წმინდა წერილი
ალმა 45


ამბავი ნეფის ხალხის შესახებ, ჰელამანის დროს მათ ომებსა და უთანხმოებებზე, ჰელამანის ჩანაწერების მიხედვით, რომლებსაც იგი აგრძელებდა თავის დღეებში.

შეიცავს 45-დან 62-ე თავის ჩათვლით.

თავი 45

ჰელამანი ირწმუნებს ალმას სიტყვებს. ალმა წინასწარმეტყველებს ნეფიელთა განადგურებას. იგი აკურთხებს და წყევლის იმ მიწას. ალმა, შესაძლებელია, აიტაცა სულმა ისევე, როგორც მოსე. ეკლესიაში იზრდება უთანხმოება. დაახლოებით 73 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, ახლა იყო ასე: ნეფის ხალხმა ძალზედ გაიხარა, რადგან უფალმა კვლავ გამოიხსნა ისინი მტრის ხელიდან; ამიტომ, მათ მიაგეს სამადლობელი უფალს, თავიანთ ღმერთს; დიახ, მათ ბევრი იმარხულეს და ილოცეს და ღმერთს ეთაყვანებოდნენ ძალზედ დიდი სიხარულით.

2 და იყო ასე: ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეცხრამეტე წელს, ალმა მივიდა თავის შვილთან, ჰელამანთან, და უთხრა: გწამს იმ სიტყვების, რაც მე გითხარი იმ ჩანაწერებზე, რომლებიც ინახებოდა?

3 და ჰელამანმა მას უთხრა: დიახ, მწამს.

4 და ალმამ კვლავ უთხრა: გწამს იესო ქრისტესი, რომელიც მოვა?

5 და მან უთხრა: დიახ, მწამს ყველა სიტყვის, რაც შენ თქვი.

6 და ალმამ კვლავ უთხრა მას: დაიცავ ჩემს ბრძანებებს?

7 და მან თქვა: დიახ, დავიცავ შენს ბრძანებებს, მთელი გულით.

8 შემდეგ ალმამ მას უთხრა: კურთხეული ხარ და უფალი აგაყვავებს ამ მიწაზე.

9 მაგრამ, აჰა, მე რაღაც უნდა გიწინასწარმეტყველო; მაგრამ, რასაც გიწინასწარმეტყველებ, არ უნდა გაამხილო; დიახ, რასაც გიწინასწარმეტყველებ არ იქნება გამხელილი, სანამ არ ახდება ეს წინასწარმეტყველება; ამიტომ, ჩაიწერე სიტყვები, რომლებსაც გეტყვი.

10 და ეს სიტყვებია: აჰა, მე ვხვდები, რომ ზუსტად ეს ხალხი, ნეფიელები, გამოცხადების სულის შესაბამისად, რომელიც ჩემშია, ოთხასი წლის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც მათ იესო ქრისტე თავად გამოეცხადება, გადაშენდებიან ურწმუნოებაში.

11 დიახ, მაშინ იხილავენ ისინი ომებსა და ჭირს, დიახ, შიმშილსა და სისხლისღვრას, იქამდეც კი, რომ ნეფის ხალხი ამოწყდება –

12 დიახ, და ეს იმის გამო, რომ გადაშენდებიან ურწმუნოებაში და ჩაცვივდებიან ბნელეთის საქმეებში და ავხორცობაში და ყოველნაირ ურჯულოებაში; დიახ, მე გეუბნები; იმის გამო, რომ შესცოდავენ ასეთი დიდი სინათლისა და ცოდნის წინააღმდეგ, დიახ, გეუბნები, იმ დღიდან, მეოთხე თაობაც კი არ იქნება ჩავლილი, როდესაც მოვა ეს დიდი ურჯულოება.

13 და როდესაც ის დიდი დღე მოვა, აჰა, დრო ძალზედ მალე მოვა, რომ ისინი, რომლებიც ახლა ცხოვრობენ ანუ მათი შთამომავლები, რომლებიც ახლა ითვლებიან ნეფის ხალხად, მეტად აღარ ჩაითვლებიან ნეფის ხალხად.

14 მაგრამ, რომლებიც გადარჩებიან და არ განადგურდებიან იმ დიდ და საშინელ დღეს, ჩაითვლებიან ლამანიელთა შორის და მათ დაემსგავსებიან, გარდა რამდენიმესი, რომლებსაც უფლის მოწაფეები ეწოდებათ; და მათ ლამანიელები გამოედევნებიან იქამდე, სანამ არ ამოწყვეტენ და ახლა, ურჯულოების გამო, ეს წინასწარმეტყველება ახდება.

15 და ახლა, იყო ასე, როდესაც ალმამ უთხრა ეს ყველაფერი ჰელამანს, მან აკურთხა იგი და ასევე თავისი სხვა შვილებიც; და მან ასევე აკურთხა მიწა მართალთა გულისთვის.

16 და მან უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი: წყეული იქნება ეს მიწა, დიახ ეს მიწა, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისთვის და ხალხისთვის მათ განადგურებამდე, რომლებიც სჩადიან ბოროტებას, როდესაც ბოლომდე მომწიფდებიან; და როგორც ვთქვი, ისე იქნება; რადგან ეს არის ამ მიწაზე ღმერთის წყევლა და კურთხევა, რადგან უფალი ვერ შეხედავს ცოდვას ვერანაირი შემწყნარებლობით.

17 და ახლა, როდესაც ალმამ თქვა ეს სიტყვები, მან აკურთხა ეკლესია, დიახ, ყველანი, ვინც მყარად იდგებიან რწმენაში იმ დროიდან სამარადისოდ.

18 და როდესაც ალმამ ეს დაასრულა, იგი წავიდა ზარაჰემლას მიწიდან, თითქოს მილექის მიწაზე მიემართებოდა. და იყო ასე, რომ მეტი არავის სმენია მასზე; არც მის სიკვდილზე და არც დამარხვაზე არ ვიცით არაფერი.

19 აჰა, ჩვენ ვიცით ის, რომ ის იყო მართალი კაცი; და სიტყვა გავრცელდა ეკლესიაში, რომ იგი სულმა აიტაცა ანუ უფლის ხელით დაიმარხა, როგორც მოსე. მაგრამ, აჰა, წმინდა წერილი ამბობს, რომ უფალმა მოსე თავისთან წაიყვანა და ჩვენ ვთვლით, რომ ალმაც მიიღო სულში, თავისთან; ამიტომ, ამ მიზეზით, ჩვენ არაფერი არ ვიცით მის სიკვდილზე და დამარხვაზე.

20 და ახლა, ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეცხრამეტე წლის დასაწყისში, ჰელამანი ხალხში გამოვიდა, რათა მათთვის სიტყვა ეუწყებინა.

21 რადგან, აჰა, ლამანიელებთან მათი ომების და მრავალი მცირე უთანხმოებისა და არეულობის გამო, რაც იყო ხალხში, საჭირო გახდა, რომ ღვთის სიტყვა გამოცხადებულიყო მათში, დიახ, რომ მთელ ეკლესიაში წესრიგი დამყარებულიყო.

22 ამიტომ, ჰელამანი და მისი ძმები გაემართნენ მთელ მიწაზე ეკლესიის კვლავ განსამტკიცებლად, დიახ, ყოველ ქალაქში, მთელ მიწაზე, რომელსაც ნეფის ხალხი ფლობდა. და იყო ასე, რომ მათ მღვდლები და მასწავლებლები დანიშნეს მთელ მიწაზე, სრულიად ეკლესიაზე.

23 და ახლა, ეს იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ჰელამანმა და მისმა ძმებმა დანიშნეს მღვდლები და მასწავლებლები სრულიად ეკლესიაზე, მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება და ყურს აღარ უგდებდნენ ჰელამანისა და მისი ძმების სიტყვებს;

24 თუმცა გახდნენ ამპარტავანნი, აღზევებულნი საკუთარ გულში, თავიანთი ძალზედ დიდი სიმდიდრის გამო; ამიტომ, გამდიდრდნენ საკუთარ თვალში და ყურს აღარ უგდებდნენ მათ სიტყვებს, რომ ღმერთის წინაშე უბიწოდ ევლოთ.