წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 12


ნაწილი 12

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ჯოზეფ ნაით უფროსისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, 1829 წ. მაისი. ჯოზეფ ნაითმა იწამა ჯოზეფ სმითის განცხადება, მორმონის წიგნის ფირფიტები და მათ თარგმანზე მუშაობა, რომელიც იმჟამად მიმდინარეობდა და მან რამდენჯერმე გაუწია მატერიალური დახმარება ჯოზეფ სმითსა და მის მწერალს, რომლის მეშვეობითაც მათ საშუალება მიეცათ, თარგმნა გაეგრძელებინათ. ჯოზეფ ნაითის მოთხოვნით, წინასწარმეტყველმა მიმართა უფალს და მიიღო ეს გამოცხადება.

1–6, ვენახში მშრომელები მიიღებენ ხსნას; 7–9, ყოველი, ვისაც სურს და არის ღირსეული, შეძლებს უფლის საქმეში დახმარებას.

1 დიდი და საოცარი საქმე იწყება ადამიანთა შვილებს შორის.

2 აჰა, მე ვარ ღმერთი, ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვას, რომელიც არის ცოცხალი და ძლიერი, ორპირ ხმალზე ბასრი, ნაკუწებად აქცევს სასხრებსა და ძვლის ტვინს, ამიტომ ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვას.

3 აჰა, უკვე თეთრია ყანა, მკისთვის მომწიფებული; ამიტომ, ვისაც სურს მოსავლის აღება, დაე, ნამგალი მოიქნიოს ძალ-ღონით, სანამ დღეა, რათა საკუთარი სულისთვის დაიუნჯოს მარადიული ხსნა ღვთის სასუფეველში.

4 დიახ, რომელიც მოიქნევს ნამგალს და მოსავალს მოიმკის, ის იქნება ღვთისგან მოწოდებული.

5 ამიტომ, თუ მთხოვ, მიიღებ; თუ დააკაკუნებ – გაგიღებენ.

6 ახლა, რადგან მკითხე, აჰა, გეუბნები: დაიცავი ჩემი მცნებები და ეცადე, წინ წაიყვანო და განახორციელო სიონის საქმე.

7 აჰა, მე გეუბნები შენ და ყველას, რომლებსაც სურთ, წინ წაიყვანონ და განახორციელონ ეს საქმე;

8 და ვერავინ ვერ დაგეხმარება ამ საქმეში, გარდა იმისა, რომელიც არის თავმდაბალი, აღვსილი სიყვარულით, რწმენით, იმედითა და გულმოწყალებით, ზომიერი ყველაფერში, რასაც მას მიანდობენ.

9 აჰა, მე ვარ ამა ქვეყნის სინათლე და სიცოცხლე, ვამბობ რა ამ სიტყვებს, ამიტომ, ყური დამიგდე მთელი შენი ძალით და მაშინ ხარ მოწოდებული. ამინ.