წმინდა წერილი
ალმა 19


თავი 19

ლამონი მიიღებს მარადიული სიცოცხლის სინათლეს და იხილავს გამომსყიდველს. მისი ოჯახი გაოგნდება და მრავალნი იხილავენ ანგელოზებს. ამონი სასწაულებრივ გადარჩება. იგი მონათლავს მრავალთ და მათთან დააარსებს ეკლესიას. დაახლოებით 90 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ორი დღის და ორი ღამის შემდეგ, ისინი უკვე თითქმის მზად იყვნენ აეღოთ მისი სხეული და ჩაეწვინათ სამარხში, რომელიც მათ მოამზადეს თავიანთ გარდაცვლილთა დასამარხად.

2 ახლა, დედოფალმა გაიგო ამონის დიდების შესახებ, ამიტომ გააგზავნა მსახურები და მოისურვა, რომ ის მასთან მოსულიყო.

3 და იყო ასე, რომ ამონი ისე მოიქცა, როგორც უბრძანეს და მივიდა დედოფალთან და მოისურვა შეეტყო, რა სურდა დედოფალს მისგან.

4 და დედოფალმა მას უთხრა: ჩემი ქმრის მსახურებმა შემატყობინეს, რომ შენ ხარ წმინდა ღმერთის წინასწარმეტყველი და გაქვს ძალა – აკეთო მრავალი ძლევამოსილი საქმე მისი სახელით.

5 ამიტომ, თუ ეს ასეა, მე მსურს, რომ შენ მიხვიდე და მოინახულო ჩემი ქმარი, რადგან იგი ორი დღე და ორი ღამეა თავის საწოლში წევს; და ზოგიერთნი ამბობენ, რომ ის არ არის მკვდარი, მაგრამ, ზოგიერთნი ამბობენ, რომ ის მკვდარია და ყარს და აკლდამაში უნდა განთავსდეს; მაგრამ, ჩემი აზრით, იგი არ ყარს.

6 ახლა, ეს იყო ის, რაც ამონს სურდა, რადგან იცოდა, რომ მეფე ლამონი ღმერთის ძალის შემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა; მან იცოდა, რომ გონებიდან ურწმუნოების ბნელი საბურველი სძვრებოდა და სინათლე, რომელმაც მას გონება გაუნათა, რომელიც იყო სინათლე ღმერთის დიდებისა და იყო მისი სიკეთის საოცარი სინათლე – დიახ, ამ სინათლემ მის სულში ისეთი სიხარული გააღვიძა, ბნელეთის ღრუბელი გაფანტა და აენთო მარადიული სიცოცხლის სინათლე მის სულში, დიახ, მან იცოდა, რომ ამან სძლია მის ბუნებრივ არსს და ის ღმერთის მიერ იყო გატაცებული –

7 ასე რომ ის, რაც სურდა მისგან დედოფალს, იყო მისი ერთადერთი სურვილი. ამიტომ, ის შევიდა მეფის სანახავად იმისდა შესაბამისად, როგორც დედოფალს სურდა; და მან დაინახა მეფე და მიხვდა, რომ ის არ იყო მკვდარი.

8 და მან დედოფალს უთხრა: ის არ არის მკვდარი, არამედ ღმერთში სძინავს და მომდევნო დღეს კვლავ წამოდგება; ამიტომ, არ დამარხოთ იგი.

9 და ამონმა დედოფალს უთხრა: გწამს შენ ამისი? და მან მიუგო: მე არ მაქვს არაფერი სხვა დამოწმება, გარდა შენი სიტყვისა და მსახურთა სიტყვის; ამისდა მიუხედავად, მე მწამს, რომ იქნება ისე, როგორც შენ თქვი.

10 და ამონმა დედოფალს უთხრა: კურთხეული ხარ შენი ღრმა რწმენის გამო; მე გეუბნები, ქალო, ნეფიელთა ხალხს შორის არ ყოფილა ასეთი დიდი რწმენა.

11 და იყო ასე, რომ დედოფალი ფხიზლობდა ქმრის საწოლთან იმ დროიდან, მომდევნო დღის იმ დრომდეც კი, რომელიც ამონმა დანიშნა, რომ ის უნდა წამომდგარიყო.

12 და იყო ასე, რომ ის წამოდგა, ამონის სიტყვების შესაბამისად; და იგი წამოდგა, გაიწოდა ხელი ქალისაკენ და თქვა: კურთხეული იყოს სახელი ღვთისა და კურთხეული ხარ შენ.

13 რადგან, ისე ცხადად, როგორც შენ ცოცხალი ხარ, აჰა, ასევე მე ვიხილე ჩემი გამომსყიდველი; და ის მოვა და იშვება ქალისაგან და გამოისყიდის მთელ კაცობრიობას, რომელიც იწამებს მის სახელს. ახლა, როდესაც მან ეს სიტყვები თქვა, მისი გული სიხარულით აღივსო და იგი კვლავ დაეცა სიხარულისაგან; და დედოფალიც ასევე დაეცა, იყო რა სულის მიერ დაძლეული.

14 ახლა, ამონმა, იხილა რა, თუ როგორ გადმოიღვარა უფლის სული მისი ლოცვების შესაბამისად ლამანიელებზე, მის ძმებზე, რომლებიც ასეთ დიდ გლოვას იწვევდნენ ნეფიელთა შორის ანუ ღმერთის ყველა ხალხში, თავიანთი ურჯულოებისა და ჩვეულების გამო, ის მუხლებზე დაეცა და თავისი სული ლოცვაში და ღმერთისადმი სამადლობელში გადმოღვარა იმისათვის, რაც მან გააკეთა მისი ძმებისთვის; და ის ასევე სიხარულით იყო აღსავსე და ასე, სამივენი მიწაზე დაეცნენ.

15 ახლა, როდესაც მეფის მსახურებმა დაინახეს, რომ ისინი დაეცნენ, მათაც დაიწყეს ღმერთისადმი ღაღადი, რადგან მათზეც გადმოვიდა უფლისადმი შიში, რადგან ისინი იყვნენ, რომელნიც მეფის წინაშე იდგნენ და ამონის დიდ ძალაზე მოწმობდნენ.

16 და იყო ასე, რომ ისინი მთელი ძალისხმევით მოუხმობდნენ უფლის სახელს იქამდე, სანამ ყველანი მიწაზე არ დაეცნენ, გარდა ერთი ლამანიელი ქალისა, რომელსაც სახელად აბიში ერქვა, რომელიც უფლის რწმენაში მოიქცა მრავალი წლის წინ, მამამისის არაჩვეულებრივი ხილვის გამო –

17 ასე რომ, იყო რა უფალში მოქცეული და არასდროს არ გაუმხელია ეს, ამიტომ, როდესაც მან იხილა, რომ ლამონის ყველა მსახური მიწაზე დაეცა და ასევე მისი ქალბატონიც, დედოფალი და მეფე, და ამონიც მიწაზე განრთხმული, ქალმა იცოდა, რომ ეს იყო ღმერთის ძალა და ფიქრობდა, რომ თუ ხალხს შეატყობინებდა იმას, რაც მოხდა მათ შორის, ამ სცენის ხილვა გამოიწვევდა მათში ღმერთის ძალაში რწმენას, ამიტომ, ის დარბოდა სახლიდან სახლში, რათა ხალხისათვის ემცნო ამის შესახებ.

18 და მათ დაიწყეს მეფის სახლში შეკრება. და იქ მოვიდნენ მრავალნი. და თავისდა გასაოცრად, მათ იხილეს მეფე და დედოფალი და მათი მსახურნი მიწაზე განრთხმულნი; და ისინი იქ იწვნენ, ვითარცა მკვდრები; მათ ასევე იხილეს ამონი და აჰა, იგი ნეფიელი იყო.

19 და ახლა, ხალხმა ერთმანეთში დაიწყო ბუზღუნი; ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო დიდი ბოროტება, რომელიც მათ მოევლინათ ანუ მეფესა და მის სახლს, იმისათვის, რომ მან ნეფიელს ამ მიწაზე დარჩენის ნება დართო.

20 მაგრამ სხვები მათ საყვედურობდნენ სიტყვებით: მეფემ თავის სახლზე ბოროტება მოავლინა, რადგან ხოცავდა თავის მსახურებს, რომლებსაც ფარა გაეფანტათ სებუსის წყლებთან.

21 და მათ ასევე საყვედურობდნენ ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ სებუსის წყლებთან და ფანტავდნენ ფარას, რომელიც მეფის იყო, რადგან ამონზე იყვნენ განრისხებულნი, მის მიერ სებუსის წყლებთან მრავალი მათი ძმის დახოცვის გამო, როდესაც იცავდა მეფის ფარას.

22 ახლა, ერთ-ერთმა მათგანმა, რომლის ძმაც მოკლულ იქნა ამონის მახვილით, იყო რა მეტისმეტად განრისხებული ამონზე, ამოიღო თავისი მახვილი და წინ გამოვიდა, რათა ის ამონის თავს დასცემოდა და მოეკლა იგი, მაგრამ როგორც კი მან მახვილი აღმართა მის მოსაკლავად, აჰა ის მკვდარი დაეცა.

23 ახლა, ვხედავთ, რომ ამონის მოკვლა იყო შეუძლებელი, რადგან უფალმა უთხრა მის მამას, მოსიას: მე დავიცავ მას და ეს იქნება მისთვის შენი რწმენის შესაბამისად, ამიტომ, მოსიამ იგი მიანდო უფალს.

24 და იყო ასე, რომ, როდესაც მრავალმა იხილა, რომ ის კაცი, რომელმაც მახვილი აღმართა ამონის მოსაკლავად, მკვდარი დაეცა, ყველა მათგანი შიშმა მოიცვა და ვერ ბედავდნენ ხელის წინ გაშვერას, რომ მას შეხებოდნენ ან რომელიმეს, ვინც დაეცა; და მათ კვლავ იწყეს ერთმანეთში გაოცება, თუ რას შეეძლო გამოეწვია ეს დიდი ძალა ანუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი.

25 და იყო ასე, რომ მათ შორის იყვნენ მრავალნი, რომლებმაც თქვეს, რომ ამონი იყო დიადი სული და სხვები ამბობდნენ – იგი დიადი სულის მიერ იყო მოვლენილი;

26 მაგრამ სხვები საყვედურობდნენ მათ ყველას, ამბობდნენ რა, რომ ის არის ურჩხული, რომელიც მოგზავნილი იყო ნეფიელებისგან მათ საწამებლად.

27 და იქ იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამონი მოვლენილი იყო დიადი სულის მიერ, რათა დატანჯოს ისინი მათი ურჯულოების გამო; და რომ დიადი სული იყო ის, რომელიც ყოველთვის ახლავდა ნეფიელთ, რომელმაც გამოიხსნა ისინი მათი ხელიდან; და ისინი ამბობდნენ, რომ ის იყო დიადი სული, რომელმაც გაანადგურა მრავალი მათი ძმა, ლამანიელი.

28 და ასე, მათ შორის განხეთქილებამ მეტისმეტად იწყო გამწვავება; და იმ დროს, როდესაც ისინი ასე კამათობდნენ, მოვიდა მსახური ქალი, რომელმაც მოახდინა ის, რომ მრავალნი ერთად შეკრებილიყვნენ; და როდესაც მან იხილა ეს განხეთქილება, რომელიც იყო მრავალთა შორის, ქალი დანაღვლიანდა, ცრემლებამდეც კი.

29 და ეს იყო ასე, რომ მსახური ქალი მივიდა და დედოფალს ხელი მოკიდა, რათა იგი მიწიდან წამოეყენებინა; და როგორც კი ის მის ხელს შეეხო, იგი წამოდგა და ფეხზე დადგა და ხმამაღლა შესტირა სიტყვებით: კურთხეულო იესო, რომელმაც მიხსნა საშინელი ჯოჯოხეთიდან! კურთხეულო ღმერთო, შეიწყალე ეს ხალხი!

30 და როდესაც დედოფალმა ეს თქვა, მან ტაში შემოჰკრა, აღვსილმა სიხარულით, წარმოთქვამდა მრავალ სიტყვას, რომლებიც გაუგებარი იყო; და როდესაც მან ეს დაასრულა, ხელი მოკიდა მეფე ლამონს და აჰა, იგი წამოდგა და ფეხზე დადგა.

31 და მან დაუყოვნებლივ, იხილა რა განხეთქილება თავის ხალხში, წინ გამოვიდა და დაიწყო მათთვის საყვედურის თქმა და იმ სიტყვების სწავლება, რომლებიც მან ამონის პირიდან მოისმინა; და რამდენმაც მოისმინა მისი სიტყვები, იწამა ისინი და მოიქცა უფლის რწმენაში.

32 მაგრამ მათ შორის იყვნენ მრავალნი, რომლებმაც არ ისურვეს მისი სიტყვების მოსმენა, ამიტომ, ისინი წავიდნენ თავიანთი გზით.

33 და იყო ასე, რომ როდესაც ამონი წამოდგა, ისიც ასევე ემსახურა მათ, ასევე ლამონის ყველა მსახურიც; და ყოველი მათგანი აუწყებდა ხალხს იგივეს – რომ მათი გული შეიცვალათ; რომ აღარ აქვთ ბოროტების ჩადენის სურვილი.

34 და აჰა, მრავალნი აუწყებდნენ ხალხს, რომ იხილეს ანგელოზები და მათთან საუბრობდნენ; და ასე ეუბნებოდნენ მათ ღმერთის საქმეებისა და მის სამართლიანობის შესახებ.

35 და იყო ასე, რომ იქ იყვნენ მრავალნი, რომლებმაც იწამეს მათი სიტყვები და რამდენმაც იწამა – მოინათლა; და ისინი მართალი ხალხი გახდნენ და მათთან ეკლესია დააარსეს.

36 და ასე დაიწყო უფლის საქმე ლამანიელთა შორის; ასე დაიწყო უფალმა მათზე თავისი სულის გადმოღვრა; და ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ხელი გაწვდილია ყოველი ადამიანისადმი, რომელიც მოინანიებს და მის სახელს იწამებს.