობის ძალაზე, იძლევიან რა სტრიქონს სტრიქონზე და სწავლებას სწავლებაზე, ცოტას აქ და ცოტას იქ; გვაძლევენ რა ნუგეშს, გვაცნობებენ, რაც უნდა მოხდეს, გვიმტკიცებენ იმედს!

22 ძმებო, ნუთუ არ გავაგრძელებთ სვლას ასეთი დიადი მიზნით? იარეთ წინ და არა უკან. მამაცად, ძმებო; და პირდაპირ გამარჯვებისკენ! და გაიხაროს თქვენმა გულმა და იყოს ძალზედ გახარებული. დაე, ამღერდეს მიწა, დაე, გარდაცვლილებმა უმღერონ მარადიული მადლიერების ჰიმნი მეფე ემანუელს, რომელმაც ამაქვეყნის შექმნამდე დააწესა ის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვისყიდოთ ისინი მათი ციხიდან, ვინაიდან დატყვევებულნი განთავისუფლდებიან.

23 დაე, სიხარულით შესძახონ მთებმა და თქვენ, ველებო, ხმამაღლა შეჰღაღადეთ; და თქვენ ყველა, ზღვაო და მშრალო მიწავ, აუწყეთ საოცრებანი თქვენი მარადიული მეფის! და თქვენ, მდინარეებო, ნაკადულებო და რუებო, იდინეთ სიხარულით, დაე, ტყეებმა და მინდვრების ყველა ხემ ადიდონ უფალი; და თქვენ, მტკიცე კლდეებო, იტირეთ სიხარულით! დაე, მზემ, მთვარემ და დილის ვარსკვლავებმა ერთად იმღერონ, დაე, ყველა ღვთის შვილმა შესძახოს სიხარულით! და მარადიულმა ქმნილებებმა გამოაცხადონ მისი სახელი უკუნითი უკუნისამდე! და კვლავ ვამბობ: რაოდენ ბრწყინვალეა ხმა, რომელიც გვესმის ზეციდან, გვაუწყებს რა ყურებში დიდებასა და ხსნას, პატივს, უკვდავებასა და მარადიულ სიცოცხლეს; სამეფოებს, სამთავროებს და სამფლობელოებს!

24 აჰა, ახლოსაა უფლის დიადი დღე; და ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს, ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით; და დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმენდივით; და განწმენდს ლევიანთა შვილებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი. ამიტომ, მოდით, როგორც ეკლესიამ და ხალხმა და უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა, სიმართლით მივუძღვნათ უფალს შესაწირავი; დაე, წარვადგინოთ მის წმინდა ტაძარში, როდესაც ის აშენდება, წიგნი ჩვენს გარდაცვლილთა ჩანაწერებით, რომელიც იქნება ყველანაირად ღირსეულად მისაღები.

25 ძმებო, ბევრი სათქმელი მაქვს თქვენთვის ამ თემაზე, მაგრამ ამჟამად დავასრულებ და სხვა დროს გავაგრძელებ თემას. მე ვარ, როგორც ყოველთვის, თქვენი თავმდაბალი მსახური და ერთგული მეგობარი,

ჯოზეფ სმითი.