წმინდა წერილი
ალმა 39


ალმას ბრძანებები თავისი ვაჟიშვილის, კორიანტონისადმი.

შეიცავს 39-დან 42-ე თავის ჩათვლით.

თავი 39

სქესობრივი ცოდვა არის სისაძაგლე. კორიანტონის ცოდვები აყოვნებდა ზორამიელებს სიტყვის მიღებაში. ქრისტეს გამოსყიდვა მოქმედებს წარსულ დროზეც, გადაარჩენს იმ ერთგულებს, რომლებიც ადრე გარდაიცვალნენ. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, შვილო ჩემო, მე შენთვის მაქვს იმაზე მეტი სათქმელი, რაც შენს ძმას ვუთხარი; რადგან, აჰა, ნუთუ ვერ შენიშნე შენი ძმის სიმტკიცე, მისი ერთგულება და სიბეჯითე ღმერთის მცნებების დაცვაში? აჰა, ნუთუ არ გაჩვენა მან კარგი მაგალითი?

2 რადგან შენ არ უთმობდი იმდენ ყურადღებას ჩემს სიტყვებს, როგორც შენი ძმა, ზორამიელთა ხალხს შორის. და ახლა რა მაქვს შენს წინააღმდეგ; შენ აგრძელებდი ტრაბახს ძალითა და სიბრძნით.

3 და ეს არ არის ყველაფერი, შვილო ჩემო. შენ ჩაიდინე ის, რამაც დამაღონა; მიატოვე მსახურება და წახვედი სირონის მიწაზე, ლამანიელების საზღვრებთან, უკან გაყევი მეძავ იზაბელს.

4 დიახ, მან გაიტაცა მრავალთა გული; მაგრამ, ეს შენ არ გამართლებს, შვილო ჩემო. შენ უნდა თავი მიგეძღვნა მსახურებისათვის, რომელიც შენ მოგანდეს.

5 ნუთუ არ იცი, შვილო ჩემო, რომ ეს ყველაფერი არის სისაძაგლე უფლის თვალში; დიახ, ყველა ცოდვაზე უფრო ბილწი, უდანაშაულო სისხლის დაღვრისა და სულიწმინდის უარყოფის გარდა?

6 რადგან, აჰა, თუ უარყოფ სულიწმინდას, რომელმაც შენში ერთხელ დაიმკვიდრა და იცი, რომ მას უარყოფ, აჰა, ეს არის მიუტევებელი ცოდვა; დიახ, ადამიანი, რომელიც ღმერთის სინათლისა და ცოდნის წინააღმდეგ კლავს, მისთვის არ იქნება ადვილი შეწყალების მიღება; დიახ, მე გეუბნები, შვილო ჩემო, არ იქნება ადვილი მისთვის შეწყალების მიღება.

7 და ახლა, შვილო ჩემო, არ მინდა, რომ ღმერთმა დაგადანაშაულოს ასეთ დიდ დანაშაულში. მე არ ვისაუბრებდი შენს დანაშაულებებზე შენი სულის ასაფორიაქებლად, რომ არ ყოფილიყო ეს შენთვის სასარგებლო.

8 მაგრამ, აჰა, ვერ დაფარავ შენს დანაშაულებს ღმერთისგან; და თუ არ მოინანიებ, ესენი იქნება, როგორც მოწმობა შენ წინააღმდეგ, უკანასკნელ დღეს.

9 ახლა, შვილო ჩემო, მსურს, მოინანიო და მიატოვო ცოდვები; და აღარ აჰყვე თვალის ვნებას; არამედ შეიკავე თავი ყოველივე ამაში; რადგან თუ ასე არ მოიქცევი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიმკვიდრებ ღვთის სასუფეველს. გახსოვდეს და მიიღე საკუთარ თავზე და შეიკავე თავი ყოველივე ამაში.

10 და მე გიბრძანებ, რომ მომავალში რჩევა სთხოვო უფროს ძმებს შენს წამოწყებებში; რადგან, აჰა, შენ ხარ სიყმაწვილეში და გჭირდება შენი ძმებისაგან სულიერი დახმარება. და ყური დაუგდე მათ რჩევებს.

11 ნუ მისცემ ნებას საკუთარ თავს, გაგიტაცოს რაიმე ამაომ და უგუნურმა; ნუ დაუშვებ იმას, რომ ეშმაკმა გაიტაცოს შენი გული იმ ბოროტი მეძავეებისაკენ. აჰა, ჩემო შვილო, რაოდენ დიდი ურჯულოება მოუტანე შენ ზორამიელებს, რადგან, როდესაც ისინი ხედავდნენ შენს ქცევას, აღარ სურდათ, ერწმუნათ ჩემი სიტყვები.

12 და ახლა, უფლის სული მეუბნება: უბრძანე შენს შვილებს, აკეთონ სიკეთე, რომ არ ააცდინონ გზას მრავალთა გულები და არ წაიყვანონ განადგურებისკენ; ამიტომ, მე გიბრძანებ, შვილო ჩემო, რომ ღმერთის შიშით, თავი შეიკავო შენი ურჯულოებისგან.

13 რომ მობრუნდე უფლისკენ მთელი შენი გონებით, შესაძლებლობებითა და ძალით; რომ მეტი აღარ შეაცდინო გულები სიბოროტის ჩასადენად; მაგრამ დაბრუნდი მათთან და სცნე საკუთარი შეცდომები და ის ცუდი, რაც გააკეთე.

14 არ ეძებო არც სიმდიდრე, არც ამქვეყნიური ამაოებანი; რადგან, აჰა, თან ვერ წაიღებ მათ.

15 და ახლა, ჩემო შვილო, მინდა ცოტაოდენი რამ გითხრა ქრისტეს მოსვლის შესახებ. აჰა, მე გეუბნები, რომ ეს არის ის, რომელიც მოვა, რათა აიღოს ამა ქვეყნის ცოდვები; დიახ, იგი მოდის, რათა თავის ხალხს აუწყოს ხსნის სასიხარულო ამბავი.

16 და ახლა, ჩემო შვილო, ეს არის ის მსახურება, რომლისთვისაც იყავი მოწოდებული – გეუწყებინა ამ ხალხისთვის სასიხარულო ამბები, რათა მოგემზადებინა მათი გონება; უფრო სწორად, ხსნა რომ მოსულიყო მათთან, რათა მოემზადებინათ შვილების გონება მისი მოსვლის ჟამს სიტყვის მოსასმენად.

17 და ახლა, მე ოდნავ დაგიმშვიდებ გონებას ამის შესახებ. აჰა, შენ გიკვირს, თუ რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ცნობილი ამდენი ხნით ადრე. აჰა, მე შენ გეუბნები, ნუთუ ისევე ძვირფასი არ არის ღმერთისთვის სული ახლა, როგორც ის ძვირფასი იქნება მისთვის მისი მოსვლის ჟამს?

18 ნუთუ არ არის აუცილებელი, რომ გამოსყიდვის გეგმა ეცნობოს ამ ხალხს ისევე, როგორც მათ შვილებს?

19 ნუთუ ისევე ადვილი არ არის უფლისთვის ამჯერად მოავლინოს ანგელოზი, რათა ჩვენთვის გამოაცხადოს ეს სასიხარულო ამბები, როგორც ჩვენი შვილებისთვის ან თავისი მოსვლის შემდეგ?