წმინდა წერილი
ალმა 28


თავი 28

ლამანიელნი მარცხდებიან საშინელ ბრძოლაში. ათობით ათასნი იხოცებიან. ბოროტნი განწირულები არიან უსასრულო ვარამისათვის; მართალნი მიაღწევენ მარადიულ ბედნიერებას. დაახლოებით 77–76 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, ეს იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ამონის ხალხი განმტკიცდა იერშონის მიწაზე, ეკლესიაც ჩამოყალიბდა იერშონის მიწაზე და ნეფიელთა ჯარები იყო განლაგებული იერშონის მიწის გარშემო, დიახ, ზარაჰემლას მიწის ყველა საზღვრებში; აჰა, ლამანიელთა ჯარები მოსდევდნენ თავიანთ ძმებს უდაბნოში.

2 მაშასადამე, მოხდა საშინელი ბრძოლა; დიახ, ისეთი, როგორიც ჯერ არ იცოდა ამ მიწის ხალხმა იმ დროიდან, როდესაც ლეხიმ დატოვა იერუსალიმი; დიახ, ათობით ათასი ლამანიელი იქნა დახოცილი და საზღვრებს გარეთ გაფანტული.

3 დიახ, და ასევე იყო საშინელი ხოცვა-ჟლეტა ნეფის ხალხს შორის; ამისდა მიუხედავად, ლამანიელნი განდევნილნი და გაფანტულნი იქნენ; და ნეფის ხალხი კვლავ დაუბრუნდა საკუთარ მიწას.

4 და ახლა, ეს იყო დრო, როდესაც მთელს მიწაზე ისმოდა დიდი გლოვა და გოდება, ნეფის მთელ ხალხში.

5 დიახ, ქმრებზე მგლოვიარე ქვრივთა ტირილი, ასევე მამების გლოვა საკუთარ ვაჟიშვილებზე და ქალიშვილების ძმებზე, დიახ, ძმების მამებზე; და ასე ისმოდა გლოვის ტირილი მათ შორის, გლოვობდნენ რა თავიანთ ნათესავებზე, რომლებიც დახოცილ იქნენ.

6 და ახლა, ჭეშმარიტად, ეს იყო მწუხარე დღე; დიახ, დრო სამძიმრისა და ბევრი მარხვისა და ლოცვისა.

7 და ასე მთავრდება ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეთხუთმეტე წელი;

8 და ეს არის ამონისა და მისი ძმების ამბავი, ნეფის მიწაზე მოგზაურობისა, იმ მიწაზე ტანჯვის, მათი მწუხარებისა და გაჭირვების და მათი მიუწვდომელი სიხარულის და ძმების მიერ იერშონის მიწაზე მათი მიღების და უსაფრთხოების. და ახლა, დაე, უფალმა, ყოველი ადამიანის გამომსყიდველმა, აკურთხოს მათი სულები სამუდამოდ.

9 და ეს არის ამბავი ნეფიელებს შორის ომებსა და განხეთქილებებზე და ასევე ომებზე ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის; და დამთავრდა მოსამართლეთა მმართველობის მეთხუთმეტე წელი.

10 და პირველი წლიდან მეთხუთმეტემდე განადგურდა მრავალი ათასი სიცოცხლე; დიახ, ამ წლებში მოხდა საშინელი სისხლისღვრა.

11 და ათასობით სხეული წევს ღრმად მიწაში, იმ დროს, როდესაც ათასობით სხეული იხრწნება მიწის პირზე გროვებად; დიახ, მრავალი ათასნი გლოვობენ თავიანთი ნათესავების დაკარგვას, რადგან მათ შიშის მიზეზი აქვთ, უფლის დაპირებისამებრ, რომ განწირულნი არიან უსასრულო ვარამისათვის.

12 იმ დროს, როდესაც ათასობით სხვანი ჭეშმარიტად გლოვობენ თავიანთი ნათესავების დაკარგვას, მიუხედავად ამისა, ისინი ხარობენ და ზეიმობენ ნეტარებაში და იციან, უფლის დაპირებისამებრ, რომ ისინი ამაღლდნენ იმისთვის, რომ იმყოფებოდნენ ღმერთის მარჯვენა ხელისკენ, მარადიულ ბედნიერებაში.

13 და ამგვარად, ვხედავთ, თუ როგორი დიდია უთანასწორობა ადამიანებში, ცოდვისა და შეცოდების გამო, ასევე ეშმაკის ძალისა, რაც ჩნდება მზაკვრული გეგმების შესაბამისად, რომელებიც მან ჩაიფიქრა, რათა დაატყვეოს ადამიანთა გულები.

14 და ამგვარად ვხედავთ დიდ მოწოდებას სიბეჯითისკენ ადამიანებისთვის, რათა იშრომონ უფლის ვენახში; და ამგვარად ვხედავთ მიზეზს დიდი წუხილისა და ასევე სიხარულისთვის; წუხილის – ადამიანთა შორის სიკვდილისა და განადგურების გამო და სიხარულის – ქრისტეს სინათლის გამო სიცოცხლისთვის.