წმინდა წერილი
ალმა 23


თავი 23

გამოცხადებულია რელიგიური თავისუფლება. შვიდ მიწაზე და ქალაქზე, ლამანიელნი რწმენაში არიან მოქცეულნი. ისინი თავიანთ თავს უწოდებენ ანტი-ნეფი-ლეხიელებს და წყევლისგან განთავისუფლებულნი არიან. ამალეკიელები და ამულონიელები უარყოფენ ჭეშმარიტებას. დაახლოებით 90–77 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, ახლა, იყო ასე, რომ ლამანიელთა მეფემ გააგზავნა მოწოდება მთელს თავის ხალხში, რომ ხელი არ აღემართათ ამონზე, აარონზე, ომნერზე ან ხიმნიზე, არცერთ მათ ძმაზე, რომლებიც წავიდოდნენ ღმერთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, მათი მიწის ნებისმიერ ნაწილში.

2 დიახ, მან გაუგზავნა ბრძანება, არ აღემართათ ხელი მათ შესაბოჭად ან საპყრობილეში ჩასაგდებად, არც უნდა ეფურთხებინათ მათთვის, არც ეცემათ, არც თავიანთი სინაგოგებიდან არ უნდა გაეძევებინათ, არც გაემათრახებინათ და არც ქვები დაეშინათ, არამედ უნდა ჰქონოდათ თავისუფლად შესვლის უფლება მათ სახლებში, ასევე მათ ტაძრებსა და სამლოცველოებში.

3 ამგვარად, მათ შეეძლოთ ევლოთ და ექადაგათ სიტყვა თავიანთი სურვილისამებრ, რადგან მეფე მოქცეული იყო უფლის რწმენაში და მთელი მისი ოჯახიც; ამიტომ, მან გაუგზავნა მოწოდება თავის ხალხს მთელ მიწაზე, რათა ღვთის სიტყვას არ ჰქონოდა არანაირი წინააღმდეგობა, არამედ, რომ მთელ მიწაზე გავრცელებულიყო, რათა მისი ხალხი დარწმუნებულიყო თავიანთი მამების ჩვეულებების ბოროტებაში და იმაში, რომ ისინი ყველანი ძმები არიან და არ უნდა ჰკლან, არ გაძარცვონ, არ იქურდონ და არ იმრუშონ, რათა არ ჩაიდინონ რაიმე სიბოროტე.

4 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მეფემ გააგზავნა მოწოდება, აარონი და მისი ძმები დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში, ერთი სამლოცველო სახლიდან მეორეში, აარსებდნენ რა ეკლესიებს და აკურთხებდნენ მღვდლებსა და მასწავლებლებს მთელ მიწაზე ლამანიელთა შორის, რათა მათ შორის ექადაგათ და ესწავლებინათ ღვთის სიტყვა; და ამგვარად, მათ დაიწყეს დიდი წარმატების მიღწევა.

5 და ათასები იქნენ მიყვანილნი უფლის ცოდნამდე, დიახ, ათასები იქნენ მიყვანილნი, რათა ერწმუნათ ნეფიელთა ჩვეულებები; და მათ ასწავლიდნენ ჩანაწერებსა და წინასწარმეტყველებებს, რომლებმაც გადმოცემით მოაღწიეს დღევანდელ დღემდე.

6 და ისე, როგორც ცოცხალია უფალი, ისევე ჭეშმარიტია, რომ მათ, ვინც იწამეს ანუ ყველა, ვინც მიყვანილ იქნა ჭეშმარიტების ცოდნამდე, ამონისა და მისი ძმების ქადაგებების მეშვეობით, შესაბამისად გამოცხადების სულისა და წინასწარმეტყველებისა და ღმერთის ძალის, რომელიც მათში სასწაულებს ახდენს – დიახ, მე გეუბნებით: ისე, როგორც ცოცხალია უფალი, ისე ყველა ლამანიელი, რომელმაც იწამა მათი ქადაგება და მოქცეულ იქნა უფლის რწმენაში, არასდროს აღარ ასცდენია გზას.

7 რადგან იქცნენ მართალ ხალხად; დათმეს თავიანთი ჯანყის იარაღი, ისე, რომ მეტად აღარ იბრძოდნენ არც ღმერთისა, არც რომელიმე თავიანთი ძმების წინააღმდეგ.

8 ახლა, ესენი არიან, რომლებიც მოიქცნენ უფლის რწმენაში:

9 ლამანიელთა ხალხი, რომელიც იყო ისმაელის მიწაზე;

10 და ასევე ლამანიელთა ხალხი, რომელიც იყო მიდონის მიწაზე;

11 და ასევე ლამანიელთა ხალხი, რომელიც იყო ნეფის ქალაქში;

12 და ასევე ლამანიელთა ხალხი, რომელიც იყო შილომის მიწაზე და ისინი, რომლებიც იყვნენ შემლონის მიწაზე და ასევე ლემუელის ქალაქში და შიმნილომის ქალაქში.

13 და ეს არის ლამანიელთა ქალაქების სახელწოდებები, რომლებიც უფლის რწმენაში მოიქცნენ; და ესენი არიან, რომლებმაც დათმეს თავიანთი ჯანყის იარაღი, დიახ, მთელი თავიანთი საომარი იარაღი; და ისინი ყველანი ლამანიელები იყვნენ.

14 და ამალეკიელები არ იქნენ მოქცეულნი, გარდა ერთისა; ასევე არცერთი ამულონიელთაგან; მაგრამ მათ გაიქვავეს გული, ასევე ლამანიელებს გაუქვავეს გული მიწის იმ ნაწილში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, დიახ, მათ ყველა სოფელსა და ქალაქში.

15 ამიტომ, ჩვენ მოვიხსენიეთ ლამანიელთა ყველა ქალაქი, სადაც მათ მოინანიეს და მოვიდნენ ჭეშმარიტების ცოდნისკენ და მოქცეულ იქნენ.

16 და ახლა, იყო ასე, რომ მეფეს და მათ, რომლებიც მოქცეულ იქნენ, სურდათ, რომ სახელი რქმეოდათ, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მათი განსხვავება თავიანთი ძმებისგან; ამიტომ, მეფემ ითათბირა აარონთან და მათ მრავალ მღვდელთან, იმ სახელის შესახებ, რომელიც მათ უნდა დარქმეოდათ, რათა ყოფილიყვნენ განსხვავებულნი.

17 და იყო ასე, რომ მათ დაირქვეს სახელი – ანტი-ნეფი-ლეხიელები; და იწოდებოდნენ ამ სახელით და მათ აღარ უწოდებდნენ ლამანიელებს.

18 და ისინი გახდნენ ძალზედ შრომისმოყვარე ხალხი; დიახ, და ისინი იყვნენ ნეფიელების მიმართ კეთილგანწყობილნი; ამიტომ, ისინი დამეგობრდნენ და მათ ღმერთის წყევლა აღარ მისდევდათ.