წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 74


ნაწილი 74

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება, ვაინის ოლქი, ნიუ-იორკი, 1830 წ. ეკლესიის ჩამოყალიბებამდე წამოიჭრა კითხვები ნათლობის სწორად ჩატარების შესახებ, რამაც წინასწარმეტყველს უბიძგა ამ საკითხზე პასუხების მოძიებისკენ. ჯოზეფ სმითის ისტორია ადასტურებს, რომ ეს გამოცხადება არის 1 კორინთელთა 7:14 განმარტება, წმინდა წერილი, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა ჩვილთა ნათლობის გასამართლებლად.

1–5, პავლე ურჩევს თავისი ჟამის ეკლესიას, არ დაიცვას მოსეს რჯული; 6–7, პატარა ბავშვები არიან წმინდა და გამოსყიდვით განწმენდილნი.

1 ვინაიდან, ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი – მორწმუნე ქმრისაგან; სხვაგვარად თქვენი შვილები უწმინდურნი იქნებოდნენ, ახლა კი წმინდანი არიან.

2 მოციქულთა დღეების ჟამს წინდაცვეთის კანონს იცავდა ყოველი იუდეველი, რომელსაც არ სწამდა იესო ქრისტეს სახარება.

3 და იყო ასე, რომ ხალხში წამოიჭრა დიდი დაპირისპირება წინდაცვეთის კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან ურწმუნო ქმარს სურდა, რომ მისი შვილები წინდაცვეთილნი ყოფილიყვნენ და დამორჩილებოდნენ მოსეს რჯულს, კანონს, რომელიც უკვე აღსრულდა.

4 და იყო ასე, რომ მოსეს რჯულის მორჩილებით გაზრდილი ბავშვები იცავდნენ თავიანთი მამების ჩვეულებებს და არ სწამდათ ქრისტეს სახარება, რის გამოც გახდნენ უწმინდურნი.

5 ამიტომ, ამ მიზეზის გამო, მოციქულმა მისწერა ეკლესიას, მისცა რა მათ ბრძანება, არა უფლისგან, არამედ საკუთარი, რომ მორწმუნე არ შეუღლდეს ურწმუნოსთან, თუ არ შეწყდება მოსეს რჯული მათ შორის.

6 რათა მათი შვილები დარჩნენ წინდაცვეთის გარეშე; და რომ არ აღსრულდეს ჩვეულება, რომელიც ამბობს, რომ პატარა ბავშვები არიან უწმინდურნი, ვინაიდან მას მისდევდნენ იუდეველნი;

7 ხოლო პატარა ბავშვები არიან წმინდა, განწმენდილნი იესო ქრისტეს გამოსყიდვით; და ამას გულისხმობს წმინდა წერილი.