წმინდა წერილი
ალმა 51


თავი 51

მეფის მომხრეები ცდილობენ კანონის შეცვლას და მეფის დანიშვნას. პახორანს და თავისუფლების მომხრეებს მხარს უჭერს ხალხი. მორონი მეფის მომხრეებს აიძულებს, დაიცვან საკუთარი სამშობლო, თუ არა სიკვდილი არ ასცდებათ. ამალიკია და ლამანიელები მრავალ გამაგრებულ ქალაქს იპყრობენ. ტეანკუმი იგერიებს ლამანიელთა შემოტევას და ამალიკიას კარავში კლავს. დაახლოებით 67–66 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეხუთე წელს, მათ ლეხის ხალხსა და მორიანტონის ხალხს შორის მშვიდობა დაამყარეს მიწების საკითხზე და მშვიდობიანად დაიწყეს ოცდამეხუთე წელი;

2 ამისდა მიუხედავად, მათ დიდხანს ვერ შეინარჩუნეს მიწაზე სრული მშვიდობა, რადგან ხალხს შორის დაიწყო განხეთქილება მთავარი მოსამართლის, პახორანის, გამო; რადგან, აჰა, იქ იყო ნაწილი ადამიანებისა, რომლებსაც სურდათ, რომ კანონის რამდენიმე ნაწილი შეცვლილიყო.

3 მაგრამ, აჰა, პახორანს არ სურდა კანონის შეცვლა და არც სხვებს რთავდა იმის ნებას, რომ შეეცვალათ; ამიტომ, მან არ დაუგდო ყური მათ, ვინც ხმები გააგზავნა მოთხოვნებით კანონის შეცვლის შესახებ.

4 ამიტომ, ისინი, რომლებსაც სურდათ, რომ კანონი შეცვლილიყო, მასზე განრისხებულნი იყვნენ და სურდათ, რომ იგი აღარ ყოფილიყო მიწის მთავარი მოსამართლე; ამიტომ, წამოიჭრა ცხარე კამათი ამის შესახებ, მაგრამ სისხლისღვრამდე არ მივიდა.

5 და იყო ასე, რომ ვისაც სურდა პახორანის მოსამართლის სავარძლიდან ჩამოგდება, ეწოდათ მეფის მომხრეები, რადგან მათ სურდათ, რომ კანონი შეცვლილიყო, რათა თავისუფალი მთავრობა ჩამოგდებულიყო და მიწაზე მეფე დანიშნულიყო.

6 და ვისაც სურდა პახორანის დარჩენა მიწის მთავარ მოსამართლედ, სახელად დაირქვეს თავისუფლების მომხრეები; და ასე მოხდა მათ შორის გაყოფა, რადგან თავისუფლების მომხრეებმა დაიფიცეს ანუ დადეს აღთქმა, რომ თავიანთ უფლებებს და სარწმუნოების უპირატესობებს თავისუფალი ხელისუფლებით დაიცავდნენ.

7 და იყო ასე, რომ ეს მათი დაპირისპირების საკითხი მოგვარდა ხალხის ხმის მეშვეობით. და იყო ასე, რომ ხალხმა ხმა მისცა თავისუფლების მომხრეებს და პახორანმა შეინარჩუნა მოსამართლის სავარძელი, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია პახორანის ძმებს შორის, ასევე თავისუფლების მრავალ მომხრეებში, რომლებმაც აიძულეს მეფის მომხრეები გაჩუმებულიყვნენ ისე, რომ ისინი ვერ ბედავდნენ შედავებას და იძულებულები იყვნენ, მხარი დაეჭირათ თავისუფლების საქმისათვის.

8 ახლა ისინი, რომლებიც მეფობის მომხრენი იყვნენ, იყვნენ მაღალი წარმოშობის და სურდათ მეფობა; და მათ მხარს უჭერდნენ ისინი, რომლებიც ხალხზე ძალაუფლებისა და უფლებამოსილებისკენ ისწრაფოდნენ.

9 მაგრამ, აჰა, ეს იყო მძიმე დრო, ნეფის ხალხში ასეთი დაპირისპირებისათვის; რადგან ამალიკიამ კვლავ გააღვივა წყრომა ლამანიელთა ხალხის გულში ნეფიელთა ხალხის წინააღმდეგ და იგი კრიბავდა ჯარისკაცებს მთელი თავისი მიწიდან და აიარაღებდა მათ, მთელი სიბეჯითით ამზადებდა ომისთვის; რადგან დაიფიცა, რომ მორონის სისხლს შესვავდა.

10 მაგრამ, აჰა, ჩვენ დავინახავთ, რომ დაპირება, რომელიც მან დადო, უგუნური იყო; ამისდა მიუხედავად, იგი თავად მოემზადა და თავისი ჯარიც მოამზადა ნეფიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

11 ახლა, მისი ჯარები აღარ იყო ისე მრავალრიცხოვანი, როგორც აქამდე, ნეფიელთა ხელით მრავალ ათასობით დახოცილთა გამო; მაგრამ, მიუხედავად ამ დიდი დანაკარგისა, ამალიკიამ ერთად შეკრიბა საოცრად დიდი ჯარი, ასე რომ ზარაჰემლას მიწაზე წასვლის აღარ ეშინოდა.

12 დიახ, თავად ამალიკიაც გაუძღვა წინ ლამანიელებს. და ეს იყო მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეხუთე წელს; იმ დროს, როდესაც მათ დაიწყეს მთავარი მოსამართლის, პახორანის, გამო განხეთქილების საკითხის გარკვევა.

13 და იყო ასე, რომ როდესაც იმ ადამიანებმა, რომლებსაც მეფის მომხრეები უწოდეს, გაიგეს, რომ ლამანიელები მოდიოდნენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, გულში გაუხარდათ და უარი თქვეს იარაღის აღებაზე, რადგან იმდენად განრისხებულნი იყვნენ მთავარ მოსამართლეზე და ასევე თავისუფლების ხალხზე, რომ არ იღებდნენ ხელში იარაღს თავიანთი სამშობლოს დასაცავად.

14 და იყო ასე, რომ როდესაც მორონიმ იხილა ეს და ასევე ქვეყნის საზღვრებში შემომავალი ლამანიელები, იგი ძალზედ განრისხდა იმ ხალხის სიჯიუტის გამო, რომელთა გადასარჩენად იგი ასე ბეჯითად იღწვოდა; დიახ, იგი ძალზედ განრისხდა; მისი სული მათ წინააღმდეგ რისხვით აღივსო.

15 და იყო ასე, რომ მან მიწის მმართველს გაუგზავნა თხოვნა, ხალხის ხმის მხარდაჭერით, რომ მას წაეკითხა და მიეცა მისთვის (მორონისთვის) ძალაუფლება, იძულებული გაეხადა ის განდგომილები ან დაეცვათ სამშობლო ან სიკვდილი მიესჯებოდათ.

16 რადგან მისი უპირველესი საზრუნავი იყო, ბოლო მოეღო განხეთქილებებისა და განდგომისათვის მის ხალხში; რადგან, აჰა, ეს იყო წარსულში მათი ყოველი განადგურების მიზეზი. და იყო ასე, რომ მას ეს ებოძა, ხალხის ხმის შესაბამისად.

17 და იყო ასე, რომ მორონიმ უბრძანა, რომ მისი ჯარი წასულიყო მეფის მომხრეების წინააღმდეგ, რათა დაემხოთ ამპარტავნობა და ქედმაღლობა, მიწასთან გაესწორებინათ ისინი ანუ მათ უნდა აეღოთ იარაღი თავისუფლების საქმისათვის მხარდასაჭერად.

18 და იყო ასე, რომ ჯარები წამოვიდნენ მათ წინააღმდეგ; და მათ დათმეს თავიანთი ამპარტავნობა და ქედმაღლობა ისე, რომ როდესაც აიღეს თავიანთი საომარი იარაღი მორონის ჯარისკაცების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისინი მიწასთან გაასწორეს.

19 და იყო ასე, რომ განდგომილთა რიცხვი, რომლებიც ხმლებით აკუწეს, იყო ოთხი ათასი; და მათი წინამძღვრები, რომლებიც არ დახოცეს ბრძოლაში, აიყვანეს და საპყრობილეში ჩაყარეს, რადგან იმჟამად არ იყო დრო მათი გასამართლებისთვის.

20 და დანარჩენი განდგომილები, რათა არ აეკუწათ მახვილით მიწაზე, თავისუფლების ალამს დაემორჩილნენ და იძულებულნი იყვნენ, აღემართათ თავისუფლების ალამი თავიანთ კოშკებსა და ქალაქებზე და იარაღი აესხათ სამშობლოს დასაცავად.

21 და ასე მოუღო ბოლო მორონიმ იმ მეფის მომხრეებს, რომ არცერთი აღარ დარჩა, რომელიც ცნობილი იყო მეფის ხალხის სახელით; და ასე მოუღო ბოლო იმ ხალხის სიჯიუტეს და ამპარტავნობას, რომელიც აცხადებდა თავისი სისხლის კეთილშობილებას, მაგრამ ისინი იძულებულნი იყვნენ თავიანთი ძმებივით თავი დაემდაბლებინათ და მამაცად ებრძოლათ მონობისგან თავისუფლებისთვის.

22 აჰა, იყო ასე, რომ სანამ მორონი სპობდა თავის ხალხში ომსა და განხეთქილებას, უბიძგებდა რა მათ მშვიდობისკენ და განვითარებისკენ და ამყარებდა წესრიგს ლამანიელებთან ომისათვის მოსამზადებლად, აჰა, ლამანიელები შემოვიდნენ მორონის მიწაზე, რომელიც იყო ზღვის სანაპიროს საზღვრებთან.

23 და იყო ასე, რომ ნეფიელები არ იყვნენ საკმარისად ძლიერნი ქალაქ მორონიში; ამიტომ, ამალიკიამ გამოდევნა ისინი, დახოცა რა მრავალი. და იყო ასე, რომ ამალიკია ქალაქს დაეუფლა, დიახ, დაეუფლა მთელ მათ გამაგრებებს.

24 და ისინი, რომლებიც გამოიქცნენ ქალაქ მორონიდან, მივიდნენ ქალაქ ნეფიჰაში; ასევე ქალაქ ლეხის ხალხი ერთად შეიკრიბა და ემზადებოდა და მოემზადა ბრძოლით დახვედროდა ლამანიელებს.

25 მაგრამ, იყო ასე, რომ ამალიკიამ არ დაუშვა, რომ ლამანიელები წასულიყვნენ ქალაქ ნეფიჰას წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ შეაჩერა ისინი ზღვის სანაპიროსთან, ტოვებდა რა ჯარისკაცებს ყოველ ქალაქში, გასამაგრებლად და დასაცავად.

26 და ასე მიიწევდა წინ, იპყრობდა რა მრავალ ქალაქს; ქალაქ ნეფიჰას და ქალაქ ლეხის, ქალაქ მორიანტონსა და ქალაქ ომნერს, ქალაქ გიდსა და ქალაქ მულეკს, ყველას, რომლებიც მდებარეობდა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

27 და ასე დაიპყრეს ლამანიელებმა, ამალიკიას მზაკვრობით, ამდენი ქალაქი, თავიანთი უამრავი ურდოებით, რომელთაგან თითოეული ძლიერად იყო გამაგრებული მორონის აგებული გამაგრებების მაგვარად; სათითაოდ ყოველი ლამანიელთა სიმაგრე.

28 და იყო ასე, რომ ისინი წავიდნენ მიწა ბარაქიანის საზღვრებისკენ, მიერეკებოდნენ რა ნეფიელებს წინ და მრავალს ხოცავდნენ.

29 მაგრამ, იყო ასე, რომ ისინი შეხვდნენ ტეანკუმს, რომელმაც მორიანტონი მოკლა და მის ხალხს მიუსწრო გაქცევისას.

30 და იყო ასე, რომ მან ამალიკიასაც მიუსწრო, როდესაც იგი მიემართებოდა თავისი უამრავი ჯარით, მიწა ბარაქიანისა და ჩრდილოეთისკენ მყოფი მიწის დასაპყრობად.

31 მაგრამ, აჰა, მას ელოდა იმედის გაცრუება, როდესაც იგი უკუაგდო ტეანკუმმა თავისი ჯარისკაცებით, რადგან ისინი იყვნენ დიადი მეომრები; რადგან ტეანკუმის ყოველი ჯარისკაცი აღემატებოდა ლამანიელს თავიანთი ძალითა და საომარი მოხერხებულობით იმდენად, რომ მათ ლამანიელებზე უპირატესობას მიაღწიეს.

32 და იყო ასე, რომ ისინი თავს ესხმოდნენ, იმგვარად, რომ ხოცავდნენ დაბნელებამდე და იყო ასე, რომ ტეანკუმმა და მისმა ჯარისკაცებმა გაშალეს თავიანთი კარვები მიწა ბარაქიანის საზღვრებთან; და ამალიკიამ გაშალა თავისი კარვები ზღვის სანაპიროს საზღვრებთან და ამგვარად ისინი განდევნეს.

33 და იყო ასე, რომ როდესაც დაღამდა, ტეანკუმი და მისი მსახური ჩუმად გავიდნენ და ღამით წავიდნენ და შეიპარნენ ამალიკიას ბანაკში; და აჰა, ძლიერი დაღლილობისგან მათ ძილმა სძლია, რაც დღის სიცხით და მუშაობით იყო გამოწვეული.

34 და იყო ასე, რომ ტეანკუმი ფარულად შეიპარა მეფის კარავში და გულში სატყორცნი შუბი ჩაარჭო; და მეფე სწრაფი სიკვდილით მოკლა, რომ არ გაეღვიძებინა მისი მსახურები.

35 და იგი ჩუმად საკუთარ ბანაკში დაბრუნდა და აჰა, მის ჯარისკაცებს ეძინათ და მან გააღვიძა ისინი და უთხრა ყველაფერი, რაც გააკეთა.

36 და უბრძანა, რომ მისი ჯარები მზადყოფნაში ყოფილიყვნენ, ეშინოდა რა, რომ ლამანიელებმა უკვე გაიღვიძეს და თავდასხმას აპირებდნენ.

37 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეხუთე წელი; და ასე მთავრდება ამალიკიას დღეები.