წმინდა წერილი
ალმა 41


თავი 41

აღდგომისას ადამიანები გადადიან უსასრულო ბედნიერების ან უსასრულო უბედურების მდგომარეობაში. სიბოროტე არასდროს ყოფილა ბედნიერება. ხორციელი ადამიანი ამქვეყნად უღმერთოა. ყოველი პიროვნება აღდგომის შემდეგ კვლავ მიიღებს მოკვდავი ცხოვრებისას მიღებულ ხასიათსა და თვისებებს. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, შვილო ჩემო, მე მაქვს რაღაც სათქმელი აღდგენის შესახებ, რომელზეც უკვე ითქვა; რადგან, აჰა, ზოგიერთებმა დაამახინჯეს წმინდა წერილი და ამის გამო ძალზედ შეცდნენ. და მე ვგრძნობ, რომ შენი გონებაც შეშფოთებულია ამის გამო. მაგრამ, აჰა, მე აგიხსნი ამას.

2 გეუბნები, შვილო ჩემო, რომ აღდგენის გეგმა აუცილებელია ღმერთის სამართალისათვის, რადგან აუცილებელია, რომ ყველაფერი აღდგეს თავის შესაბამის მდგომარეობაში. აჰა, აუცილებელია და სამართლიანი, ქრისტეს ძალისა და აღდგომის შესაბამისად, რომ ადამიანის სული აღდგეს საკუთარ სხეულში და სხეულის ყოველი ნაწილი უნდა აღდგეს მისთვის.

3 და აუცილებელია ღმერთის სამართლიანობისთვის, რომ ადამიანები განიკითხონ თავიანთი საქმეების შესაბამისად; და თუ მათი საქმენი იყო კარგი ამ ცხოვრებაში და მათი გულის საწადელი იყო კარგი, მაშინ ისინი, უკანასკნელ დღეს, უნდა აღდგნენ იმისათვის, რაც კარგია.

4 და თუ მათი საქმენი არის ბოროტი, ისინი აღდგებიან მათთვის ბოროტად. ამიტომ, ყველაფერი აღდგება შესაბამისი წესრიგით, ყველაფერი საკუთარ ბუნებრივ ფორმაში: მოკვდავი აღდგება უკვდავად, ხრწნადი – უხრწნელად, აღდგებიან უსასრულო ბედნიერებისთვის, რათა დაიმკვიდრონ ღვთის სასუფეველი ან უსასრულო უბედურებისთვის, რათა დაიმკვიდრონ ეშმაკის სამეფო; ერთი – ერთი მხრიდან, მეორე – მეორედან –

5 ერთი აღდგება ბედნიერებისათვის, თავისი ბედნიერი სურვილების შესაბამისად ან სიკეთისათვის, საკუთარი კეთილი სურვილების შესაბამისად; და მეორე – ბოროტებისათვის, მისი ბოროტი სურვილების შესაბამისად, რადგან როდესაც მან ისურვა სიბოროტე აკეთოს მთელი დღე, ასევე ბოროტებით მიეზღება, როდესაც ღამე მოვა.

6 და ასე არის მეორე მხარესაც. თუ მან მოინანია საკუთარი ცოდვები და ისურვა სამართლიანობა თავისი დღეების ბოლომდე, ზუსტად ასე მიეზღვება მას სამართლიანობით.

7 ესენი არიან, რომლებიც გამოისყიდა უფალმა; დიახ, ესენი არიან, რომლებიც გამოიყვანეს, რომლებიც გამოიხსნეს უკუნეთის უსასრულო ღამიდან; ამგვარად, ისინი დგანან ან ეცემიან; რადგან, აჰა, ისინი არიან საკუთარი თავის მოსამართლენი, სჩადიან რა სიკეთესა თუ ბოროტებას.

8 ახლა, ღმერთის ბრძანებულებები უცვლელია; ამიტომ, გზა არის მომზადებული, რომ ყოველმა მსურველმა მასზე გაიაროს და გადარჩეს.

9 და ახლა, აჰა, შვილო ჩემო, მეტი არ გაბედო შენი ღმერთის წინააღმდეგ გამოსვლა მოძღვრების იმ წესებთან მიმართებაში, რომლებზეც აქამდე ცოდვის ჩადენას ცდილობდი.

10 ნუ გგონია, იმის გამო, რაც ითქვა აღდგენაზე, რომ ბედნიერებაში ცოდვიდან აღდგები. აჰა, მე გეუბნები: სიბოროტე არასდროს ყოფილა ბედნიერება.

11 და ახლა, შვილო ჩემო, ყოველი ადამიანი, რომელიც არის ბუნებრივ მდგომარეობაში, ან ვიტყოდი, ხორციელ მდგომარეობაში, იმყოფება მწარე ნაღველში და ურჯულოების ბორკილებში; ისინი არიან უღმერთონი ამქვეყნად და მიდიან ღმერთის ბუნების საწინააღმდეგოდ; ამიტომ, ისინი არიან ბედნიერების ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობაში.

12 და ახლა, აჰა, არის თუ არა სიტყვა აღდგენის მნიშვნელობა, რომ აიღო რაიმე, რაც არის ბუნებრივ მდგომარეობაში და მოათავსო მისთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში ან მდგომარეობაში, რომელიც მის ბუნებას ეწინააღმდეგება?

13 შვილო ჩემო, ეს არ არის ასე; არამედ აღდგენის სიტყვის მნიშვნელობა არის იმაში, რომ ბოროტი ბოროტს დაუბრუნდეს, ან ხორციელი – ხორციელს, ეშმაკისეული – ეშმაკისეულს; კეთილი რაც არის – კეთილს, სამართლიანი რაც არის – სამართლიანს, მართალი რაც არის – მართალს, მოწყალე რაც არის – მოწყალეს.

14 ამიტომ, შვილო ჩემო, ყურადღება მიაქციე, რომ იყო მოწყალე შენი ძმების მიმართ; მოექეცი სამართლიანად, განსაჯე სიმართლით და აკეთე სიკეთე გამუდმებით; და თუ ამას ყველაფერს გააკეთებ – შენ ჯილდოს მიიღებ; დიახ, კვლავ აღგიდგება წყალობა; აღგიდგება სამართლიანობა, აღგიდგება მართალი გამჭრიახობა; და კვლავ დასაჩუქრდები სიკეთით.

15 რადგან, რასაც აგზავნი, ის კვლავ შენ დაგიბრუნდება და აღგიდგება; ამიტომ, სიტყვა აღდგენა უფრო სრულად განსჯის შემცოდველს და არაფრით არ ამართლებს მას.