წმინდა წერილი
ალმა 3


თავი 3

ამლიქიელებმა ნიშანი დაიდეს ნაწინასწარმეტყველები სიტყვის შესაბამისად. ლამანიელნი საკუთარი ჯანყისათვის დაწყევლილ იქნენ. ადამიანები საკუთარ თავზე თავადვე იწვევენ წყევლას. ნეფიელები ამარცხებენ ლამანიელთა კიდევ ერთ ჯარს. დაახლოებით 87–86 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ნეფიელებმა, რომლებიც საომარი იარაღით არ იყვნენ დახოცილნი, დახოცილთა დამარხვის შემდეგ – დახოცილთა რაოდენობა არ იყო დათვლილი, მათი დიდი რაოდენობის გამო – მას შემდეგ, რაც მათ დაასრულეს თავიანთი მკვდრების დამარხვა, ყველანი დაუბრუნდნენ თავიანთ მიწებს და თავიანთ სახლებს და თავიანთ ცოლებსა და შვილებს.

2 ახლა, მრავალი ქალი და ბავშვი დახოცეს მახვილით, ასევე ბევრი მათი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; ასევე მათი მრავალი ხორბლის მინდორი იქნა განადგურებული, რადგან ფეხქვეშ იქნა გადათელილი ადამიანთა ბრბოს მიერ.

3 და ახლა, ეს ყველა ლამანიელი და ამლიქიელი, რომელნიც მდინარე სიდონის ნაპირზე იყვნენ დახოცილნი, ჩაყარეს სიდონის წყალში; და აჰა, მათი ძვლები ზღვის ფსკერზეა და ისინი მრავლადაა.

4 და ამლიქიელნი გამოირჩეოდნენ ნეფიელებისგან, რადგან მათ წითელი ნიშანი დაიდეს შუბლზე, ლამანიელთა წესით; მიუხედავად ამისა, მათ არ გადაიპარსეს თავები, როგორც ლამანიელებმა.

5 ახლა, ლამანიელებს თავები ჰქონდათ გადაპარსული და იყვნენ შიშველნი, გარდა იმ ტყავისა, რომელიც შემოხვეული ჰქონდათ თეძოზე და ასევე აბჯარი, რომელიც ჰქონდათ ასხმული და მშვილდები და ისრები და მათი ქვები და შურდულები და ასე შემდეგ.

6 და ლამანიელთა კანი იყო მუქი, იმ ნიშნის მიხედვით, რომელიც დაისვა მათ მამებზე, რაც მათზე იყო წყევლა მათი შეცოდებისა და ჯანყის გამო თავიანთი ძმების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ ნეფი, იაკობი, იოსები და სემი, რომლებიც იყვნენ მართალი და წმინდა ადამიანები.

7 და მათი ძმები ცდილობდნენ მათ განადგურებას, ამიტომ ისინი დაწყევლილ იქნენ; და უფალმა ღმერთმა ნიშანი დაადო მათ, დიახ, ლამანსა და ლემუელს, ასევე ისმაელის შვილებს და ისმაელიელ ქალებს.

8 და ეს გაკეთდა იმისათვის, რომ მათი შთამომავლობა გამორჩეულიყო თავიანთი ძმების შთამომავლობისაგან, რათა ამგვარად უფალ ღმერთს შეძლებოდა დაეფარა საკუთარი ხალხი, რომ ისინი არ შერეოდნენ მათ და არ ეწამათ არასწორი ჩვეულებები, რომლებიც მათ განადგურებამდე მიიყვანდა.

9 და იყო ასე, რომ ნებისმიერი, რომელიც შეურევდა შთამომავლობას ლამანიელებს, იგივე წყევლას მოიტანდა თავის შთამომავლობაზე.

10 ამიტომ, ყოველი, ვინც ნებას რთავდა, რომ ლამანიელებს წაეყვანათ, იწოდებოდა იმ სახელით და მასზედ ნიშანი იდებოდა.

11 და იყო ასე, რომ ვისაც არ სწამდა ლამანიელთა ჩვეულებების, არამედ სწამდა იმ ჩანაწერების, რომლებიც გამოტანილ იყო იერუსალიმის მიწიდან და ასევე სწამდა მამების ჩვეულებების, რომლებიც იყო მართალი; ვისაც სწამდა ღმერთის მცნებების და მათ იცავდნენ, იმ დროიდან შემდგომში ეწოდებოდათ ნეფიელები ანუ ნეფის ხალხი –

12 და ესენი არიან, რომლებიც ინახავდნენ ჩანაწერებს, რომლებშიც არის სიმართლე მათ ხალხზე და ასევე ლამანიელებზე.

13 ახლა, ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით ამლიქიელებს, რადგან მათზეც იქნა ნიშანი დადებული; დიახ, მათ თავად დაიდეს ნიშანი, დიახ, წითელი ნიშანი შუბლზე.

14 ამგვარად აღსრულდა ღვთის სიტყვა, რადგან ეს არის სიტყვები, რომლებიც მან უთხრა ნეფის: აჰა, მე დავწყევლე ლამანიელნი და მათ დავადებ ნიშანს, რომ ისინი და მათი შთამომავლები განცალკავებულნი იყვნენ შენგან და შენი შთამომავლობისგან ამიერიდან სამარადისოდ, თუ არ მოინანიებენ თავიანთ სიბოროტეს და არ მომიბრუნდებიან, რათა ისინი შევიწყალო.

15 და კიდევ, მე ნიშანს დავადებ მას, რომელიც შეურევს თავის შთამომავლობას შენს ძმებთან, რომ ისინიც ასევე წყეულნი იყვნენ.

16 და კიდევ, მე ნიშანს დავადებ მას, ვინც შენსა და შენი შთამომავლობის წინააღმდეგ იბრძოლებს.

17 და კიდევ, მე გეუბნები: ის, რომელიც შენ განგიდგება, აღარ იქნება წოდებული შენს შთამომავლად; და მე გაკურთხებ შენ და ყველას, ვინც იქნებიან შენს შთამომავლებად წოდებულნი, ამიერიდან სამარადისოდ; და ეს იყო უფლის დაპირებები ნეფისადმი და მისი შთამომავლებისადმი.

18 ახლა, ამლიქიელებმა არ იცოდნენ, რომ ღვთის სიტყვას ასრულებდნენ, როდესაც მათ დაიწყეს შუბლზე ნიშნის დადება; მიუხედავად ამისა, ისინი ღიად უჯანყდებოდნენ ღმერთს, ამიტომ საჭირო იყო, რომ წყევლა დატყდომოდა მათზედ.

19 ახლა, მე მსურს, დაინახოთ, რომ მათ გამოიწვიეს ეს წყევლა თავიანთ თავზე; ამგვარად აკეთებს ყოველი ადამიანი, რომელიც არის დაწყევლილი, თავადვე იწვევს საკუთარ თავზე სასჯელს.

20 და ახლა, იყო ასე, რომ არ გასულა მრავალი დღე ზარაჰემლას მიწაზე ამლიქიელებთან და ლამანიელებთან ბრძოლის შემდეგ, რაც ლამანიელთა კიდევ ერთი ჯარი დაესხა თავს ნეფის ხალხს, იმავე ადგილას, სადაც ამლიქიელებს დახვდათ პირველი ჯარი.

21 და იყო ასე, რომ გაგზავნილ იქნა ჯარი, რათა ისინი თავიანთი მიწიდან განედევნათ.

22 ახლა, ალმა, იტანჯებოდა რა თავისი ჭრილობისაგან, ამჯერად არ წავიდა ლამანიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

23 მაგრამ, გააგზავნა უთვალავი ჯარი მათ წინააღმდეგ; და ისინი წავიდნენ და მრავალი ლამანიელი დახოცეს და მათი გადარჩენილნი განდევნეს მიწის საზღვრებიდან.

24 და შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ და დაიწყეს მშვიდობის დამყარება იმ მიწაზე და ერთ ხანს აღარ იყვნენ შეწუხებულნი თავიანთი მტრებისგან.

25 ახლა, ეს ყველაფერი მოხდა, დიახ, ყველა ეს ომი და განხეთქილება დაიწყო და დასრულდა მოსამართლეთა მმართველობის მეხუთე წელს.

26 და ერთ წელიწადში, ათასობით და ათი ათასობით სული იქნა გაგზავნილი მარადიულ სამყაროში თავიანთი საქმეების შესაბამისად ჯილდოს მისაღებად, იყვნენ რა ისინი კარგები თუ ცუდები, რათა მიეღოთ მარადიული ბედნიერება ან მარადიული უბედურება, იმ სულის მიხედვით, რომლის დამორჩილებაც ისურვეს, იყო რა ის კეთილი სული თუ ბოროტი.

27 რადგან ყოველი ადამიანი იღებს საზღაურს იმისაგან, ვისთვის დამორჩილებასაც იგი ისურვებს; და ეს არის წინასწარმეტყველების სულის სიტყვების შესაბამისად; და ამიტომ, დაე, იყოს ეს ჭეშმარიტების შესაბამისი. და ასე მთავრდება მოსამართლეთა მმართველობის მეხუთე წელი.