მისიის მოწოდებები
თავი 12: დაეხმარე ადამიანებს, მოემზადონ ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის


„თავი 12: დაეხმარე ადამიანებს, მოემზადონ ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის“ იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 12“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
იოანე ნათლისმცემელი იესოს მონათვლისას, ავტორი: გრეგ კ. ოლსენი

თავი 12

დაეხმარეთ ადამიანებს, მოემზადონ ნათლობასა და წევრად დამტკიცებისთვის

განიხილე შემდეგი

  • როგორ დავეხმარო ადამიანებს მონათვლასა და წევრად დამტკიცებაში?

  • როგორ ჩავატარო ნათლობის გასაუბრება?

  • როგორ იგეგმება და ხორციელდება სულის ასამაღლებელი ნათლობის მსახურება?

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ნათლობისა და წევრად დამტკიცების ფორმის შევსება?

  • როგორ დავეხმარო ახალ წევრებს?

ნათლობა არის იმედის სასიხარულო წეს-ჩვეულება, რომელსაც შემოაქვს ღვთის ძალა ადამიანის ცხოვრებაში. ეს ძალა სულიწმინდის ძღვენის მიღებით მოდის. მისი მიღება გაგრძელდება, თუ ადამიანი ბოლომდე გაძლებს და დაიცავს ნათლობის აღთქმას.

შენი სწავლების მიზანია დაეხმარო სხვებს განავითარონ რწმენა იესო ქრისტეს მიმართ, მოინანიონ ცოდვები და მოინათლონ ქრისტეს მიმდევრობის გულწრფელი სურვილით. როგორც მორმონმა გვასწავლა: „მონანიების პირველი ნაყოფი არის ნათლობა“ (მორონი 8:25). როდესაც შენი მოსწავლეები დაიცავენ შენს მოწვევას - აიღონ გარკვეული ვალდებულებები, ისინი მზად იქნებიან დადონ და დაიცვან აღთქმა ღმერთთან და დატკბნენ დაპირებული დალოცვებით.

ნათლობა და წევრად დამტკიცება საბოლოო მიზანი არ არის. ეს წეს-ჩვეულებები ღვთის შვილებისთვის აღთქმის გზაზე გამავალი კარია. ამ გზას მივყავართ წეს-ჩვეულებებისკენ, აღთქმებისკენ და ტაძრის სასიხარულო დალოცვებისკენ— საბოლოოდ კი, მარადიულ სიცოცხლემდე (იხ. 3 ნეფი 11:20–40).

ნათლობისა და წევრად დამტკიცების წესების დაკმაყოფილება

ღმერთი ყველა შვილს იწვევს, მონათვლითა და წევრად დამტკიცებით მივიდნენ მასთან (იხ. 2 ნეფი 26:33; 3 ნეფი 27:20). ნათლობის წესები ყველასთვის ერთი და იგივეა.

მოძღვრება და აღთქმები 20:37-დან:

  • თავი დაიმდაბლეთ უფლის წინაშე.

  • გსურდეს მონათვლა.

  • მოდი გატეხილი გულითა და მომნანიებელი სულით.

  • მოინანიე ყველა ცოდვა და ილოცე მიტევებისთვის.

  • მზად იყავი, საკუთარ თავზე აიღო ქრისტეს სახელი.

  • მიიღე გადაწყვეტილება, ცხოვრების ბოლომდე ემსახურო ქრისტეს.

  • საქმეებით აჩვენე, რომ მიიღე ქრისტეს სული შენი ცოდვების მისატევებლად.

პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმისგან:

  • სათანადოდ უპასუხე ნათლობის გასაუბრების კითხვებს.

  • გაიარე ყველა მისიონერული გაკვეთილი.

  • შეხვდი უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტს, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტსა და ეპისკოპოსს.

  • დაესწარი ზიარების რამდენიმე შეხვედრას.

ეს წესები სულიერი მოქცევის პროცესის მაჩვენებლებია. როდესაც ადამიანი ამ წესებს იცავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მზად არის წმინდა წეს-ჩვეულებებისთვის — ნათლობისა და წევრად დამტკიცების მისაღებად.

როდესაც პიროვნებამ მონათვლის კონკრეტული თარიღი დანიშნა:

  • ყურადღებით გაეცანი მის ჩანაწერს „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაციაში რათა დარწმუნდე, რომ ასწავლე აუცილებელი მოძღვრება და მცნებები.

  • შექმენი განრიგი იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც საჭიროა ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის მოსამზადებლად. გადახედე ამ განრიგს იმ პიროვნებასთან ერთად, ვისთვისაც იგი შეადგინე.

  • თუ შესაძლებელია, მოიწვიე ადამიანი ნათლობის მსახურებაზე დასასწრებად, სანამ თავად მოინათლება.

წმინდა წერილის შესწავლა

შეისწავლე შემდეგი წმინდა წერილები. როგორ შეგიძლია დაეხმარო მოსწავლეებს ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის მომზადებაში? ჩაიწერე, რასაც ისწავლი.

გამოსახულება
მკურნალი, ავტორი: გრეგ კ. ოლსენი

დაეხმარე ადამიანებს ნათლობის გასაუბრებისთვის მომზადებაში

ნათლობის გასაუბრება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი აკმაყოფილებს ნათლობისთვის უფლის მიერ დადგენილ წესებს. მხოლოდ მაშინ დაგეგმე ნათლობის გასაუბრება, როდესაც ადამიანი მზად იქნება.

დაეხმარე ადამიანებს ამ გასაუბრებისთვის მომზადებაში, რათა კომფოტულად იგრძნონ თავი. აუხსენი, როგორ ჩატარდება გასაუბრება. უთხარი, რომ შენნაირ სხვა მისიონერსაც შეხვდებიან.

აუხსენი ამ გასაუბრების მიზანი. მათთვის ეს არის შესაძლებლობა დაადასტურონ, რომ მათ „მოინანიეს ყველა ცოდვა [და] ამტკიცებენ საკუთარი საქმეებით, რომ მიიღეს ქრისტეს სული ცოდვების მიტევებისთვის” (მოძღვრება და აღთქმები 20:37).

გააზიარე გასაუბრებაზე დასასმელი შეკითხვები (მოცემულია ქვემოთ). ეს დაეხმრება მათ პასუხების გაცემის მომზადებაში.

დარწმუნდი, რომ ამ პიროვნებას გააზრებული აქვს, რაც ასწავლე და აღთქმა, რომელსაც ნათლობისას დადებს. ეს აღთქმა ნიშნავს:

  • იყო მზად, აიღო საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი.

  • დაიცვა ღმერთის მცნებები

  • ემსახურო ღმერთსა და სხვებს.

  • ბოლომდე გაძლო. (იხ. გაკვეთილი 4.)

დაამოწმე დიდი კურთხევების შესახებ, რომლებიც მოდის ნათლობითა და წევრად დამტკიცებით და ნათლობის აღთქმის დაცვით. ეს კურთხევები მოიცავს ცოდვების მიტევებასა და სულიწმინდის ძღვენის მიღებას.

ნათლობის გასაუბრების ჩატარება

მონათვლის მსურველებს გასაუბრებას სათითაოდ უტარებს მღვდლობის უფლებამოსილი ხელმძღვანელი. მისიაში ეს პიროვნება რაიონის ან ზონის ხელმძღვანელია. ის ატარებს გასაუბრებას შემდეგი პირებისთვის:

  • 9 წლის და 9 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებიც არასდროს არ ყოფილან მონათლულნი და წევრად დამტკიცებულნი.

  • 8 წლის ან 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რომელთა მშობლებიც არ არიან ეკლესიის წევრები.

  • 8 წლის ან 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რომელთა მშობელიც ინათლება და წევრად მტკიცდება.

გასაუბრების მითითებები ქვემოთ არის მოცემული.

  • ჩაატარე გასაუბრება კომფორტულ, მყუდრო გარემოშო, სადაც სულიწმინდა შეიძლება იგრძნო.

  • ბავშვთან, ახალგაზრდასა ან ქალბატონთან გასაუბრების ჩატარებისას, გასაუბრების ჩამტარებლის მეწყვილე მეზობელ ოთახში, შემოსასვლელში ან მოსაცდელში უნდა იყოს. სურვილისამებრ, შესაძლებელია სხვა ზრდასრულის მოწვევა გასაუბრებაზე. მისიონერებმა თავიდან უნდა აიცილონ ყველა გარემოება, რომელიც შეიძლება არასწორად იყოს გაგებული.

  • დაიწყე ლოცვით.

  • დაეხმარე ადამიანს, თავისუფლად იგრძნოს თავი.

  • გასაუბრება სულიერად ამამაღლებელ პროცესად აქციე.

  • დარწმუნდი, რომ პიროვნებას ესმის გასაუბრების მიზანი.

  • გამოიყენე ნათლობის გასაუბრების ქვემოთ მოყვანილი შეკითხვები. საჭიროებისამებრ, მოარგე შეკითხვები პიროვნების ასაკს, მზაობას და გარემოებებს.

  • უპასუხე პიროვნების შეკითხვებს.

  • შეამოწმე ნათლობის და წევრად დამტკიცების ფორმაში შეყვანილი ინფორმაციის სისწორე. თუ პირი არასრულწლოვანია, ფორმას მშობელმა ან მეურვემ უნდა მოაწეროს ხელი ნათლობამდე (იხ. „ნათლობა და წევრად დამტკიცება: კითხვები და პასუხები”, წინამდებარე თავის განყოფილება).

  • მოიწვიე პიროვნება, გააზიაროს მოწმობა ან თავისი შეგრძნებები.

  • გამოხატე მადლიერება ამ ადამიანთან შეხვედრისთვის.

ნათლობის გასაუბრების შეკითხვები

ნათლობის გასაუბრების შეკითხვები შემდეგია:

  1. გწამთ, რომ ღმერთი ჩვენი მარადიული მამაა? გწამთ, რომ იესო ქრისტე არის ღვთის ძე და სამყაროს მხსნელი და გამომსყიდველი?

  2. გწამთ, რომ იესო ქრისტეს ეკლესია და სახარება აღდგენილია წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით? გწამთ, რომ [ეკლესიის ამჟამინდელი პრეზიდენტი] ღვთის წინასწარმეტყველია? რას ნიშნავს ყოველივე ეს თქვენთვის?

  3. თქვენთვის რას ნიშნავს მონანიება? ფიქრობთ, რომ ძველი ცოდვები მოინანიეთ?

  4. თქვენ გასწავლეს, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობა მოიცავს სახარების სტანდარტებით ცხოვრებას. ქვემოთ მოცემულ სტანდარტებზე რა იცით? თანახმა ხართ, დაემორჩილოთ მათ?

    • უბიწოების კანონი, რომელიც კრძალავს ნებისმიერ სექსუალურ ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის კანონიერი ქორწინების გარეშე

    • მეათედის კანონი

    • სიბრძნის სიტყვა

    • კვირადღის სიწმინდის დაცვა, ყოველკვირეული ზიარების მიღება და სხვებისთვის მსახურება

  5. ოდესმე ჩაგიდენიათ სერიოზული დანაშაული? თუ თქვენი პასუხი დადებითია, ვადამდე ადრე ხართ გამოშვებული თუ თავდებით?

  6. აბორტის გაკეთებაში მონაწილეობა მიგიღიათ? (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.6.1.)

  7. ნათლობისას თქვენ დებთ აღთქმას ღმერთთან, რომ მზად ხართ საკუთარ თავზე აიღოთ ქრისტეს სახელი, ემსახუროთ სხვებს, ყოველთვის იყოთ ღვთის მოწმე და დაიცვათ მისი მცნებები მთელი ცხოვრების განმავლობაში. მზად ხართ, დადოთ ეს აღთქმა და ეცდებით იყოთ მისი ერთგული?

თუ პიროვნება დადებითად უპასუხებს მე-5 ან მე-6 შეკითხვას, მითითებების მისაღებად იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.2.8.7 და 38.2.8.8.

გაეცანი ნათლობისა და წევრად დამტკიცების პოლიტიკასა და მითითებებს ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.2.8-ში. ზოგიერთი ეს პოლიტიკა მოიცავს განსაკუთრებულ გარემოებებს, რომლების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ.

გასაუბრების შემდეგ მისიონერი და კანდიდატი კვლავ შეუერთდებიან სხვა მისიონერებს. თუ ადამიანი მზად არის ნათლობისთვის, მისიონერები აუხსნიან, რა მოხდება ნათლობის მსახურებაზე. ისინი ასევე განმარტავენ, რომ წევრად დამტკიცება ჩვეულებრივ ხდება მეურვეობის ზიარების შეკრებაზე, ამ ადამიანის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.

რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს ნათლობა

ზოგჯერ საჭირო ხდება ნათლობის გადადება მოწმობასთან ან ღირსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ასეთ შემთხვევაში ეცადე, სენსიტიურად და კონფიდენციალურად მოიქცე. დაეხმარე ადამიანს გაიაზროს, როგორ უნდა მოემზადოს ნათლობისთვის მომავალში დაგეგმილი თარიღისთვის.

წაახალისე ადამიანი და შესთავაზე იმედი ქრისტესა და მის გამოსყიდვაში. სთხოვე მეურვეობის წევრებს, მეგობრობა გაუწიონ ამ პიროვნებას. განაგრძე სახარების ძირითადი პრინციპების სწავლება, სანამ ადამიანი მზად არ იქნება მოსანათლად და წევრად დასამტკიცებლად. დაელოდე ამ მომენტს, რათა ნათლობის ახალი თარიღი დაინიშნოს.

ნათლობა და წევრად დამტკიცება: კითხვები და პასუხები

არასრულწლოვნის მოსანათლად მჭირდება ნებართვა? ეკლესია ზრუნავს ბავშვების კეთილდღეობაზე და მათი ოჯახის ჰარმონიაზე. არასრულწლოვანი, როგორც ეს განსაზღვრულია ადგილობრივი კანონებით, შეიძლება მოინათლოს, როდესაც დაკმაყოფილდება ორი პირობა:

  1. მეურვე მშობელი (მშობლები) ან კანონიერი მეურვე (მეურვეები) გასცემენ წერილობით ნებართვას. მათ უნდა ჰქონდეთ ზოგადი წარმოდგენა იმ მოძღვრების შესახებ, რომელსაც მათ შვილს, როგორც ეკლესიის წევრს, ასწავლიან. ასევე, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი, მხარი დაუჭირონ ბავშვს ნათლობის აღთქმის დადებასა და დაცვაში.

  2. პირი, რომელიც ატარებს გასაუბრებას, უნდა მიხვდეს, იაზრებს თუ არა ბავშვი ნათლობის აღთქმას. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვი შეეცდება დაიცვას ეს აღთქმა მცნებების დამორჩილებით, მათ შორის, ეკლესიის შეხვედრებზე დასწრებით.

ერთ-ერთი მეუღლის მონათვლის შემთხვევაში, მჭირდება თუ არა ცოლის/ქმრის ნებართვა? დიახ. ქორწინებაში მყოფი ადამიანის ნათლობამდე საჭიროა მეუღლის მიერ გაცემული ნებართვა.

თუ ოჯახში მშობელი მზად არ არის მონათვლისთვის, უნდა მოვნათლო ოჯახის სხვა წევრები თუ დაველოდო, სანამ მშობელი მზად იქნება? სასურველია ოჯახის წევრები ერთად მოინათლონ. თუმცა, თუ ზოგიერთი მზად არ არის, ოჯახის ცალკეული წევრები შეიძლება მოინათლონ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ნებართვა მიღებული იქნება.

უნდა გადაიდოს თუ არა ოჯახის წევრების ნათლობა მანამ, სანამ მამა არ მიიღებს აარონის მღვდლობას და თავად არ ჩაატარებს ნათლობას? არა. ახლადმონათლული ძმები არ იღებენ აარონის მღვდლობას იმავე დღეს, როდესაც ისინი მოინათლებიან. თავდაპირველად, მათ ეპისკოპოსი უნდა გაესაუბროს და მეურვეობის წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ.

შემიძლია ვასწავლო და მოვნათლო ადამიანი, რომელმაც ეკლესიის წევრობაზე უარი თქვა ან რომლის წევრობაც გაუქმდა? ადამიანები, რომლებმაც ეკლესიის წევრობაზე უარი თქვეს ან რომლების წევრობაც გაუქმდა, შესაძლოა, ხელახლა იქნენ მიღებულნი ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის. თუ მათ სურთ სწავლების მიღება, მოითათბირე მღვდლობის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და შენი მისიის პრეზიდენტთან, იმ ნებისმიერი როლის შესახებ, რომელიც უნდა გქონდეს.

პალოში, ნათლობისთვის ხელახლა მიღება ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მისიაში, ნათლობისთვის ხელახლა მიღება, მისიის პრეზიდენტს ეხება. ამ ხელმძღვანელებს, საჭიროებისამებრ, პირველი პრეზიდენტობა მისცემს მითითებებს. მისიონერები არ ატარებენ ამ ნათლობის გასაუბრებას და არ ავსებენ ნათლობისა და წევრად დამტკიცების ფორმებს. თუმცა, ნათლობის ჩასატარებლად შესაძლებელია მისიონერის მოწვევა.

ეკლესიის ყოფილი წევრები, რომლებიც თავიდან შეუერთდებიან ეკლესიას, არ ითვლებიან მოქცეულებად. მიუხედავად ამისა, მისიონერებს ზოგჯერ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ იმაში, რომ დაეხმარონ მათ, კვლავ ისარგებლონ ეკლესიის წევრობის დალოცვებით.

რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს დაგეგმილი აქვს ნათლობის თარიღი, მაგრამ არ ასრულებს ყველა ვალდებულებას? დაელოდე ნათლობის გასაუბრების დაგეგმვას, სანამ ადამიანი არ შეასრულებს ვალდებულებებს და არ დააკმაყოფილებს ნათლობის წესებს. იხ. წინამდებარე თავში „როდის უნდა გადაიდოს ნათლობა“.

რა ხდება მაშინ, როცა წყვილს მონათვლა სურს, მაგრამ ერთად ცხოვრობენ? მამაკაცი და ქალი, რომელნიც ოფიციალური ქორწინების მიღმა ერთად ცხოვრობენ, არ უნდა მოინათლონ, სანამ არ დაიწყებენ უბიწოების კანონით ცხოვრებას. ეს ნიშნავს, რომ აღარ უნდა იცხოვრონ ერთად — იქნება ეს ჰეტეროსექსუალი წყვილი თუ ერთსქესიანი წყვილი, მამაკაცი თუ ქალი — ეს გულისხმობს დაქორწინებას. ეს ასევე მოიცავს მონანიებისთვის რწმენის გამოვლენას, როგორც აღწერილია მოძღვრება და აღთქმები 20:37-ში. კაცსა და ქალს შორის ქორწინება ღვთის გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ნათლობის გასაუბრებაში მე-5 და მე-6 კითხვებია ჩაუდენია თუ არა ადამიანს ოდესმე სერიოზული დანაშაული ან მონაწილეობა მიუღია თუ არა აბორტში. როგორ მოვიქცე, თუ რომელიმე ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მივიღე? თუ ნათლობის გასაუბრებაზე შეიტყობ ამ სიტუაციებიდან რომელიმეს შესახებ , დეტალების მოყოლა არ სთხოვო. არ მისცე დაპირება, რომ ეს ადამიანი აუცილებლად მოინათლება. თუმცა, გამოხატე სიყვარული და გულწრფელად აუხსენი, რომ მეტი გამოცდილების მქონე ადამიანი დაელაპარაკება და დაეხმარება მას.

ნათლობის გასაუბრების თხოვნა შენი მისიის პრეზიდენტს გაუგზავნე. ის ან მისი რომელიმე მრჩეველი შეხვდება ამ პიროვნებას. იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.2.8.7 და 38.2.8.8.

რა უნდა გავაკეთო, თუ წევრობის ჩანაწერი შეიქმნა ნათლობისა და წევრად დამტკიცების ფორმის წარდგენამდე? მითითებების მისაღებად დაუკავშირდი შენი მისიის პრეზიდენტს.

პირადი სწავლა

შენი თავი მის ადგილას წარმოიდგინე გასაუბრებაზე, რას იგრძნობდი ამ დროს. დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე და ჩაიწერე შენი შთაბეჭდილებები.

  • რითი იქნებოდა გასაუბრება შენთვის არაკომფორტული? როგორ უნდა მოქცეულიყო შეკითხვების დამსმელი, რათა თავისუფლად გეგრძნო თავი?

  • როგორ უნდა მოქცეულიყო შეკითხვების დამსმელი, შენ რომ მოგწონებოდა?

  • როგორ გენდომებოდა შეკითხვების დამსმელს ეპასუხა შენს ეჭვებსა და გაუგებრობებზე ან თუ მძიმე ცოდვას გაუმხელდი?

გამოსახულება
ნათლობა

ნათლობის მსახურება

ნათლობა და წევრად დამტკიცება ახალი წევრისთვის სულიერების მომენტი უნდა იყოს. ნათლობის მსახურება უნდა დაინიშნოს მაშინვე, როგორც კი პირი დააკმაყოფილებს მონათვლის წესებს. განმარტე, რა იქნება დაგეგმილი და რატომ. იმსჯელეთ სათანადო ტანსაცმელზე, მათ შორის იმაზეც, რომ პიროვნებას მიეცემა თეთრი ტანსაცმელი მონათვლისათვის.

მოქცეულთა მონათვლის მსახურება იგეგმება ეპისკოპოსობის ხელმძღვანელობით. მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი (თუ ასეთი არსებობს) ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს მისიონერულ სამუშაოს, გეგმავს და ატარებს ამ მსახურებებს. ის შეთანხმებულად მოქმედებს სრული დროის მისიონერებთან. ნათლობის მსახურებები უნდა იყოს მარტივი, მოკლე და სულიერად ამამაღლებელი.

ნათლობის მსახურებაზე დასასწრებად მოიწვიეთ ეპისკოპოსობის წევრი, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობის წევრი და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრი (თუ ის არ ატარებს მსახურებას). საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიეთ სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ახალგაზრდა ხელმძღვანელები და მზრუნველი ძმები და დები (თუ ისინი დანიშნულნი არიან). შეუთანხმდი მოსანათლ ადამიანს და მოიწვიე მისი მეგობრები და ნათესავები, რათა დაესწრონ ნათლობისა და წევრად დამტკიცების მსახურებებს.

მოიწვიე შენი სხვა მოსწავლეებიც. ეს გამოცდილება დაეხმარება მათ, იგრძნონ სულიწმინდა და მეტი შეიტყონ სახარების შესახებ. მსახურების შემდეგ, განიხილე მათი გამოცდილება და მოიწვიე სწავლებისთვის.

მონათვლის მსახურება შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  1. პრელუდია

  2. მოკლე მისალმება სამღვდელოების ხელმძღვანელისგან, რომელიც ატარებს მსახურებას (ეპისკოპოსობის წევრი უნდა უძღვებოდეს, თუ ეს შესაძლებელია)

  3. გახსნითი საგალობელი და ლოცვა

  4. ერთი ან ორი მოკლე გზავნილი სახარების ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნათლობა და სულიწმინდის ძღვენი.

  5. მუსიკალური ნომრები

  6. ნათლობა

  7. მოწიწების დრო, როდესაც ისინი, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ნათლობაში, იცვამენ მშრალ ტანსაცმელს. (ამ დროს შეიძლება ჩართული იყოს ან იმღერონ საგალობლები ან დაწყებითი საზოგადოების სიმღერები. ან შესაძლოა მისიონერებმა სახარების მოკლე პრეზენტაცია წარადგინონ.)

  8. სურვილის შემთხვევაში, ახალი წევრების მოწმობის გაზიარება

  9. დასკვნითი საგალობელი და ლოცვა

  10. პოსტლუდია

თუ ნათლობას კვირას დანიშნავთ, აირჩიეთ ისეთი დრო, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებად შეუშლის ხელს რეგულარულ საკვირაო შეხვედრებს.

გამოსახულება
წევრად დამტკიცება

წევრად დამტკიცება

ადამიანი ეკლესიის წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულებას იღებს ნათლობის შემდეგ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:41). ახალმოქცეული ადამიანი ითვლება ეკლესიის წევრად მას შემდეგ, რაც ნათლობისა და წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულებები დასრულდება და სათანადოდ ჩაიწერება.

წევრად დამტკიცებები ეპისკოპოსობის მითითებით ხდება. თუმცა, იგი წევრად დამტკიცებისთვის ცალკე გასაუბრებას არ ატარებს.

მჭიდროდ ითანამშრომლე ეპისკოპოსთან და მეუვეობის მისიის ხელმძღვანელთან (თუ ასეთი არსებობს), რათა დარწმუნდე, რომ ახალმოქცეულები წევრად დამტკიცებულნი არიან. დამტკიცება უნდა მოხდეს ნათლობის შემდეგ რაც შეიძლება მალე, სასურველია, მომდევნო კვირა დღეს. თუმცა, გამონაკლისის სახით, ეპისკოპოსს შეუძლია ნება დართოს, რომ წევრად დამტკიცება ნათლობის მსახურებაზე ჩატარდეს (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 18.8).

მოქცეულ პირებს, როგორც წესი, წევრად ამტკიცებენ ზიარების შეკრებაზე, მათ მეურვეობაში. ეპისკოპოსი ჩვეულებრივ იწვევს უხუცეს მისიონერებს, რომლებიც მეურვეობაში მსახურობენ, რათა მონაწილეობა მიიღონ წევრად დამტკიცებაში. თუ მისიონერი ასრულებს წევრად დამტკიცებას, მას ასევე სჭირდება მისიის პრეზიდენტის თანხმობა (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 18.8.1). ეპისკოპოსობის მინიმუმ ერთი წევრი უნდა იღებდეს მონაწილეობას.

დაასულეთ ნათლობისა და წევრად დამტკიცების ფორმის შევსება

უმნიშვნელოვანესია, რომ წევრობის ჩანაწერი დაუყოვნებლივ შეიქმნას მას შემდეგ, რაც ადამიანი მოინათლება და წევრად დამტკიცდება. თავის დროზე ასეთ ჩანაწერებთან დაკავშირებით მორონიმ დაწერა, რომ ახალი წევრები „ითვლებოდნენ ქრისტეს ეკლესიის ხალხს შორის; და მათ სახელებს იწერდნენ, რომ დაემახსოვრებინათ და ღმერთის კეთილი სიტყვით გამოეკვებათ, რათა სწორ გზაზე დარჩენილიყვნენ“ (მორონი 6:4).

როდესაც ასწავლი ადამიანს, რომელიც ემზადება მოსანათლად, დაიწყე ნათლობისა და წევრად დამტკიცების ფორმის შევსება „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაციაში. აუხსენი, რომ ეს ფორმა გამოყენებული იქნება წევრობის ჩანაწერის შესაქმნელად. ჩანაწერში მოცემული იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაცია პიროვნების მიერ მიღებული წეს-ჩვეულებების შესახებ. როდესაც ეკლესიის წევრები გადადიან, მათი წევრობის ჩანაწერი გადაეგზავნება მათ ახალ მეურვეობას, რათა ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა და წევრებმა შეძლონ მათი მხარდაჭერა.

როგორც კი ახალი წევრი მოინათლება და წევრად დამტკიცდება, განაახლე ფორმა ინფორმაციით თითოეული წეს-ჩვეულების შესახებ, მათ შორის, ვინ შეასრულა ის. როდესაც შეავსებ ფორმას, ჩაწერე ინფორმაცია „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაციაში და ელექტრონულად წარუდგინე იგი მეურვეობის კლერკს. როგორც კი კლერკი მიიღებს ფორმას, ის განიხილავს მას და შექმნის წევრობის ჩანაწერს.

წევრობის ჩანაწერის შექმნის შემდეგ, კლერკი მოამზადებს ნათლობისა და წევრად დამტკიცების სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატს ხელს აწერს ეპისკოპოსი და ის გადაეცემა პიროვნებას.

სახელი, გვარი და სქესი წევრობის ჩანაწერსა და სერტიფიკატში უნდა შეესაბამებოდეს პირის დაბადების მოწმობას, დაბადების სამოქალაქო რეესტრს ან ამჟამინდელ იურიდიულ სახელსა და გვარს.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

შეისწავლე მოსია 6:1–3 და მორონი 6:1–4. როგორ უკავშირდება ეს ამონარიდები ნათლობისა და წევრად დამტკიცების სწორი ჩანაწერების შენახვას?

ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ

გააგრძელე მსახურება

ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ, განაგრძე ახალ წევრებთან მეგობრობა და მათი მხარდაჭერა. დაეხმარე მათ, იარონ ეკლესიაში და წევრებს დაუახლოვდნენ. წაიკითხე მორმონის წიგნი მათთან ერთად და დაეხმარე მათ, გაუზიარონ სახარება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. გააცანი ბუკლეტი — ჩემი აღთქმის გზა . განაგრძე „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციის გამოყენება მათი წინსვლის ჩასაწერად, როგორიცაა ზიარების შეკრებაზე დასწრება და გავლილი გაკვეთილები.

გამოსახულება
მამაკაცები ერთმანეთს ეხვევიან

წევრად დამტკიცების შემდეგ, კვლავ ასწავლე მისიონერული გაკვეთილები. სწავლებისას ხელმძღვანელობა შენ დაგევალება. თუმცა, შეათანხმე მეურვეობის ხელმძღვანელებთან, რათა მეუვეობის მისიონერებმა ან სხვა წევრებმა მიიღონ მონაწილეობა. სწავლებისას, წაახალისე ახალი წევრები, გაკვეთილის ყველა ვალდებულება შეასრულონ.

ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებზე მოითათბირეთ, თუ როგორ შეუძლიათ წევრებს მხარი დაუჭირონ ახალმოქცეულებს და დაეხმარონ მათ ეკლესიაში აქტიური ჩართულობის შენარჩუნებაში. დაგეგმე, ვინ გააცნობს მათ ქვორუმის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. შეათანხმე სხვა წევრების მონაწილეობა გაკვეთილების ხელახლა სწავლებისას. სთხოვე, დანიშნონ მზრუნველი ძმები (ხოლო ქალბატონებისთვის — მზრუნველი დები).

მამრობითი სქესის პირის წევრად დამტკიცების შემდეგ, მას შეუძლია მიიღოს აარონის მღვდლობა, თუ ის წლის ბოლომდე იქნება მინიმუმ 12 წლის. აარონის მღვდლობაზე ხელდასხმით კურთზევა ხდება ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.2.9.1).

მთელი ცხოვრების მანძილზე შეგიძლია გქონდეს ურთიერთობა შენს მოსწავლეებთან. მხარი დაუჭირე მათ იესო ქრისტეს სახარების ყველა დალოცვის მიღებაში.

გამოსახულება
უხუცესი გერიტ ვ. გონგი

„როდესაც ჩვენ მოვდივართ მოდრეკილი გულით და მომნანიებელი სულით, შეგვიძლია ვიპოვოთ ხმა იესო ქრისტეში და ის გაგებისა და უსაფრთხოების მკლავებში მოგვაქცევს. წმინდა წეს-ჩვეულებები გვთავაზობს აღთქმის კუთვნილებას და „ღვთისმოსაობის ძალას“ შინაგანი განზრახვისა და გარეგანი ქმედების განწმენდისთვის [მოძღვრება და აღთქმები 84:20]. მისი სიყვარულითა და სულგრძელობით მისი ეკლესია ხდება ჩვენი სამყოფელი“ (გერიტ ვ. გონგი, „Room in the Inn”, ლიახონა, მაისი, 2021 წ, 27).

დაეხმარე ახალ წევრებს ტაძრის კურთხევების მიღებაში

შესაბამისი ასაკის ახალმა წევრებმა შეიძლება მიიღონ სატაძრო რეკომენდაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, მოინათლონ თავიანთი გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 26.4.2). ისინი ამ რეკომენდაციას ეპისკოპოსისგან იღებენ. წაახალისე ახალი წევრები და დაეხმარე მათ, რაც შეიძლება გონივრულ ვადაში მოიპოვონ სატაძრო რეკომენდაცია. თუ ტაძარი ახლოსაა, მოიწვიე ახალი წევრები, კონკრეტულ დროს შეასრულონ ნათლობა გარდაცვლილი წინაპრებისთვის.

ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებზე დაგეგმე, ვინ გააცნობს ახალ წევრებს მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელს. ამ ხელმძღვანელს შეეძლება დაეხმაროს მათ, მოემზადონ ტაძრის დალოცვების მისაღებად საკუთარი სატაძრო აღთქმების დადების გზით.


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • ჩამოწერე ის გამოწვევები, რომელიც შეიძლება შეხვდეს მონათვლის კანდიდატს. რატომ არის მნიშვნელოვანი, პიროვნებას უყვარდეს ეკლესიის წევრები და მეგობრობდეს მათთან?

  • შეისწავლე მორონი 6 და მოძღვრება და აღთქმები 20:68–69. რას გასწავლის ეს მუხლები ნათლობასა და წევრად დამტკიცებაში ადამიანების დახმარების შესახებ? ჩაიწერე ნასწავლი. ჯგუფური სწავლის დროს, მოსაზრებები შენს მეწყვილეს გაუზიარე.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი განმარტავს, რატომ არის სახარების სტანდარტები მნიშვნელოვანი. განიხილე ქვემოთ მოცემული დარიგება. როგორ შეგიძლია წაახალისო ადამიანები, მოინდომონ ამ სტანდარტებით ცხოვრება?

    „უფალი სტანდარტებს ჩვენი დალოცვისთვის აწესებს. იფიქრეთ ამ კურთხევებზე: ის ჰპირდება მათ, ვინც სტანდარტებს აკმაყოფილებს, სულიწმინდის დახმარებას. იგი გვპირდება სიმშვიდეს. ის გვპირდება შესაძლებლობას, მის სახლში მივიღოთ წმინდა წეს-ჩვეულებები. და ის ჰპირდება მარადიულ სიცოცხლეს მათ, ვინც მისი სტანდარტებით იცხოვრებს და ბოლომდე გაძლებს. …

    „იმის გამო, რომ ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებსაც ვემსახურებით, ყველას გვსურს, უკეთ დავეხმაროთ ზეციური მამის შვილებს, იყვნენ ერთგულნი და დაიცვან სიწმინდე, რაც სჭირდებათ უფლის ყველა დალოცვის მისაღებად. …

    „… თქვენ იწყებთ უფლის სტანდარტების დაცვას ნათლად და მობოდიშების გარეშე. და რაც უფრო მეტად შორდება სამყარო და დასცინის მათ, მით უფრო გაბედულები უნდა ვიყოთ ამ საქმის კეთებაში” („ღირსების სტანდარტები“, ხელმძღვანელობის ტრენინგის პირველი მსოფლიო შეხვედრა, იან., 2003 წ, 10–11).

  • გადახედე ნათლობის გასაუბრების შეკითხვებს. იფიქრე იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდები ასეთ სიტუაციებს:

    • პიროვნებას არ უთქვამს, რომ პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.

    • პიროვნებას არ მიუღია ლოცვაზე პასუხი, რომ ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველი იყო.

    • პიროვნებამ ორი დღის წინ სიგარეტი მოწია.

    • პიროვნება არ არის დარწმუნებული, რომ ლოცვაზე პასუხი მიიღო.

    • ოჯახი მეგობრებისგან ზეწოლას განიცდიდა და არ არიან დარწმუნებულები, რომ მზად არიან ნათლობისთვის.

  • გადახედე ნათლობისა და წევრად დამტკიცების ფორმას. რატომ უნდა წარადგინო ზუსტი და სრული ინფორმაცია?

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • გადახედე ნათლობის გასაუბრების მნიშვნელოვნებას. განიხილე, როგორ შეუძლიათ მისიონერებს, დაეხმარონ ადამიანებს ამ გასაუბრებისთვის მზადებაში .

  • განიხილე, როგორ გამოიყენო ნათლობის მსახურება და წევრად დამტკიცება მოსწავლეების მოსაძებნად.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • იმუშავე ადგილობრივ სამღვდელოებასთან და ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან რათა დარწმუნდე, რომ ისინი ეფექტურად იყენებენ აღთქმის გზის წინსვლის ანგარიშს.

  • ასწავლე ოლქის ხელმძღვანელებს, ზონის ხელმძღვანელებსა და დების ტრენინგის ხელმძღვანელებს, როგორ მოამზადონ ადამიანები ნათლობის გასაუბრებისთვის. მოიწვიე ისინი, ასწავლონ სხვა მისიონერებს, როგორ დაეხმარონ ადამიანებს გასაუბრებისთვის მომზადებაში.

  • ასწავლე ოლქის და ზონის ხელმძღვანელებს, როგორ ჩაატარონ ნათლობის გასაუბრება.

  • ასწავლე, როგორ უპასუხონ ნათლობის გასაუბრებაზე, როდესაც პიროვნება აღიარებს, რომ მძიმე ცოდვა ჩაიდინა.

  • როცა შესაძლებელი იქნება, დაესწარი ახალი წევრების მონათვლის მსახურებას. ესაუბრე ახალ წევრებს და გაიგე მათი მოქცევის ისტორია. ნასწავლი გაუზიარე მეწყვილეს და სხვა მისიონერებს.