წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 68


ნაწილი 68

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. ჰაირამი, ოჰაიო, 1831 წ. 1 ნოემბერი. ლოცვის საპასუხოდ, რომელშიც უფალმა აცნობა ორსონ ჰაიდის, ლუკ ს. ჯონსონის, ლაიმან ე. ჯონსონისა და უილიამ ე. მაკლელინის შესახებ, იმისდა მიუხედავად, რომ ეს გამოცხადება ეძღვნება ამ ოთხ ადამიანს, შინაარსის დიდი ნაწილი ეხება მთელ ეკლესიას. ეს გამოცხადება გავრცობილ იქნა ჯოზეფ სმითის ხელმძღვანელობით, როდესაც გამოქვეყნდა მოძღვრება და აღთქმების 1835 წლის გამოცემაში.

1–5, წმინდა წერილი არის სულიწმინდით შთაგონებული უხუცესთა სიტყვები; 6–12, უხუცესებმა უნდა იქადაგონ და მონათლონ და ნიშნები თან გაჰყვებათ ჭეშმარიტ მორწმუნეებს; 13–24, აარონის შვილთა შორის პირველშობილს შეუძლია, იმსახუროს მთავარ ეპისკოპოსად (ანუ როგორც ეპისკოპოსი ფლობდეს პრეზიდენტობის გასაღებებს) პირველი პრეზიდენტობის ხელმძღვანელობის ქვეშ; 25–28, მშობლებს ნაბრძანები აქვთ, ასწავლონ სახარება თავიანთ შვილებს; 29–35, წმინდანებმა უნდა დაიცვან შაბათი დღე, ბეჯითად იშრომონ და ილოცონ.

1 ჩემი მსახური, ორსონ ჰაიდი, საკუთარი ხელდასხმისას მოწოდებულ იქნა, ამცნოს მარადიული სახარება ცოცხალი ღვთის სულით, ხალხიდან ხალხში, მიწიდან მიწაზე, ბოროტთა შეკრებებზე და სინაგოგებში, იმსჯელოს მათთან და განუმარტოს ყოველი წმინდა წერილი.

2 და აჰა, ეს არის მაგალითი ყველასთვის, რომლებიც ხელდასხმულნი იყვნენ ამ მღვდლობით და ვისაც დანიშნული აქვს მისიაში წასვლა –

3 და ეს არის მაგალითი მათთვის, რათა ილაპარაკონ სულიწმინდის შთაგონებისას.

4 და რასაც ისინი ილაპარაკებენ სულიწმინდის შთაგონებით, იქნება წმინდა წერილი, უფლის ნება, უფლის გადაწყვეტილება, უფლის სიტყვა, უფლის ხმა და ღვთის ძალა ხსნისთვის.

5 აჰა, ეს არის უფლის დაპირება თქვენთვის, ჩემო მსახურებო.

6 ამიტომ, გამხნევდით და ნუ შეშინდებით, ვინაიდან მე, უფალი, ვარ თქვენთან და გვერდით დაგიდგებით; და თქვენ დაამოწმებთ ჩემზე, თავად იესო ქრისტეზე, რომ ვარ ძე ცოცხალი ღვთისა, რომ მე ვიყავი, ვარ და მოვალ.

7 ეს არის უფლის სიტყვა შენთვის, ჩემო მსახურო, ორსონ ჰაიდ და ასევე ჩემი მსახურისთვის, ლუკ ჯონსონისთვის და ჩემი მსახურისთვის, ლაიმან ჯონსონისთვის, ასევე ჩემი მსახურისთვის, უილიამ ე. მაკლელინისთვის და ჩემი ეკლესიის ყოველი ერთგული უხუცესისთვის –

8 წადით მთელ მსოფლიოში, უქადაგეთ სახარება ყოველ არსებას, იმოქმედეთ რა იმ უფლებამოსილებით, რომელიც მე გიბოძეთ, მონათლეთ მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით.

9 და გადარჩება ის, რომელიც ირწმუნებს და მოინათლება; და რომელიც არ ირწმუნებს, იქნება წყეული.

10 და ვისაც სწამს, კურთხეული იქნება შემდეგი ნიშნებით, როგორც დაწერილია.

11 და თქვენ გებოძებათ ცოდნა ჟამთა ნიშნებისა და კაცის ძის მოსვლის ნიშნები;

12 და გებოძებათ ძალა ყოველი მათგანის მარადიული სიცოცხლისთვის ჩასაბეჭდად, რომელებზეც მამა დაამოწმებს. ამინ.

13 და ახლა, რაც შეეხება აღთქმებისა და მცნებების დამატებებს, ესენია –

14 ამის შემდეგ, უფლისთვის შესაფერის ჟამს, სხვა ეპისკოპოსების ხელდასხმა უნდა მოხდეს ეკლესიაში მსახურებისთვის, რათა იმსახურონ პირველთა მსგავსად;

15 ამიტომ, რომლებიც არიან ღირსეულნი, მღვდელმთავრები იქნებიან და დაინიშნებიან მელქიცედეკის მღვდლობის პირველი პრეზიდენტობის მიერ, გარდა აარონის პირდაპირი შთამომავლებისა.

16 და თუ იქნებიან აარონის პირდაპირი შთამომავლები, მათ აქვთ კანონიერი უფლება ეპისკოპოსობაზე, თუ არიან აარონის შვილთა შორის პირველშობილნი.

17 ვინაიდან, პირველშობილს აქვს პრეზიდენტობის უფლება ამ მღვდლობაზე და გასაღებები ანუ უფლებამოსილება.

18 არცერთ ადამიანს არ აქვს კანონიერი უფლება ამ წოდებაზე, ამ მღვდლობის გასაღებთა ფლობაზე, გარდა იმისი, ვინც აარონის შთამომავალია და პირველშობილი.

19 ხოლო, ვინაიდან მელქიცედეკის მღვდლობის მღვდელმთავარს აქვს უფლებამოსილება, იმსახუროს ყველა დაბალ წოდებაში, მას შეუძლია, ეპისკკოპოსად იმსახუროს, როდესაც აარონის პირდაპირი შთამომავლის მოძებნა შეუძლებელია, იმ პირობით, რომ იგი მოწოდებულია, ხელდასხმულია და დანიშნულია ამ თანამდებობაზე მელქიცედეკის მღვდლობის პირველი პრეზიდენტობის ხელით.

20 და აარონის პირდაპირი შთამომავალი ასევე უნდა დაინიშნოს ამ პრეზიდენტობის მიერ და უნდა ცნობილ იქნეს ღირსეულად და პრეზიდენტობის ხელით ზეთცხებული და ხელდასხმული, სხვაგვარად იგი არ არის კანონიერად უფლებამოსილი, რათა იმსახუროს თავის მღვდლობაში.

21 მაგრამ, იმ ბრძანების საფუძველზე, რომელიც ეხება მათ უფლებას მღვდლობაზე, რომელიც გადადის მამიდან შვილზე, მათ შეუძლიათ, მოითხოვონ ზეთით ცხება ნებისმიერ დროს, როდესაც დაამტკიცებენ შთამომავლობას ან დაადასტურებენ გამოცხადებით უფლისგან, ზევით მოხსენიებული პრეზიდენტობის ხელქვეშ.

22 და კიდევ, არც ეპისკოპოსი და არც მღვდელმთავარი, რომელიც გამოყოფილია ამ სამსახურისთვის, არ იქნება რაიმე დანაშაულისთვის სამსჯავროზე წარსდგენილი, გარდა პირველი პრეზიდენტობის სამსჯავროსი;

23 და განსჯიან მას იმისდა მიხედვით, როგორც სცნობენ დამნაშავედ პრეზიდენტობის წინაშე, უტყუარი დამოწმებით;

24 და თუ მოინანიებს, მას ეპატიება, ეკლესიის აღთქმებისა და მცნებების შესაბამისად.

25 და კიდევ: თუ მშობლებს შვილები ჰყავთ სიონში ან რომელიმე მის მიერ ორგანიზებულ პალოში და არ ასწავლიან მონანიების, ქრისტეში, ცოცხალი ღვთის ძეში რწმენის, ნათლობისა და სულიწმინდის ძღვენის ხელდასხმით მიღების მოძღვრების გაგებას რვა წლის ასაკში, ცოდვა მათ მშობლებს დააწვება თავზე.

26 ვინაიდან ეს იქნება სიონის მცხოვრებთათვის ან მისი ნებისმიერი ორგანიზებული პალოსთვის კანონი.

27 და მათი შვილები, როდესაც არიან რვა წლის, უნდა მოინათლონ თავიანთი ცოდვების მისატევებლად და მიიღონ ხელდასხმა.

28 და მათ ასევე უნდა ასწავლონ თავიანთ შვილებს ლოცვა და უფლის წინაშე წელგამართული სიარული.

29 და ასევე სიონის მცხოვრებმა უნდა დაიცვან შაბათი დღე, რათა ის წმინდად იყოს დაცული.

30 და სიონის მცხოვრებთ მთელი ერთგულებით უნდა ახსოვდეთ თავიანთი საქმე, რომლის შესასრულებლად დანიშნულნი არიან, ვინაიდან ზარმაცი უფალს ეხსომება.

31 ამჟამად მე, უფალი, არ ვარ კმაყოფილი სიონის მცხოვრებთა გამო, ვინაიდან მათ შორის არიან ზარმაცნი; და მათი შვილები იზრდებიან სიბოროტეში; ისინიც ასევე ბეჯითად არ ეძიბენ მარადიულ საგანძურს და მათი თვალები სიხარბით აღვსილია.

32 ყოველივე ეს არ უნდა ხდებოდეს და მათ გარემოცვიდან უნდა იყოს მოცილებული; ამიტომ, დაე, ჩემმა მსახურმა, ოლივერ ქაუდერიმ, მიიტანოს ეს სიტყვები სიონის მიწაზე.

33 და მათ ვაძლევ ბრძანებას – ვინც შესაფერის დროს არ აღავლენს საკუთარ ლოცვებს უფლის წინაშე, დაე, იგი ახსოვდეს მსაჯულს ჩემი ხალხისა.

34 ეს სიტყვები ჭეშმარიტი და სარწმნუნოა; ამიტომ, ნუ დაარღვევთ მათ და ნუ შეამოკლებთ.

35 აჰა, მე ვარ ალფა და ომეგა და მალე მოვალ. ამინ.