მისიის მოწოდებები
თავი 3: გაკვეთილი 4— მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფენი


„თავი 3: გაკვეთილი 4— მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფენი “, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 3: გაკვეთილი 4“, იქადაგე ჩემი სახარება

თავი 3: გაკვეთილი 4

მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფენი

გამოსახულება
დაკარგული კრავი, ავტორი: დელ პარსონი

ამ გაკვეთილის სწავლება

ნათლობა სასიხარულო, იმედის მომცემი წეს-ჩვეულებაა. ნათლობით ჩვენ ვავლენთ სურვილს, მივყვეთ ღმერთს და ვდგებით მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე. ასევე, ვაჩვენებთ ჩვენს ვალდებულებას, მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფენი.

წინამდებარე გაკვეთილი შედგენილია ჩვენ მიერ ნათლობის დროს დადებული აღთქმების მიხედვით. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად ნაწილებს, რომელთაგან თითოეულს აქვს ქვენაწილი:

დაეხმარე ადამიანებს გააცნობიერონ, რომ პრინციპები და მცნებები, რომლებსაც ასწავლი, არის იმ აღთქმის ნაწილი, რომელსაც ისინი ნათლობისას დადებენ. აჩვენე მათ, თუ როგორ დაეხმარება ამ გაკვეთილის თითოეული ნაწილი „მო[ვიდნენ] ქრისტესთან … და იგემო[ნ] მისი ხსნა“ (ომნი 1:26; იხ. ასევე 1 ნეფი 15:14).

წინამდებარე გაკვეთილის სრულად გავლა რამდენიმე შეხვედრით შეიძლება. სასწავლო შეხვედრა 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. უკეთესია ჩაატარო მოკლე, ხშირი შეხვედრები, სადაც მცირე მოცულობის მასალას გაივლი.

დაგეგმე, რა უნდა ასწავლო, როდის უნდა ასწავლო და რამდენი დრო დაგჭირდება. გაითვალისწინე შენი მოწაფეების საჭიროებები და დახმარებისთვის ეძიე სულიწმინდის წინამძღოლობა. შეგიძლია ასწავლო თითოეულის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მონათვლისა და წევრად დამტკიცებისთვის მოსამზადებლად.

წინამდებარე გაკვეთილის ზოგიერთი ნაწილი მოიცავს კონკრეტულ მოწვევებს. ეძიე შთაგონება, თუ როგორ და როდის განახორციელო მოწვევა. ყურადღება მიაქციე თითოეული ადამიანის გააზრების დონეს. დაეხმარე მათ, ნელ-ნელა დაიწყონ სახარების მიხედვით ცხოვრება.

გამოსახულება
ქალი ზიარების მიღებისას

საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღების აღთქმა

მონათვლისას ჩვენ ვდებთ აღთქმას, რომ მივყვებით იესო ქრისტეს „გულის მთელი მოწადინებით“. ჩვენ ასევე ვმოწმობთ, რომ „მზად [ვ]ართ საკუთარ თავზე ა[ვ]იღოთ ქრისტეს სახელი“ (2 ნეფი 31:13; იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 20:37).

საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღება ნიშნავს, გვახსოვდეს იგი და ვცდილობდეთ, მთელი ცხოვრების მანძილზე ვიცხოვროთ როგორც მისი მოწაფენი. ჩვენში მის ნათელს სხვებსაც გავუზიარებთ. ვთვლით, რომ მას ვეკუთვნით და მას ყველაზე წინ ვაყენებთ ცხოვრებაში.

წინამდებარე ნაწილები აღწერს ჩვენ მიერ იესო ქრისტეს გახსენებისა და მიყოლის ორ გზას.

ილოცე ხშირად

ლოცვა შეიძლება იყოს უბრალო, გულწრფელი საუბარი ზეციურ მამასთან. ლოცვის დროს, მას ღიად და გულახდილად მივმართავთ. გამოვხატავთ სიყვარულს მისდამი და მადლიერებას მისი დალოცვებისთვის. ასევე, ვთხოვთ დახმარებას, დაცვასა და მითითებას. ლოცვის დასრულებისას უნდა შევჩერდეთ და მოვუსმინოთ.

იესო გვასწავლიდა: „ყოველთვის უნდა ილოცოთ მამისადმი ჩემი სახელით” (3 ნეფი 18:19; იხ. ასევე მოსე 5:8). როცა იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობთ, ჩვენ გვახსოვს ის და ზეციური მამა.

იესომ გვიჩვენა ლოცვის მაგალითი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ლოცვის შესახებ წმინდა წერილებში მხსნელის ლოცვების შესწავლით (იხ. მათე 6:9–13; იოანე 17).

ჩვენი ლოცვა შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

  • დასაწყისში, მივმართავთ ზეციურ მამას.

  • გამოვხატავთ ჩვენს გულისნადებს, მაგალითად, მადლიერებას, მიღებული დალოცვებისთვის.

  • ვსვამთ კითხვებს, ვეძიებთ დახმარებას და ვთხოვთ დალოცვებს.

  • ვასრულებთ სიტყვებით: „იესო ქრისტეს სახელით, ამინ“.

წმინდა წერილის დარიგებით, დილა-საღამოს უნდა ვილოცოთ. თუმცა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია ლოცვა. პირადი და ოჯახური ლოცვისას, დაჩოქილ მდგომარეობაში ლოცვა მრავლისმთქმელია. გულში ყოველთვის უნდა ვლოცულობდეთ. (იხ. ალმა 34:27; 37:36–37; 3 ნეფი 17:13; 19:16.)

ჩვენი ლოცვა გააზრებული და გულიდან წამოსული უნდა იყოს. ლოცვისას, უნდა მოვერიდოთ ერთი და იმავეს ერთნაირად გამოთქმას.

ჩვენ ვლოცულობთ რწმენით, გულწრფელობითა და ნამდვილი განზრახვით და მიღებული პასუხების მიხედვით ვმოქმედებთ. აღნიშნულის კეთებით, ღმერთი დაგვეხმარება, გვიჩვენებს გზას და მიგვაღებინებს კარგ გადაწყვეტილებებს. ხოლო ჩვენ — მასთან უფრო ახლოს ვიგრძნობთ თავს. ის გვიბოძებს გააზრებასა და ჭეშმარიტებას. უფალი დაგვლოცავს ნუგეშით, სიმშვიდითა და სიძლიერით.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „ლოცვა

  • ბიბლიის ლექსიკონი: „ლოცვა

  • სახარების საკითხები: „ლოცვა

ისწავლე წმინდა წერილები

ნეფი გვასწავლის: „ინადიმეთ ქრისტეს სიტყვებით; რადგან, აჰა, ქრისტეს სიტყვები გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ“ (2 ნეფი 32:3; იხ. ასევე 31:20).

წმინდა წერილის შესწავლა უმნიშვნელოვანესი გზაა, რათა გვახსოვდეს იესო ქრისტე და მივყვეთ მას. წმინდა წერილში ვეცნობით მის ცხოვრებას, მსახურებასა და სწავლებებს. ასევე, ვიგებთ მისი დაპირებების შესახებ. როდესაც ვკითხულობთ წმინდა წერილებს, ჩვენ განვიცდით უფლის სიყვარულს. ჩვენი სული ივსება, მისდამი რწმენა იზრდება და გონება გვინათდება. ჩვენი დამოწმებები მისი ღვთიური მისიის შესახებ ძლიერდება.

ჩვენ გვახსოვს იესო და მივყვებით მას, როცა მის სიტყვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. ჩვენ ყოველდღიურად უნდა შევისწავლოთ წმინდა წერილი, განსაკუთრებით კი, მორმონის წიგნი.

ბიბლია, მორმონის წიგნი, მოძღვრება და აღთქმები და ძვირფასი მარგალიტი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წმინდა წერილებია. მათ ასევე „სანიმუშო ნაშრომები“ ეწოდება.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „წმინდა წერილები

  • სახარების საკითხები: „წმინდა წერილები

გამოსახულება
იესო ქრისტე მოძღვრავს შეკრებილთ

ღვთის მცნებების დაცვის აღთქმა

შენიშვნა: წინამდებარე ნაწილში უამრავი გზაა მოცემული მცნებების სასწავლებლად. მაგალითად, შესაძლოა, რამდენიმე შეხვედრაში ასწავლო ეს მცნებები. ან ზოგიერთი პირველ სამ გაკვეთილზე ასწავლო. აღთქმების შესახებ სწავლებისას, დაუკავშირე ისინი მონათვლის აღთქმასა და ხსნის გეგმას.

მონათვლისას, ჩვენ აღთქმას ვდებთ ღმერთთან, რომ „და[ვ]იცავთ მის მცნებებს“ (მოსია 18:10; ალმა 7:15).

ღმერთმა მცნებები იმიტომ გვიბოძა, რომ ვუყვარვართ. მას ჩვენთვის საუკეთესო სურს, აწ და მარადის. ზეციურმა მამამ იცის, რა გვჭირდება სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის. მან ასევე იცის, თუ რა მოგვიტანს უდიდეს ბედნიერებას. თითოეული მცნება არის ღვთიური საჩუქარი, რომელიც მოგვეცა გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებისთვის, ჩვენს დასაცავად და ჩვენი ზრდისთვის.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დედამიწაზე მოვედით, არის ის, რომ ვისწავლოთ და არჩევნის თავისუფლება გონივრულად გამოყენებით განვვითარდეთ (იხ. აბრაამი 3:25). ღვთის მცნებების დაცვის არჩევა და მონანიება — როცა შევცოდავთ, გვეხმარება გამოწვევებით მდიდარი მოკვდავი ცხოვრების გზაზე სვლაში.

ღვთის მცნებები არის სიძლიერისა და დალოცვების წყარო (იხ. მოძღვრება და აღთქმები 82:8–9). მცნებების დაცვით ვიაზრებთ, რომ ეს არ არის ჩვენი თავისუფლების შემზღუდველი, დამამძიმებელი წესები. ნამდვილი თავისუფლება მცნებების დაცვას მოაქვს. დამორჩილება სიძლიერის წყაროა, რომელიც სულიწმინდის საშუალებით ცოდნასა და ნათელს მოგვიტანს. იგი უდიდეს სიხარულს გვანიჭებს და გვეხმარება, მივაღწიოთ ღვთიურ პოტენციალს, როგორც ღვთის შვილები.

ღმერთი დალოცვებს გვპირდება, თუ მის მცნებებს დავიცავთ. ზოგიერთი დალოცვა კონკრეტულ მცნებას ეხება. მისი საბოლოო დალოცვაა სიმშვიდე დედამიწაზე და მარადიული სიცოცხლე მომავალ ცხოვრებაში. (იხ. მოსია 2:41; ალმა 7:16; მოძღვრება და აღთქმები14:7; 59:23; 93:28; 130:20–21.)

ღმერთის დალოცვები სულიერი და ხორციელია. ზოგჯერ მოთმინებით უნდა ვიყოთ მათ მოლოდინში, გვჯეროდეს, რომ ისინი მოვა მისი ნებისა და დროის მიხედვით (იხ. მოსია 7:33; მოძღვრება და აღთქმები 88:68). დალოცვის ამოცნობისთვის საჭიროა სულიერად ყურადღებით ვიყოთ და ვაკვირდებოდეთ. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ისეთ დალოცვებს, რომლებიც მოგვეცემა მარტივი და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გზებით.

ზოგიერთი კურთხევა შეიძლება მხოლოდ მოგვიანებით გახდეს ცხადი. ხოლო ზოგიერთი — ამ ცხოვრების დასრულების შემდეგ გამოჩნდეს. განურჩევლად ღვთის დალოცვების დროისა და ბუნებისა, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათ მივიღებთ, როდესაც იესო ქრისტეს სახარებით ვეცდებით ცხოვრებას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 82:10).

ღმერთს ყველა შვილი სრულყოფილად უყვარს. ის მომთმენია ჩვენი სისუსტეების მიმართ და მიმტევებელია, როცა ვინანიებთ.

ორი უდიდესი მცნება

როდესაც ქრისტემ იკითხა: „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“ მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით“.

და შემდეგ იესომ თქვა, რომ მეორე უდიდესი მცნება პირველის მსგავსია: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22:36–39). „ამათზე დიდი მცნება არ არსებობს“ (მარკოზი 12:31).

ჩვენ, როგორც ღვთის სულიერი შვილები, სიყვარულის უდიდესი უნარი გვაქვს. ეს ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის ნაწილია. იესო ქრისტეს მოწაფეების განმსაზღვრელი მახასიათებელია ორი უდიდესი მცნებით ცხოვრება — უპირველესად, ღვთის სიყვარული და შემდგომ, მოყვასის სიყვარული.

ღვთის სიყვარული

ღმერთისთვის სიყვარულის ჩვენების უამრავი გზა არსებობს: შეგვიძლია დავიცვათ მისი მცნებები (იხ. იოანე 14:15, 21); შეგვიძლია იგი პირველ ადგილზე დავაყენოთ, დავუმორჩილოთ რა ჩვენი ნება მის ნებას. შეგვიძლია ჩვენი სურვილები, ფიქრები და გული მისკენ მოვმართოთ (იხ. ალმა 37:36); შეგვიძლია ვიცხოვროთ მადლიერებით მისი დალოცვებისთვის და გულუხვად გავუზიაროთ ეს კურთხევები სხვებს (იხ. მოსია 2:21–24; 4:16–21); მისდამი სიყვარულის გამოხატვა და გაღრმავება ლოცვითა და მსახურებით შეგვიძლია.

როგორც დანარჩენი მცნებები, ღვთის სიყვარულის მცნებაც ჩვენს სასარგებლოდ არსებობს. ის, რაც გვიყვარს, განსაზღვრავს, თუ რას ვეძიებთ. ხოლო რასაც ვეძიებთ, განსაზღვრავს — რას ვფიქრობთ და რას ვაკეთებთ. და რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ, განსაზღვრავს რანი ვართ — და რანი გავხდებით.

სხვებისადმი სიყვარული

სხვებისადმი სიყვარული არის ღვთის მიმართ ჩვენი სიყვარულის განვრცობა. მხსნელმა უამრავი გზა გვასწავლა სხვების შესაყვარებლად (იხ., მაგალითად, ლუკა 10:25–37 და მათე 25:31–46). ჩვენ მივმართავთ მათ და გულისა და ცხოვრების კარს ვუღებთ. სიყვარულს გამოვხატავთ მსახურებით — საკუთარი თავის გაწირვით, თუნდაც უმნიშვნელო გზით. სხვებისადმი სიყვარულს ღვთის ძღვენის მათთან გაზიარებით გამოვხატავთ.

სხვისი სიყვარული გულისხმობს მოთმინებას, სიკეთის კეთებას და გულწრფელობას. ის უპირობო მიტევებას მოიცავს. სიყვარული ყველა ადამიანის პატივისცემას გულისმობს.

როდესაც გვიყვარს, ჩვენც და ის ადამიანიც — კურთხეული ვართ. ჩვენი გული იზრდება, ცხოვრება უფრო აზრიანი ხდება და ჩვენი სიხარული მრავლდება.

დალოცვები

ღვთის სიყვარული და მოყვასის სიყვარული — ეს ორი უდიდესი მცნება ღმერთის ყველა მცნების საფუძველია (იხ. მათე 22:40). როდესაც, პირველ რიგში, გვიყვარს ღმერთი და ასევე გვიყვარს სხვები, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ეს სიყვარული გავლენას ახდენს ჩვენს ხედვაზე, დროის გამოყენებაზე, ინტერესებზე და ჩვენი პრიორიტეტების დალაგებაზე.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

მიჰყევი წინასწარმეტყველს

ღმერთი მოიხმობს წინასწარმეტყველებს, იყვნენ მისი წარმომადგენლები დედამიწაზე. თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით ის ამჟღავნებს ჭეშმარიტებას და იძლევა ხელმძღვანელობასა და გაფრთხილებებს.

ღმერთმა ჯოზეფ სმითი მოიხმო, რომ უკანასკნელ დღეთა პირველი წინასწარმეტყველი ყოფილიყო (იხ. გაკვეთილი 1). ჯოზეფ სმითის მემკვიდრეებსაც მოუწოდა ღმერთმა თავისი ეკლესიის ხელმძღვანელობისთვის, მათ შორის იმ წინასწარმეტყველსაც, რომელიც მას დღეს ხელმძღვანელობს. ჩვენ უნდა მივიღოთ რწმენა ცოცხალი წინასწარმეტყველის ღვთაებრივი მოწოდების შესახებ და მის სწავლებებს მივყვეთ.

ცოცხალ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სწავლებები არის მარადიული ჭეშმარიტების დამკვიდრება ცვალებადი ღირებულებების სამყაროში. ღვთის წინასწარმეტყველების მიყოლით, სამყაროს დაბნეულობა და დაპირისპირებები აღარ აგვაღელვებს. ჩვენ ვიპოვით უდიდეს ბედნიერებას ამ ცხოვრებაში და მივიღებთ ხელმძღვანელობას ჩვენი მარადიული მოგზაურობის ამ ნაწილისთვის.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

დაიცავი ათი მცნება

ღმერთმა ათი მცნება ძველი დროის წინასწარმეტყველს — მოსეს გაუზიარა, რათა მის ხალხს გზის გაკვალვაში დახმარებოდა. ეს მცნებები ზუსტად ისე, როგორც ძველ დროში, დღესაც გვეხება. ისინი გვასწავლის ღმერთის თაყვანისცემასა და პატივისცემას. მცნებები ასევე გვასწავლის, როგორ მოვექცეთ ერთმანეთს.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „მცნებები, ათი

  • სახარების საკითხები: „ათი მცნება

გამოსახულება
მამაკაცი ქალით ხელში

უბიწოების კანონით ცხოვრება

უბიწოების კანონს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღვთის ხსნისა და ამაღლების გეგმაში. ქმარსა და ცოლს შორის სექსუალური სიახლოვე ღმერთმა აკურთხა ბავშვების შექმნისა და ქორწინებაში სიყვარულის გამოვლენისთვის. ეს სიახლოვე და ცოცხალი არსების შექმნის ძალა მშვენიერი და წმინდა რამ არის.

ღვთის უბიწოების კანონი არის თავშეკავება სექსუალური ურთიერთობებისგან მამაკაცისა და ქალის კანონიერი ქორწინების მიღმა. ეს კანონი ასევე ნიშნავს ქორწინების შემდეგ მეუღლის მიმართ სრულ ერთგულებას.

უბიწოების კანონის დასაცავად, წინასწარმეტყველები გვაფრთხილებენ, ვიყოთ სუფთა ჩვენს აზრებსა და სიტყვებში. ნებისმიერი სახის პორნოგრაფიისგან თავი უნდა შევიკავოთ. უბიწოების კანონის დასაცავად უნდა ვიყოთ მოკრძალებულნი ჩვენს ქცევასა და გარეგნობაში.

მონათვლის კანდიდატებსაც მოეთხოვებათ უბიწოების კანონის დაცვა.

მონანიება და მიტევება

ღვთის თვალში, უბიწოების კანონის გატეხვა სერიოზული საკითხია (იხ. გამოსვლა 20:14; ეფესელთა 5:3). იგი არღვევს იმ წმინდა ძალას, რომელიც სიცოცხლის შესაქმნელად მოგვეცა. მაგრამ ღმერთს, ამ რჯულის გატეხვის მიუხედავად, მაინც ვუყვარვართ. იგი გვიწვევს, მოვინანიოთ და განვიწმინდოთ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის საშუალებით. ცოდვის სასოწარკვეთა შეიძლება შეიცვალოს ღვთის მიერ პატიების ტკბილი სიმშვიდით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:42–43).

დალოცვები

ღმერთმა გვიბოძა უბიწოების კანონი, რათა დაგვლოცოს ჩვენ და ის სულიერი შვილები, რომლებსაც დედამიწაზე აგზავნის. ამ რჯულის დაცვა აუცილებელია პირადი სიმშვიდისთვის და ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებში სიყვარულის, ნდობისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის.

როდესაც უბიწოების კანონით ვიცხოვრებთ, დაცულნი ვიქნებით სულიერი ზიანისგან, რომელიც მოდის ქორწინების მიღმა სექსუალური ურთიერთობისგან. ასევე, თავიდან ავიცილებთ ემოციურ და ფიზიკურ პრობლემებს, რომლებიც ხშირად ახლავს ასეთ ურთიერთობებს. მაშინ გაძლიერდება ჩვენი ნდობა ღვთის მიმართ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:45). სულიწმინდის გავლენის მიმართ უფრო გახსნილნი ვიქნებით. ჩვენ უკეთ მოვემზადებით ტაძარში წმინდა აღთქმების დასადებად, რომლებიც ჩვენს ოჯახებს სამარადისოდ აერთიანებს.

წმინდა წერილების შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „უბიწოება

  • სახარების საკითხები: „უბიწოება

დაიცავი მეათედის კანონი

ეკლესიის წევრობის დიდი პრივილეგიაა მეათედის გადახდის შესაძლებლობა. მეათდის გადახდით ჩვენ ვეხმარებით ღვთის საქმის წინ წაწევაში და მისი შვილების დალოცვაში.

მეათედის გაღება ძველი აღთქმის დროიდან მოდის. მაგალითად, წინასწარმეტყველი აბრაამი იხდიდა მეათედს ყველაფერზე, რაც მას გააჩნდა (იხ. ალმა 13:15; დაბადება 14:18–20).

სიტყვა მეათედი სიტყვასიტყვით ერთ მეათედს ნიშნავს. მეათედის გადახდის დროს, ჩვენი შემოსავლის ერთ მეათედს ეკლესიას ვწირავთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 119:3–4; პროცენტი, შემოსავლის მნიშვნელობით). ყველაფერი, რაც გვაქვს, ღვთის საჩუქარია. როდესაც მეათედს ვიხდით, ჩვენ გამოვხატავთ მის მიმართ მადლიერებას და ვუბრუნებთ მის მიერ მოცემულის ნაწილს.

მეათედის გადახდა რწმენის გამოხატულებაა. ეს, ასევე, ღმერთის მიმართ პატივისცემის გამოხატვის გზაა. იესოს სწავლების მიხედვით, „უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ“ (მათე 6:33), მეათედის გადახდა კი ამის გაკეთების გზაა.

გამოსახულება
ქვრივის ლეპტა, ავტორი: სანდრა რასტი

მეათედის ფონდის გამოყენება

მეათედის ფონდი წმინდაა. მეათედს გადავცემთ ეპისკოპოსობის წევრს, ბევრგან ამის გაკეთება ონლაინ შეიძლება. როდესაც ეპისკოპოსობა მეათედს იღებს, ისინი მას ეკლესიის სათავო ოფისს გადასცემენ.

პირველი პრეზიდენტობის, თორმეტ მოციქულთა ქვორუმისა და თავმჯდომარე ეპისკოპოსობის პრეზიდენტობის საბჭო განსაზღვრავს, თუ როგორ გამოიყენონ ფონდი ღვთის საქმეში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 120:1). გამოყენების არეალი შემდეგია:

  • ტაძრებისა და სამლოცველოების მშენებლობა და მოვლა.

  • წმინდა წერილების თარგმნა და გამოქვეყნება.

  • ადგილობრივი ეკლესიის მრევლის ღონისძიებების და ფუნქციონირების მხარდაჭერა.

  • მთელ მსოფლიოში მისიონერული სამუშაოს მხარდაჭერა.

  • ოჯახური ისტორიის საქმის მხარდაჭერა.

  • სკოლებისა და განათლების დაფინანსება.

მეათედი არ გამოიყენება ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელებისთვის გადახდის განხორციელებისთვის. ისინი უფასოდ მსახურობენ.

დალოცვები

მეათედის გადახდით, ღმერთი ამ გაცემულზე ბევრად დიდ დალოცვებს გვპირდება. იგი ამბობს: „აბა, გამომცადეთ ამით, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად“ (მალაქია 3:10; იხ. მუხლები 7–12). კურთხევები იქნება როგორც სულიერი, ისე ხორციელი.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

სიბრძნის სიტყვის დამორჩილება

უფლის კანონი ჯანმრთელობაზე

ჩვენი სხეული ღმერთის წმინდა საჩუქარია. თითოეულს გვჭირდება ფიზიკური სხეული, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ უფალს. ჩვენი სხეული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წმინდა წერილში მას ტაძარს ადარებენ (იხ. 1 კორინთელთა 6:19–20).

უფალს სურს, საკუთარ სხეულებს პატივი ვცეთ. ამის განსახორციელებლად, მან გაგვიმხილა ჯანმრთელობის კანონი — სიბრძნის სიტყვა. ეს გამოცხადება გვასწავლის, მივიღოთ ჯანსაღი საკვები და არ გამოვიყენოთ ნივთიერებები, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენს სხეულს, კერძოდ ალკოჰოლი, თამბაქო და ცხელი სასმელები (იგულისხმება ჩაი და ყავა).

სიბრძნის სიტყვის მოძღვრებით, თანამედროვე წინასწარმეტყველებმა გაგვაფრთხილეს სხვა ნივთიერებების გამოყენებაზე, რომლებიც არის მავნე, უკანონო ან დამოკიდებულებას იწვევს. წინასწარმეტყველები ასევე გვაფრთხილებენ წამლების ჭარბად გამოყენების შესახებ. (თქვენი მისიის პრეზიდენტი უპასუხებს კითხვებს იმის შესახებ, უნდა შეიზღუდოს თუ არა სხვა ნივთიერებები თქვენს გეოგრაფიულ არეალში.)

დალოცვები

უფალმა სიბრძნის სიტყვა ჩვენი ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობისთვის გვიბოძა. ამ მცნების დაცვის შემთხვევაში ის დიდ დალოცვებს გვპირდება. ეს დალოცვები მოიცავს ჯანმრთელობას, სიბრძნეს, ცოდნასა და დაცვას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 89:18–21).

სიბრძნის სიტყვის მორჩილება დაგვეხმარება, უფრო მგრძნობიარენი ვიყოთ სულიწმინდის კარნახის აღქმაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ჯანმრთელობის გამოწვევები, ამ კანონის დაცვა დაგვეხმარება, გვქონდეს უფრო ჯანმრთელი სხეული, გონება და სული.

მონათვლის კანდიდატები უნდა დაემორჩილონ სიბრძნის სიტყვას.

იმ ადამიანების დახმარებისთვის, რომლებიც მავნე ჩვევებს ებრძვიან, იხ. თავი 10.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

წმინდა ჰყავით შაბათი დღე

დასვენებისა და თაყვანისცემის დღე

„შაბათი“ (კირადღე) არის წმინდა დღე, რომელიც ღმერთმა გამოგვიყო ყოველ კვირას, რათა დავისვენოთ ჩვენი ყოველდღიური შრომისგან და თაყვანი ვცეთ მას. მოსესთვის მიცემული ათი მცნებიდან ერთ-ერთია: „დაიცავი შაბათის დღე, რომ წმინდაჰყო იგი“ (გამოსვლა 20:8; იხ. ასევე მუხლები 9–11).

თანამედროვე გამოცხადებაში უფალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „შაბათი“ „არის შენთვის დანიშნული დღე, რათა დაისვენო შრომისგან და მიაგო ქება-დიდება უზენაესს“ (მოძღვრება და აღთქმები 59:10). მან ბრძანა, რომ „შაბათი“ უნდა იყოს სიხარულის, ლოცვის და მადლიერების დღე (იხ. მუხლები 14–15).

როგორც „შაბათის“ თაყვანისცემის ნაწილი, ყოველ კვირას ზიარების შეკრებას ვესწრებით. ამ შეხვედრაზე ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს და ვიღებთ ზიარებას, რათა გავიხსენოთ იესო ქრისტე და მისი გამოსყიდვა. ზიარების მიღებისას, ჩვენ ვაახლებთ ღმერთთან დადებულ აღთქმებს და ვაჩვენებთ, რომ ცოდვების მონანიება გვსურს. ზიარების წეს-ჩვეულება „შაბათის“ დაცვის ცენტრალური ნაწილია.

ეკლესიაში ჩვენ ასევე ვესწრებით კლასებს, სადაც იესოს ქრისტეს სახარების შესახებ მეტს ვსწავლობთ. წმინდა წერილის ჯგუფურად შესწავლით ჩვენი რწმენა იზრდება, ხოლო ერთმანეთის მსახურებითა და გაძლიერებით ჩვენი სიყვარული იზრდება.

გარდა იმისა, რომ „შაბათს“ შრომისგან ვისვენებთ, თავი უნდა შევიკავოთ საყიდლებზე სიარულისა და სხვა ისეთი ღონისძიებებისგან, რასაც ჩვეულებრივ დღეეებში ვაკეთებთ. ჩვენ უნდა გადავდოთ ყველანაირი საქმიანობა, აზრები და ქმედებები კი სულიერ საკითხებზე გავამახვილოთ.

სიკეთის კეთების დღე

„შაბათს“ სიკეთის კეთება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რისგანაც თავს ვიკავებთ ამ დღის წმინდად შესანარჩუნებლად. ჩვენ ვსწავლობთ სახარებას, ვაძლიერებთ რწმენას, ვამყარებთ ურთიერთობებს, ვემსახურებით სხვებს და ვმონაწილეობთ სხვა გამახალისებელ აქტივობებში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

გამოსახულება
წყვილი წმინდა წერილის კითხვისას

დალოცვები

„შაბათის“ სიწმინდის დაცვა არის ჩვენი ერთგულების გამოხატულება ზეციური მამისა და იესო ქრისტეს მიმართ. როცა „შაბათის“ ღონისძიებებს ღმერთის ნებას მოვარგებთ, სიხარულსა და სიმშვიდეს ვიგრძნობთ. სულიერად კმაყოფილნი და ფიზიკურად განახლებულნი ვიქნებით. ასევე, ღმერთთან ახლოს ვიგრძნობთ თავს და ჩვენს მხსნელთან ურთიერთობას გავაღრმავებთ. ჩვენ უფრო მეტად შევძლებთ „ამაქვეყნისგან უმწიკვლოდ თავის შენარჩუნება[ს]“ (მოძღვრება და აღთქმები 59:9). „შაბათი“ გახდება „შვება“ (ესაია 58:13; იხ. ასევე მუხლი 14).

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • სახარების საკითხები: „კვირადღე

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „კვირადღე

კანონის მორჩილება და პატივისცემა

უკანასკნელ დღეთა წმინდანებს კანონის მორჩილებისა და კარგი მოქალაქეობის სწამთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 134; რწმენის სიმბოლოები 1:12). ეკლესიის წევრებს აგულიანებენ, გაწიონ მსახურება თავიანთი თემებისა და ერების გასაუმჯობესებლად. მათ ასევე აგულიანებენ, მოახდინონ გავლენა საზოგადოებასა და სახელმწიფოში ჯანსაღი მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.

ეკლესიის წევრებს, კანონის შესაბამისად, იწვევენ, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პროცესებში. წევრები, რომლებსაც აქვთ თანამდებობები სახელმწიფოში, მოქმედებენ როგორც დაინტერესებული მოქალაქეები და არა როგორც ეკლესიის წარმომადგენლები.

წმინდა წერილების შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • პოლიტიკური და მოქალაქეობრივი აქტივობა” ნაწილი 38.8, ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო

  • სახარების საკითხები: „მოქალაქეობრიობა

გამოსახულება
ყველაზე დიადი სასუფეველში, ავტორი: ჯ. კირკ რიჩარდსი

ღმერთისა და სხვების მსახურების აღთქმა

მსახურება

ნათლობისას ჩვენ აღთქმას ვდებთ, რომ ვემსახურებით ღმერთსა და მოყვასს. მოყვასის მსახურება ღვთის მსახურების ერთ-ერთი მთავარი გზაა (იხ. მოსია 2:17). წინასწარმეტყველმა ალმამ მონათვლის სურვილის მქონე მოწაფეებს უთხრა, რომ ისინი „მზად [უნდა იყვნენ ატარონ] ერთმანეთის ტვირთი, … იგლოვო[ნ] მათთან ერთად, ვინც გლოვობს … , და ანუგეშო[ნ] ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში“ (მოსია 18:8–9).

მონათვლის შემდეგ, ახალი წევრები მალევე იღებენ მოწოდებას ეკლესიაში მსახურებაზე. ეს არის მოხალისეობრივი ხასიათის, უფასო მსახურება. როდესაც ვიღებთ ამ მოწოდებას და გულმოდგინედ ვემსახურებით, იზრდება ჩვენი რწმენა, ვითარდება ნიჭი და ჩვენ სხვების დალოცვა შეგვიძლია.

ეკლესიაში მსახურების კიდევ ერთი ნაწილია „მზრუნველ ძმად“ ან „მზრუნველ დად“ ყოფნა. ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად, ვემსახურებით იმ პირებს ან ოჯახებს, რომლებიც მოგვამაგრეს.

როგორც იესო ქრისტეს მოწაფეები, ჩვენ ყოველდღე ვეძებთ მსახურების შესაძლებლობებს. ჩვენ ვბაძავთ მას, ვინც „დადიოდა, ქველმოქმედებდა“ (საქმეები 10:38). ჩვენ ვემსახურებით მეზობლებს და სხვა ადამიანებს ჩვენს საზოგადოებაში. მსახურების შესაძლებლობის გამოყენება შეგვიძლია „JustServe”-ის დახმარებით, სადაც ის ხელმისაწვდომია. ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ეკლესიის ჰუმანიტარულ ძალისხმევას და მონაწილეობა მივიღოთ კატასტროფებზე რეაგირებაში.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „მსახურება

  • სახარების საკითხები: „მსახურება

გამოსახულება
ადამიანები ლაპარაკობენ

სახარების გაზიარება

ნათლობის აღთქმის ნაწილია, „ღმერთის მოწმენი [ვ]იყოთ“ (მოსია 18:9). ამის განხორციელების ერთ-ერთი გზა არის იესო ქრისტეს სახარების გაზიარება. სხვების დახმარება სახარების მიღებაში არის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო სახის მსახურება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 18:15–16). ეს ჩვენი სიყვარულის ძლიერი გამოხატულებაა.

როდესაც გამოვცდით სახარების მიხედვით ცხოვრების დალოცვებს, ბუნებრივად გვსურს ამ დალოცვების გაზიარება. ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები ხშირად ინტერესდებიან, როცა ერთგულების მაგალითს ვაძლევთ და ხედავენ, როგორ აკურთხებს სახარება ჩვენს ცხოვრებას. სახარების გაზიარება ჩვეულებრივი და ბუნებრივი გზით შეგვიძლია (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, თავი 23).

ჩვენ ვიწვევთ სხვებს, ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა მსახურებაში, სათემო, გამაჯანსაღებელ და საეკლესიო ღონისძიებებში. შეგვიძლია მოვიწვიოთ ისინი ეკლესიის შეკრებაზე ან ნათლობის მსახურებაზე. ასევე, შეგვიძლია მოვიწვიოთ ისინი, უყურონ ონლაინ ვიდეოს, სადაც ახსნილია იესო ქრისტეს სახარება ან წაიკითხონ მორმონის წიგნი ან კიდევ ეწვიონ ღია კარის დღეს ტაძარში. უამრავი მოწვევის გავრცელება შეგვიძლია. ხშირად, მოწვევა გულისხმობს ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მეზობლების ჩართვას ჩვენს საქმიანობაში.

თუ ვითხოვთ, ღმერთი დაგვეხმარება ამოვიცნოთ სახარების გაზიარების შესაძლებლობები და ვუთხრათ სხვებს, თუ როგორ აკურთხებს ის ჩვენს ცხოვრებას.

„შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე“-ს პრინციპების გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილე „წევრებთან გაერთიანება”, მე-9 თავი.

წმინდა წერილების შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

მარხვა და მარხვის შემოწირულობანი

ღმერთმა დაადგინა მარხვის კანონი, როგორც ჩვენი სულიერი ძალების განვითარებისა და გაჭირვებულთა დახმარების გზა.

მარხვა ნიშნავს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკვებისა და სასმელის გარეშე ყოფნას. როგორც წესი, ეკლესია მარხვის დღედ გამოყოფს ყოველი თვის პირველ კვირა დღეს. მარხვის დღე, როგორც წესი, მოიცავს 24 საათის მანძილზე საკვებისა და სასმელის გარეშე ყოფნას, თუ ეს ფიზიკურად შესაძლებელია ჩვენთვის. მარხვის კვირის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილებია ლოცვა და მოწმობის გაზიარება. ასევე, თუ საჭიროებას ვიგრძნობთ, სხვა დროსაც შეგვიძლია მარხვა.

სულიერი ძალის შენება

მარხვა დაგვეხმარება თავის დამდაბლებაში, ღმერთთან მიახლოებასა და სულიერად განახლებაში. იესო ქრისტემ მსახურების დაწყებამდე იმარხულა (იხ. მათე 4:1–2). წმინდა წერილებში ჩაწერილია მრავალი ცნობა წინასწარმეტყველებისა და სხვების მარხულობის შესახებ, რათა გაეზარდათ სულიერი ძალა და მოეძიებინათ განსაკუთრებული დალოცვები საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის.

მარხვა აუცილებლად ლოცვასთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს. როდესაც რწმენით ვმარხულობთ და ვლოცულობთ, უფრო მეტად განვეწყობით პირადი გამოცხადების მიღებაზე. ჩვენ ასევე უფრო მგრძნობიარენი ვხდებით ჭეშმარიტების ამოცნობისა და ღვთის ნების გაგების მიმართ.

გაჭირვებულთა დახმარება

მარხვის დროს, ეკლესიას თანხას ვწირავთ, რათა გაჭირვებულებს დავეხმაროთ. აღნიშნულს მარხვის შემოწირულობა ეწოდება. ჩვენ გვთხოვენ, გავცეთ შესაწირავი, რომელიც სულ მცირე იმ საკვების ღირებულებას უდრის, რომელსაც იმ დღეს არ შევჭამთ. ჩვენ გვაგულიანებენ, მეტი გავცეთ, რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია. მარხვის შემოწირულობის გაღება არის სხვების მსახურების ერთ-ერთი გზა.

მარხვის შემოწირულობები გამოიყენება გაჭირვებულთათვის საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების საყიდლად, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მარხვის შემოწირულობების გაღებაზე დამატებითი დეტალები იხ. „მეათედისა და სხვა შემოწირულობების გაღება“, წინამდებარე გაკვეთილში.

წმინდა წერილების შესწავლა

მარხვა

გაჭირვებულთა დახმარება

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „მარხვა

  • ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: 22.2.2

  • სახარების საკითხები: „მარხვა და მარხვის შემოწირულობა

გამოსახულება
ოჯახი ტაძართან

ბოლომდე გაძლების აღთქმა

როდესაც ვინათლებით, ღმერთთან ვდებთ აღთქმას, რომ „გავძლებთ ბოლომდე“ იესო ქრისტეს სახარებით ცხოვრებას (2 ნეფი 31:20; იხ. ასევე მოსია 18:13). ჩვენ ვცდილობთ, მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფეები.

მორმონის წიგნის წინასწარმეტყველმა, ნეფიმ, აღწერა ნათლობა როგორც კარიბჭე, რომლითაც ჩვენ სახარების გზაზე შევდივართ (იხ. 2 ნეფი 31:17). მონათვლის შემდეგ, ჩვენ „წინ უნდა მი[ვ]ისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში“ (2 ნეფი 31:20).

როცა მოწაფეობის გზაზე „წინ [მივისწრაფით]“, ჩვენ ვემზადებით ტაძარში მისასვლელად. იქ კი, წეს-ჩვეულებების მიღებისას, ღმერთთან აღთქმებს ვდებთ. ტაძარში ჩვენ შევიმოსებით ძალით და სამარადისოდ ჩავიბეჭდებით, როგორც ოჯახი. ტაძარში დადებული აღთქმების დაცვა გაგვიხსნის კარს ყველა სულიერი სარგებლისა და დალოცვისა, რაც ღმერთს აქვს ჩვენთვის.

როდესაც ერთგულად გავაგრძელებთ სახარების გზაზე სვლას, საბოლოოდ მივიღებთ ღვთის უდიდეს ძღვენს — მარადიული სიცოცხლის ძღვენს (იხ. 2 ნეფი 31:20; მოძღვრება და აღთქმები 14:7).

შემდეგ ნაწილებში განმარტებულია ზოგიერთი ასპექტი იმის შესახებ, თუ რა მოგვცა ღმერთმა, რათა დაგვხმარებოდა ბოლომდე გაძლებაში ჩვენი მიწიერი მოგზაურობის დროს და მასში სიხარულის პოვნაში.

მღვდლობა და ეკლესიის ორგანიზაციები

მღვდლობა არის ღვთის უფლებამოსილება და ძალა. მღვდლობის მეშვეობით ზეციური მამა ასრულებს თავის საქმეს: „[აღასრულებს] ადამიანის უკვდავება[ს] და მარადიულ სიცოცხლე[ს]. (მოსე 1:39). ამ საქმის შესრულების დასახმარებლად, ღმერთი უფლებამოსილებასა და ძალას ანიჭებს დედამიწაზე მყოფ თავის ვაჟებსა და ასულებს.

მღვდლობა ყოველ ჩვენგანს აკურთხებს. წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნათლობა და ზიარება, მიიღება მათ მეშვეობით, ვისაც მღვდლობის წოდება აქვთ. ჩვენ ასევე ვიღებთ განკურნების, ნუგეშისა და დარიგების დალოცვას.

მღვდლობა, ეკლესიის ხელმძღვანელობა და მოწოდებები

ეკლესიას იესო ქრისტე მართავს, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით. ეს ხელმძღვანელები ღვთისგან მოხმობილი, ხელდასხმული და მღვდლობის უფლებამოსილება მინიჭებულნი არიან, იმოქმედონ მხსნელის სახელით.

ძველად ქრისტემ უბოძა თავის მოციქულებს იგივე მღვდლობის უფლებამოსილება, რამაც მათ ნება დართო, ეხელმძღვანელათ მისი ეკლესიისთვის მას შემდეგ, რაც ის ზეცად ამაღლდა. საბოლოოდ ეს უფლებამოსილება დაიკარგა, როდესაც ადამიანებმა უარყვეს სახარება და მოციქულები გარდაიცვალნენ.

ზეციურმა მაცნეებმა 1829 წელს აღადგინეს მღვდლობა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით და უფალმა ხელახლა დააარსა ეკლესია მოციქულებისა და წინასწარმეტყველების საშუალებით. (იხ. გაკვეთილი 1.)

ადგილობრივ დონეზე, ეპისკოპოსებს და პალოს პრეზიდენტებს აქვთ მღვდლობის უფლებამოსილება, წარმართონ ეკლესიის მრევლი.

როდესაც მამაკაცებსა და ქალებს მოიხმობენ და ხელდასხმით დანიშნავენ ეკლესიაში მსახურებისთვის, მათ ღვთისგან ეძლევათ უფლებამოსილება, იმოქმედონ ამ მოწოდებაში. ეს უფლებამოსილება ეძლევათ მისიონერებს, ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს და სხვებს, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან ამ მოწოდებებისგან. ის გადაეცემა მათი ხელმძღვანელობით, ვისაც მღვდლობის გასაღებები აქვთ.

მღვდლობის უფლებამოსილება სამართლიანად უნდა იქნეს გამოყენებული (იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:34–46). აღნიშნული უფლებამოსილება არის წმინდა ნდობა, წარმოვადგენდეთ მხსნელს და ვმოქმედებდეთ მისი სახელით. მისი მიზანი სხვების კურთხევა და მსახურებაა.

გამოსახულება
ახალგაზრდა მამაკაცები საკვირაო სკოლაში

აარონის მღვდლობა და მელქიცედეკის მღვდლობა

ეკლესიაში არსებული მღვდლობა მოიცავს აარონის მღვდლობასა და მელქიცედეკის მღვდლობას. მღვდლობის გასაღებების მფლობელთა ხელმძღვანელობით, აარონის და მელქიცედეკის მღვდლობა ენიჭება ეკლესიის ღირსეულ მამაკაც წევრებს. შესაბამისი მღვდლობის მინიჭების შემდეგ, პირს აკურთხებენ ამ მღვდლობის წოდებაზე, როგორიცაა დიაკვანი ან უხუცესი. იგი უნდა აკურთხოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა.

როდესაც მამაკაცი ან ახალგაზრდა კაცი მიიღებს მღვდლობას, ის დებს აღთქმას ღმერთთან, რომ შეასრულებს წმინდა მოვალეობებს, ემსახურება სხვებს და დაეხმარება ეკლესიის ზრდას.

ახალგაზრდა მამაკაცებს შეუძლიათ მიიღონ აარონის მღვდლობა და ხელდასხმულ იქნენ დიაკვნად იმ წლის იანვრიდან, როდესაც 12 წელი შეუსრულდებათ. ისინი შეიძლება აკურთხონ მასწავლებლად იმ წელს, როცა 14 წელი უსრულდებათ, ხოლო მღვდლად იმ წელს, როცა 16 წელი უსრულდებათ. მოქცეულ მამაკაცებს, რომლებსაც ასაკი ხელს უწყობთ, შეუძლიათ მიიღონ აარონის მღვდლობა მალევე ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ. აარონის მღვდლობის მქონე პირები ასრულებენ ისეთ წეს-ჩვეულებებს, როგორიცაა ზიარება და ნათლობა.

აარონის მღვდლობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მღვდლად მსახურების შემდეგ, ღირსეულმა კაცმა, რომელიც მინიმუმ 18 წლისაა, შეიძლება მიიღოს მელქიცედეკის მღვდლობა და უხუცესად კურთხევა. მამაკაცებს, რომლებიც მიიღებენ მელქიცედეკის მღვდლობას, შეეძლებათ მღვდლობის ისეთი წეს-ჩვეულებების შესრულება, როგორიცაა ოჯახის წევრებისთვისა და სხვებისთვის განკურნებისა და ნუგეშის კურთხევის მიცემა.

ახალი წევრების მიერ მღვდლობის მიღების შესახებ მეტი ინფორმაცია იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.2.9.1.

ქვორუმები და ეკლესიის ორგანიზაციები

მღვდლობის ქვორუმები. ქვორუმი არის მღვდლობის მატარებელ პირთა ორგანიზებული ჯგუფი. თითოეულ მეურვეობაში არსებობს უხუცესთა ქვორუმი ზრდასრული მამაკაცებისთვის. დიაკვნების, მასწავლებლებისა და მღვდლების ქვორუმები ახალგაზრდა მამაკაცებისთვის არის.

მოწყალების საზოგადოება. მოწყალების საზოგადოება შედგება ქალებისაგან, რომლებიც არიან 18 წლის ან მეტის. მოწყალების საზოგადოების წევრები აძლიერებენ ოჯახებს, ინდივიდებსა და საზოგადოებას.

ახალგაზრდა ქალები. ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ შეუერთდნენ ახალგაზრდა ქალების ორგანიზაციას იმ წლის იანვრიდან, როდესაც 12 წელი უსრულდებათ.

გამოსახულება
ქალი ატარებს გაკვეთილს

დაწყებითი საზოგადოება. 3-11 წლის ასაკის ბავშვები დაწყებითი საზოგადოების ორგანიზაციის ნაწილია.

საკვირაო სკოლა. საკვირაო სკოლას ყველა ზრდასრული და ახალგაზრდა ესწრება. აქ ისინი წმინდა წერილის შესასწავლად ერთად იკრიბებიან.

მღვდლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, თავი 3.

მღვდლობის ქვორუმებსა და ეკლესიის ორგანიზაციებზე მეტი ინფორმაცია იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, თავები 8–13.

წმინდა წერილების შესწავლა

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, თავი 3: „მღვდლობის პრინციპები

  • სახარების საკითხები: „აარონის მღვდლობა”, „მელქიცედეკის მღვდლობა”, „მღვდლობა

ქორწინება და ოჯახები

ქორწინება

ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის ღმერთმა აკურთხა. ქორწინება ღვთის შვილების მარადიული წინსვლის ცენტრალური ნაწილია.

ცოლ-ქმრული კავშირი ქორწინებაში უნდა იყოს მათი ყველაზე სანუკვარი მიწიერი ურთიერთობა. მათ წმინდა პასუხისგებლობა გააჩნიათ, იყვნენ ერთმანეთისა და ქორწინების აღთქმების ერთგულნი.

ღვთის თვალში ქმარი და ცოლი ერთმანეთის თანასწორია. არცერთმა არ უნდა იბატონოს მეორეზე. გადაწყვეტილებების მიღება ორივეს მონაწილეობით, სიყვარულითა და ერთობით უნდა მოხდეს.

როდესაც ცოლ-ქმარს უყვარს ერთმანეთი და ერთად იღწვიან, მათი ქორწინება შეიძლება უდიდესი ბედნიერების წყარო იყოს. მათ შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს და შვილებს მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე.

ოჯახი

ქორწინების მსგავსად, ოჯახი ღვთისგან არის კურთხეული და ის მარადიული ბედნიერების გეგმის ცენტრალური ნაწილია. როდესაც იესო ქრისტეს სწავლებებით ვცხოვრობთ, ჩვენს ოჯახში ბედნიერება დაისადგურებს. მშობლები შვილებს ასწავლიან იესო ქრისტეს სახარებას და თავად უჩვენებენ შვილებს მის მიხედვით ცხოვრების მაგალითს. ოჯახი გვაძლევს შესაძლებლობას, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვემსახუროთ ერთმანეთს.

მშობლებისთვის ოჯახი ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს. წმინდა პრივილეგია და პასუხისმგებლობაა მშობლებისთვის, იზრუნონ შვილებზე, რომლებიც გააჩინეს ან იშვილეს.

გამოწვევები ყველა ოჯახში არსებობს. ეს გამოწვევები სწავლასა და ზრდაში გვეხმარება, როდესაც ღვთის დახმარებას ვითხოვთ და მის მცნებებს ვიცავთ. ზოგჯერ, ეს გამოწვევები გვეხმარება მონანიებასა და პატიებაში.

გამოსახულება
მამა ასწავლის ოჯახს

ეკლესიის ხელმძღვანელების რეკომენდაციით, წევრებმა ყოველკვირეული ოჯახური საღამო უნდა ჩაატარონ. მშობლები ამ დროს იყენებენ შვილებისთვის სახარების სწავლებისთვის, ოჯახური ურთიერთობების გაღრმავებისა და გართობისთვის. ეკლესიის ხელმძღვანლებმა ასევე გამოაქვეყნეს მოწოდება, რომელიც გვასწავლის მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს ოჯახის შესახებ (იხ. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,” ChurchofJesusChrist.org).

ოჯახის გაძლიერების სხვა გზებია: ოჯახური ლოცვა, წმინდა წერილის შესწავლა და ეკლესიაში ერთად ღვთის თაყვანისცემა. ასევე, შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ოჯახური ისტორია, შევკრიბოთ ოჯახის ისტორიები და ვემსახუროთ სხვებს.

მრავალ ადამიანს ქორწინებისთვის ან ოჯახური ურთიერთობებისთვის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. უამრავმა გამოსცადა განქორწინება და სხვა რთული ოჯახური ვითარება. თუმცა, სახარება ყველას გვაკურთხებს, მიუხედავად ჩვენი ოჯახური გარემოებებისა. და თუ ღმერთს ვუერთგულებთ, ის გვიბოძებს მოსიყვარულე ოჯახის კურთხევას, ამ ცხოვრებაში თუ ამ ცხოვრების შემდეგ.

წმინდა წერილის შესწავლა

ქორწინება

ოჯახი

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „ოჯახი”, „ქორწინება, დაქორწინება

  • ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, თავი 2: „ინდივიდებისა და ოჯახების მხარდაჭერა ხსნისა და ამაღლების საქმეში

  • სახარების საკითხები: „ქორწინება”, “ოჯახი”, „მშობლობა

სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმე გარდაცვლილი წინაპრებისთვის

ზეციურ მამას უყვარს თავისი ყოველი შვილი და მას ჩვენი ხსნა და ამაღლება სურს. მიუხედავად ამისა, მილიარდობით ადამიანი გარდაიცვალა იესო ქრისტეს სახარების მოსმენის ან გადარჩენისთვის აუცილებელი სახარების წეს-ჩვეულებების მიღების გარეშე. ეს წეს-ჩვეულებებია: მონათვლა, დამტკიცება, მღვდლობის ხელდასხმა მამაკაცებისთვის, სატაძრო შემოსვა და მარადიული ქორწინება.

თავისი მადლითა და წყალობით, უფალმა სხვა გზა მისცა ამ ადამიანებს სახარებისა და მისი წეს-ჩვეულებების მისაღებად. სულიერ სამყაროში, სახარებას იმ ადამიანებს უქადაგებენ, რომლებიც მისი მიღების გარეშე გარდაიცვალნენ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 138). ტაძარში შეგვიძლია შევასრულოთ წეს-ჩვეულებები ჩვენი გარდაცვლილი წინაპრებისთვის და სხვებისთვის. ხოლო ეს გარდაცვლილი ადამიანები, სულიერ სამყაროში მიიღებენ ან უარყოფენ სახარებას და მათ სახელზე შესრულებულ წეს-ჩვეულებებს.

გამოსახულება
ოჯახი სწავლობს წმინდა წერილებს

ამ წეს-ჩვეულებების შესრულებამდე ჩვენ უნდა დავადგინოთ წინაპრები, რომლებსაც ეს წეს-ჩვეულებები არ მიუღიათ. ჩვენი ოჯახური ისტორიის საქმის მთავარი მიზანი წინაპრების დადგენა და მათთვის წეს-ჩვეულებების ჩატარებაა. როდესაც მათზე ინფორმაციას მოვიძიებთ, ის ეკლესიის მონაცემთა ბაზაში უნდა დავამატოთ: FamilySearch.org. ამის შემდეგ ჩვენ (ან სხვებს) შეგვეძლება აღვასრულოთ ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებები მათთვის ტაძარში.

როდესაც დავადგენთ ჩვენს წინაპრებს და შევასრულებთ მათთვის წეს-ჩვეულებებს, ჩვენი ოჯახები მარადიულად გაერთიანება.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, თავი 28: “სატაძრო წეს-ჩვეულებები გარდაცვლილთათვის

  • სახარების საკითხები: „გარდაცვლილთათვის ნათლობა”, „ოჯახური ისტორია

ტაძრები, შემოსვა, მარადიული ქორწინება და მარადიული ოჯახები

ტაძრები

ტაძარი უფლის სახლია. ეს წმინდა ადგილია, სადაც ღმერთთან აღთქმებს ვდებთ და მის წმინდა წეს-ჩვეულებებს ვიღებთ. თუ დავიცავთ ამ აღთქმებს, ღვთისმოსაობის ძალა გამოვლინდება ჩვენს ცხოვრებაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:19–22; 109:22–23).

შემოსვა

ტაძარში მიღებულ ერთ-ერთ წეს-ჩვეულებას შემოსვა ეწოდება. სიტყვა შემოსვა ნიშნავს „ძღვენს“. ცოდნისა და ძალის ეს ძღვენი ღვთისგან მოგვეცემა. შემოსვის დროს ჩვენ ვდებთ ღმერთთან აღთქმებს, რომლებიც გვაკავშირებს მასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან (იხ. თავი 1).

ზრდასრულები შემოსვის მიღებას შეძლებენ ეკლესიაში მინიმუმ ერთწლიანი წევრობის შემდეგ. შემოსვაზე მეტი ინფორმაცია იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 27.2.

მარადიული ქორწინება და მარადიული ოჯახები

ღვთის ბედნიერების გეგმა საშუალებას აძლევს ოჯახურ ურთიერთობებს, სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდეს. ტაძარში ვქორწინდებით ამ ჟამისა და მარადისობისთვის. ეს ოჯახებს საშუალებას აძლევს, უკუნისამდე ერთად იყონ.

მას შემდეგ, რაც დაქორწინებული წყვილები მიიღებენ სატაძრო შემოსვას, ისინი ჩაიბეჭდებიან ან დაქორწინდებიან სამარადისოდ. მათი შვილებიც მათთან ჩაიბეჭდებიან.

ტაძარში ჩაბეჭდილმა ცოლ-ქმარმა უნდა დაიცვას მათ მიერ დადებული აღთქმები, რათა მარადიული ქორწინების კურთხევა მიიღონ.

გამოსახულება
წყვილი ქუჩაში სეირნობს

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, თავი 27: „სატაძრო წეს-ჩვეულებები ცოცხალთათვის

  • სახარების საკითხები: „ტაძრები”, „შემოსვა”, „ქორწინება

  • temples.ChurchofJesusChrist.org