წმინდა წერილი
ალმა 40


თავი 40

ქრისტე ახორციელებს ყოველი ადამიანის აღდგომას. გარდაცვლილი სამართლიანი ადამიანები მიდიან სამოთხეში და ბოროტნი გარესკნელ ბნელეთში, რათა დაელოდონ თავიანთი აღდგომის დღეს. ყველაფერი აღდგება საკუთარ სწორ და სრულყოფილ ფორმაში აღდგომის დროს. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, შვილო ჩემო, აი, კიდევ ცოტაოდენი რამ, რისი თქმაც მინდა შენთვის; რადგან ვგრძნობ, რომ შენი გონება შეშფოთებულია გარდაცვლილთა აღდგომით.

2 აჰა, მე გეუბნები, რომ არ იქნება აღდგომა, ან ვიტყვი სხვა სიტყვებით, რომ ეს მოკვდავი არ შეიმოსება უკვდავებით, რომ ეს ხრწნადი არ გახდება უხრწნელი, ქრისტეს მოსვლის შემდეგ.

3 აჰა, იგი ახორციელებს მკვდართა აღდგომას. მაგრამ, აჰა, შვილო ჩემო, აღდგომა ჯერ არ არის. ახლა, მე გაგანდობ ერთ საიდუმლოს; თუმცა არსებობს მრავალი საიდუმლო, რომელიც ინახება, ამიტომ არავინ არ იცის მათზე, თვით ღმერთის გარდა. მაგრამ მე გასწავლი იმას, რასაც ღმერთს ბეჯითად ვთხოვდი, რომ მცოდნოდა, და ეს არის, რაც აღდგომას ეხება.

4 აჰა, დანიშნულია დრო, როდესაც ყველა მკვდრეთით აღდგება. ახლა, როდის მოვა ეს დრო – არავინ იცის; მაგრამ ღმერთმა იცის ეს დანიშნული დრო.

5 ახლა, არ არის მნიშვნელოვანი, იქნება თუ არა ერთი დრო ან მეორე ან მესამე, რომ ადამიანები მკვდრეთით აღდგნენ; რადგან ეს ყველაფერი ღმერთმა იცის; და ჩემთვის საკმარისია იმის ცოდნა, რომ ეს ასეა – დანიშნულია დრო, როდესაც ყველა მკვდრეთით აღდგება.

6 ახლა, აუცილებელია, რომ სიკვდილის დროისა და აღდგომის დროს შორის იყოს შუალედი.

7 და ახლა, მე დავსვამდი შეკითხვას: რა ემართებათ ადამიანების სულებს გარდაცვალების დროიდან მათი აღდგომისათვის დანიშნულ დრომდე?

8 ახლა, თუ ადამიანების აღდგომისთვის დანიშნულია ერთ დროზე მეტი – ამას არ აქვს მნიშვნელობა; ვინაიდან ყველა არ გარდაიცვლება ერთ დროს; და ამასაც არ აქვს მნიშვნელობა; ღმერთისთვის ყველაფერი არის როგორც ერთი დღე და დრო ითვლება მხოლოდ ადამიანებისთვის.

9 ამიტომ, ადამიანებისთვის დანიშნულია დრო, მათი მკვდრეთით აღდგომისთვის; და არის შუალედი სიკვდილისა და აღდგომის დროს შორის. და ახლა, ამ დროის შესახებ გულდასმით ვეკითხებოდი უფალს, რათა მცოდნოდა, რა ემართება ადამიანთა სულებს; და ეს არის ის, რაც ვიცი.

10 და როდესაც მოვა დრო, რომ ყველა აღდგება, მაშინ ისინი გაიგებენ, რომ ღმერთმა იცის ყველა დრო, რომლებიც დანიშნულია ადამიანისთვის.

11 ახლა, სიკვდილსა და აღდგომას შორის მყოფი სულის შესახებ: აჰა, ეს გამენდო ანგელოზის მიერ, რომ ყოველი ადამიანის სული, როგორც კი დატოვებს მოკვდავ სხეულს, დიახ, ყოველი ადამიანის სული, არის კეთილი თუ ბოროტი, ბრუნდება სახლში, იმ ღმერთთან, რომელმაც მათ სიცოცხლე უბოძა.

12 და მაშინ იქნება ასე, რომ მათ სულებს, რომლებიც არიან მართალნი, მიიღებენ ბედნიერების მდგომარეობაში, რასაც უწოდებენ სამოთხეს, განსვენების, მშვიდობის მდგომარეობას, სადაც ისინი დაისვენებენ ყოველი უბედურების და ყოველი საზრუნავისა და დარდისაგან.

13 და მაშინ იქნება ასე, რომ ბოროტთა სულები, დიახ, რომლებიც არიან ბოროტნი, რადგან, აჰა, მათ არ აქვთ უფლის სულის არც ნაწილი და არც ნაწილაკი; მათ არჩიეს ბოროტი საქმენი კეთილის მაგივრად; ამიტომ, ეშმაკის სული შევიდა მათში და დაეუფლა მათ სახლს; და ესენი გაძევებულნი იქნებიან გარესკნელ ბნელეთში; იქ იქნება ტირილი და კვნესა და კბილების ღრჭენა და ეს ყველაფერი თავიანთი ურჯულოების გამო, არიან რა ეშმაკის ნებით ტყვედ წაყვანილნი.

14 ახლა, ეს არის ბოროტთა სულების მდგომარეობა, დიახ, ბნელეთში და საშინელ მდგომარეობაში, შეშინებულნი, მოლოდინში, ღმერთის რისხვის ცეცხლოვანი გულისწყრომისა მათზე; ამგვარად, რჩებიან ასეთ მდგომარეობაში, ისევე როგორც მართალნი სამოთხეში, მათი აღდგომის დრომდე.

15 ახლა, ზოგიერთებს ესმოდათ, რომ ეს მდგომარეობა ბედნიერებისა და მდგომარეობა სულის უბედურებისა აღდგომამდე პირველი აღდგომაა. დიახ, მე ვუშვებ, რომ მას ეწოდოს აღდგომა, სულის ამაღლება და გადასვლა ბედნიერებაში ან უბედურებაში, იმ სიტყვების შესაბამისად, რაც ითქვა.

16 და აჰა, კიდევ ეს ითქვა, რომ არსებობს პირველი აღდგომა, ყველა მათი აღდგომა, რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდეც კი.

17 ახლა, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ ეს პირველი აღდგომა, რომელზეც ასე ითქმის, შეიძლება იყოს სულების აღდგომა და მათ ბედნიერებაში ან უბედურებაში გადასვლა. შენ არ უნდა იფიქრო, რომ ეს ზუსტად ამას ნიშნავს.

18 აჰა, მე გეუბნები – არა, არამედ ნიშნავს მათი სულისა და სხეულის გაერთიანებას, ადამის დღეებიდან ქრისტეს აღდგომამდე.

19 ახლა, იქნებიან თუ არა რომლებზეც ითქვა, მათი სულები და სხეულები ერთბაშად გაერთიანებულნი, როგორც ბოროტთა ასევე მართალთა – მე ამას არ ვამბობ; საკმარისია ვთქვა, რომ ისინი ყველანი წინ გამოვლენ; ანუ სხვა სიტყვებით, მათი აღდგომა მოხდება უფრო ადრე, ვიდრე მათი, რომლებიც გარდაიცვლებიან ქრისტეს აღდგომის შემდეგ.

20 ახლა, შვილო ჩემო, მე არ ვამბობ, რომ მათი აღდგომა მოვა ქრისტეს აღდგომასთან ერთად; მაგრამ, აჰა, მე ვამბობ ამას, როგორც ჩემს მოსაზრებას, რომ მართალთა სულები და სხეულები გაერთიანდებიან ქრისტეს აღდგომისა და ზეცაში მისი ამაღლების ჟამს.

21 მაგრამ, იქნება ეს მის აღდგომამდე თუ შემდეგ – ამას არ ვამბობ; მაგრამ ვიტყვი იმას, რომ არის მონაკვეთი სხეულის სიკვდილსა და აღდგომას შორის და სულის მდგომარეობა ბედნიერებაში ან უბედურებაში იმ დრომდე, რომელიც დანიშნულია ღმერთის მიერ, როდესაც გარდაცვლილები აღდგებიან და გაერთიანდება სული და სხეული და მიყვანილნი იქნებიან ღმერთის წინაშე წარსადგენად და თავიანთი საქმეების შესაბამისად განსაკითხავად.

22 დიახ, ასე ხორციელდება აღდგენა იმ ყველაფრის, რაც ითქვა წინასწარმეტყველების პირით.

23 სული დაუბრუნდება სხეულს და სხეული სულს; დიახ, ყოველი კიდური და სახსარი აღდგება საკუთარ სხეულში; დიახ, თავზე თმაც კი არ დაიკარგება, არამედ ყველაფერი აღდგება თავის სწორ და სრულყოფილ ფორმაში.

24 და ახლა, შვილო ჩემო, ეს არის ის აღდგენა, რაც ითქვა წინასწარმეტყველთა პირით –

25 და მაშინ მართალნი გამოანათებენ ღვთის სასუფეველში.

26 მაგრამ, აჰა, საშინელი სიკვდილი მოელით ბოროტთ, რადგან ისინი კვდებიან იმასთან მიმართებით, რაც ეხება სამართლიანობას; რადგან ისინი არიან უწმინდურნი და არაფერ უწმინდურს არ შეუძლია დაიმკვიდროს ღვთის სასუფეველი; არამედ გაძევებულნი არიან და განწირულნი არიან, მიიღონ თავიანთი შრომისა და ჩადენილის ნაყოფი, რომელიც იყო ბოროტი; და სვამენ მწარე ფიალის ნალექს.