წმინდა წერილი
ალმა 2


თავი 2

ამლიქი ცდილობს გახდეს მეფე და ხალხის ხმით იქნა უარყოფილი. მისი მიმდევრები მას მეფედ აღიარებენ. ამლიქიელები იწყებენ ომს ნეფიელთა წინააღმდეგ და მარცხდებიან. ლამანიელნი და ამლიქიელნი აერთიანებენ ძალებს და მარცხდებიან. ალმა კლავს ამლიქის. დაახლოებით 87 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მათი მმართველობის მეხუთე წლის დასაწყისში, ხალხს შორის წამოიჭრა განხეთქილება; რადგან ერთი კაცი, რომელსაც ერქვა ამლიქი, იყო რა ძალზედ მზაკვარი ადამიანი, დიახ, ბრძენი კაცი ამქვეყნიური სიბრძნით, იყო რა იმ წესის მიმდევარი, როგორც ის კაცი, რომელმაც მოკლა მახვილით გიდეონი, რომელიც კანონის შესაბამისად სიკვდილით დაისაჯა –

2 ახლა, ამ ამლიქიმ, თავისი მზაკვრობით, აიყოლია მრავალი ხალხი; იმდენი, რომ ისინი გახდნენ მეტად ძლიერნი; და შეეცადნენ, ამ ხალხის მეფედ ამლიქი დაესვათ.

3 ახლა, ამან შეაშფოთა ეკლესიის ხალხი, ასევე ყველანი, რომელნიც არ აჰყვნენ ამლიქის შთაგონებებს, რადგან მათ იცოდნენ, რომ თავიანთი კანონის შესაბამისად, ასეთი რამ უნდა დამტკიცებულიყო ხალხის ხმით.

4 ამიტომ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამლიქის მიეღო ხალხის ხმით მხარდაჭერა, იყო რა ბოროტი ადამიანი, წაართმევდა მათ ეკლესიის უფლებებსა და უპირატესობებს, რადგან მას განზრახული ჰქონდა ღმერთის ეკლესიის განადგურება.

5 და იყო ასე, რომ ხალხი ერთად შეიკრიბა მთელ მიწაზე განცალკევებულ ჯგუფებად, ყოველი საკუთარი აზრით, იყო იგი ამლიქის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, და მათ შორის იყო დიდი კამათი და უჩვეულო ურთიერთ დაპირისპირება.

6 და ასე შეიკრიბა ხალხი ერთად, რომ ხმა მიეცათ ამ საქმის შესახებ; და ისინი წარსდგენილ იქნენ მოსამართლეთა წინაშე.

7 და იყო ასე, რომ ხალხმა ხმა მისცა ამლიქის წინააღმდეგ, ამიტომ იგი არ გახდა ხალხის მეფე.

8 ახლა, ამან გამოიწვია დიდი სიხარული იმათ გულებში, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ; მაგრამ ამლიქიმ გააღვივა წყრომა თავის მომხრეებში მათ მიმართ, ვინც მისი წინააღმდეგი იყო.

9 და იყო ასე, რომ ისინი ერთად შეიკრიბნენ და აკურთხეს ამლიქი თავიანთ მეფედ.

10 ახლა, როდესაც ამლიქი მათი მეფე გახდა, მან უბრძანა, იარაღი აღემართათ თავიანთი ძმების წინააღმდეგ; და ეს მან გააკეთა, რათა ისინი დაემორჩილებინა.

11 ახლა ამლიქის ხალხს განასხვავებდნენ ამლიქის სახელით, უწოდებდნენ რა ამლიქიელებს და დანარჩენები იწოდებოდნენ ნეფიელებად ან ღმერთის ხალხად.

12 ამიტომაც, ნეფიელთა ხალხმა იცოდა ამლიქიელთა განზრახვის შესახებ და ამიტომ ისინი მოემზადნენ მათ დასახვედრად; დიახ, ისინი შეიარაღდნენ ხმლებითა და მახვილებით, მშვილდებითა და ისრებით, ქვებითა და შურდულებით; და ყველანაირი საომარი იარაღით, ყველა სახისა.

13 ასე რომ, მომზადებულნი იყვნენ ამლიქიელთა დასახვედრად, იმ დროისთვის, როდესაც მოვიდოდნენ. და დანიშნულები იყვნენ სარდლები და უფროსი სარდლები და მთავარსარდლები, მათი რაოდენობის მიხედვით.

14 და იყო ასე, რომ ამლიქიმ შეაიარაღა თავისი ხალხი ყველანაირი საომარი იარაღით, ყველა სახის; და მან ასევე დანიშნა მმართველები და წინამძღოლები თავის ხალხზე, თავიანთი ძმების წინააღმდეგ ომში წინ გასაძღოლად.

15 და იყო ასე, რომ ამლიქიელნი ავიდნენ ამნიჰუს გორაკზე, რომელიც მდინარე სიდონის აღმოსავლეთით იყო, რომელიც მიედინებოდა ზარაჰემლას მიწაზე და იქ დაიწყეს მათ ნეფიელებთან ომი.

16 ახლა ალმა, იყო რა მთავარი მოსამართლე და ნეფის ხალხის მმართველი, გამოვიდა თავის ხალხთან ერთად, დიახ, თავის სარდლებთან და მთავარსარდლებთან, დიახ, თავისი ჯარების სათავეში, ამლიქიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

17 და მათ დაიწყეს ამლიქიელთა ხოცვა, გორაკზე სიდონის აღმოსავლეთიდან. და ამლიქიელნი ებრძოდნენ ნეფიელებს დიდი ძალით, ასე რომ მრავალი ნეფიელი დაეცა ამლიქიელთა წინ.

18 ამისდა მიუხედავად, უფალმა განამტკიცა ნეფიელთა ხელი იმდენად, რომ მათ ამოხოცეს ამლიქიელნი დიდ ხოცვა-ჟლეტაში, ისე, რომ მათ დაიწყეს გაქცევა.

19 და იყო ასე, რომ ნეფიელნი მისდევდნენ ამლიქიელებს მთელი იმ დღის განმავლობაში და დახოცეს ისინი დიდ ხოცვა-ჟლეტაში, ისე, რომ ამლიქიელთაგან მოკლულ იქნა თორმეტი ათას ხუთას ოცდათორმეტი სული. და ნეფიელთაგან მოკლულ იქნა ექვსი ათას ხუთას სამოცდაორი სული.

20 და იყო ასე, რომ როდესაც ალმამ მეტად ვეღარ მისდია ამლიქიელებს, მან უბრძანა თავის ხალხს, რომ გაეშალათ კარვები გიდეონის ველზე, იმ ველზე, რომელსაც სახელი ეწოდა იმ გიდეონისა, რომელიც მახვილით, ნეჰორის ხელით იქნა მოკლული; და ამ ველზე ნეფიელებმა გაშალეს ღამით კარვები.

21 და ალმამ გააგზავნა მზვერავები, რომ უკან გაყოლოდნენ ამლიქიელებს, რათა შეეტყო მათი გეგმები და შეთქმულებები, რის შემწეობითაც მათგან თავს დაიცავდა, რათა გადაერჩინა თავისი ხალხი განადგურებისგან.

22 ახლა, მათ, რომლებიც მან გააგზავნა ამლიქიელთა ბანაკის სათვალთვალოდ, ერქვათ ზერამი, ამნორი, მანტი და ლიმჰერი; ესენი იყვნენ, რომლებიც თავიანთი რაზმით წავიდნენ ამლიქიელთა ბანაკის სათვალთვალოდ.

23 და იყო ასე, რომ მეორე დღეს ისინი სასწრაფოდ დაბრუნდნენ ნეფიელთა ბანაკში, იყვნენ რა ძალზედ გაოცებულნი და ძლიერი შიშით შეპყრობილნი და ამბობდნენ:

24 აჰა, ჩვენ მივსდიეთ ამლიქიელთა ბანაკს და ჩვენდა დიდად გასაოცრად, მინონის მიწაზე, ზარაჰემლას მიწის ზევით, ნეფის მიწისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ ვიხილეთ ლამანიელთა მრავალრიცხოვანი ჯარი და აჰა, ამლიქიელნიც მათ შეუერთდნენ;

25 და ისინი თავს ესხმიან ჩვენს ძმებს იმ მიწაზე; და ისინი გამორბიან მათგან თავიანთი ფარებითა და ცოლებით ჩვენი ქალაქისკენ და თუ არ ვიჩქარებთ, ისინი დაიპყრობენ ჩვენს ქალაქს და დახოცავენ ჩვენს მამებსა და ცოლებს და ჩვენს შვილებს.

26 და იყო ასე, რომ ნეფის ხალხმა აიღო კარვები და გიდეონის ველიდან წავიდა თავიანთი ქალაქის მიმართულებით, რომელიც იყო ზარაჰემლას ქალაქი.

27 და აჰა, როდესაც ისინი მდინარე სიდონზე გადადიოდნენ, ლამანიელნი და ამლიქიელნი, იყვნენ რა ურიცხვი ვითარცა ზღვის ქვიშა, თავს დაესხნენ მათ, რომ გაენადგურებინათ.

28 მიუხედავად ამისა, ნეფიელები, იყვნენ რა უფლის ხელით განმტკიცებულნი, ძლიერად ლოცულობდნენ მისადმი, რათა მას ისინი მტრის ხელიდან გამოეხსნა, ამიტომ უფალმა შეისმინა მათი ღაღადი და განამტკიცა ისინი და ლამანიელნი და ამლიქიელნი დაეცნენ მათ წინაშე.

29 და იყო ასე, რომ ალმა მახვილით იბრძოდა ამლიქის პირისპირ; და ისინი ერთმანეთს ძლიერად ებრძოდნენ.

30 და იყო ასე, რომ ალმა, იყო რა ღვთის კაცი, გამოწრთობილი დიდი რწმენით, შეჰღაღადა სიტყვებით: უფალო, შემიწყალე და შეინდე ჩემი სიცოცხლე, რათა ვიყო შენს ხელში იარაღი ამ ხალხის გადასარჩენად და დასაფარად.

31 ახლა, როდესაც ალმამ თქვა ეს სიტყვები, ის კვლავ შეებრძოლა ამლიქის; და იგი იყო განმტკიცებული ისე, რომ მან მახვილით მოკლა ამლიქი.

32 ის ასევე ებრძოდა ლამანიელთა მეფეს; მაგრამ ლამანიელთა მეფე უკან გაიქცა ალმასგან და მიუგზავნა მას თავისი გუშაგები ალმასთან საბრძოლველად.

33 მაგრამ ალმა, თავის გუშაგებთან ერთად, ებრძოდა ლამანიელთა მეფის გუშაგებს იქამდე, სანამ არ დაამარცხა და უკან არ გაყარა ისინი.

34 და ამგვარად მან გაწმინდა მიწა, უფრო ზუსტად – სანაპირო, რომელიც იყო მდინარე სიდონის დასავლეთით. დახოცილი ლამანიელთა გვამები სიდონის წყლებში ჩაყარეს, რომ ამგვარად მის ხალხს მდინარეზე გადასასვლელად და ლამანიელებსა და ამლიქიელებთან საბრძოლველად ადგილი ჰქონოდათ მდინარე სიდონის დასავლეთ ნაპირზე.

35 და იყო ასე, როდესაც მათ ყველამ მდინარე სიდონი გადალახეს, ლამანიელებმა და ამლიქიელებმა დაიწყეს მათგან გაქცევა, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი იმდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი დათვლა.

36 და ისინი გარბოდნენ ნეფიელებისგან უდაბნოსკენ, რომელიც იყო დასავლეთით და ჩრდილოეთით, მიწის საზღვრებს იქით; და ნეფიელნი მთელი ძალით მისდევდნენ მათ უკან და ხოცავდნენ.

37 დიახ, მათ ყოველი მხრიდან ეწეოდნენ და ხოცავდნენ და დევნიდნენ, იქამდე, სანამ არ გაფანტეს დასავლეთითა და ჩრდილოეთით, იქამდე, სანამ არ მიაღწიეს უდაბნოს, რომელსაც ჰერმაუნტსი ერქვა; და ის იყო იმ უდაბნოს ნაწილი, რომელიც სავსე იყო გარეული და მძვინვარე მხეცებით.

38 და იყო ასე, რომ მრავალნი დაიხოცნენ უდაბნოში ჭრილობების გამო და მათ სჭამდნენ ის მხეცები და ასევე ცის სვავები; და მათი ძვლები იქნა ნაპოვნი და მიწაზე გროვად შეკრებილი.