წმინდა წერილი
ალმა 32


თავი 32

ალმა ასწავლის ღარიბებს, რომლებიც გაჭირვებამ გახადა თავმდაბალნი. რწმენა არის იმედი იმ უხილავისა, რაც ჭეშმარიტია. ალმა მოწმობს, რომ ანგელოზები ემსახურებიან კაცებს, ქალებსა და ბავშვებს. ალმა სიტყვას ადარებს თესლს; ის უნდა დაითესოს და იკვებოს. შემდეგ ის გადაიქცევა ხედ, რომელზედაც მარადიული სიცოცხლის ნაყოფს კრეფენ. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ისინი წინ წავიდნენ და დაიწყეს ხალხისათვის ღმერთის სიტყვის ქადაგება, შედიოდნენ მათ სინაგოგებში და სახლებში; დიახ, მათ ქუჩებშიც კი ქადაგებდნენ სიტყვას.

2 და იყო ასე, რომ მათ შორის დიდი შრომის შემდეგ, მათ მიაღწიეს წარმატებას ხალხის ღარიბ ნაწილში; რადგან, აჰა, ისინი გაძევებულნი იყვნენ სინაგოგებიდან უხეში ტანსაცმლის გამო –

3 ამიტომ, მათ არ უშვებდნენ თავიანთ სინაგოგებში ღმერთისათვის თაყვანის საცემად, რადგან სიბინძურედ თვლიდნენ; ამიტომაც იყვნენ ღარიბნი; დიახ, მათ თავიანთი ძმები თვლიდნენ ხენჯად; ამიტომ, იყვნენ ღარიბნი ამქვეყნიური საგნებით და ასევე ღარიბნი იყვნენ გულით.

4 ახლა, როდესაც ალმა ასწავლიდა და ელაპარაკებოდა ხალხს ონიდას გორაკზე, მასთან მივიდნენ მრავალნი, რომლებიც იყვნენ ისინი, რომლებზეც ვსაუბრობდით, რომლებიც ღარიბნი იყვნენ გულით, საკუთარი სიღარიბის გამო ამქვეყნიური საგნების მიმართ.

5 და ისინი მივიდნენ ალმასთან და რომელიც მთავარი იყო მათ შორის, მას უთხრა: აჰა, რა აკეთონ ჩემმა ამ ძმებმა, რადგან ისინი არიან ყველას მიერ აბუჩად აგდებულნი თავიანთი სიღარიბის გამო, დიახ, განსაკუთრებით ჩვენი მღვდლების მიერ; რადგან გაგვაძევეს ჩვენი სინაგოგებიდან, რომელთა მშენებლობებზე ბევრი ვიშრომეთ საკუთარი ხელით; და მათ გაგვაძევეს ჩვენი მეტისმეტი სიღარიბისათვის; და არ გვაქვს ადგილი, ვეთაყვანოთ ჩვენს ღმერთს და აჰა, რა ვქნათ?

6 და ახლა, როდესაც ალმამ ეს მოისმინა, იგი მიუბრუნდა მას სახით და შეხედა დიდი სიხარულით; რადგან დაინახა, რომ გაჭირვებამ ნამდვილად დაამდაბლებინა მათ თავი და მზად იყვნენ სიტყვის მოსასმენად.

7 ამიტომ, მან აღარაფერი უთხრა დანარჩენ შეკრებილებს; გაიწოდა ხელი და მიმართა მათ, რომლებიც დაინახა, რომ იყვნენ ნამდვილად მომნანიებელნი, და მათ უთხრა:

8 ვხედავ, რომ ხართ გულით თავმდაბალნი და თუ ეს ასეა, თქვენ ხართ კურთხეულნი.

9 აჰა, თქვენმა ძმამ თქვა: რა ვქნათ? რადგან გაგვაძევეს ჩვენი სინაგოგებიდან, რათა ვერ შევძლოთ თაყვანი ვცეთ ჩვენს ღმერთს.

10 აჰა, გეუბნებით: ნუთუ გგონიათ, რომ არ შეგიძლიათ თაყვანი სცეთ თქვენს ღმერთს, თქვენი სინაგოგებში ყოფნის გარდა?

11 და გარდა ამისა, მინდა გკითხოთ: ნუთუ გგონიათ, რომ კვირაში ერთ ჯერზე მეტად არ უნდა სცეთ თაყვანი ღმერთს?

12 მე გეუბნებით: ეს კარგია, რომ გაძევებულნი ხართ თქვენი სინაგოგებიდან, რათა იყოთ თავმდაბალნი და შეიცნოთ სიბრძნე; რადგან საჭიროა, რომ შეიცნოთ სიბრძნე; იმის გამო, რომ ხართ გაძევებულნი, რომ ხართ აბუჩად აგდებულნი თქვენი ძმების მიერ, თქვენი ძალზედ სიღარიბის გამო ხართ გულით დამდაბლებულნი; რადგან იძულებით ხართ თავმდაბალნი.

13 და ახლა, ვინაიდან ხართ იძულებულნი იყოთ თავმდაბალნი, თქვენ ხართ კურთხეულნი; რადგან ადამიანი, თუ იძულებული ხდება იყოს თავმდაბალი, ხანდახან ეძებს მონანიებას; და ახლა ნამდვილად, ვინც არ უნდა მოინანიოს, მოწყალებას მოიპოვებს; და გადარჩება, ვინც წყალობას ჰპოვებს და ბოლომდე გაძლებს.

14 და ახლა, როგორც მე გითხარით, ვინაიდან იძულებულნი იყავით, თავი დაგემდაბლებინათ, თქვენ იყავით კურთხეულნი; ნუთუ არ ფიქრობთ იმაზედ, რომ ისინი უფრო კურთხეულნი არიან, რომლებიც ჭეშმარიტად თავს იმდაბლებენ სიტყვის გამო?

15 დიახ, ვინც ჭეშმარიტად თავს დაიმდაბლებს და საკუთარ ცოდვებს მოინანიებს და ბოლომდე გაძლებს, ის იქნება კურთხეული. დიახ, იმაზე მეტად კურთხეული, ვიდრე ისინი, რომლებიც იძულებულნი არიან თავი დაიმდაბლონ მძიმე სიღარიბის გამო.

16 ამიტომ, კურთხეულნი არიან ისინი, ვინც თავს იმდაბლებენ იძულების გარეშე თავმდაბლობისთვის; ანუ, სხვა სიტყვებით, კურთხეული არის ის, ვისაც სწამს ღვთის სიტყვა და გულში სიჯიუტის გარეშე ინათლება, დიახ, სიტყვის ცოდნისაკენ მიყვანის გარეშე ანუ ცოდნის იძულების გარეშეც, სანამ ისინი ირწმუნებენ.

17 დიახ, არიან მრავალნი, რომლებიც ამბობენ: თუ დაგვანახებ ნიშანს ზეციდან, მაშინ ნამდვილად გვეცოდინება; მაშინ ვიწამებთ.

18 ახლა მე გეკითხებით: ეს არის რწმენა? აჰა, მე გეუბნებით: არა; რადგან ადამიანმა თუ იცის რაიმე, მას აღარ აქვს მიზეზი იწამოს, რადგან მან ეს უკვე იცის.

19 და ახლა, რამდენად უფრო წყეულია ის, რომელმაც იცის ღვთის ნება და არ ასრულებს მას, ვიდრე ის, რომელსაც მხოლოდ სწამს ან აქვს მხოლოდ რწმენის მიზეზი და ვარდება შეცოდებაში?

20 ახლა, თქვენ ამის შესახებ უნდა განსაჯოთ. აჰა, მე გეუბნებით, რომ ეს ისევე ნათელია ერთი მხრიდან, როგორც მეორედან; და ყოველ ადამიანს მიეზღვება საკუთარი საქმეების შესაბამისად.

21 და ახლა, როგორც მე ვთქვი რწმენის შესახებ, რწმენა არ ნიშნავს სრულყოფილ ცოდნას რაიმეს შესახებ; ამიტომ, თუ გაქვთ რწმენა, მაშინ გაქვთ იმედი იმისა, რაც უხილავია, რაც არის ჭეშმარიტი.

22 და ახლა, აჰა, მე გეუბნებით და მსურს დაიმახსოვროთ, რომ ღმერთი მოწყალეა ყველას მიმართ, ვისაც სწამს მისი სახელი; ამიტომ, მას სურს, პირველ რიგში, რომ თქვენ იწამოთ, დიახ, მისი სიტყვა.

23 და ახლა, იგი ადამიანებს უზიარებს თავის სიტყვას ანგელოზების მეშვეობით, დიახ, არა მარტო კაცებს, არამედ ქალებსაც. ახლა, ეს არ არის ყველაფერი, პატარა ბავშვებსაც ბევრჯერ ეძლევათ სიტყვები, რომლებიც ამარცხებენ ბრძენებს და სწავლულებს.

24 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, როგორც თქვენ მოისურვეთ, გაგეგოთ ჩემგან, რა უნდა აკეთოთ, ვინაიდან ხართ გაჭირვებულნი და გაძევებულნი, ახლა მე არ მსურს იფიქროთ, რომ მე ვაპირებ განგიკითხოთ, გარდა იმისა, რაც ჭეშმარიტია –

25 რადგან არ ვგულისხმობ, რომ თქვენ ყველა იძულებულნი ხართ თავი დაიმდაბლოთ; რადგან მე ნამდვილად მჯერა, რომ თქვენ შორის არიან ისინი, რომლებიც თავს დაიმდაბლებდნენ, როგორ პირობებშიც არ უნდა იმყოფებოდნენ.

26 ახლა, როგორც მე ვთქვი რწმენის შესახებ, რომ ის არ არის სრულყოფილი ცოდნა, იგივე ეხება ჩემს სიტყვებსაც. თავიდან თქვენ ვერ გაიგებთ მათ ჭეშმარიტებას სრულყოფილად, ისევე როგორც რწმენა არ არის სრულყოფილი ცოდნა.

27 მაგრამ, აჰა, თუ გამოაფხიზლებთ და გამოაღვიძებთ თქვენი სულების შესაძლებლობებს ჩემი სიტყვების გამოსაცდელად და გამოავლენთ მცირეოდენ რწმენას, დიახ, რომ გქონდეთ დაჯერების თუნდაც სურვილი, ნება მიეცით ამ სურვილს, იმოქმედოს თქვენზე იქამდე, სანამ არ იწამებთ ისე, რომ თქვენში იპოვით ადგილს ჩემი სიტყვების ნაწილისთვის მაინც.

28 ახლა, ჩვენ სიტყვას შევადარებთ თესლს. ახლა, თუ თქვენ ადგილს გამოყოფთ იმისთვის, რომ თესლი დაითესოს თქვენს გულში, აჰა, თუ ეს იქნება ჭეშმარიტი თესლი ანუ კარგი თესლი, თუ არ გააძევებთ მას თქვენი ურწმუნოებით, უფლის სულისადმი წინააღმდეგობით, აჰა, იგი თქვენს მკერდში დაიწყებს გაღვივებას; და როდესაც იგრძნობთ ამ ზრდას, თქვენ ეტყვით საკუთარ თავს: ეს ალბათ არის კარგი თესლი ანუ ეს კარგი სიტყვაა, რადგან აფართოებს ჩემს სულს, დიახ, ის ანათლებს ჩემს გაგებას, დიახ, ის საამო ხდება ჩემთვის.

29 ახლა, აჰა, ნუთუ ეს არ გაზრდიდა თქვენს რწმენას? მე გეუბნებით: დიახ; მიუხედავად ამისა, ის ჯერ არ გაზრდილა სრულყოფილ ცოდნამდე.

30 მაგრამ, აჰა, იმ დროს, როდესაც თესლი ღვივდება და აღმოცენდება და იწყებს ზრდას, მაშინ უნდა თქვათ, რომ ეს არის კარგი თესლი; რადგან, აჰა, ის ღვივდება და აღმოცენდება და იწყებს ზრდას. და ახლა, აჰა, ნუთუ არ განამტკიცებს ეს თქვენს რწმენას? დიახ, ის განამტკიცებს რწმენას, რადგან თქვენ იტყვით: მე ვიცი: ეს არის კარგი თესლი, რადგან, აჰა, ის ყვავის და იწყებს ზრდას.

31 და ახლა, აჰა, დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის კარგი თესლი? მე გეუბნებით: დიახ, რადგან ყოველი თესლი ისხამს თავის მაგვარს.

32 ამიტომ, თუ თესლი იზრდება – ის კარგია, მაგრამ თუ არ იზრდება – აჰა, ის არ არის კარგი, ამიტომ მას აგდებენ.

33 და ახლა, აჰა, რადგან გააკეთეთ ეს ცდა და თესლი დათესეთ და იგი ფუვდება და ღვივდება და იწყებს ზრდას, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს თესლი არის კარგი.

34 და ახლა, აჰა, ნუთუ სრულყოფილია თქვენი ცოდნა? დიახ, თქვენი ცოდნა სრულყოფილია ამაში და თქვენი რწმენა თვლემს; და ეს იმიტომ, რომ იცით; რადგან თქვენ იცით, რომ ამ სიტყვამ აღამაღლა თქვენი სულები და თქვენ ასევე იცით, რომ ის გაღვივდა, ასე რომ, თქვენი გაგება იწყებს განათებას და გონება – გაფართოებას.

35 მაშინ, ნუთუ არ არის ეს ჭეშმარიტი? მე თქვენ გეუბნებით: დიახ, რადგან ეს არის სინათლე; და რაც არის სინათლე, არის კარგი, რადგან ცხადია, ამიტომ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის კარგი; და ახლა, აჰა, მას შემდეგ, რაც თქვენ იგემეთ ეს სინათლე, ნუთუ სრულყოფილია თქვენი ცოდნა?

36 აჰა, მე გეუბნებით: არა; მაგრამ არც თქვენი რწმენა არ უნდა გადადოთ გვერდზე, რადგან თქვენ გამოავლინეთ რწმენა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს თესლი დათესოთ, რათა ჩაატაროთ ეს ცდა, რომ გაიგოთ, იყო თუ არა ეს თესლი კარგი.

37 და აჰა, როდესაც ხე დაიწყებს ზრდას, თქვენ იტყვით: მოდით გამოვკვებოთ ის დიდი ზრუნვით, რათა ფესვი გაიდგას, გაიზარდოს და მოისხას ნაყოფი ჩვენთვის. და ახლა, აჰა, თუ თქვენ კვებავთ მას დიდი ზრუნვით, იგი ფესვს გაიდგავს, გაიზრდება და ნაყოფს მოისხამს.

38 მაგრამ, თუ თქვენ უგულებელყოფთ ხეს და არ იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ კვებოთ იგი, აჰა, ის ვერ გაიდგამს ფესვს; და როდესაც მზის მხურვალება მოადგება და გატრუსავს მას, რადგან ფესვები არ ექნება, იგი გახმება და თქვენ მას ამოაძრობთ და გადააგდებთ.

39 ახლა, ეს არა იმიტომ, რომ თესლი არ იყო კარგი, არც იმიტომ, რომ მისი ნაყოფი არ იყო სასურველი; არამედ იმიტომ, რომ თქვენი ნიადაგი არის უნაყოფო და არ გსურთ გაანოყიეროთ ეს ხე, ამიტომ თქვენ არ გექნებათ მისი ნაყოფი.

40 და ამგვარად, თუ თქვენ არ გამოკვებავთ სიტყვას რწმენით, მომავალში მისი ნაყოფის ხედვით, თქვენ ვერასდროს მოწყვიტავთ სიცოცხლის ხის ნაყოფს.

41 მაგრამ, თუ თქვენ გამოკვებავთ სიტყვას, დიახ, გამოკვებავთ ხეს, როდესაც ის ზრდას დაიწყებს, თქვენი რწმენით, დიდი სიბეჯითით და მოთმინებით, ნაყოფის მოლოდინით, იგი გაიდგამს ფესვს; და აჰა, ეს იქნება ხე, რომელიც გადაიზრდება მარადიულ სიცოცხლეში.

42 და თქვენი სიბეჯითის, რწმენისა და მოთმინების შედეგად, მისი მასაზრდოებელი სიტყვით, რომ მან გაიდგას ფესვი თქვენში, აჰა, თქვენ მალე მოწყვეტთ მის ნაყოფს, რომელიც არის ყველაზე ძვირფასი, რომელიც არის უტკბესი ტკბილთა შორის და რომელიც არის უსპეტაკესი თეთრი, დიახ, რომელიც არის ყველა წმინდაზე წმინდა და დანაყრდებით ამ ნაყოფით იქამდე, სანამ არ დანაყრდებით ისე, რომ არ მოგშივდეთ, არც იყოთ მწყურვალნი.

43 შემდეგ, ჩემო ძმებო, თქვენ მოიმკით ჯილდოს თქვენი რწმენის, სიბეჯითის, მოთმინების, სულგრძელობის, მრავალი ტანჯვისა და მოლოდინისთვის – როდის მოისხამს ეს ხე თქვენთვის ნაყოფს.