მისიის მოწოდებები
თავი 6: ეძიე ქრისტეს მსგავსი თვისებები


„თავი 6: ეძიე ქრისტეს მსგავსი თვისებები“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 6“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
მეთევზის მოხმობა (ქრისტე იხმობს პეტრესა და ანდრიას), ავტორი: ჰარი ანდერსონი

თავი 6

ეძიე ქრისტეს მსგავსი თვისებები

განიხილე შემდეგი

  • როგორ დამეხმარება ქრისტეს მსგავსი თვისებების ძიება ჩემი, როგორც მისიონერის, დანიშნულების შესრულებაში?

  • როგორ ვეძიო და ამავდროულად მივიღო ქრისტეს მსგავსი თვისებები?

  • რომელ თვისებაზე ან თვისებებზე უნდა გავამახვილო ყურადღება ახლა?

შესავალი

თავისი მოკვდავი მსახურების დასაწყისში იესო გალილეის ზღვის სანაპიროზე გავიდა და ორი მეთევზე - პეტრე და ანდრია მოიხმო. „მომყევით“, უთხრა მან, „და ადამიანთა მებადურებად გაგხდით“ (მათე 4:19; იხ. ასევე მარკოზი 1:17).

უფალმა შენც მოგიხმო მისი საქმის შესრულებისთვის და გიწვევს, მიჰყვე მას. „როგორი ხალხი უნდა იყოთ?“ - იკითხა მან. „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისეთი, როგორიც მე ვარ“ (3 ნეფი 27:27).

იქადაგე ჩემი სახარება -ს ზოგიერთი თავი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო როგორც მისიონერმა, მაგალითად, როგორ ისწავლო, ასწავლო და დასახო მიზნები. ასეთივე მნიშვნელობის მქონეა ვინ ხარ შენ და ვინ გინდა რომ გახდე. ეს არის წინამდებარე თავის მთავარი აზრი.

წმინდა წერილები აღწერს ქრისტეს მსგავს თვისებებს, რომლებიც აუცილებელია შენთვის, როგორც მისიონერისთვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში. ქრისტეს მსგავსი თვისება ნიშნავს მხსნელის ბუნებისა და ხასიათის თვისებას ან მახასიათებელ ნიშანს. წინამდებარე თავში აღწერილია ამ თვისებებიდან ზოგიერთი. შეისწავლე ისინი და მათთან დაკავშირებული წმინდა წერილები. წმინდა წერილის სხვა ნაწყვეტების შესწავლისას ეძიე ქრისტეს მსგავი სხვა თვისებები.

პირადი სწავლა

შეისწავლე მოძღვრება და აღთქმები 4. რომელ თვისებებს თვლის უფალი მისიონერებისთვის მნიშვნელოვნად? როგორ დაგეხმარება ამ თვისებების ძიება მისიონერული მიზნის შესრულებაში?

„ეძიე ეს იესო“

წინასწარმეტყველმა მორონიმ მოგვიწოდა: „ეძი[ეთ] ის იესო, რომელზეც წერდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები“ (ეფერი 12:41). იესოს ძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის გულმოდგინე ძალისხმევა, ვისწავლოთ მის შესახებ და უფრო მეტად დავემსგავსოთ მას. შენი მისია საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ამაზე მოახდინო ფოკუსირება.

როდესაც ცდილობ, უფრო მეტად დაემსგავსო ქრისტეს, შენ უკეთესად შეასრულებ შენს მისიონერულ მიზანს. შენ განიცდი სიხარულს, სიმშვიდესა და სულიერ ზრდას, როდესაც მისი თვისებები შენი ხასიათის ნაწილი გახდება. ასევე შეიქმნება საფუძველი იმისთვის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მის კვალზე იარო.

ღვთის ძღვენნი

ქრისტეს მსგავსი თვისებები ღვთის ძღვენია. როგორც ყოველი სიკეთე, ეს ძღვენნიც მოდის „მამა ღმერთისა, ასევე უფალი იესო ქრისტესა და სულიწმინდის“ მეშვეობით“. (ეფერი 12:41).

მოახდინე ფოკუსირება ქრისტეზე, როცა ცდილობ მისი თვისებების განვითარებას შენში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:36). ეს თვისებები არ არის სიაში მოცემული პუნქტები. ისინი არ არის ტექნიკა, რომელსაც საკუთარი თავის გაუმჯობესების პროგრამაში ავითარებ. ისინი არ მოიპოვება მხოლოდ პირადი გადაწყვეტილებით. მათი მიღება შეგიძლია, როცა ცდილობ გახდე იესო ქრისტეს უფრო ერთგული მოწაფე.

ილოცე ღმერთისადმი, რათა გაკურთხოს ამ თვისებებით. თავმდაბლობით აღიარე შენი სისუსტე და მისი ძალის აუცილებლობა შენს ცხოვრებაში. და ამგვარად, ის „სისუსტეს [შენთვის] სიძლიერედ აქცევ[ს]“ (ეფერი 12:27).

თანდათანობითი პროცესი

მხსნელის მსგავსი თვისებების განვითარება თანდათანობითი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. ღმერთის გასახარებლად რიგრიგობით გააუმჯობესე შენი გადაწყვეტილება.

იყავი მომთმენი საკუთარი თავის მიმართ. ღმერთმა იცის, რომ ცვლილება და ზრდა დროს საჭიროებს. მას გაახარებს შენი გულითადი წადილი და ის დალოცავს ყოველ შენს ძალისხმევას.

ქრისტეს დამსგავსების გზაზე, შენი სურვილები, ფიქრები და ქმედებები შეიცვლება. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობითა და სულიწმინდის ძალით, შენი ბუნება სრულყოფილებისკენ იქნება მიმართული (იხ. მოსია 3:19).

გამოსახულება
პარლი პ. პრატი

სულიწმინდა ჩვენს შესაძლებლობებსა და უნარებს ავრცობს და ავითარებს. ის „შთააგონებს სათნოებას, სიკეთეს, კარგის კეთებას, სინაზეს, თვინიერებას და გულმოწყალებას. … მოკლედ, ეს არის ძვლისთვის ტვინი, გულისთვის სიხარული, თვალებისთვის სინათლე, ყურებისთვის მუსიკა და არსებისათვის სიცოცხლე“ (პარლი პ. პრატი, Key to the Science of Theology [ღვთისმეტყველების მეცნიერების გასაღები] [1855 წ], 98–99).

წმინდა წერილის შესწავლა

რას გვასწავლის წინამდებარე წმინდა წერილები იესო ქრისტეს მაგალითის მიბაძვის შესახებ?

რისი სწავლა შეიძლება წინამდებარე წმინდა წერილებიდან ქრისტეს მსგავსი თვისებების ძიების შესახებ?

გამოსახულება
„ადექი და გაიარე”, ავტორი: სიმონ დიუი

იესო ქრისტეს რწმენა

იმისათვის, რომ რწმენამ მიგვიყვანოს ხსნამდე, შენ მის ცენტრში იესო ქრისტე უნდა მოაქციო (იხ. საქმეები 4:10–12; მოსია 3:17; მორონი 7:24–26). როდესაც ქრისტესადმი რწმენა გაგაჩნია, შენ ენდობი მას, როგორც ღვთის მხოლოდშობილ ძეს. შენ დარწმუნებული ხარ, რომ მონანიებისას მოგეტევება ცოდვები მისი გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით და განიწმინდები სულიწმინდის მიერ (იხ. 3 ნეფი 27:16, 20).

რწმენა არ ნიშნავს სრულყოფილ ცოდნას. არამედ, ეს არის სულიწმინდისგან მოსული დარწმუნება იმაში, რაც უხილავია და არის ჭეშმარიტი. (იხ. ალმა 32:21.)

თქვენ რწმენას ქმედებებით გამოხატავთ. ხოლო ეს ქმედებები მოიცავს მხსნელის სწავლებისა და მაგალითების მიყოლას. ისინი მოიცავს სხვების მსახურებასა და მათ დახმარებას, მიჰყვნენ ქრისტეს. შენ ასევე გამოხატავ რწმენას სიბეჯითის, მონანიებისა და სიყვარულის გზით.

რწმენა ძალის პრინციპია. იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენისას, დალოცვილი იქნები მისი ძალით, რომელიც მორგებული იქნება შენს ვითარებაზე. შენ უფლის ნებით სასწაულის გამოცდის საშუალება მოგეცემა. (იხ. იაკობი 4:4–7; მორონი 7:33; 10:7.)

როდესაც იესო ქრისტესა და მის სწავლებებს უკეთ გაიცნობ, შენი რწმენა მასში გაიზრდება. შენი რწმენა გამყარდება წმინდა წერილების შესწავლისას, გულმხურვალედ ლოცვისას და მცნებების დაცვისას. ეჭვი და შეცოდება რწმენას ზიანს აყენებს.

გამოსახულება
უხუცესი ნილ ლ. ანდერსენი

„რწმენა მხოლოდ შეგრძნება როდია, ის არის არჩევანი. ლოცვით, სწავლით, მორჩილებითა და მცნებებით ვაშენებთ და განვამტკიცებთ ჩვენს რწმენას. ჩვენი რწმენა მხსნელისა და მისი უკანასკნელ დღეთა საქმიანობისადმი ძლიერი ლინზაა, რომელშიც ვიყურებით და ყველაფერ დანარჩენს ვხედავთ და განვსაზღვრავთ. შემდეგ, როდესაც აღმოვჩნდებით მძიმე განსაცდელში, … ჩვენ გვექნება ძალა, რომ სწორი გზა ავირჩიოთ” (ნილ ლ. ანდერსენი, „It’s True, Isn’t It? [ჭეშმარიტია, ასე არ არის?] Then What Else Matters? [მაშინ სხვას რას აქვს მნიშვნელობა?]ლიახონა, მაისი, 2007 წ, 74).

წმინდა წერილის შესწავლა

რა არის რწმენა?

როგორ მოვიპოვოთ რწმენა და რა შეიძლება გავაკეთოთ რწმენის მეშვეობით?

რა კურთხევებს ვიღებთ რწმენით?

გამოსახულება
აღმდგარი იმედი, ავტორი: ჯოზეფ ბრიკი

იმედი

იმედი არ ნიშნავს სასურველის არსებულად აღქმას. არამედ, ეს არის მუდმივი ნდობა, რომელიც დაფუძნებულია თქვენს რწმენაზე ქრისტეში, რომ ღმერთი შეასრულებს თქვენთვის მოცემულ დაპირებებს (იხ. მორონი 7:42). ეს არის ქრისტეს მეშვეობით „კეთილი მომავლის“ მოლოდინი (ებრაელთა 9:11).

თქვენი იმედის საბოლოო წყარო იესო ქრისტეა. წინასწარმეტყველმა მორმონმა იკითხა: „და რა არის ის, რისი იმედიც უნდა გქონდეთ?“ და შემდეგ გვიპასუხა: „გექნებათ იმედი, რომ ქრისტეს გამოსყიდვით და მისი აღდგომის ძალით აღდგებით მარადიული სიცოცხლისთვის, მასში თქვენი რწმენის გამო, დაპირების შესაბამისად“ (მორონი 7:41; იხ. მუხლები 40–43).

როდესაც თქვენი იმედის ცენტრში ქრისტეს მოაქცევთ, დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოხდება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 90:24). ეს გარანტია გეხმარება განსაცდელის დროს რწმენის შენარჩუნებაში. ის ასევე შეგაძლებინებს ისწავლო განსაცდელისგან და განავითარო სულიერი სიმტკიცე და ძალა. ქრისტესადმი იმედის არსებობა შენი სულის ღუზაა (იხ. ეფერი 12:4).

იმედი გარწმუნებს, რომ ღმერთი განადიდებს შენს გულმოდგინე, სამართლიან ძალისხმევას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 123:17).

იმედის ზრდის ერთ-ერთი გზა მონანიებაა. იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით განწმენდა და მიტევება ბადებს და აცოცხლებს იმედს (იხ. ალმა 22:16).

ნეფიმ მოგვიწოდა: „წინ უნდა მიისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით“ (2 ნეფი 31:20). როდესაც სახარების მიხედვით ცხოვრობთ, იზრდება თქვენი შესაძლებლობა „იუხვოთ სასოებაში“ (რომაელთა 15:13).

გამოსახულება
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფი

„გაჭირვების დროს უნდა ჩავეჭიდოთ იმედს, რომ ყველაფერი „[ჩვენი] სიკეთისთვის ხდება“, როცა მივყვებით ღვთის წინასწარმეტყველთა დარიგებას. ღმერთის, მისი სიკეთისა და მისი ძალისადმი ამგვარი იმედი გვაძლევს სიმამაცეს რთული გამოწვევების დროს და ასაჩუქრებს ძალით მათ, ვინც გარემოცულია შიშით, ეჭვითა და სასოწარკვეთით“ (დიტერ ფ. უხტდორფი, „იმედის უსაზღვრო ძალა”, ლიახონა, ნოემ., 2008 წ, 23).

წმინდა წერილების შესწავლა

რა არის იმედი და რისი იმედი გვაქვს?

გამოსახულება
ქრისტე ბავშვებთან ერთად, ავტორი: მინერვა თიჩერტი

გულმოწყალება და სიყვარული

ერთხელ იესოს ჰკითხეს: „რომელი მცნებაა დიდი რჯულში“? იესომ უპასუხა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22:36–39).

გულმოწყალება არის „ქრისტეს წმინდა სიყვარული“ (მორონი 7:47). ის მოიცავს ღმერთის მარადიულ სიყვარულს ყოველი მისი შვილის მიმართ.

წინასწარმეტყველი მორმონი გვასწავლის: „ილოცეთ ზეციური მამის მიმართ მთელი გულით, რათა აღივსოთ ამ სიყვარულით“ (მორონი 7:48). როდესაც გულმოწყალებას სთხოვ ღმერთს, შენ მის სიყვარულს იგემებ. შენი სიყვარული ადამიანების მიმართ გაიზრდება და იგრძნობ გულწრფელი ზრუნვის სურვილს მათი მარადიული ბედნიერებისთვის. შენ დაინახავ მათ, როგორც ღვთის შვილებს, რომელთაც აქვთ პოტენციალი, დაემსგავსონ მას და შენ იშრომებ მათთვის.

როდესაც ილოცებ გულმოწყალების მიღებისთვის, ნაკლებად გექნება მიდრეკილება ისეთ ნეგატიურ გრძნობებზე, როგორიცაა ბრაზი ან შური. აღარ გენდომება სხვა ადამიანების განკითხვა ან გაკრიტიკება. გაგიჩნდება მეტი სურვილი, გაუგო მათ და გაიაზრო მათი შეხედულებები. გახდები უფრო მომთმენი და ეცდები დაეხმარო სხვებს მარცხის ან გულის აცრუების დროს. (იხ. მორონი 7:45.)

გულმოწყალება, რწმენის მსგავსად, ქმედებისკენ გვიბიძგებს. შენში გულმოწყალება ძლიერდება, როდესაც თავს არ ზოგავ და სხვებს ემსახურები.

გულმოწყალება გარდაგვქმნის. ზეციური მამა მას უბოძებს „თავისი ძის, იესო ქრისტეს, ყოველ ჭეშმარიტ მიმდევარს; რათა მისი გამოცხადებისას ჩვენ ვიყოთ მისი მსგავსნი, … რომ, როცა ის გამოჩნდება, ჩვენ ვიყოთ მისი მსგავსნი, … დაე, განვიწმინდოთ ისე, როგორი წმინდაც არის იგი“ (მორონი 7:48).

წმინდა წერილის შესწავლა

რა არის გულმოწყალება?

როგორ აჩვენა იესო ქრისტემ გულმოწყალება?

რა შეგიძლია ისწავლო წინამდებარე წმინდა წერილებიდან გულმოწყალებაზე?

გამოსახულება
ესთერი (დედოფალი ესთერი), ავტორი: მინერვა თიჩერტი

სათნოება

„ჩვენ გვწამს, რომ უნდა ვიყოთ … მაღალზნეობრივნი“, რწმენის სიმბოლოების მიხედვით (1:13). მაღალზნეობრიობა არის მაღალ მორალურ სტანდარტებზე დამყარებული ფიქრები და საქციელი. ეს არის ღვთისა და სხვების ერთგულება. სათნოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ვისწრაფოთ სულიერი და ფიზიკური განწმენდისკენ.

მაღალზნეობრიობა იბადება ფიქრებსა და სურვილებში. „დაე, მუდამ სათნოებით იყოს შემკობილი შენი ფიქრები“ — გვეუბნება უფალი (მოძღვრება და აღთქმები 121:45). ყურადღება გაამახვილე მართალ, ამამაღლებელ ფიქრებზე. მოიშორე უღირსი ფიქრები გონებიდან და არ ჩაუღრმავდე მათ.

შენი გონება თეატრის სცენას ჰგავს. თუ ნებას დართავ არაჯანსაღ ფიქრებს, შენი გონების სცენაზე გამოვიდეს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ შესცოდავ. თუ აქტიურად კვებავ გონებას ჯანსაღი აზრებით, შეგეძლება აითვისო რაც სათნოა და განაგდო ბოროტი. ბრძნულად გადაწყვიტე, რას შეუშვებ გონებაში.

თუ სათნოებით იცხოვრებ, „გაძლიერდება შენი ნდობა ღმერთის გარემოცვაში; და … სულიწმინდა იქნება შენი მუდმივი მეგზური“ (მოძღვრება და აღთქმები 121:45–46).

წმინდა წერილის შესწავლა

რას ნიშნავს სათნოება?

პატიოსნება

პატიოსნება მომდინარეობს პირველი დიდი მცნებიდან - გიყვარდეს ღმერთი (იხ. მათე 22:37). რადგან ღმერთი გიყვარს, მის მიმართ ყოველთვის ერთგული ხარ. ჰალამანის ვაჟების მსგავსად, თქვენც „მის წინაშე უბიწოდ [იარეთ]“ (ალმა 53:21).

როდესაც პატიოსნება გაგაჩნია გესმის, რომ არსებობს სწორი და არასწორი და რომ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება — ღვთის ჭეშმარიტება. არჩევნის თავისუფლებას იყენებ ღვთის ჭეშმარიტების მიხედვით და როცა ასე არ აკეთებ, ინანიებ. რას ირჩევ საფიქრებლად — და რას აკეთებ, როცა არავინ არ გხედავს — შენი პატიოსნების ძლიერი საზომია.

გამოსახულება
„დანიელი ლომების ბუნაგში”, ავტორი: კლარკ კელი პრაისი

პატიოსნება ნიშნავს, რომ შენს სტანდრტებსა და ქცევებს არ იცვლი სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ან იმისთვის, რომ მათ მიგიღონ. შენ აკეთებ იმას, რაც სწორია, მაშინაც კი, როდესაც სხვები დასცინიან შენს სურვილს, იყო ღმერთის ერთგული (იხ. 1 ნეფი 8:24–28). შენ ღირსეულად ცხოვრობ ნებისმიერ გარემოში, მათ შორის, თუ როგორ წარადგენ საკუთარ თავს ინტერნეტში.

როდესაც პატიოსნება გაგაჩნია, იცავ ღმერთთან დადებულ აღთქმებს, ისევე როგორც სხვების წინაშე შენს სამართლიან ვალდებულებებს.

პატიოსნება მოიცავს ღმერთთან, საკუთარ თავთან, ხელმძღვანელებთან და სხვა ადამიანებთან გულწრფელობას. არ ამბობ ტყუილს, არ იპარავ, არ ღალატობ და არ თაღლითობ. როდესაც რაიმეს არასწორად აკეთებ, იღებ პასუხისმგებლობას და ინანიებ, იმის ნაცვლად, რომ გაამართლო ან მისი რაციონალიზება მოახდინო.

პატიოსნებით ცხოვრება გაძლევს შინაგან სიმშვიდესა და საკუთარი თავის პატივისცემას. ამ დროს უფალი და სხვა ადამიანები გენდობიან.

წმინდა წერილის შესწავლა

როგორ გამოავლინა იესომ პატიოსნება ყველაზე დაუცველ მომენტებშიც კი?

როგორ გამოიჩინეს ჰელამანის ჯარის ახალგაზრდა მებრძოლებმა პატიოსნება?

როგორ გამოავლინა დანიელმა პატიოსნება? როგორ აკურთხა ღმერთმა დანიელი პატიოსნებისთვის?

რატომ უყვარდა უფალს ჯოზეფ სმითის ძმა — ჰაირამი?

გამოსახულება
რწმენა და სათნოება, ვოლტერ რეინი

ცოდნა

უფალმა დაგვარიგა: „ეძიეთ ცოდნა, არა მარტო სწავლით, ასევე რწმენით“ (მოძღვრება და აღთქმები 88:118). მისიის განმავლობაში და მთელი ცხოვრების მანძილზე ეძიე ცოდნა, განსაკუთრებით სულიერი ცოდნა.

ყოველდღე შეისწავლე წმინდა წერილი და ცოცხალ წინასწარმეტყველთა სიტყვები. სწავლითა და ლოცვით ეძიე დახმარება კონკრეტული კითხვებისთვის, გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის. სახარების სწავლებისა და მასზე პასუხების გასაცემად, მოიძიე ნაწყვეტები წმინდა წერილებიდან.

როდესაც გულმოდგინედ და ლოცვით შეისწავლი, სულიწმინდა გონებას გაგინათებს. ის გასწავლის და გიბოძებს გაგების უნარს. იგი ასევე დაგეხმარება, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენო წმინდა წერილისა და უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველების სწავლებები. შენც, ნეფის მსგავსად, შეგიძლია თქვა:

„სული ჩემი ხარობს წმინდა წერილებით და გული ჩემი მსჯელობს მათზე. … აჰა, ჩემი სული ხარობს უფლის საქმეებით და ჩემი გული განუწყვეტლივ მსჯელობს იმაზე, რაც მე ვნახე და მოვისმინე“ (2 ნეფი 4:15–16).

წმინდა წერილის შესწავლა

როგორ დაგეხმარება ცოდნა უფლის საქმის შესრულებაში?

როგორ შეგიძლია მიიღო ცოდნა?

გამოსახულება
მზის სხივები ეცემა ადამიანს

მოთმინება

მოთმინება არის უნარი, მიენდო ღმერთს, როცა შეფერხების, წინააღმდეგობის ან გაჭირვების წინაშე დგახარ. რწმენის მეშვეობით ენდობი ღვთის დროს, რათა აგისრულოს დაპირებული დალოცვები.

როდესაც მომთმენი ხარ, ცხოვრებას მარადიულობის პერსპექტივაში განიხილავ. არ ელოდები სწრაფად მიღებულ დალოცვებსა და შედეგებს. შენი სამართლიანი სურვილები განხორციელდება „სტრიქონი სტრიქონზე, … ცოტა აქ და ცოტა იქ” (2 ნეფი 28:30). ზოგიერთი სამართლიანი სურვილი შეიძლება ამ ცხოვრების შემდეგ აგისრულდეს.

მოთმინება არ არის უსაქმოდ ყოფნა ან პასიური შეგუება. ეს გულისხმობს, ღვთის მსახურებისას „მხნედ გავაკეთოთ ყოველივე, რისი ძალაც შეგვწევს“, (მოძღვრება და აღთქმები 123:17). შენ თესავ თესლს, რწყავ და ასაზრდოებ მას, ხოლო ღმერთი ეხმარება „მალე“ გაზრდაში (ალმა 32:42; იხ. ასევე 1 კორინთელთა 3:6–8). შენ ღმერთთან ერთად აკეთებ საქმეს, გჯერა, რომ როდესაც შეასრულებ შენს ნაწილს, ის თავის დროზე და ინდივიდუალური უფლებამოსილების შესაბამისად შეასრულებს თავის საქმეს.

მოთმინება ასევე ნიშნავს იმას, რომ როდესაც რაღაცის შეცვლა შეუძლებელია, მიიღებ ამას გამბედაობით, მადლითა და რწმენით.

განავითარე მოთმინების უნარი სხვებთან, მათ შორის შენს მეწყვილესთან და მათთან, ვისაც ემსახურები. საკუთარი თავის მიმართაც იყავი მომთმენი. ეცადე, გახდე საუკეთესო და გააცნობიერო, რომ ეს ეტაპობრივად ხდება.

ქრისტეს მსგავსი სხვა თვისებების მსგავსად, მოთმინების უნარის გამომუშავება მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება. მოთმინების გამომუშავება შენი სულისა და შენ ირგვლივ მყოფთა სულების განკურნებაა.

გამოსახულება
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფი

„მოთმინება ნიშნავს აქტიურ ლოდინსა და გაძლებას. ეს ნიშნავს რაღაცასთან დარჩენას და შეძლებისდაგვარად ყველაფრის კეთებას — შრომას, იმედის და რწმენის გამოვლენას; გაჭირვების ატანას სიმტკიცით, მაშინაც კი, როცა ჩვენი გულის სურვილების შესრულება გვიანდება. მოთმინება არ არის უბრალო გაძლება; ეს კარგად გაძლებაა”! (დიტერ ფ. უხტდორფი, „Continue in Patience”, ლიახონა, მაისი, 2010 წ, 57).

პირადი სწავლა

შეისწავლე მოსია 28:1–9.

  • რა სურვილები ჰქონდათ მოსიას ვაჟებს?

  • რა ურჩია უფალმა ამ მისიონერებს? (იხ. ალმა 17:10–11; 26:27.)

  • რა შედეგი გამოიღო მათმა მოთმინებამ და სიბეჯითემ? (იხ. ალმა 26.)

სამუშაო რვეულში ჩაიწერე პასუხები.

წმინდა წერილების შესწავლა

რატომ არის მნიშვნელოვანი მოთმინება? როგორ უკავშირდება ერთმანეთს მოთმინება და რწმენა?

გამოსახულება
ღვთის რჩეულნი (იესო დედასთან ერთად ლოცულობს), ავტორი: სიმონ დიუი

თავმდაბლობა

თავმდაბლობა არის უფლის ნებისთვის დამორჩილების სურვილი. ეს არის მზადყოფნა, მისი მიღწეულის პატივის მისაგებად. ეს არის სწავლების მიღების უნარი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 136:32). თავმდაბლობა მოიცავს მადლიერებას ღვთის კურთხევებისთვის და მისი დახმარების მუდმივი საჭიროების აღიარებას. ის ეხმარება მას, ვინც თავმდაბალია.

თავმდაბლობა სულიერი სიძლიერის და არა სისუსტის ნიშანია. თავმდაბლობა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია სულიერი ზრდისთვის (იხ. ეფერი 12:27).

როდესაც უფალს თავმდაბლად ენდობი, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მისი მცნებები შენს სასიკეთოდ არსებობს. შენ დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რასაც ის მოითხოვს შენგან, თუ მას დაეყრდნობი. ასევე, ენდობი მის მსახურებსა და ასრულებ მათ რჩევებს. თავმდაბლობა დაგეხმარება იყო მორჩილი, ბეჯითად იშრომო და იმსახურო.

თავმდაბლობის საპირისპიროა ამპარტავნობა. ამპარტავნობა ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უფრო მეტად ენდობი, ვიდრე ღმერთს. ის ასევე გულისხმობს, ამ სამყაროს საკითხების ღმერთის საკითხებზე წინ დაყენებას. ამპარტავნობა შეჯიბრებითობას ბადებს; მას, ვისაც ამპარტავნობა გააჩნია, მუდამ მეტის მიღება სურს და საკუთარ თავს სხვაზე მაღლა აყენებს. ამპარტავნობა უდიდესი დაბრკოლებაა.

წმინდა წერილის შესწავლა

რას ნიშნავს იყო თავმდაბალი?

რა კურთხევებს მიიღებ თავის დამდაბლებით?

როგორ ამოიცნო ამპარტავნობა საკუთარ თავში?

გამოსახულება
პავლე მოციქული ქადაგებისას

სიბეჯითე

სიბეჯითე არის მუდმივი, მტკიცე ძალისხმევა. მისიონერულ საქმეში სიბეჯითე არის უფლის მიმართ სიყვარულის გამოხატულება. სიბეჯითის გამო შენ უფლის საქმეში სიხარულსა და კმაყოფილებას პოულობ (იხ. ალმა 26:16).

სიბეჯითე მოიცავს უამრავი სიკეთის კეთებას საკუთარი ნებით, ნაცვლად იმისა, რომ დაელოდო ხელმძღვანელებს გითხრან, რა უნდა გააკეთო (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:27–29).

ყოველთვის აკეთე სიკეთე, მაშინაც კი, როცა რთულია ან დაღლილი ხარ. თუმცა დაიცავი წონასწორობა და აუცილებლად დაისვენე, რადგან არ „გარბოდე იმაზე სწრაფად, ვიდრე [შეგწევს] ძალა“ (მოსია 4:27).

უფალი და მისი საქმე თქვენი გულისა და ინტერესების მთავარი ნაწილი უნდა იყოს. მოერიდე ისეთ რამეს, რაც არ არის შენთვის პრიორიტეტული. დაუთმე დრო და ძალისხმევა იმ ღონისძიებებს, რომლებიც იქნება ყველაზე ეფექტური შენს სფეროში და ყველაზე სასარგებლო შენი მოწაფეებისთვის.

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

„ეს უფლის ეკლესიაა. მან მოგვიხმო და გვენდო მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჩვენი სისუსტეების შესახებ. მან იცოდა ჩვენი გაჭირვებების შესახებ. ერთგული მსახურებით და უფლის გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მოვისურვოთ ის, რაც მას სურს და ვიყოთ რანიც უნდა ვიყოთ, რათა დავლოცოთ ისინი, ვისაც მისთვის ვემსახურებით. როცა მას საკმარისი დროის მანძილზე სიბეჯითით ვემსახურებით, ჩვენ ნელ-ნელა ვიცვლებით. ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად დავემსგავსოთ მას (ჰენრი ბ. აირინგი, „Act in All Diligence [იმოქმედეთ მთელი სიბეჯითით]”, ლიახონა, მაისი, 2010 წ, 62–63).

წმინდა წერილის შესწავლა

რას ნიშნავს სიბეჯითე?

რატომ ელოდება უფალი თქვენგან სიბეჯითეს?

როგორ უკავშირდება სიბეჯითე არჩევნის თავისუფლებას?

გამოსახულება
ორი ათასი ახალგაზრდა მებრძოლი (Two Thousand Stripling Warriors), ავტორი: არნოლდ ფრიბერგი

მორჩილება

შენი მისიონერული მსახურება არის იმ აღთქმების გაგრძელება, რომლებიც დადებული გაქვს ღმერთთან ნათლობისას და ტაძარში. ნათლობისა და შემოსვის წეს-ჩვეულების მიღებით შენ ღმერთთან დებ აღთქმას, რომ დაიცავ მის მცნებებს.

მეფე ბენიამინმა გვასწავლა: „მე მსურს, რომ იფიქროთ მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში — ხორციელშიც და სულიერშიც; და თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი ბოლომდე, მათ მიიღებენ ზეცაში, რათა ამგვარად იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“ (მოსია 2:41).

მცნებების დაცვა ზეციური მამისა და ქრისტეს მიმართ სიყვარულის გამოხატულებაა (იხ. იოანე 14:15). იესომ თქვა: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოანე 15:10).

მიჰყევი მითითებებს, რომლებიც მოცემულია იესო ქრისტეს მოწაფეთა მისიონერული სტანდარტები-ში. ასევე, შეასრულე მისიის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის რჩევა, რადგან ისინი სამართლიანობისკენ მოგიწოდებენ.

გამოსახულება
უხუცესი დეილ გ. რენლანდი

„მორჩილება ჩვენი არჩევანია. მხსნელმა ეს გარკვევით გვითხრა. როგორც გაცხადებულია ჯოზეფ სმითის ლუკა 14:28-ს თარგმანში, იესომ ბრძანა: ჩაიდეთ ეს გულებში, რომ შეასრულოთ ის, რასაც მე გასწავლით და გიბრძანებთ. ეს ისეთი მარტივია. … როცა ასე მოვიქცევით, ჩვენი სულიერი სტაბილურობა დიდად გაიზრდება. ჩვენ თავიდან ავიცილებთ ღვთისგან ბოძებული რესურსების გაფლანგვას და არანაყოფიერი და დამანგრეველი შემოვლითი გზით სიარულს ჩვენს ცხოვრებაში“ (დეილ გ. რენლუნდი, „Constructing Spiritual Stability [სულიერი სტაბილურობის შექმნა]” [Brigham Young University devotional”, სექტ., 16, 2014 წ], 2, speeches.byu.edu).

წმინდა წერილის შესწავლა

რა შეგიძლია ისწავლო წინამდებარე წმინდა წერილებიდან მორჩილების შესახებ?

გამოსახულება
ქრისტე და მეთევზეები (ამათზე მეტად გიყვარვარ?), ავტორი: კირკ რიჩარდსი

ქრისტეს დამსგავსების ნიმუში

ქვემოთ მოცემული ნიმუში დაგეხმარება წინამდებარე თავსა და წმინდა წერილებში აღწერილი სხვა თვისებების განვითარებასა და მიღებაში:

  • განსაზღვრე თვისება, რომლის მიღებაც გსურს.

  • ქაღალდღე აღწერე ეს თვისება.

  • ჩამოწერე და შეისწავლე წმინდა წერილის ის ნაწყვეტები, სადაც მოცემულია ამ თვისების მაგალითები ან მის შესახებ სწავლება.

  • ჩაიწერე შეგრძნებები და შთაბეჭდილებები.

  • დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმა, როგორ მიაღწიო ამ თვისების მიღებას.

  • ილოცე ღმერთისადმი, რათა დაგეხმაროს ამ თვისების განვითარებაში და მიღებაში.

  • პერიოდულად შეაფასე შენი წინსვლა.

გამოსახულება
უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი

„უფალი აკურთხებს მათ, ვისაც სურს გაუმჯობესება, ვინც იღებს მცნებების არსებობის საჭიროებას და ცდილობს მათ დაცვას, ვინც აფასებს ქრისტეს მსგავს თვისებებს და ძალას არ იშურებს მათ მოსაპოვებლად. თუ დაბრკოლდები ამ გზაზე, არა უშავს — ყველა ბრკოლდება; მხსნელი დაგვეხმარება ამ გზის გაგრძელებაში. … მალე მიაღწევ წარმატებას ამ ძიებაში“ (ჯეფრი რ. ჰოლანდი, „Tomorrow the Lord Will Do Wonders among You [ხვალ უფალი თქვენ შორის სასწაულებს მოახდენს]”, ლიახონა, მაისი, 2016 წ, 126).

პირადი სწავლა

განსაზღვრე რომელიმე თვისება წინამდებარე თავიდან ან წმინდა წერილებიდან. ამ თვისების გააზრებისა და ძიებისათვის მიჰყევი ზემოთ აღწერილ ნიმუშს.

დახედე შენს მისიონერის სამკერდე ნიშანს. რით განსხვავდება ის კომპანიის თანამშრომლების ნიშნისგან, რომელსაც ისინი ატარებენ? გაითვალისწინე, რომ ყველაზე მეტად გამოირჩევა ორი ნაწილი: შენი სახელი და მხსნელის სახელი.

  • როგორ შეგიძლია უკეთ წარმოადგინო მხსნელი, როგორც მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ?

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, შენი სახელი მხსნელის სახელს დადებითად დაუკავშირონ?

სამუშაო რვეულში ჩაიწერე ფიქრები.

წმინდა წერილის შესწავლა

გადახედე წინამდებარე წმინდა წერილებში მოცემულ თვისებებს. სამუშაო რვეულში ჩაიწერე ნებისმიერი შთაბეჭდილება.


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • პერიოდულად შეასრულე „თვისების ღონისძიება” წინამდებარე თავის ბოლოს.

  • განსაზღვრე თვისება ამ თავში. ჰკითხე საკუთარ თავს:

    • როგორ შემიძლია ვისწავლო მეტი ამ თვისების შესახებ?

    • ამ თვისების მიღება როგორ დამეხმარება, გავხდე იესო ქრისტეს სახარების უკეთესი მსახური?

  • იპოვე ქრისტეს მსგავსი თვისებების მაგალითები მამაკაცებისა და ქალების ცხოვრებაში წმინდა წერილებში. სამუშაო რვეულში ჩაიწერე შენი შთაბეჭდილებები.

  • იპოვე ქრისტეს მსგავსი თვისებები ეკლესიის წმინდა მუსიკაში. თვისების ძიებისას, დაიმახსოვრე ჰიმნის ან სიმღერის სიტყვები, რაც ძალას შეგმატებთ. შენთვის გაიმეორე ან იმღერე ეს სიტყვები შთაგონებისთვის და სულიწმინდის მოსაპატიჟებლად.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • შეისწავლე შენიშვნები ქრისტეს მსგავსი თვისებების შესახებ სახარების ბიბლიოთეკაში ან სხვა დამტკიცებულ რესურსებში. განიხილე, როგორ გამოიყენო ნასწავლი. ასევე, შეგიძლია განიხილო, რა შეისწავლე პირადი ძალისხმევით, რათა დაემსგავსო ქრისტეს.

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • საბჭოს შეხვედრამდე ან კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, სთხოვეთ თითოეულ მისიონერს, მოამზადოს ხუთწუთიანი მოხსენება ქრისტეს მსგავს თვისებაზე. შეხვედრაზე განსაზღვრეთ დრო იმისთვის, რომ რამდენიმე მისიონერი გამოვიდეს სიტყვით.

  • მისიონერები ოთხ ჯგუფად დაყავით და მიეცით მათ შემდეგი დავალება:

    ჯგუფი 1: წაიკითხეთ 1 ნეფი 17:7–16 და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

    • როგორ გამოიჩინა ნეფიმ რწმენა?

    • რა გააკეთა ნეფიმ ქრისტეს მსგავსად?

    • რას დაჰპირდა უფალი ნეფის?

    • რითი უკავშირდება ეს ამბავი მისიონერულ საქმეს?

    ჯგუფი 2: წაიკითხეთ მარკოზი 5:24–34 და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

    • როგორ გამოავლინა ამ ქალმა რწმენა იესო ქრისტესადმი?

    • რატომ განიკურნა?

    • როგორ გამოვიყენოთ მისი მაგალითი ჩვენს მისიონერულ საქმეში?

    ჯგუფი 3: წაიკითხეთ იაკობი 7:1–15 და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

    • რატომ იყო იაკობის რწმენა ისეთი ძლიერი, რომ შერემის დაპირისპირებას გაუძლო?

    • შერემთან საუბრისას, როგორ გამოავლინა იაკობმა რწმენა?

    • იაკობის რომელი ქმედება იყო ქრისტეს მსგავსი?

    ჯგუფი 4: წაიკითხეთ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:8–18 და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

    • რა გზებით გამოავლინა იესო ქრისტესადმი რწმენა ჯოზეფ სმითმა?

    • როგორ იქნა გამოცდილი მისი რწმენა?

    • რა გააკეთა მან ქრისტეს მსგავსად?

    • როგორ მივბაძოთ ჯოზეფ სმითის მაგალითს?

    როდესაც ჯგუფები მუშაობას დაასრულებენ, მისიონერები ერთად შეკრიბეთ და სთხოვეთ, გააზიარონ განხილული.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • სთხოვეთ მისიონერებს, წაიკითხონ ახალი აღთქმის ოთხი სახარებიდან ერთი-ერთი ან 3 ნეფი 11–28. დაავალეთ მათ, მოინიშნონ ჩვენი მხსნელის ისეთი ქმედება, რომლის გამეორება თავადაც შეუძლიათ.

  • გამოიყენეთ მიზნების დასახვა და დაგეგმვა, რათა ასწავლოთ მისიონერებს სიბეჯითე. აჩვენეთ რატომ ნიშნავს ადამიანებზე მუდმივი ზრუნვა სიყვარულის გამოვლინებას.

  • საუბრის დროს, სთხოვეთ მისიონერებს, ისაუბრონ ქრისტეს მსგავს იმ თვისებებზე, რომლის მიღებაც თავად სურთ.

თვისების ღონისძიება

ამ ღონისძიების მიზანია, დაგეხმაროს სულიერი ზრდის შესაძლებლობების ამოცნობაში. წაიკითხე თითოეული ქვემოთ მოცემული პუნქტი. გადაწყვიტე, რამდენად შეგეფერება მოყვანილი წინადადება და შეარჩიე შესაბამისი პასუხი. სამუშაო რვეულში ჩაიწერე პასუხები.

ყოველ წინადადებაზე ვერავინ ვერ შეძლებს გასცეს პასუხი — „ყოველთვის“. სულიერი ზრდა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის ამაღელვებელი და დამაჯილდოვებელია — რადგან არსებობს უამრავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაიზარდო და განიცადო ამ განვითარების დალოცვები.

დასაწყისისთვის, მიიღე ის, სადაც იმყოფები. აიღე ვალდებულება, იშრომო სულიერი განვითარებისთვის. ეძიეთ ღმერთის დახმარება. სირთულეების დროს გჯეროდეს, რომ უფალი აუცილებლად დაგეხმარება. როდესაც ლოცულობ, ეძიეთ ხელმძღვანელობა იმის შესახებ, თუ რომელ თვისებებზე უნდა გაამახვილო ყურადღება შენი მისიის სხვადასხვა დროს.

პასუხის განმარტება

  • 1 = არასდროს

  • 2 = ზოგჯერ

  • 3 = ხშირად

  • 4 = თითქმის ყოველთვის

  • 5 = ყოველთვის

რწმენა

  1. მე მწამს ქრისტე და ვიღებ მას, როგორც ჩემს მხსნელს. (2 ნეფი 25:29)

  2. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს ვუყვარვარ. (1 ნეფი 11:17)

  3. მე იმდენად ვენდობი მხსნელს, რომ ვიღებ მის ნებას და ვაკეთებ იმას, რასაც ის მთხოვს. (1 ნეფი 3:7)

  4. მე მჯერა, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და სულიწმინდის ძალის საშუალებით, მონანიებით მომეტევება და განვიწმინდები ჩემი ცოდვებისგან. (ენოსი 1:2–8)

  5. მე მწამს, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვები და პასუხობს მათ. (მოსია 27:14)

  6. მე დღის განმავლობაში ჩემს მხსნელზე ვფიქრობ და მახსოვს, რა გააკეთა მან ჩემთვის. (მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79)

  7. მე მჯერა, რომ ღმერთი მოიტანს სიკეთეს ჩემსა და სხვების ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ თავს მივუძღვნით მას და მის ძეს. (ეფერი 12:12)

  8. მე სულიწმინდის ძალით ვიცი, რომ მორმონის წიგნი ჭეშმარიტია. (მორონი 10:3–5)

  9. მე მაქვს რწმენა, შევასრულო ის, რაც ქრისტეს სურს. (მორონი 7:33)

იმედი

  1. ჩემი უდიდესი სურვილებიდან ერთ-ერთი ცელესტიალურ სასუფეველში მარადიული სიცოცხლის დამკვიდრებაა. (მორონი 7:41)

  2. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბედნიერი და წარმატებული მისია მექნება. (მოძღვრება და აღთქმები 31:3–5)

  3. მომავალზე ფიქრისას სიმშვიდე და დადებითი განწყობა მეუფლება. (მოძღვრება და აღთქმები 59:23)

  4. მე მჯერა, რომ ოდესღაც ღმერთთან ერთად ვიცხოვრებ და მას დავემსგავსები. (ეფერი 12:4)

გულმოწყალება და სიყვარული

  1. მე გულწრფელად მსურს სხვების მარადიული კეთილდღეობა და ბედნიერება. (მოსია 28:3)

  2. როდესაც ვლოცულობ, ვითხოვ გულმოწყალებას — ქრისტეს წმინდა სიყვარულს. (მორონი 7:47–48)

  3. მე ვცდილობ ჩავწვდე სხვა ადამიანების შეგრძნებებს და გავიგო მათი შეხედულებები. (იუდა 1:22)

  4. მე მივუტევებ მათ, ვინც შეურაცხყოფა მომაყენა ან ცუდად მომექცა. (ეფესელთა 4:32)

  5. მე სიყვარულით ვუწვდი დახმარების ხელს მათ, ვინც მარტოა, გასაჭირშია ან გული აცრუებული აქვს. (მოსია 18:9)

  6. როდესაც საჭიროა, მე გამოვხატავ ჩემს სიყვარულსა და ზრუნვას სხვების მიმართ სიტყვითა და საქმით. (ლუკა 7:12–15)

  7. მე ვეძებ შესაძლებლობებს, რათა სხვებს ვემსახურო. (მოსია 2:17)

  8. მე სხვებზე დადებითად ვსაუბრობ. (მოძღვრება და აღთქმები 42:27)

  9. მე კეთილად და მოთმინებით ვექცევი სხვებს, მაშინაც კი, როცა მათთან ურთიერთობა ძალიან რთულია. (მორონი 7:45)

  10. მე სხვების მიღწევები მახარებს. (ალმა 17:2–4)

სათნოება

  1. მე გულით სუფთა ვარ. (ფსალმუნი 24:3–4)

  2. მე მსურს სიკეთის კეთება. (მოსია 5:2)

  3. მე ყურადღებას ვამახვილებ სამართლიან, ამამაღლებელ ფიქრებზე და გონებიდან განვაგდებ არაჯანსაღ აზრებს. (მოძღვრება და აღთქმები 121:45)

  4. მე ვინანიებ ცოდვებს და ვშრომობ სისუსტეების დასამარცხებლად. (მოძღვრება და აღთქმები 49:26–28; ეფერი 12:27)

  5. მე ვგრძნობ სულიწმინდის გავლენას ჩემს ცხოვრებაში. (მოძღვრება და აღთქმები 11:12–13)

პატიოსნება

  1. მე ყოველთვის ღმერთის ერთგული ვარ. (მოსია 18:9)

  2. მე არ ვიცვლი სტანდარტებს ან ქცევას, რათა სხვებზე მოვახდინო შთაბეჭდილება ან სხვებმა მიმიღონ. (1 ნეფი 8:24–28)

  3. მე გულწრფელი ვარ ღმერთის, საკუთარი თავის, ჩემი ხელმძღვანელებისა და სხვების წინაშე. (მოძღვრება და აღთქმები 51:9)

  4. მე საიმედო ვარ. (ალმა 53:20)

ცოდნა

  1. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მესმის სახარების მოძღვრება და პრინციპები. (ალმა 17:2–3)

  2. მე წმინდა წერილს ყოველდღიურად შევისწავლი. (2 ტიმოთე 3:16–17)

  3. მე ვეძიებ ჭეშმარიტების წვდომას და ჩემს კითხვებზე პასუხების პოვნას. (მოძღვრება და აღთქმები 6:7)

  4. მე სულიწმინდის დახმარებით ვეძიებ ცოდნასა და მითითებებს. (1 ნეფი 4:6)

  5. მე ვაფასებ სახარების მოძღვრებასა და პრინციპებს. (2 ნეფი 4:15)

მოთმინება

  1. მე მოთმინებით ველოდები უფლის დალოცვებს და დაპირებების ასრულებას. (2 ნეფი 10:17)

  2. მე შემიძლია დაველოდო რაღაცის მოხდენას გაბრაზების ან მოუთმენლობის გარეშე. (რომაელთა 8:25)

  3. მე მომთმენი ვარ მისიონერის გამოწვევებისადმი. (ალმა 17:11)

  4. მე მომთმენი ვარ სხვა ადამიანებისადმი. (რომაელთა 15:1)

  5. მე მომთმენი ვარ საკუთარი თავისადმი და ვეყრდნობი უფალს, როდესაც ვცდილობ ჩემი სისუსტეების დამარცხებას. (ეფერი 12:27)

  6. მე მოთმინებითა და რწმენით ვხვდები უბედურებას. (ალმა 34:40–41)

თავმდაბლობა

  1. მე გულით თვინიერი და თავმდაბალი ვარ. (მათე 11:29)

  2. მე ღმერთის დახმარების იმედი მაქვს. (ალმა 26:12)

  3. მე მადლიერი ვარ ღვთისგან მიღებული კურთხევებისთვის. (ალმა 7:23)

  4. ჩემი ლოცვები არის გულწრფელი. (ენოსი 1:4)

  5. მე მადლობელი ვარ ჩემი ხელმძღვანელებისგან ან მასწავლებლებისგან მიღებული მითითებისთის. (2 ნეფი 9:28–29)

  6. მე ვცდილობ ღვთის ნებას დავემორჩილო. (მოსია 24:15)

სიბეჯითე

  1. მე ეფექტურად ვაკეთებ საქმეს, მაშინაც კი, როცა არავინ მადევნებს თვალყურს. (მოძღვრება და აღთქმები 58:26–27)

  2. მე ჩემს ძალისხმევას მივმართავ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. (მათე 23:23)

  3. მე განმარტოებით დღეში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც ვლოცულობ. (ალმა 34:17–27)

  4. ფიქრები მიმართული მაქვს ჩემი, როგორც მისიონერის, მოწოდებაზე. (მოძღვრება და აღთქმები 4:2, 5)

  5. მე მიზნებს ვისახავ და რეგულარულად ვადგენ გეგმებს. (მოძღვრება და აღთქმები 88:119)

  6. მე საქმის დასასრულებლად ბევრს ვშრომობ. (მოძღვრება და აღთქმები 10:4)

  7. მე ჩემს საქმეში სიხარულსა და კმაყოფილებას ვპოვებ. (ალმა 36:24–25)

მორჩილება

  1. როდესაც ვლოცულობ, ვითხოვ ძალას, რათა დავთრგუნო ცდუნებები და სწორად მოვიქცე. (3 ნეფი 18:15)

  2. მე სატაძრო რეკომენდაციის ღირსი ვარ. (მოძღვრება და აღთქმები 97:8)

  3. მე ჩემი ნებით ვემორჩილები მისიის წესებს და ვასრულებ ჩემი ხელმძღვანელების დარიგებებს. (ებრაელთა 13:17)

  4. მე ვცდილობ, ვიცხოვრო სახარების კანონებისა და პრინციპების შესაბამისად. (მოძღვრება და აღთქმები 41:5)