წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 121


ნაწილი 121

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ დაწერილი ლოცვა და წინასწარმეტყველებები ეკლესიის მიმართ დაწერილ წერილში, როდესაც იგი ტყვედ იმყოფებოდა ლიბერთის ციხეში, მისური, დათარიღებული 20 მარტი, 1839 წ. წინასწარმეტყველი და რამდენიმე მისი თანამოაზრე ციხეში იმყოფებოდნენ თვეების განმავლობაში. მათმა საჩივრებმა და მიმართვებმა სასამართლოს აღმასრულებელი მოხელეების მიმართ მათი მდგომარეობა ვერ შეამსუბუქა.

1–6, წინასწარმეტყველი ევედრება უფალს ტანჯვაში მყოფ წმინდანებისთვის; 7–10, უფალი მას ამშვიდებს; 11–17, წყეულნი არიან ყველანი, რომლებიც ცრუ ბრალდებებით ადანაშაულებენ უფლის ხალხს; 18–25, მათ არ ექნებათ მღვდლობის უფლება და წყეულნი იქნებიან; 26–32, ბრწყინვალე გამოცხადებებია დაპირებული მათთვის, რომლებიც გმირულად გაძლებენ; 33–40, რატომ არის მრავალი მოწოდებული და მცირეოდენი რჩეული; 41–46, მღვდლობა უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამართლიანობაში.

1 ო, ღმერთო, სად ხარ? და სად არის კარავი, რომელიც ფარავს შენს საიდუმლო ადგილს?

2 კიდევ რამდენი ხანი შეაკავებ ხელსა და თვალს, დიახ, შენს წმინდა თვალს, ხედავ რა მარადიული ზეციდან შენი ხალხისა და შენი მსახურების მიმართ უსამართლობას და მათი ღაღადით გამსჭვალული გაქვს ყური?

3 დიახ, უფალო, როდემდე უნდა იტანჯონ ამ უსამართლობითა და არაკანონიერი დევნით, სანამ მოილბობ გულს მათ მიმართ და შეიძრება წიაღი შენი მათ მიმართ სიბრალულით?

4 უფალო, ყოვლადძლიერო ღმერთო, ზეცის, დედამიწისა და ზღვის შემქმნელო და ყოველივესი, რაც არის მათში, რომელიც ზემოქმედებ და იმორჩილებ ეშმაკსა და შეოლის ბნელ და საძრახის სამფლობელოს – გაიწოდე ხელი; დაე, განგმიროს შენმა თვალმა; დაე, აიშალოს შენი კარავი; დაე, შენი საიდუმლო ადგილი აღარ იყოს ფარული; და მოიმართოს შენი ყური; დაე, მოლბეს შენი გული და შეიძრას წიაღი შენი ჩვენ მიმართ სიბრალულით.

5 დაე, დაენთოს შენი რისხვა ჩვენი მტრების წინააღმდეგ; და შენი გულის მრისხანებაში, შენი ხმლით, იძიე შური უსამართლობისთვის ჩვენ მიმართ.

6 გაიხსენე შენი ტანჯვაში მყოფი წმინდანები, ჩვენო ღმერთო, და შენი მსახურები იხარებენ შენს სახელში მარადჟამს.

7 შვილო ჩემო, მშვიდობა შენს სულს; შენი გასაჭირი და ტანჯვა ხანმოკლე იქნება;

8 და შემდეგ, თუ მას კარგად გაუძლებ, ღმერთი აგამაღლებს სიმაღლეებში; შენ ყველა მტერზე გაიმარჯვებ.

9 მეგობრები გვერდში გიდგანან და კვლავ მოგესალმებიან გულთბილად და მეგობრული ხელით.

10 შენ ჯერჯერობით არ ხარ როგორც იობი; მეგობრები არ გიპირისპირდებიან, არც შეცოდებაში გდებენ ბრალს, როგორც იობს მოექცნენ.

11 და მათ, რომლებიც შეცოდებაში გდებენ ბრალს, იმედი გაუცრუვდებათ და დადნება მათი მოლოდინი, ვითარცა თრთვილი ამომავალი მზის ცხელი სხივების ქვეშ;

12 და ღმერთის ხელი ურევია და დამოწმებულია მისი ბეჭდით, რათა შეიცვალოს დრო-ჟამი და წელიწადის დროები, რათა მათ დაუბინდოს გონება, რათა ვერ ჩასწვდნენ მის საოცარ საქმეს; რათა მან გამოსცადოს ისინი და ამხილოს თავიანთ მზაკვრობაში;

13 ასევე, ვინაიდან გარყვნილია მათი გულები და ტანჯვა, რომელიც სურთ, სხვებს თავს დაატყდეს და ტკბობა სხვათა ტანჯვით, დაე, თავად მოევლინოთ ძალზედ ჭარბად;

14 დაე, ხელი მოეცაროთ ასევე და მოკვეთილ იქნეს მათი იმედები;

15 და არ გავა მრავალი წელი, როდესაც ისინი და მათი შთამომავლობა აღიგვება ზეცის ქვეშ, – ამბობს ღმერთი, რათა არცერთი მათგანი არ დარჩება კედელთან ფეხზე მდგომი.

16 წყეულია ყოველი, რომელიც ქუსლს აღმართავს ჩემს ზეთცხებულზე, – ამბობს უფალი, – და გაჰყვირიან: მათ შესცოდეს, თუმცა ჩემ წინაშე მათ არ შეუცოდავთ, – ამბობს უფალი, – არამედ აკეთებდნენ იმას, რაც შესაფერისი იყო ჩემ თვალწინ, რაც მათ ვუბრძანე.

17 მაგრამ, რომლებიც გაჰყვირიან შეცოდებაზე, იქცევიან ასე, ვინაიდან თავად არიან ცოდვის მსახურნი და დაუმორჩილებლობის შვილები.

18 და რომლებიც ცრუდ იფიცებიან ჩემი მსახურების წინააღმდეგ, რათა შეძლონ მათი მონობაში ჩაგდება და დახოცვა –

19 ვარამი მათ; ვინაიდან შეურაცხყეს ჩემი პატარები, მოკვეთილ იქნებიან ჩემი სახლის წეს-ჩვეულებებიდან.

20 არ გაივსება მათი კალათა, დაიღუპება მათი სახლები და თავლები, თავად იქნებიან აბუჩად აგდებულნი მათ მიერ, რომლებიც მათ ეპირფერებოდნენ.

21 მათ არ ექნებათ მღვდლობის უფლება, არც მათ შთამომავლებს მათ შემდეგ, თაობიდან თაობამდე.

22 მათთვის უკეთესი იქნებოდა, კისერზე დოლაბი დაეკიდათ და ზღვის უფსკრულში ჩამხრჩვალიყვნენ.

23 ვარამი ყველას, რომლებიც ჩემს ხალხს ავიწროვებენ, დევნიან, ხოცავენ და მოწმედ გამოდიან მათ წინააღმდეგ, – ამბობს ცაბაოთ უფალი; გველგესლების თაობა ვერ გადაურჩება ჯოჯოხეთის წყევლას.

24 აჰა, ჩემმა თვალებმა იხილა და იცის მათი საქმე და შემონახული მაქვს სწრაფი განაჩენი შესაფერის ჟამს ყოველი მათგანისთვის;

25 ვინაიდან, ყოველი ადამიანისთვის დანიშნულია დრო მათი ნაკეთები საქმეების შესაბამისად.

26 ღმერთი გიბოძებთ ცოდნას თავისი სულიწმინდით, დიახ, სულიწმინდის აუღწერელი ძღვენით, რომელიც აქამდე არ ყოფილა განდობილი ამაქვეყნის დასაბამიდან დღემდე;

27 რომელსაც ჩვენი წინაპრები ელოდებოდნენ მგზნებარე მოლოდინით, რომ განდობილ იქნება უკანასკნელ ჟამს, რისკენაც მიმართული იყო მათი გონება ანგელოზების მიერ, შემონახულია რა მათი ბრწყინვალების სისავსისთვის;

28 დადგება დრო, რომელშიც არაფერი უნდა იქნეს შეჩერებული, იქნება ერთი ღმერთი, თუ მრავალი ღმერთი, ისინი გამოვლინდებიან.

29 ყველა სატახტო და სამფლობელო, სამთავრო და ძალაუფლება გახდება ცხადი და ებოძება ყველას, რომლებმაც სახელოვნად გაძლეს იესო ქრისტეს სახარებისთვის.

30 და ასევე, თუ დადგენილ იქნება ზღვარი ზეცისთვის ან ზღვებისთვის ან მშრალი მიწისთვის, ან მზისთვის, მთვარისთვის ან ვარსკვლავებისთვის –

31 მათი ბრუნვის ყოველი დრო, ყველა დანიშნული დღე, თვე, წელი და მათი დღეების ყოველი დღე, თვე და წელი, ყოველი მათი ბრწყინვალება, კანონი და დანიშნული დრო, ცხადი გახდება ჟამთა სისრულის წყობისას –

32 შესაბამისად იმისა, რაც ხელდასხმულ იქნა ყველა სხვა ღმერთთა მარადიული ღმერთის საბჭოზე ამაქვეყნის არსებობამდე, რაც მისი დასასრულისა და ბოლოსთვის იქნება შემონახული, როდესაც ყოველი ადამიანი შევა მის მარადიულ გარემოცვაში და უკვდავ სავანეში.

33 როდემდე შეძლებს გამდინარე წყალი, დარჩეს უწმინდური? რა ძალა შეაჩერებს ზეცას? როგორც ადამიანს რომ გაეწოდებინა უძლური ხელი მდინარე მისურის დინების შესაჩერებლად ან კალაპოტში დინების უკან მოსაბრუნებლად, იმდაგვარად შეაბრკოლებს იგი ყოვლადძლიერს, ზეციდან უკანასკნელი დღეების წმინდანების თავზე ცოდნის გადმოღვრას.

34 აჰა, მრავალია მოწოდებული, მაგრამ მცირედია რჩეული. და რატომ არ არიან რჩეულნი?

35 ვინაიდან, მათი გული იმდენად მიმართულია ამაქვეყნის საგნებისკენ და ისწრაფიან ადამიანთა ქება-დიდებისკენ, რომ ვერ სწავლობენ ამ ერთ გაკევეთილს –

36 მღვდლობის უფლებები განუყრელ კავშირშია ზეციურ ძალებთან და ზეციური ძალები ვერ იქნება მართული ან გამოყენებული სამართლიანობის პრინციპების შესაბამისობის გარეშე.

37 ის, რომ შესაძლებელია მათი ხელდასხმა ჩვენზე – ჭეშმარიტებაა; მაგრამ, როდესაც ვცდილობთ ცოდვების დაფარვას ან ვიკმაყოფილებთ სიამაყეს, ამაო პატივმოყვარეობას ან ვიწყებთ მმართველობას, ბრძანებლობას ან ძალადობას ადამიანთა შვილების სულებზე უსამართლობის ნებისმიერ დონეზე, აჰა, ზეცა გვშორდება; უფლის სული ღონდება; და როდესაც ის დაშორებულია – ამინ ამ ადამიანის მღვდლობასა ან უფლებამოსილებას.

38 აჰა, სანამ იგი ამას შეიგნებს – საკუთარი თავის ამარად არის, რათა საგმირს წიხლს ჰკრავდეს, წმინდანები დევნოს და ღმერთის წინააღმდეგ იბრძოლოს.

39 ჩვენ ვისწავლეთ სამწუხარო გამოცდილებიდან, რომ ეს არის თითქმის ყოველი ადამიანის ბუნება და მიდრეკილება: როგორც კი, თავიანთი გაგებით, ცოტაოდენ ძალაუფლებას იღებენ, ისინი დაუყოვნებლივ იწყებენ უსამართლო ძალაუფლების განხორციელებას.

40 ამიტომ, მრავალია მოწოდებული, მაგრამ მცირედია რჩეული.

41 არანაირი ძალაუფლება ან ზეგავლენის მოხდენა არ შეიძლება, განხორციელდეს სამღვდელოების ძალით, მხოლოდ დარწმუნებით, სულგრძელობით, სიმშვიდითა და თვინიერებით და პირუთვნელი სიყვარულით.

42 გულკეთილობითა და სრულყოფილი ცოდნით, რაც დიდად აფართოებს სულს ფარისევლობისა და ტყუილის გარეშე –

43 დროულად მკაცრი საყვედურით, როდესაც ეს არის სულიწმინდით შთაგონებული; და შემდეგ მეტი სიყვარულის გამოვლენით მის მიმართ, ვისაც უსაყვედურე, რათა თავის მტრად არ ჩაგთვალოს;

44 რათა მან იცოდეს, რომ შენი ერთგულება უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის მარწუხები.

45 დაე, შენი წიაღი სავსე იყოს გულმოწყალებით ყოველი ადამიანისადმი და თანამორწმუნეთადმი, დაე, მუდამ სათნოებით იყოს შემკობილი შენი ფიქრები; მაშინ გაძლიერდება შენი ნდობა ღმერთის გარემოცვაში; და მღვდლობის მოძღვრება ჩამოიღვრება შენს სულში, ვითარცა ზეციური ცვარი.

46 სულიწმინდა იქნება შენი მუდმივი მეგზური, შენი კვერთხი იქნება სამართლიანობისა და ჭეშმარიტების უცვლელი კვერთხი; შენი ძალაუფლება იქნება მარადიული ძალაუფლება, ლაღად გადმოიღვრება შენზე უკუნითი უკუნისამდე.