წმინდა წერილი
ალმა 50


თავი 50

მორონი აშენებს გამაგრებებს ნეფიელთა მიწებზე. ისინი მრავალ ახალ ქალაქს აშენებენ. ომები და განადგურება თავს დაატყდათ ნეფიელებს, თავიანთი სიბოროტისა და სისაძაგლის ჟამს. ტეანკუმი ამარცხებს მორიანტონს და მის განდგომილებს. ნეფიჰა კვდება და მისი შვილი პახორანი იკავებს მოსამართლის სავარძელს. დაახლოებით 72–67 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მორონიმ არ შეწყვიტა ომისათვის მზადება ანუ თავისი ხალხის ლამანიელებისაგან დაცვა; რადგან მან ბრძანა, რომ მის ჯარებს დაეწყო მუშაობა, მოსამართლეთა მმართველობის მეოცე წელს, რომ დაეწყოთ მიწაყრილების დაყრა ყველა ქალაქის გარშემო, მთელს მიწაზე, რომელსაც ნეფიელები ფლობდნენ.

2 და მან ბრძანა, რომ ამ მიწაყრილების თავებზე დაედგათ ხის მორები, დიახ, ქალაქების გარშემო ხის მორებისგან აშენებულიყო ადამიანის სიმაღლის ნაგებობები.

3 და მან ბრძანა, რომ ამ ხის მორების ნაგებობებზე გარშემო გაეკეთებინათ წაწვეტებული პალოების ზღუდე; და ის მაგარი და მაღალი იყო.

4 და მან ბრძანა, აეგოთ კოშკები, რომლებიც გადმოჰყურებდნენ წაწვეტებულ პალოების ზღუდეებს და მან ბრძანა, რომ აეგოთ თავშესაფრები ამ კოშკების წვეროებზე, რათა მათთვის ვერ ევნოთ ლამანიელთა ქვებსა და ისრებს.

5 და ისინი ისე იყო მომზადებული, რომ შესაძლებელი იყო ზემოდან ქვების სროლა, თავიანთი სურვილისა და ძალის შესაბამისად და მათი დახოცვა, ვინც ქალაქის კედლებთან მიახლოებას შეეცდებოდა.

6 ამგვარად, მორონიმ გამაგრებები მოამზადა მტრების შემოტევებისთვის, მთელ მიწაზე, ყოველი ქალაქის გარშემო.

7 და იყო ასე, რომ მორონიმ უბრძანა თავის ჯარებს, წასულიყვნენ აღმოსავლეთ უდაბნოში; დიახ, ისინი წავიდნენ და ყველა ლამანიელი, რომელიც აღმოსავლეთ უდაბნოში იყო, გაყარეს თავიანთ საკუთარ მიწებზე, რომლებიც იყო ზარაჰემლას მიწის სამხრეთით.

8 და ნეფის მიწა გადიოდა აღმოსავლეთი ზღვიდან პირდაპირ დასავლეთ ზღვამდე.

9 და იყო ასე: როდესაც მორონიმ განდევნა ყველა ლამანიელი აღმოსავლეთ უდაბნოდან, რომელიც იყო მათ მფლობელობაში მყოფი მიწების ჩრდილოეთით, მან ბრძანა, რომ ზარაჰემლას მიწისა და გარშემო მიწების მცხოვრებნი წასულიყვნენ აღმოსავლეთ უდაბნოში, ზღვის ნაპირებამდეც კი და მიწას დაუფლებოდნენ.

10 და მან ასევე ჯარები განალაგა სამხრეთით, სამფლობელოების საზღვრებთან და მათ უბრძანა, აეშენებინათ სიმაგრეები, მტრის ხელისგან თავისი ჯარებისა და ხალხის დასაცავად.

11 ამგვარად, მან მოკვეთა ლამანიელთა ყველა გამაგრება აღმოსავლეთ უდაბნოში, დიახ, ასევე დასავლეთით, გაამაგრა საზღვარი ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის, ზარაჰემლას მიწისა და ნეფის მიწის შორის, დასავლეთ ზღვიდან მდინარე სიდონის სათავემდე – ნეფიელებმა დაიკავეს მთელი მიწა ჩრდილოეთით, დიახ, მთელი მიწა, რომელიც იყო მიწა ბარაქიანის ჩრდილოეთით.

12 ამგვარად, მორონიმ, თავის ჯარებით, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებოდა, ვინაიდან დარწმუნებულნი იყვნენ დაცვაში, რომელსაც მათთვის უზრუნველყოფდა მისი ნაგებობები, ცდილობდა მოეკვეთა ლამანიელთა ძალა და უფლებამოსილებანი მათი სამფლობელოს მიწებიდან, რომ აღარ ჰქონოდათ უფლებამოსილებანი თავიანთი სამფლობელოს მიწებზე.

13 და იყო ასე, რომ ნეფიელებმა დაიწყეს ქალაქისათვის საძირკვლის ჩაყრა და ქალაქს უწოდეს მორონი; და ის იყო აღმოსავლეთ ზღვასთან; და ის იყო სამხრეთით ლამანიელთა სამფლობელოების საზღვართან ახლოს.

14 და მათ დაიწყეს ქალაქის საძირკვლის ჩაყრა ქალაქ მორონისა და ქალაქ აარონს შორის, აერთიანებდნენ რა ქალაქ აარონისა და მორონის საზღვრებს; და ქალაქს ანუ მიწას, სახელად უწოდეს ნეფიჰა.

15 და იმავე წელს მათ ასევე დაიწყეს მრავალი ქალაქის შენება ჩრდილოეთით, ერთი მათგანი განსაკუთრებული წესით, რომელსაც უწოდეს ლეხი, რომელიც იყო ჩრდილოეთით, ზღვის სანაპიროს საზღვართან ახლოს.

16 და ასე დასრულდა მეოცე წელი.

17 და ასეთ აყვავებულ პირობებში იმყოფებოდა ნეფის ხალხი, ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეერთე წელს.

18 და ისინი ძალზედ აყვავდნენ და ძალზედ გამდიდრდნენ; დიახ, გამრავლდნენ და განმტკიცდნენ იმ მიწაზე.

19 და ამგვარად ვხედავთ, თუ როგორი მოწყალე და მართალია უფლის საქმენი ადამიანთა შვილებისათვის მიცემული ყოველი თავისი სიტყვის აღსრულებაში; დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ, რომ მისი სიტყვები დამოწმდა, ამ დროშიც კი, როდესაც მან ლეხის უთხრა:

20 კურთხეულნი ხართ შენ და შენი შვილები; და ისინი იქნებიან კურთხეულნი და რამდენადაც დაიცავენ ჩემს მცნებებს, იმდენად აყვავდებიან ამ მიწაზე. მაგრამ გახსოვდეს, რამდენადაც არ დაიცავენ ჩემს მცნებებს, იმდენად იქნებიან უფლის გარემოცვიდან მოკვეთილნი.

21 და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაპირებები შეუსრულდა ნეფის ხალხს; რადგან ეს იყო მათი კინკლაობა და განხეთქილებანი, დიახ, მათი მკვლელობები და ძარცვები, მათი კერპთაყვანისმცემლობა, მრუშობა და სისაძაგლე, რომლებიც მათ შორის იყო, რომლებმაც მოავლინა მათზე ომები და განადგურება.

22 და ისინი, რომლებიც ერთგულნი იყვნენ უფლის მცნებების დაცვაში, ყოველ დროში გამოხსნილები იყვნენ, როდესაც მათი ბოროტი ძმები ათასობით მიჰყავდათ მონობაში ან იღუპებოდნენ მახვილისგან ან ურწმუნოებაში გადაშენდებოდნენ და ლამანიელებში ირეოდნენ.

23 მაგრამ, აჰა, ნეფის დღეებიდან არ ყოფილა ნეფის ხალხისთვის უფრო ბედნიერი ჟამი, ვიდრე ეს იყო მორონის დღეებისას, დიახ, ამ დროს, მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეერთე წელს.

24 და იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეორე წელი მშვიდობაში დასრულდა; დიახ, ასევე ოცდამესამე წელიც.

25 და იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეოთხე წლის დასაწყისში, ნეფის ხალხში მშვიდობა იქნებოდა, რომ არა განხეთქილება, რომელიც დაიწყო მათში, ლეხის მიწის და მორიანტონის მიწის გამო, რომლებიც ესაზღვრებოდნენ ლეხის მიწას და ორივე იმყოფებოდა ზღვის სანაპიროს საზღვრებთან.

26 რადგან, აჰა, ადამიანებმა, რომლებიც ფლობდნენ მორიანტონის მიწას, მოითხოვეს ლეხის მიწიდან ნაწილი; ამიტომ, მათ შორის განხეთქილება გაღვივდა, იმდენად, რომ მორიანტონის ხალხმა იარაღი აიღო თავიანთი ძმების წინააღმდეგ და მახვილით გადაწყვიტა მათი დახოცვა.

27 მაგრამ, აჰა, ხალხი, რომელიც ლეხის მიწას ფლობდა, მორონის ბანაკში გაიქცა და მიმართა მას დახმარებისთვის; რადგან, აჰა, არ იყვნენ მტყუანნი.

28 და იყო ასე, რომ, როდესაც მორიანტონის ხალხმა, რომელსაც წინ მიუძღოდა კაცი სახელად მორიანტონი, აღმოაჩინა, რომ ლეხის ხალხი მორონის ბანაკში გაიქცა, მათ ძალზედ შეეშინდათ, რომ მორონის ჯარი თავს არ დასხმოდა და არ გაენადგურებინა ისინი.

29 ამიტომ, მორიანტონმა გულში ჩაუდო მათ, რომ უნდა გაქცეულიყვნენ მიწისკენ, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობდა, რომელიც დიდი წყლებით იყო დაფარული და დაუფლებოდნენ იმ მიწას, რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთით.

30 და აჰა, ისინი შეასრულებდნენ ამ გეგმას (რაც გახდებოდა გოდების მიზეზი) მაგრამ, აჰა, მორიანტონი იყო მეტად ფიცხი კაცი, ამიტომ, განრისხდა თავის ერთ-ერთ მოსამსახურე ქალზე, ეცა მას და ძლიერად სცემა.

31 და იყო ასე, რომ ქალი გაიქცა და მორონის ბანაკში მოვიდა და მორონის მოუყვა ყველაფერი ამ საკითხის შესახებ, ასევე მათ ჩანაფიქრზე, რომ ჩრდილოეთის მიწისკენ გაქცეულიყვნენ.

32 ახლა, აჰა, ხალხს, რომელიც იმყოფებოდა მიწა ბარაქიანზე ანუ მორონის, ეშინოდა, რომ ისინი ყურს დაუგდებდნენ მორიანტონის სიტყვებს და შეუერთდებოდნენ მის ხალხს; და ამგვარად, იგი დაეუფლებოდა მიწის იმ ნაწილს, რაც სერიოზულ შედეგებს მოიტანდა ნეფის ხალხისათვის და ეს შედეგები მათი თავისუფლების დამხობას გამოიწვევდა.

33 ამიტომ, მორონიმ გააგზავნა ჯარი ბანაკთან ერთად, რომ მიესწროთ მორიანტონის ხალხისათვის, რომ შეეჩერებინათ მათი ჩრდილოეთ მიწისკენ გაქცევა.

34 და იყო ასე, რომ ვერ გაასწრეს მათ, სანამ არ მივიდნენ მიწა აოხრებულის საზღვრებთან; და იქ მიუსწრეს მათ, სადაც იყო ზღვასთან ვიწრო გასასვლელი ჩრდილოეთ მიწისკენ, დიახ, ზღვასთან, დასავლეთსა და აღმოსავლეთით.

35 და იყო ასე, რომ ჯარი, რომელიც მორონიმ გააგზავნა, რომელსაც უძღვებოდა კაცი სახელად ტეანკუმი, შეხვდა მორიანტონის ხალხს; და იმდენად გაჯიუტებული იყო მორიანტონის ხალხი (იყო რა შთაგონებული მისი სიბოროტით და პირფერი სიტყვებით) რომ მათთან ატყდა ბრძოლა, სადაც ტეანკუმმა მოკლა მორიანტონი და დაამარცხა მისი ჯარი და აიყვანა ტყვეები და უკან, მორონის ბანაკში დაბრუნდა. და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეოთხე წელი.

36 და ასე დააბრუნეს მორიანტონის ხალხი უკან. და მას შემდეგ, რაც მათ მშვიდობის აღთქმა დადეს, ისინი გაუშვეს უკან მორიანტონის მიწაზე და დამყარდა კავშირი მათსა და ლეხის ხალხს შორის; და ისინიც დაუბრუნდნენ თავიანთ მიწებს.

37 და იყო ასე, რომ იმავე წელს, როდესაც ნეფის ხალხში აღდგა მშვიდობა, გარდაიცვალა ნეფიჰა, მეორე მთავარი მოსამართლე, რომელიც იკავებდა მოსამართლის სავარძელს ღმერთის წინაშე სრულყოფილი სამართლიანობით.

38 ამისდა მიუხედავად, მან უარი უთხრა ალმას, გამოერთვა ის ჩანაწერები და ის საგნები, რომლებსაც ალმა და მისი მამები ყველაზე წმინდად თვლიდნენ, ამიტომ ალმამ ისინი თავის შვილს, ჰელამანს, გადასცა.

39 აჰა, იყო ასე, რომ ნეფიჰას შვილი დაინიშნა, რათა დაეკავებინა მოსამართლის სავარძელი მამამისის ნაცვლად; დიახ, იგი დაინიშნა მთავარ მოსამართლედ და ხალხის მმართველად, ფიცითა და წმინდა წეს-ჩვეულებით, რომ სამართლიანად განსჯიდა და დაიცავდა ხალხის მშვიდობასა და თავისუფლებას და უბოძებდა თავიანთ წმინდა უპირატესობებს, რომ თაყვანი ეცათ უფლისათვის, თავიანთი ღმერთისათვის, დიახ, ღვთის საქმის დასახმარებლად და დასაცავად მთელი თავისი დღენი და განსჯიდა ბოროტთ თავიანთი დანაშაულის შესაბამისად.

40 ახლა, აჰა, მისი სახელი იყო პახორანი და მან დაიკავა მამამისის სავარძელი და დაიწყო თავისი მმართველობა ნეფის ხალხზე ოცდამეოთხე წლის დასასრულს.