წმინდა წერილი
ალმა 27


თავი 27

უფალი უბრძანებს ამონს, წაიყვანოს ანტი-ნეფი-ლეხის ხალხი უსაფრთხო ადგილზე. ალმასთან შეხვედრისას ამონს სიხარულისგან ძალა ეცლება. ნეფიელნი აძლევენ ანტი-ნეფი-ლეხიელებს იერშონის მიწას. მათ უწოდებენ ამონის ხალხს. დაახლოებით 90–77 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, ეს იყო ასე, რომ როდესაც იმ ლამანიელებმა, რომლებიც ნეფიელების წინააღმდეგ საომრად წავიდნენ, მათი განადგურების მრავალი მცდელობის შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ ამაოება იყო მათი განადგურების მცდელობა, კვლავ ნეფის მიწაზე დაბრუნდნენ.

2 და ეს იყო ასე, რომ ამალეკიელები, მათი დანაკარგის გამო, იყვნენ ძალზედ განრისხებულნი. და როდესაც მათ დაინახეს, რომ ვერ იძიებდნენ შურს ნეფიელებზე, დაიწყეს ხალხში წყრომის გაღვივება, თავიანთი ძმების მიმართ, ანტი-ნეფი-ლეხის ხალხის, წინააღმდეგ; ამიტომ, კვლავ იწყეს მათი განადგურება.

3 ახლა, ეს ხალხი კვლავ უარზე იყო, თავისი იარაღი აეღოთ, და მტრის სურვილის თანახმად, თავი შეაკლეს მათ.

4 ახლა, როდესაც ამონმა და მისმა ძმებმა იხილეს ეს განადგურება მათ შორის, რომლებიც ასე ძალზედ უყვარდათ და მათ შორის, რომლებსაც ასე ძალზედ უყვარდათ ისინი, რადგან მათ ექცეოდნენ, ვითარცა ღმერთისგან მოვლენილ ანგელოზებს, რათა გადაერჩინათ ისინი მარადიული განადგურებისგან, ამიტომ, როდესაც ამონმა და მისმა ძმებმა იხილეს ეს დიდი განადგურება, ისინი შეძრა სიბრალულმა და მეფეს უთხრეს:

5 მოდით ერთად შევკრიბოთ უფლის ეს ხალხი და წავიდეთ ზარაჰემლას მიწაზე, ჩვენს ძმებთან, ნეფიელებთან; და გავუსხლტეთ მტერს ხელიდან, რათა ვერ გაგვანადგუროს.

6 მაგრამ მეფემ მათ მიუგო: აჰა, ნეფიელები გაგვანადგურებენ ჩვენი მრავალი მკვლელობებისა და ცოდვების გამო, რომლებიც მათ წინააღმდეგ ჩავიდინეთ.

7 და ამონმა თქვა: მე წავალ და უფალს ვკითხავ და თუ ის გვეტყვის: წადით თქვენს ძმებთან, – თქვენ წამოხვალთ?

8 და მეფემ მას მიუგო: დიახ, თუ უფალი გვეტყვის: წადით, – ჩვენ წავალთ ჩვენს ძმებთან და ვიქნებით მათი მონები, სანამ არ ავუნაზღაურებთ იმ მრავალ მკვლელობას და ცოდვას, რომლებიც ჩვენ მათ წინააღმდეგ ჩავიდინეთ.

9 მაგრამ ამონმა მას უთხრა: ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ძმების კანონს, რომელიც ჩამოაყალიბა მამაჩემმა, რომ არ ყოფილიყო არცერთი მონა მათ შორის; ამიტომ, მოდით ჩავიდეთ და მივენდოთ ჩვენი ძმების მოწყალებას.

10 მაგრამ მეფემ მას უთხრა: ჰკითხე უფალს და თუ გვეტყვის: წადით, – ჩვენ წავალთ; სხვაგვარად ამ მიწაზე დავიღუპებით.

11 და იყო ასე, რომ ამონი წავიდა და უფალს ჰკითხა და უფალმა მას უთხრა:

12 ეს ხალხი ამ მიწიდან გაიყვანე, რომ არ დაიღუპოს, რადგან სატანას აქვს დიდი გავლენა ამალეკიელთა გულებზე, რომლებიც აღვივებენ წყრომას ლამანიელებში თავიანთი ძმების წინააღმდეგ, რათა დახოცონ ისინი; ამიტომ, გადით ამ მიწებიდან და კურთხეულია ეს ხალხი ამ თაობაში, რადგან მე მათ შევინახავ.

13 და ახლა, იყო ასე, რომ ამონი მივიდა და მეფეს მოახსენა ყოველი სიტყვა, რომელიც უფალმა მას უთხრა.

14 და მათ ერთად შეკრიბეს მთელი თავიანთი ხალხი, დიახ, უფლის მთელი ხალხი; და ერთად შეკრიბეს მთელი თავიანთი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი და წავიდნენ ამ მიწებიდან და მივიდნენ უდაბნოში, რომელიც ნეფის მიწას ჰყოფდა ზარაჰემლას მიწისგან და მიუახლოვდნენ იმ მიწის საზღვრებს.

15 და იყო ასე, რომ ამონმა მათ უთხრა: აჰა, მე და ჩემი ძმები წავალთ ზარაჰემლას მიწაზე და ჩვენს დაბრუნებამდე თქვენ აქ დარჩებით; და ჩვენ გამოვცდით ჩვენი ძმების გულებს, თუ არიან თანახმანი, რომ თქვენ მათ მიწაზე მიხვიდეთ.

16 და იყო ასე, რომ როდესაც ამონი მიდიოდა იმ მიწისკენ, იგი და მისი ძმები შეხვდნენ ალმას იმ ადგილზე, რომელზეც უკვე ითქვა; და აჰა, ეს იყო სასიხარულო შეხვედრა.

17 ახლა, ამონის სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ მან მთლიანად მოიცვა იგი; დიახ, თავისი ღმერთისადმი სიხარულმა შთანთქა, ძალის დაკარგვამდეც კი; და კვლავ მიწაზე დაეცა.

18 ახლა, ნუთუ არ იყო ეს უდიდესი სიხარული? აჰა, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერავინ აღწევს, გარდა ჭეშმარიტად მომნანიებელი და თავმდაბალი ბედნიერების მაძიებლისა.

19 ახლა, ალმას სიხარული თავისი ძმების შეხვედრისას იყო ჭეშმარიტად უდიდესი და ასევე აარონის, ომნერისა და ხიმნის სიხარულიც; მაგრამ, აჰა, მათმა სიხარულმა არ გადააჭარბა მათ ძალას.

20 და ახლა, იყო ასე, რომ ალმა გაუძღვა თავის ძმებს უკან, ზარაჰემლას მიწისკენ; თავის საკუთარ სახლამდეც კი. და ისინი მივიდნენ მთავარ მოსამართლესთან და მოუყვნენ ყველაფრის შესახებ, რაც ნეფის მიწაზე მათ ლამანიელ ძმებთან, თავს გადახდათ.

21 და იყო ასე: მთავარმა მოსამართლემ გააგზავნა განცხადება მთელს მიწაზე, სურდა რა გაეგო ხალხის აზრი თავიანთი ძმების, ანტი-ნეფი-ლეხის ხალხის, შემოშვების შესახებ.

22 და იყო ასე, რომ ხალხის ხმამ მოაღწია სიტყვებით: აჰა, ჩვენ დავუთმობთ იერშონის მიწას, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთით, ზღვასთან, რომელიც უერთდება ბარაქიანის მიწას, რომელიც არის ბარაქიანის მიწის სამხრეთით; და ეს იერშონის მიწა არის ის მიწა, რომელსაც მივცემთ ჩვენს ძმებს მემკვიდრეობისთვის.

23 და აჰა, ჩვენ დავაყენებთ ჩვენს ჯარებს იერშონისა და ნეფის მიწებს შორის, რათა დავიცვათ ჩვენი ძმები იერშონის მიწაზე; და ამას ვაკეთებთ ჩვენი ძმებისთვის, მათი შიშის გათვალისწინებით, რომ არ აღმართონ იარაღი თავიანთი ძმების წინააღმდეგ, რათა არ ჩაიდინონ ცოდვა. და მათი ეს დიდი შიში მოვიდა მათივე მწარე მონანიების გამო, რომელიც მათ გამოსცადეს მრავალი მკვლელობებისა და საშინელი სიბოროტის შედეგად.

24 და ახლა, აჰა, ამას გავაკეთებთ ჩვენი ძმებისთვის, რათა მათ მემკვიდრეობით მიიღონ იერშონის მიწა; და ჩვენ, ჩვენი ჯარებით, დავიცავთ მათ თავიანთი მტრებისგან იმ პირობით, რომ დასახმარებლად მოგვცემენ თავიანთი ქონების ნაწილს, რათა ვარჩინოთ ჩვენი ჯარები.

25 ახლა, იყო ასე, როდესაც ამონმა ეს გაიგო, იგი დაუბრუნდა ანტი-ნეფი-ლეხის ხალხს უდაბნოში, სადაც მათ ჰქონდათ კარვები გაშლილი და ალმაც მასთან ერთად იყო და შეატყობინეს ყველაფერი. და ალმამ ასევე აცნობა მათ თავისი მოქცევის ამბავი ამონთან, აარონთან და მის ძმებთან ერთად.

26 და იყო ასე, რომ ამან გამოიწვია დიდი სიხარული მათ შორის. და წავიდნენ იერშონის მიწაზე და აიღეს იერშონის მიწის მამული; და მათ ნეფიელებმა უწოდეს ამონის ხალხი, ამიტომ, ამის შემდეგ, ისინი ამ სახელით გამოირჩეოდნენ.

27 და ისინი იყვნენ ნეფის ხალხს შორის და ასევე ითვლებოდნენ ღმერთის ეკლესიის ხალხად. და ისინი ასევე გამოირჩეოდნენ ღმერთისადმი და ასევე ადამიანებისადმი თავიანთი გულმოდგინეობით, რადგან იყვნენ პატიოსანნი და კეთილშობილნი ყველაფერში; და იყვნენ მტკიცენი ქრისტეს რწმენაში, ბოლომდე.

28 და ისინი უყურებდნენ თავიანთი ძმების სისხლისღვრას უდიდესი ზიზღით; და მათ ვერასდროს ვერ აიძულებდნენ, აღემართათ იარაღი თავიანთი ძმების წინააღმდეგ; და არასდროს არ უყურებდნენ სიკვდილს, თუნდაც მცირედი შიშითაც კი, ქრისტეში და აღდგომაში მათი იმედისა და შეხედულებების გამო; ამიტომ, მათთვის ქრისტეს გამარჯვებამ შთანთქა სიკვდილი.

29 ამიტომაც, ერჩივნათ სიკვდილით დასჯილიყვნენ, ყველაზე მძიმე და ტანჯული გზით, რომლის მიყენებასაც შეძლებდნენ თავიანთი ძმები, იქამდე, სანამ ხმალს ან მახვილს აიღებდნენ მათ მოსაკლავად.

30 და ასე, ისინი იყვნენ გულმოდგინე და საყვარელი ხალხი, უფლისგან ძალზედ მოწონებული ხალხი.