მისიის მოწოდებები
თავი 9: იპოვე მოსწავლეები


„თავი 9: იპოვე მოსწავლეები“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 9“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
„მწყემსი კეთილი”, ავტორი: დელ პარსონი

თავი 9

იპოვე მოსწავლეები

განიხილე შემდეგი

  • როგორ გამოვავლინო იესო ქრისტესადმი რწმენა, რათა ვიპოვო მოსწავლეები?

  • როგორ შეგვიძლია განვავრცოთ ჩვენი ხედვა და გავაუმჯობესოთ გეგმები, რათა ვიპოვოთ მოსწავლეები?

  • როგორ განვავითარო ჩემი უნარი და თავდაჯერება რათა ვესაუბრო ადამიანებს, რომელთაც ყოველდღე ვხვდები?

  • როგორ გავერთიანდეთ წევრებთან, რათა გავაზიაროთ სახარება?

  • როგორ მოვიქცეთ, როცა მივიღებთ რეკომენდაციას მოსწავლეზე?

  • მოსწავლეების პოვნისთვის რომელი იდეა არ გვიცდია?

აღმდგარმა მხსნელმა თავის მოწაფეებს უთხრა: „ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28:19; იხ. ასევე მარკოზი 16:15). უფალმა გაიმეორა ეს დავალება ჩვენს დღევანდელობაში: „წადით მთელ მსოფლიოში, უქადაგეთ სახარება ყოველ არსებას“ (მოძღვრება და აღთქმები 68:8; იხ. ასევე 50:14).

მისიონერული საქმე გულისხმობს ადამიანთა პოვნას, მათ სწავლებას და მონათვლისთვის მომზადებას. შენ შეასრულებ უფლის დავალებას, ასწავლო მისი სახარება და მოინათლო მოქცეულები როდესაც „იპოვი მათ, რომლებიც მიგიღებენ“ (მოძღვრება და აღთქმები 42:8). მისიონერულ საქმეში არაფერი ხდება მანამდე, სანამ მოსწავლეს არ იპოვი. ყურადღებით ადევნე თვალი სახარების წარდგენის შესაძლებლობებს. ისწავლე ისეთი გზების გამოყენება, რომლებიც ეფექტურია შენს რეგიონში.

ძიებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წევრებთან ერთად მუშაობა. იმუშავე ბეჯითად, რათა მოიპოვო მათი ნდობა. როდესაც წევრები ენდობიან მისიონერებს, ისინი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს იწვევენ მათთან შესახვედრად. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ სწორედ ეს ადამიანები მოიქცნენ უფლის რწმენაზე, მოინათლონ და წაიწიონ წინ სახარების გზაზე.

მოსწავლის პოვნა დაკავშირებულია ამ ადამიანის სახარების მოსმენის მზაობასთან. დრო ყველასთვის განსხვავებული იქნება. მოსწავლის პოვნა შეიძლება მოხდეს პირველივე ურთიერთქმედების ან დიდი ხნის განმავლობაში მრავალი ურთიერთქმედების შედეგად. ადამიანთა უმეტესობას რამდენჯერმე სჭირდება ურთიერთქმედება მისიონერებთან ან ეკლესიის წევრებთან, სანამ სახარების შესწავლას სერიოზულად გადაწყვეტს. არ მოგერიდოს მათთან კვლავ დაკავშირება.

შენმა პოვნის მცდელობამ შეიძლება შედეგი გამოიღოს შენი გადაყვანის ან მისიის დასრულების შემდეგაც კი. დროისა და შედეგის მიუხედავად, უფალი შენი გაწეული ძალისხმევის მადლიერია.

წინამდებარე თავში მოცემულია ის პრინციპები და იდეები, რომლებიც მოსწავლის პოვნაში დაგეხმარება. ეს პრინციპები უნივერსალურია. თუმცა, მისიონერებს და მისიის ხელმძღვანელებს შეიძლება მათი კონკრეტულ გარემოებებზე მორგება დასჭირდეთ.

მოსწავლეების პოვნისას რწმენის გამოვლენა

სადაც არ უნდა მსახურობდე, უფალმა მოგიხმო, იმუშაო „სულთა ხსნისთვის“ (მოძღვრება და აღთქმები 100:4). ამისათვის, საჭიროა ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა, რომ იპოვო მოსწავლეები, რათა ქრისტეს კვალზე სიარული აირჩიონ და მოინათლონ.

რწმენა არის მოქმედებისა და ძალის პრინციპი. გწამდეს, რომ უფალი ამზადებს ადამიანებს აღდგენილი სახარების მისაღებად. იქონიე მოთმინება და თავდაჯერება იმისა, რომ უფალი მათთან მიგიყვანს ან მათ შენთან გამოუშვებს. იმოქმედე რწმენის შესაბამისად — დაისახე მიზნები, შეადგინე გეგმები და განახორციელე ეს გეგმები, რათა იპოვო მოსწავლეები (იხ. თავი 8).

გამოსახულება
მისიონერები ლოცულობენ

ილოცე რწმენით, როცა მოსწავლეების პოვნაში ღმერთის დახმარებას ითხოვ. როდესაც ალმა უძღვებოდა მისიას ზორამიელებთან, იგი ლოცულობდა: „უფალო, გვიბოძე, გვქონდეს წარმატება, რომ ისინი კვლავ შენთან მოვიყვანოთ ქრისტეში. აჰა, უფალო, მათი სულები ძვირფასია …; ამიტომ, მოგვეცი, უფალო, ძალა და სიბრძნე, რომ კვლავ შენთან მოვიყვანოთ [ისინი]“ (ალმა 31:34–35).

ადამიანები, რომლებსაც ხშირად ხვდები, იქამდე ვერ ხვდებიან, რომ ეძებენ აღდგენილ სახარებას, სანამ არ იპოვიან მას. მაგალითად, ერთმა მოქცეულმა თქვა: „როდესაც მოვისმინე სახარება, მან ჩემს გულში ამოავსო ხვრელი, რომელიც არც კი ვიცოდი, თუ მქონდა“. მეორეს სიტყვები იყო: „ჩემი ძიება დასრულებულია, თუმცა არც ვიცოდი, თუ ვეძიებდი რამეს“. სხვები აქტიურად ეძებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ არ იციან სად იპოვონ იგი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 123:12).

მოსწავლეების პოვნის პროცესში ეძიე სულიწმინდის გაძღოლა. სულიწმინდის ძალით პოვნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ძალით სწავლება. გქონდეს რწმენა, რომ იცი, როგორ იპოვო ისინი, ვინც მიგიღებენ.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

შესაძლოა, შენს რეგიონში არიან ეკლესიის მოქცეული წევრები. ჰკითხე, როგორ გაიგეს ეკლესიის შესახებ. მათი პასუხები შეიძლება დაგეხმაროს და იდეები შთაგაგონოს. ასევე ჰკითხე, როგორ გაიგეს, რომ მისიონერები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ მათ. შენს სამუშაო რვეულში მოკლედ ჩაინიშნე მათი გამოცდილება.

წმინდა წერილის შესწავლა

როგორ ამზადებენ ღვთის შვილებს და როგორ უძღვებიან მათ აღდგენილი სახარებისკენ?

მოსწავლეების პოვნის გეგმის განვრცობა

მოსწავლეების ძიებისას, გაითვალისწინე განსხვავება განრიგის შედგენასა და დაგეგმვის შორის. განრიგის შედგენა ნიშნავს შენი დღის განრიგის შევსებას. დაგეგმვა არის ლოცვის თანხლებით, მიზანმიმართული ძალისხმევა ადამიანებსა და მათი პოვნის საუკეთესო გზებზე ფოკუსირებისა.

სწორი ღონისძიება სწორ დროსა და სწორ ადგილას, დაგეხმარება მოსწავლეთა პოვნაში. დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • სად შეიძლება შევხვდე უფლის მიერ მომზადებულ ადამიანებს?

  • რომელია საუკეთესო ადგილი და რომელია საუკეთესო ღონისძიება მოსწავლეების პოვნისათვის, დღის ან კვირის კონკრეტულ დროს?

  • როგორ გამოვავლინო სიყვარული, ვემსახურო მათ ან მათ ცხოვრებას ღირებულება შევძინო ახლა?

  • როგორ გამოვიყენო პირადი სიძლიერე, უნარ-ჩვევები და ნიჭი მათი გამხნევებისთვის?

  • რა იქნება ჩვენი დამატებითი გეგმა?

ეცადე, ამოიცნო გზები, რომლითაც უფალი ადამიანებს ამზადებს. სურთ მათ შენთან საუბარი? დახმარებას ან ნუგეშს ეძებენ?

იფიქრე წარმატებული პოვნის ძალისხმევაზე. სად მოხდა პირველი ურთიერთქმედება? ამ ძალისხმევაში ადგილობრივი წევრები იყვნენ ჩართულნი? ტექნიკური საშუალებები იქნა გამოყენებული?

დაიწყე დაგეგმვა ფოკუსირებით იმაზე, თუ როგორ შეგიძლია დალოცო ადამიანები და შემდეგ შენი განრიგი თავად მიიღებს სახეს.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

მეწყვილესთან ერთად გამოიყენე ქვემოთ მოყვანილი ცხრილი, რათა შეაფასოთ თქვენი ძალისხმევა მოსწავლეების პოვნისას. დაგეგმე ახალი იდეების გამოყენება.

ძიების ძალისხმევა

ზოგჯერ

ხშირად

თითქმის ყოველთვის

ჩვენ გავიცანით წევრები და მხარი დავუჭირეთ მათ სახარების გაზიარების მცდელობებში, მათ შორის ახალი წევრები, ახალგაზრდები, ისინი, ვინც ემზადებიან მისიაში მსახურებისთვის, დაბრუნებული მისიონერები, ნაწილობრივ მონათლული ოჯახები და მომავალი უხუცესები.

ჩვენ ვმუშაობთ წევრების ნდობის მოსაპოვებლად, რათა მათ მოისურვონ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მოპატიჟება ჩვენთან შესახვედრად.

ჩვენ ვმუშაობთ მეურვეობის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებზე, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი ძიების ძალისხმევას და გავარკვიოთ, არიან თუ არა ისეთი ადამიანები, ვისთანაც შეგვიძლია დაკავშირება.

ძიებისთვის ჩვენ ვმუშაობთ ამჟამინდელ მოსწავლეებთან, ყოფილ მოსწავლეებთან და მედიის მიერ რეკომენდირებულ ადამიანებთან.

ჩვენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვესაუბრებით ყოველდღე.

ჩვენ სულიერად ვემზადებით და ვლოცულობთ ღმერთის დახმარების მისაღებად და ამავდროულად, მოსწავლეების პოვნისათვის გეგმებს ვადგენთ.

გვწამს, რომ უფალი ამზადებს ჩვენთვის ადამიანებს, რათა ვასწავლოთ.

ჩვენ ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ მათ, ვისაც ვხვდებით, იგრძნონ სულიწმინდის გავლენა.

ძიებისთვის ჩვენ ყოველკვირეულ და ყოველდღიურ მიზნებს ვისახავთ (იხ. თავი 8).

ჩვენ მოსწავლეებს მუდამ ვეძებთ.

საქმეს შემოქმედებითად ვუდგებით და მოსწავლეების პოვნის სხვადასხვა გზებს ვიყენებთ. ახალ გზებს ვეძებთ და რუტინას არ მივყვებით.

კონკრეტულად პოვნისთვის ვადგენთ გეგმას. ვგეგმავთ როდის, სად და როგორ მოვახდინოთ ფოკუსირება.

ვფიქრობთ, რომელია საუკეთესო ადგილი და დღის მონაკვეთი მოსწავლის პოვნისთვის.

ვფიქრობთ პოვნის ძველ, წარმატებულ ღონისძიებებზე.

პოვნის გეგმებს საჭიროებისამებრ ვცვლით და დამატებით გეგმას ვადგენთ, თუ არსებული გეგმა ჩაიშალა.

ჩვენ ვიყენებთ „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაციას, რათა ვიპოვოთ მოსწავლეები, დავისახოთ მიზნები, შევადგინოთ გეგმები და ყოველდღიურად გადავხედოთ ჩანაწერებს და განვაახლოთ ისინი.

მოსწავლეების პოვნისთვის ჩვენ ვიყენებთ პირად ნიჭსა და სიძლიერეს.

ჩვენ ვგეგმავთ, როდის და როგორ გამოვიყენებთ სოციალურ მედიას და სხვა ტექნიკურ საშუალებებს, რათა ვიპოვოთ მოსწავლეები.

ჩვენ ვიყენებთ მედია კამპანიებს და ადგილობრივ შეთავაზებებს, რომლებიც აკმაყოფილებს ჩვენი რეგიონის ხალხის ინტერესებსა და საჭიროებებს.

ჩვენ სწრაფად ვპასუხობთ დაინტერესებული ადამიანების ონლაინ მოთხოვნებსა და შეტყობინებებს.

ჩვენ წინასწარ ვგეგმავთ სოციალური მედიის პოსტებს და ვმუშაობთ წევრებთან, რათა მოსწავლეები ონლაინ ვიპოვოთ.

ბეჯითად ეძიე მოსწავლეები

მუდამ ეცადე, იპოვო მოსწავლეები

აღდგენილი ეკლესიის პირველ დღეებში უფალმა არაერთხელ დაავალა ძმების ჯგუფს, ექადაგათ მისი სახარება „გზადაგზა“ მოგზაურობისას. მას სურდა, რომ სახარების გაზიარების ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინათ. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 52:9–10, 22–23, 25–27.)

გამოიყენე ეს მითითებები მოსწავლის პოვნისას. დღის მანძილზე ბეჯითად იშრომე, რათა იპოვო მოსწავლე. დაგეგმე ქმედებები მოსწავლის პოვნისთვის და, ასევე, ეძიე დაუგეგმავი შესაძლებლობები. ახალი მოსწავლეების მოძებნა მუდმივი საჭიროება უნდა იყოს.

ეძიე შთაგონება და გამოსცადე სხვადასხვა გზები. მოახდინე ფოკუსირება იმ გზებზე, რომლებიც შენს რეგიონში ყველაზე ეფექტურია.

გამოსახულება
„ქრისტე მოიხმობს პეტრეს და ანდრიას”, ავტორი: ჯეიმს ტ. ჰარდვუდი

დატოვეთ ანკესები წყალში

მისიონერთა საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა თქვა:

„არცერთი ჩვენგანი არ უნდა დაემსგავსოს მეთევზეს, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი დღე თევზაობს, მაშინ როცა რეალურად დროის უმეტეს ნაწილს ატარებს წყალში ჩასვლა-ამოსვლაში, სამხარზე და აღჭურვილობის შემოწმებაზე. თევზაობის წარმატება დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენ ხანს გაქვს ანკესი წყალში ჩაშვებული და არა იმასთან, თუ რამდენ ხანს ხარ სახლიდან გამოსული. ზოგიერთი მეთევზე 12 საათია გარეთ და 10 საათის განმავლობაში ანკესი წყალში აქვს ჩაშვებული. ხოლო, ზოგი 12 საათია გამოსული სახლიდან და მხოლოდ 2 საათით აჩერებს ანკესს წყალში. ამ უკანასკნელმა, შეიძლება იფიქროს, რატომ ვერ მიაღწია სხვების მსგავს წარმატებას.

იგივე პრინციპი ვრცელდება მისიონერებზე, რომლებსაც ჩვენმა მოძღვარმა მოუწოდა „ადამიანთა მებადურებად“ გამხდარიყვნენ [მათე 4:19]. მისიონერმა ანკესი სახლიდან გამოსვლისთანავე უნდა ჩაუშვას წყალში“ (სემინარი მისიის ახალი პრეზიდენტებისთვის, 20 ივნისი, 2000 წ).

გამოსახულება
სათევზაო ანკესები

უხუცესმა ქუენტინ ლ. ქუქმა ეს შედარება განავრცო. „ანკესის წყალში“ უფრო დიდი ხნით შენარჩუნებასთან ერთად მან გვასწავლა, რომ მისიონერებს, რომლებიც მოსწავლეს პოულობენ, წყალში მუდმივად რამდენიმე ანკესი აქვთ ჩაშვებული. …

„ისინი საზღვრავენ და უკავშირდებიან ნაწილობრივ მონათლულ ოჯახებს.

„ისინი ეძებენ [იქადაგე ჩემი სახარების აპლიკაციაში] ძველ მოსწავლეებს, რათა სატელეფონო ზარით ან შეტყობინებით დაუკავშირდნენ.

„ისინი სთავაზობენ მსახურებას წევრებს, ყოფილ მოსწავლეებს, ამჟამინდელ მოსწავლეებს და მთელ თემს. …

„ისინი ეხმარებიან წევრებს სახარების გზავნილის შექმნასა და საკუთარ … სოციალურ ქსელში გაზიარებაში.

„ისინი იღებენ მოსწავლეებს რეკომენდაციით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სტუმრობენ და ასწავლიან“ („იყავით სულიერი გზამკვლევები და გავლენის მომხდენნი“, მისიონერთა სულიერების საათი, 10 სექტ., 2020 წ;).

მეწყვილესთან ერთად სწავლა

იმსჯელეთ შემდეგზე:

  • დღის განმავლობაში, რა გზით შეგიძლიათ მოახერხოთ თქვენი „ანკესის წყალში“ უფრო დიდხანს გაჩერება?

  • რა გზები არსებობს, რომ მოსწავლეების პოვნის პროცესში რამდენიმე ანკესი გქონდეთ ჩაშვებული წყალში?

  • „იქადგე ჩემი სახარების“ აპლიკაციის რომელი ფუნქციები შეიძლება დაგეხმაროთ?

  • როგორ გამოიყენებთ ტექნიკურ საშუალებებს, რათა წყალში რამდენიმე ანკესი ჩააგდოთ?

ესაუბრე ყველას

განავითარე სულების ქრისტესთან მიყვანის ღრმა სურვილი (იხ. მოსია 28:3). როდესაც ამ სურვილს იგრძნობ, შენი სიყვარული და ზრუნვა მოახდენს გავლენას მოსწავლეების პოვნის ძალისხმევაზე. შენი სიყვარული საუბარშიც იქნება გამოხატული.

რაც შეიძლება მეტ ადამიანს ესაუბრე ყოველდღიურად. ელაპარაკე ადამიანებს, სადაც არ უნდა წახვიდე. როდესაც საჭიროა, შეგიძლია კარდაკარ იარო. უფალმა ძველი ეკლესიის უხუცესებს მითითება მისცა: სასურველია, „ბაგე გახსნა და აუწყო ჩემი სახარება“. შემდეგ მან პირობა დადო, რომ მათი ბაგენი „აივსებოდა“ იმით, რაც უნდა ესწავლებინათ (მოძღვრება და აღთქმები 30:5; იხ. ასევე 33:7–10).

მსგავსად, უფალმა უთხრა ჯოზეფ სმითსა და სიდნეი რიგდონს: „აიმაღლეთ ხმა ამ ხალხის მიმართ; გამოხატეთ აზრები, რომლებსაც ჩაგიდებთ გულში“. ხოლო შემდეგ, დაჰპირდა: „ვინაიდან, ეს მოგეცემათ იმ საათს, დიახ, იმ დროს, რაც თქვენ უნდა თქვათ“ (მოძღვრება და აღთქმები 100:5–6).

ხალხთან შეხვედრისას, ხშირად იგრძნობ სულიწმინდის კარნახს და გეცოდინება, რა უნდა თქვა. თუმცა, თუ კარნახს არ იგრძნობ, უბრალოდ დაიწყე — შესაძლოა კითხვის დასმით და მათი პასუხის მოსმენით (იხ. „გაიაზრე ადამიანების მდგომარეობა” წინამდებარე თავში). შეგიძლია ისაუბრო უფალ იესო ქრისტეზე ან ჯოზეფ სმითის მოხმობაზე, გამხდარიყო ღმერთის წინასწარმეტყველი.

ქვემოთ ჩამოთვლილი იდეები დაგეხმარება ადამიანებთან საუბარში:

  • იყავი თბილი, გულწრფელი და მეგობრული. მოძებნე კონკრეტულ პიროვნებასთან საუბრის დაწყების გზა.

  • მათ ნათქვამს გულითადად მოუსმინე. გაიაზრე თითოეული პიროვნების საჭიროებები და ინტერესები. საჭიროებისამებრ, შესთავაზე პირადი დახმარება.

  • დაფიქრდი, როგორ დააკმაყოფილებს სახარება მათ საჭიროებებს. შემდეგ კი, ასწავლე სახარების ძირითადი ჭეშმარიტება და მოიწვიე ისინი, მეტი შეიტყონ. გაუზიარე, როგორ შეუძლია აღდგენილ სახარებას მათ ცხოვრებას მეტი იმედი და მნიშვნელობა შესძინოს.

  • ჰკითხე მათ ოჯახის შესახებ. დაეხმარე დაინახონ, როგორ შეუძლია აღდგენილ სახარებას აკურთხოს მათი ოჯახები. შესთავაზე გარდაცვლილი წინაპრების სახელების მოძებნაში დახმარება.

  • მოიწვიე ისინი ზიარების შეკრებაზე.

  • შესთავაზე ბროშურები ან ეკლესიის სხვა მასალები - ბეჭდური და ციფრული ვერსია.

  • გაუზიარე შენი, როგორც მისიონერის, დანიშნულების შესახებ და რატომ გადაწყვიტე მისიაში მსახურება.

ეს პრინციპები წევრებთან ურთიერთობისასაც გამოიყენება.

ბუნებრივია, რომ ხალხთან დალაპარაკება შიშს იწვევს. ილოცე რწმენისა და გამბედაობისთვის, რათა აღდგენილი სახარება ასწავლო. ყველანი, ვისაც შეხვდები, შენი და-ძმა — ღვთის ოჯახის წევრები არიან. გახსოვდეს, რომ ის „არავის არ ეუბნება უარს, ვინც მასთან მიდის — შავსა თუ თეთრს, მონასა თუ თავისუფალს, მამრსა თუ მდედრს; … ყველა ერთია ღვთისთვის“ (2 ნეფი 26:33).

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

წაიკითხე ვიქტორ მანუელ კაბრერას ამბავი „ცოცხალი წყლის წყურვილი”, „Ensign”, აგვ., 2001 წ, 60–61. მოძებნე, როგორ მოემზადა მისიონერების მისაღებად და როგორ გამოიყენეს მისიონერებმა დაუგეგმავი შესაძლებლობა, რომ მისთვის სახარება ესწავლებინათ.

  • როგორ მოემზადა მამაკაცი აღდგენილი სახარებისთვის?

  • რა მოხდებოდა, უხუცესებს რომ არ გაეზიარებინათ სახარების გზავნილი?

  • გადახედე შენს გუშინდელ საქმიანობას. ესაუბრე რაც შეიძლება მეტ ადამიანს? თუ არა, დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმები, რათა მეტ ადამიანს ესაუბრო დღეს.

წმინდა წერილის შესწავლა

წინამდებარე წმინდა წერილებიდან რა შეგიძლია ისწავლო მოსწავლეების პოვნის შესახებ? წინამდებარე წმინდა წერილებიდან რა შეგიძლია ისწავლო შენი სწავლების შესახებ? რას გვპირდება უფალი?

გაერთიანდით წევრებთან

„ყველას მოხმობა სახარების მისაღებად არის ხსნისა და ამაღლების სამუშაოს ნაწილი“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 23.0). მოსწავლეთა მოსაძებნად ეკლესიის წევრებთან ერთად იმუშავე. როდესაც წევრები რეკომენდაციას უწევენ პიროვნებას და შემდეგ მონაწილეობენ გაკვეთილებში, უფრო დიდი შანსია, რომ ადამიანები მოინათლებიან და აქტიურად ივლიან ეკლესიაში.

ჩამოაყალიბე ძლიერი ურთიერთობა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან

შექმენი ძლიერი კავშირი ეპისკოპოსობასა და მეურვეობის სხვა ხელმძღვანელებთან. მეურვეობის მისიის ხელმძღვანელის (თუ ასეთი მოიხმეს), უხუცესთა ქვორუმის და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა შენთვის კონტაქტის ძირითადი წყაროა. ეძიე მათი ხელმძღვანელობა და მხარი დაუჭირე ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებზე (იხ. თავი 13).

ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრების დროს იმუშავე მღვდლობის ქვორუმის ასისტენტთან და ახალგაზრდა ქალების კლასის პრეზიდენტთან, უფროსი კლასისთვის. ამ ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ სახარების გაზიარებაში. დაეხმარე მათ, წაახალისონ ქვორუმისა და კლასის წევრები, რათა გააზიარონ სახარება. ერთ-ერთი გზაა ახალგაზრდებმა ღონისძიებებზე მეგობრები მოიწვიონ.

რეგულარულად ჰკითხე საკუთარ თავს: „კურთხევა ვარ ადგილობრივი ხელმძღვანელებისთვის?“ ჩამოაყალიბე დამოკიდებულება: „როგორ შემიძლია დავეხმარო?“ მორმონის წიგნიდან ამონის მსგავსად, შესთავაზე შენი მსახურება ადგილობრივ ხელმძღვანელებს (იხ. ალმა 17:23–25).

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლის მისიის ხელმძღვანელებს: „იმედი მაქვს, შეიყვარებთ ადგილობრივ ხელმძღვანელებსა და წევრებს. აამაღლებთ და შთააგონებთ მათ. ფასდაუდებელია თქვენი უნარი, დააკავშიროთ მისიონერების ენთუზიაზმი წევრების სტაბილურობასა და სიყვარულის გამოხატულებას. თქვენი წარმატება საგრძნობლად გაიზრდება“ („ჩემი გულის იმედი“, სემინარი მისიის ახალბედა ხელმძღვანელებისთვის, 23 ივნისი, 2019 წ).

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ქალბატონებს

მხარი დაუჭირეთ წევრებს სახარების გაზიარების მცდელობებში

არსებობს მრავალი გზა, რათა მხარი დაუჭირო და წაახალისო წევრები სახარების გაზიარებაში. დაეხმარე მათ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ დალოცა სახარებამ მათი ცხოვრება. წაახალისე ისინი, რომ მაღლა აღმართ[ონ] სინათლე, რათა მთელი ქვეყანა გაანათოს“ (3 ნეფი 18:24).

დაეხმარე წევრებს, გამოიყენონ სიყვარულის, გაზიარებისა და მოწვევის პრინციპები. მიეცი ამ პრინციპების გამოყენების ჩვეულებრივი, ბუნებრივი მაგალითები.

სიყვარული. ღვთისადმი სიყვარულის ჩვენების ერთ-ერთი გზაა შეიყვარო მისი შვილები და ემსახურო მათ. წაახალისე წევრები, სიყვარულით დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებსა და სხვებს. სიყვარულის გამოხატვის ნებისმიერი მცდელობა მნიშვნელოვანი გზაა ღმერთთან დადებული აღთქმების დასაცავად (იხ. მოსია 18:9–10).

გაუზიარეთ. ღმერთისა და მისი შვილებისადმი სიყვარულის გამო, წევრებს ბუნებრივია სურთ გააზიარონ დალოცვები, რომლებიც მან მათ უბოძა (იხ. იოანე 13:34–35). წაახალისე წევრები, სხვებს უამბონ იმის შესახებ, თუ როგორ აკურთხებს სახარება მათ ცხოვრებას წაახალისე ისინი, ისაუბრონ ჩვენს მხსნელსა და მის გავლენაზე. დაეხმარე მათ, იგრძნონ სიყვარულის, დროისა და ცხოვრებისეული მოვლენების გაზიარების სიხარული. დაეხმარე მათ, ისწავლონ გაზიარება ნორმალური და ბუნებრივი გზებით — უბრალოდ, როგორც ნაწილი იმისა, რასაც ისინი უკვე აკეთებენ თავიანთ ცხოვრებაში.

გამოსახულება
უხუცესი გარი ი. სტივენსონი

„ჩვენ ყველანი ვუზიარებთ რაიმეს სხვებს. და ამას ხშირად ვაკეთებთ. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ფილმებს, რომლებიც მოგვწონს, საკვებს, სახალისო ადგილებს, ხელოვნებას, შთამაგონებელ ციტატებს.

„როგორ დავამატოთ იმ ნივთების სიას, რომლებსაც ისედაც ვაზიარებთ ის, რაც იესო ქრისტეს სახარებაში მოგვწონს? … სახარებაში ჩვენი დადებითი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებით, ჩვენ ვმონაწილეობთ მხსნელის დიდი დავალების შესრულებაში” (გარი ი. სტივენსონი, „შეიყვარე, გაუზიარე, მოიწვიე”, ლიახონა, მაისი, 2022 წ, 86).

მოწვევა. მხსნელი ყველას გვიხმობს, მივიღოთ სახარება და მოვემზადოთ მარადიული სიცოცხლისათვის (იხ. ალმა 5:33–34). როგორც გაზიარება, მოწვევაც შეიძლება ხშირად განხორციელდეს უბრალოდ ოჯახის წევრების, მეგობრების და მეზობლების მოწვევით იმისთვის, რასაც წევრები აკეთებენ. წაახალისე წევრები, ილოცონ ადამიანთა მოწვევაზე შემდეგი გზებით:

  • მოდი და ნახე. მოიწვიე ადამიანები, „მოვიდნენ და ნახონ“ ის დალოცვები, რომელთა მიღებაც შეუძლიათ იესო ქრისტეს, მისი სახარებისა და მისი ეკლესიის მეშვეობით.

  • მოდი და ემსახურე. მოიწვიე ადამიანები, „მოვიდნენ და ემსხურონ“ გასაჭირში მყოფთ.

  • მოდი და დარჩი. მოიწვიე ადამიანები, „მოვიდნენ და დარჩნენ“, როგორც იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის წევრები.

უხუცესმა გარი ი. სტივენსონმა თქვა: „ასობით სხვადასხვა მოწვევა არსებობს. ჩვენ შეგვიძლია სხვები მოვიხმოთ, რათა „მოვიდნენ და ნახონ“ ზიარების შეკრება, მეურვეობის ღონისძიება და ონლაინ ვიდეო, რომელიც იესო ქრისტეს სახარებას ხსნის. „მოდი და ნახე“ შეიძლება მოიცავდეს მოწვევას, წაიკითხონ მორმონის წიგნი ან ეწვიონ ახალ ტაძარს ღია კარის დღეს, მის მიძღვნამდე. ზოგჯერ მოწვევა შინაგანია — როცა საკუთარ თავს ვიწვევთ, გავიაზროთ და უკეთესად დავინახოთ ჩვენს ირგვლივ არსებული შესაძლებლობები, რათა შესაბამისად ვიმოქმედოთ“ („შეიყვარე, გაუზიარე, მოიწვიე” 86).

დარწმუნდი, რომ ეხმარები ახალგაზრდებს შეიყვარონ, გაუზიარონ და მოიწვიონ. ახალგაზრდები განსაკუთრებით არიან დაჯილდოებულნი მეგობრების სიყვარულით, მათთვის გულისნადების გაზიარებითა და საქმიანობისთვის მოხმობით.

დაეხმარე წევრებს გააცნობიერონ, რომ შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე პრინციპებით ცხოვრების ნებისმიერი მცდელობა პოზიტიურია, მიუხედავად იმისა, ხვდება თუ არა ადამიანი მისიონერებს ან შეუერთდება თუ არა ეკლესიას.

დაეხმარე წევრებს, გამოიყენონ თავიანთი ძლიერი მხარეები სახარების გაზიარებისას. ზოგიერთის სიძლიერე მოსწავლეების პოვნაა, ზოგის კი — სწავლება. ზოგს აქვს მეგობრებთან ურთიერთობის ბუნებრივი უნარი, ზოგს კი, უყვარს მეგობრებისთვის ლოცვა. დაეხმარე დაინახონ, რომ ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.

წევრების მონახულებისას გქონდეს მიზანი. აჩვენე, რომ ბეჯითად ხარ ჩართული მოსწავლეების პოვნასა და სწავლებაში. პატივი ეცი მათ დროსა და განრიგს.

ზოგიერთი წევრი შეიძლება მიესალმოს იმას, რომ ასწავლო ერთ-ერთი გაკვეთილის გზავნილი. სახარების ჭეშმარიტებას მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. წევრების მიერ სახარების გააზრების გაძლიერება გაზრდის შენდამი ნდობასა და მისი გაზიარების აღფრთოვანებას. დაეხმარე, ამოიცნონ სულიწმინდა და იმოქმედონ მისი კარნახის მიხედვით.

ეძიე მოსწავლეები ნაწილობრივ მონათლულ ოჯახებში, მომავალ უხუცესებთან, არსებულ წევრებსა და ახალ წევრებთან. დიდი ალბათობით, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები სხვა რწმენის მქონეები არიან.

რასაც არ უნდა აკეთბდე წევრებთან ერთად, მიჰყევი სულიწმინდას და შეეცადე განამტკიცო მათი რწმენა მხსნელის, იესო ქრისტეს, მიმართ.

სახარების გაზიარებაში წევრების მხარდაჭერისთვის მეტი იდეის მისაღებად იხილე:

დაპირდი დალოცვები სახარების გაზიარებისთვის

დაეხმარე წევრებს, გააცნობიერონ სახარების გაზიარების შესანიშნავი დალოცვები. ეს მოიცავს შემდეგს:

მეწყვილესთან ერთად სწავლა

  • გადახედე წინა კვირის საკოორდინაციო შეხვედრას. როგორ შეიძლებოდა უფრო ეფექტური გაგეხადა? გადახედე თხოვნებს მეურვეობის ხელმძღვანელებისგან და დაგეგმე, როგორ და როდის უპასუხებ.

  • დაგეგმე, როგორ შეათანხმებ შენს მისიონერულ ძალისხმევას შემდეგ საკოორდინატო შეხვედრაზე.

  • ისწავლე მეურვეობის ხელმძღვანელების სახელები და გვარები (მამკაცებისა და ქალების). დაგეგმე, რას გააკეთებ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, რათა განავითარო უფრო ძლიერი ურთიერთობა მათთან და მხარი დაუჭირო მათ მისიონერულ ძალისხმევაში.

„იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციით ძიება

„იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია მოსწავლეთა ძიების დიდებული რესურსია. ის მისიონერები, რომლებიც აპლიკაციის ფუნქციებს ხშირად იყენებენ, უფრო წარმატებით პოულობენ მოსწავლეებს. ამ ფუნქციების გასაცნობად გაიარე აპლიკაციაში მოცემული ტრენინგი. გაამახვილე შეგრძნებები სულიერი კარნახის მიმართ, რომელიც შეიძლება მიიღო ადამიანების სახელების განხილვისას.

აპლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებზეც გაცემული იყო რეკომენდაცია, რომლებსაც დაუკავშირდნენ ან ასწავლიდნენ. მათგან ზოგიერთმა შეიძლება კვლავ მოისურვოს მისიონერებთან შეხვედრა. შესაძლოა, ისინი იცნობენ სახარების შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს.

დაგეგმვისას გამოიყენე რუკა და ფილტრები აპლიკაციაში, რათა დაადგინო პრიორიტეტები, თუ ვის ეწვიო. გადახედე მათზე მოცემულ ინფორმაციას და გაეცანი, როგორ იპოვეს ისინი. შეამოწმე ჩანაწერები რათა ნახო, რომელი წევრი დაეხმარა მათ. გამოიყენე ეს ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ როგორ შეგიძლია ხელახლა დაუკავშირდე მათ.

გამოსახულება
მისიონერები მობილურით სწავლობენ

გამოიყენე აპლიკაციის ფილტრის ფუნქცია, რათა დაადგინო ადამიანები, რომლებმაც:

  • დათქვეს მონათვლის თარიღი, მაგრამ არ მონათლულან.

  • ზიარების შეკრებას მინიმუმ ერთხელ დაესწრნენ, მაგრამ არ მონათლულან.

  • გაიარეს სამ გაკვეთილზე მეტი.

  • არ დაჰკავშირებიან ბოლო დროს.

თუ ადამიანები, რომლებსაც დაუკავშირდები, არ არიან დაინტერესებული სწავლებით ან გადაწყვიტეს შეხვედრებზე უარი ეთქვათ, ჩაწერე ეს ინფორმაცია აპლიკაციაში. ჩაიწერე, როგორ შეინარჩუნებ მათთან კავშირს და მიაწვდი საზრდოს მანამ, სანამ ისინი მზად იქნებიან მეტის გასაგებად. მაგალითად, მოიწვიე ისინი, დარეგისტრირდნენ ელფოსტის შეტყობინების სერიებზე, რათა მიიღონ გზავნილები იესო ქრისტეს ან სახარების სხვა თემების შესახებ. ასევე შეგიძლია დააკავშირო ისინი წევრთან, რომელსაც შეუძლია უპასუხოს კითხვებს და განავითაროს მათი ინტერესი და მეგობრობა. აპლიკაციაში დააყენე შეხსენების ფუნქცია, რათა შემდგომში თვალი მიადევნო მათ. ჰკითხე, იცნობენ თუ არა ვინმეს, ვინც დაინტერესებულია გაკვეთილების მიღებაში.

ასევე შეგიძლია იპოვო მოსწავლეები „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაციის ფილტრების ან ჯგუფების გამოყენებით, რათა ჯგუფური შეტყობინებები გაგზავნო. ეს შესანიშნავი საშუალებაა, შეატყობინო ადამიანებს მეურვეობის ღონისძიების ან ნათლობის შესახებ. აღნიშნულ აქტივობებზე პირადი მოწვევებიც გაგზავნე.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

იმის სანახავად, თუ რა დიდი რესურსი შეიძლება აღმოჩნდეს „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაცია, სცადე შემდეგი ღონისძიებები. ამავდროულად, ყურადღება მიაქციე მიღებულ შთაბეჭდილებებს.

  • ფილტრის გამოყენებით განსაზღვრე ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩაუტარდა სამი ან მეტი გაკვეთილი. პირადად მოიწვიე ისინი, ამ კვირას ეკლესიაში მოვიდნენ.

  • შექმენი ფილტრი და იპოვე ყველა, ვისაც ჰქონდა დაგეგმილი მონათვლის თარიღი და ორჯერ მაინც მოვიდა ეკლესიაში.

  • დაგეგმე ადამიანებთან ინდივიდუალური შეტყობინებების გაგზავნა, რათა შეუერთდნენ მეურვეობის ღონისძიებას ან მსახურების პროექტს. ზოგჯერ შეიძლება ისურვოთ ჯგუფური შეტყობინების გაგზავნა და ინდივიდუალურად ადამიანებისთვის თვალყურის მიდევნება.

  • იმსჯელე შენს მეწყვილესთან იმათზე, ვინც შთაბეჭდილება მოახდინა შენზე. დაგეგმე უახლოეს მომავალში მათთან შეხვედრა ან სხვაგვარად დაკავშირება.

მსახურების მეშვეობით პოვნა

შესაძლებლობების შექმნა ადამიანებისთვის, რათა მოვიდნენ და იმსახურონ

ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ დადებითი გამოცდილება და დაუკავშირდნენ მისიონერებსა და ადგილობრივ წევრებს მსახურების საქმიანობის დროს. ბევრი ადამიანი სიხარულით გააზიარებს საკუთარ ნიჭს, უნარსა ან მსხურებას, თუკი მოიწვევ მათ.

მოიწვიე ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ მეურვეობის მიერ დაგეგმილ მსახურების ღონისძიებებში. ასევე შეგიძლია დააკავშირო ადამიანები მსახურების ისეთ შესაძლებლობებთან, როგორიც მოცემულია JustServe.org-ზე სადაც ეს ხელმისაწვდომია. სხვებთან ერთად მსახურებისას, ადამიანებთან ძლიერ კავშირს ამყარებ.

შესთავაზე მსახურება

მხსნელის მსგავსად იყავი „[ქველმოქმედები]“ (საქმეები 10:38; იხ. ასევე „აკეთე სიკეთე” თავი 1). ილოცე, რათა შეამჩნიო სიკეთის კეთების შესაძლებლობები მთელი დღის მანძილზე. ზოგჯერ შენი მსახურება დაგეგმილი იქნება, თუმცა ხშირად ის დაუგეგმავად მოხდება. იპოვე მარტივი და პირდაპირი გზები, რათა ემსახურო ადამიანებს, დაეხმარო და აამაღლო ისინი. გახსოვდეს, რომ უფალი მოულოდნელ შესაძლებლობებს იყენებდა სხვების დახმარებისა და დალოცვისთვის.

ემსახურე ადამიანებს დახმარების გულწრფელი სურვილით. და თუ მსახურება სწავლების შესაძლებლობას მოგცემს - მადლიერი იყავი. თუ სწავლების შესაძლებლობა არ მოგეცემა, სხვისთვის სიკეთის კეთებით იყავი მადლიერი. თუ ადამიანები შეკითხვებს დაგისვამენ, უპასუხე. თუ რომელიმე ინტერესს გამოხატავს, მოკლედ უპასუხე და გზავნილის გასაზიარებლად სხვა დროს დაუთქვი შეხვედრა.

მიჰყევი მსახურების მითითებებს, რომლებიც მოცემულია იესო ქრისტეს მოწაფეთა მისიონერული სტანდარტები-ში, 2.7 და 7.2.

გაიაზრე ადამიანების მდგომარეობა

ადამიანის მდგომარეობის გააზრება იწყება იმით, რომ ეცადო ის ღმერთის თვალით დაინახო. ჩათვალე, რომ შესაძლოა ამ ადამიანთან სასაუბროდ უფალმა მიგიყვანა ან ის შენთან მოიყვანა. ეცადე გაიაზრო ადაიანების სულიერი საჭიროებები და სურვილები. გაარკვიე, რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ოჯახთან და ღმერთთან ურთიერთობაში. შესაძლოა ქვემოთ მოცემული შეკითხვები დაუსვა და გულითადად მოუსმინო:

  • ყველაზე მეტად რას აფასებთ?

  • რა განიჭებთ სიხარულს?

  • როგორი მომავალი გსურთ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის?

  • რა წინააღმდეგობებს აწყდებით თქვენი სურვილებისა და ოცნებების მიღწევის გზაზე?

  • თქვენი ცხოვრების რომელი ასპექტის გაუმჯობესება გსურთ?

ეძიე შთაგონება, როდესაც იფიქრებ იმაზე, თუ რა გაიგე ადამიანის იმედისა და სურვილების შესახებ. სახარების რომელი ჭეშმარიტება ბუნებრივად უკავშირდება მის სურვილებს?

განიხილე შენი მიდგომა ამ პიროვნების ხედვის გათვალისწინებით. რა იცის მან შენ შესახებ? რისი შეთავაზება შეგიძლია, რაც დაეხმარებოდა? გრძნობს თუ არა ადამიანი, რომ შენთან ურთიერთობა ღირებული იქნება?

განიხილე სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ადამიანებს შეიძლება სურდეთ შენი, სხვა წევრების ან ეკლესიის გაცნობა. რამდენიმე მაგალითი იმისა, რისი უზრუნველყოფაც შეგიძლია, მოცემულია ქვემოთ.

გამოსახულება
მისიონერები ქალბატონთან საუბრისას

მიაწოდე მათი ღირებულებების შესაფერისი გამოცდილები და ინფორმაცია

გამოიყენე ეკლესიის რესურსები, საკუთარი ტალანტი და ძლიერი მხარეები პიროვნების ინტერესებთან დასაკავშირებლად. ეძიე ზეციური მამის დახმარება, რათა პიროვნებას მისი ღირებულებების შესაფერისი ინფორმაცია ან გამოცდილება შესთავაზო.

იყავი გახსნილი შთაგონებისთვის და შემოქმედებითად მიუდექი საქმეს, როდესაც ფიქრობ სხვადასხვა სახის გამოცდილებაზე ან ინფორმაციაზე, რომლის უზრუნველყოფაც შეგიძლია. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე იდეა.

  • გაუზიარე ეკლესიის რესურსის ბმული, რომელიც მიაწვდის მისთვის საინტერესო ინფორმაციას.

  • ჩაატარე მოკლე სულიერების საათი (პირადად ან ინტერნეტ-ლაივით).

  • შესთავაზე რამე ადგილობრივ შეკრებაზე ან ღონისძიებაზე (მაგალითად, ოჯახური ისტორიის ხეების უფასოდ შექმნა ადგილობრივ ბაზარზე).

  • შესთავაზე გაკვეთილის ჩატარება.

  • ორგანიზება გაუწიე წმინდა წერილის შესწავლის კლასს ან შესთავაზე ბიბლიის და სხვა წმინდა წერილების ერთობლივად წაკითხვა.

  • ასწავლე ინგლისური, როგორც მეორე ენა.

  • გაავრცელე ადგილობრივი ეკლესიის ღონისძიებები, როგორიცაა სადღესასწაულო წვეულება ან თვითუზრუნველყოფის გაკვეთილები. გამოიყენე ბროშურები ან სოციალური ქსელი.

  • მოიწვიეისინი ნათლობის მსახურებაზე

  • შესთავაზე ტური ადგილობრივ ეკლესიაში.

ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გამოცდილება, რომელიც შეგიძლია შესთავაზო ადამიანებს, არის ეკლესიის მსახურებაზე დასწრება. მოიწვიე ისინი და განუმარტე, როგორი იქნება მსახურება. უთხარი, როგორ აკურთხებს მათ ცხოვრებას ზიარების შეკრების დასწრება.

გულწრფელი ურთიერთობების წახალისება

ბევრ ადამიანს სურს საკუთარ თემში სხვებთან შეხვედრა და მათი უკეთ გაცნობა. ზოგიერთი ადამიანი მარტოობას განიცდის. ქვემოთ მოყვანილია გულწრფელი ურთიერთობების წახალისების რამდენიმე იდეა.

  • ესტუმრე მას, ვინც შენს რაიონში ახლახან გადმოვიდა და მიულოცე გადმოსვლა.

  • გააცანი ადამიანები თემში იმ წევრებს, რომელთანაც საერთო ინტერესები აქვთ.

  • მოიწვიე ადამიანები მეურვეობის შეკრებებზე, ღონისძიებებზე და ღია კარის დღეებზე.

  • შესთავაზე დახმარება მეურვეობის ტაძრის და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელთან დაკავშირებაში, რომელიც დაეხმარება მათ, გაიგონ მეტი მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრების შესახებ.

  • შესთავაზე ინფორმაცია ოჯახური საღამოს ჩატარების ან წმინდა წერილის ოჯახური შესწავლის შესახებ. (იხ. ზოგადი სახელმძღვანელო, 2.2.4, დამხმარე პრინციპებისთვის, რომლებიც შეიძლება მორგებული იყოს ადამიანების გარემოებებზე.)

  • მოიწვიე შესაბამისი ასაკის ადამიანები, რათა დაესწრონ სემინარიას, ინსტიტუტს ან მონაწილეობა მიიღონ „BYU–Pathway Worldwide”-ში.

არსებობს მრავალი საპატიო გზა, რათა იპოვო ისინი, ვინც უფალმა აღდგენილი სახარებისთვის მოამზადა. ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ეს ადამიანები იპოვო.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

ამ ნაწილში განსაზღვრე რამდენიმე იდეა, რომელიც არ გიცდია. დაგეგმე რამდენიმე იდეის მოსინჯვა მომდევნო კვირის განმავლობაში.

დაუკავშირდი ადამიანებს, რომლებზედაც რეკომენდაცია გაგიწიეს

ადამიანები, რომლებზედაც რეკომენდაცია გაგიწიეს, შეიძლება მზად იყვნენ იესო ქრისტეს სახარების მისაღებად. რეკომენდაცია შეიძლება გაუწიონ ეკლესიის წევრებმა, სხვა მისიონერებმა, ეკლესიის სათავო ოფისმა და ადგილობრივმა სოციალურმა ქსელმა.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდი

როდესაც პიროვნებას რეკომენდაციას გაუწევს სათავო ოფისი ან ადგილობრივი სოციალური ქსელი, გადახედე „იქადაგე ჩემი სახარება“ -ს აპლიკაციაში მათ ინტერესების შესახებ მოცემულ ინფორმაციას. ეცადე, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდე ამ პიროვნებებს.

გამოსახულება
მისიონერების კარდაკარ სიარული

რეკომენდაციით გამოგზავნილ ადამიანებთან მუშაობისას შემდეგი მითითებები გამოიყენე:

  • თუ პიროვნებას რეკომენდაცია გაუწია წევრმა ან სხვა მისიონერმა, დაუკავშირდი მას და მოიპოვე მეტი ინფორმაცია რეკომენდირებულ პირზე. თუ პიროვნებას რეკომენდაცია გაუწიეს მისიონერებმა, მათ, მისიის ხელმძღვანელის თანხმობით, შეუძლიათ ვირტუალურად მიიღონ მონაწილეობა სწავლებაში. წევრებს, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, შეუძლიათ პირადად ან ვირტუალურად შემოგიერთდნენ.

  • სცადე დაუყოვნებლივ დაუკავშირდე პიროვნებას შეხვედრის, ზარის, sms-ის, ელ. ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა ფორმით. თუ არ გიპასუხებენ, დღის სხვა მონაკვეთში სცადე დაკავშირება.

  • თუ თავდაპირველი დაკავშირება მოხდა ზარით, sms-ით ან ელ. ფოსტით, შეათანხმე პირადი ან ტექნიკური საშუალებების მეშვეობით შეხვედრა.

  • მეწყვილესთან ერთად გადახედე პიროვნების თხოვნას და განსაზღვრე მისი საჭიროებები და ინტერესები. განსაზღვრე, როგორ შეუძლია სახარებას დაეხმაროს ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

  • როცა შეხვდებით, მიიტანეთ ნებისმიერი მოთხოვნილი ნივთი, როგორიცაა მორმონის წიგნი. გააზიარეთ სახარებისეული ჭეშმარიტებები მისიონერული გაკვეთილებიდან, რომლებიც აკმაყოფილებს ადამიანის ინტერესებს ან საჭიროებებს.

ზოგჯერ ადამიანებს რეკომენდაციით შეუძლიათ მიგიყვანონ სხვებთან, რომლებსაც ღმერთი ამზადებს. თუ ადამიანები, რომლებსაც დაუკავშირდები, არ არიან დაინტერესებულნი, ჰკითხე, იცნობენ თუ არა სხვებს, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ ან ვისაც იმედი სჭირდება ცხოვრებაში. შესაძლოა, უფალმა მიგიყვანა ამ ადამიანთან, რადგან მის სახლში ან უბანში სხვა ვინმე მზად არის სახარების მოსასმენად.

თუ ვინმესთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეგიძლია შეასრულო სხვა მისიონერული სამუშაო იმ რაიონში. „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაცია დაგეხმარება, იპოვო ახლომახლო ადამიანები, რომლებსაც ადრე დაუკავშირდნენ ან ასწავლიდნენ.

გაუწიეთ ადამიანებს რეკომენდაცია მისიონერებისთვის სხვა რაიონში

როდესაც შეხვდები ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეიტყონ მეტი სახარების შესახებ, მაგრამ ცხოვრობენ შენთვის განსაზღვრული ტერიტორიის გარეთ, გააცანი მათ სახარება. შემდეგ კი, დაეხმარე შეხვდნენ მისიონერებსა და წევრებს თავიანთ ტერიტორიაზე.

მისიის პრეზიდენტის თანხმობით, შეგიძლია გააგრძელო ამ ადამიანების მხარდაჭერა, რათა დაეხმარო მათ სახარების მიღებაში (იხ. მისიონერული სტანდარტები7.5.4).

მეწყვილესთან ერთად სწავლა

გადახედე ყველა ადამიანს შენს რაიონში, რომლებსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეკომენდაცია გაუწიეს. განსაზღვრე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ვერ დაუკავშირდი და სცადე ხელახლა დაკავშირება. გადაწყვიტე, მათგან ვისაც დაუკავშირდი, ხელახლა ვის უნდა ეწვიო. განაახლე ჩანაწერები „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციაში.

გამოსახულება
მისიონერები ტელეფონზე საუბრისას

გამოიყენე ტექნიკური საშუალებები

მოსწავლეების მოსაძებნად ტექნიკური საშუალებების გამოყენების უამრავი გზა არსებობს. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მაგალითი:

  • მოსწავლეების მოსაძებნად გამოიყენე სოციალური ქსელები წევრებთან ერთად.

  • შექმენი ურთიერთობები ელფოსტითა და სოციალური ქსელით.

  • გააზიარე სულის ასამაღლებელი წმინდა წერილები, ციტატები და სახარების გზავნილები.

  • დაეხმარე ადამიანებს, გამოიყენონ FamilySearch.org და შეიტყონ მეტი ოჯახის გარდაცვლილ წევრებზე.

  • უნარების შესაძენად შესთავაზე ონლაინ-გაკვეთილები.

  • დაამყარე შესაბამისი კავშირები საერთო ონლაინ ინტერესთა ჯგუფების მეშვეობით.

  • შექმენი პოსტი მეურვეობის სამომავლო ღონისძიებების შესახებ.

ტექნიკური საშუალებები მნიშვნელოვანია იმისთის, რომ მთელი დღის მანძილზე იყენებდე ხერხს „რამდენიმე ანკესი წყალში“. მოსწავლის პოვნის სხვა გზებთან ერთად, ინტერნეტის დახმარებით წყალში რამდენიმე ანკესი იქონიე.

გამოსახულება
უხუცესი დევიდ ა. ბედნარი

უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ასწავლიდა: „ტექნიკური საშუალებები გვაძლევს უამრავ ძლიერ არხს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვაცხადოთ „იესო ქრისტე ჯვარცმულად“ და „ხალხს ვუქადაგოთ, მოინანიონ“ [1 კორინთელთა 2:2; მოძღვრება და აღთქმები 44:3]. მოზარდი თაობა განსაკუთრებით კარგად არის მომზადებული იმისთვის, რომ მოისმინოს და გაიგოს აღდგენილი სახარება კომუნიკაციის ამ საშუალებებით“ („მათ უნდა გამოუცხადონ ყოველივე ეს მსოფლიოს“, სემინარი მისიის ახალი პრეზიდენტებისთვის, 24 ივნისი, 2016 წ).

მეწყვილესთან ერთად სწავლა

გაიგე, რას აკეთებს შენი მისია სოც. ქსელებში. იმსჯელე მეწყვილესთან ერთად, როგორ შექმნათ პოსტები სოც. ქსელებში, რომელიც ამას შეესაბამება. შენი პოსტები უნდა აკმაყოფილებდეს ეკლესიის ინტერნეტის პოლიტიკას (იხ. „ინტერნეტი”, 38.8-ე განყოფილება, ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო).

თუ შენს მისიას სოც. ქსელების სპეციალისტი ჰყავს, გამოიყენე მისი გამოცდილება სოც. ქსელების პოსტების შექმნისას.

გამოსახულება
ორი ქალბატონი საუბრობს

გამოიყენე ოჯახური ისტორია

ოჯახური ისტორია არის მოსწავლეების პოვნის კიდევ ერთი გზა. მთელ მსოფლიოში, სულიწმინდა გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე, რათა დაადგინონ თავიანთი გარდაცვლილი წინაპრები. ბევრს სურს უფრო ძლიერი კავშირის დამყარება თავის ნათესავებთან. ეს გამოიწვევს სურვილს, იპოვონ კავშირი და იდენტურობა, როგორც ღმერთის ოჯახის ნაწილმა.

რასაც ჩვენ ზოგჯერ ვუწოდებთ ელიას სულს, არის სულიწმინდის გავლენა, რომელიც აიძულებს ადამიანებს დაადგინონ, გააკეთონ ჩანაწერები და დააფასონ თავიანთი ოჯახის წევრები — წარსულიდან და აწმყოდან (იხ. მალაქია 4:5–6).

მოსწავლის ძიებისას, შეგიძლია გააცნო ადამიანებს FamilySearch.org ან მოიწვიო ისინი, ჩამოტვირთონ FamilySearch Tree ან FamilySearch Memories აპლიკაციები. ასევე შეგიძლია მისცე მათ ბუკლეტის ასლი ჩემი ოჯახი: ისტორიები, რომლებიც გვაკავშირებს. ეს რესურსები ეხმარება ადამიანებს ნათესავების და წინაპრების აღმოჩენასა და მათი ისტორიების შეგროვებაში.

დაადგინე, რა ოჯახური ისტორიის რესურსებია ხელმისაწვდომი შენს რეგიონში და როგორ შეიძლება ისინი დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც დაუკავშირდები. მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელს შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს თავიანთი გარდაცვლილი წინაპრების დადგენაში.

მოიწვიე ადამიანები, გაგიზიარონ მოგონებები თავიანთ საყვარელ ადამიანებზე. ამ პროცესში ისინი იგრძნობენ, რომ სულიწმინდა მოწმობს მათთვის ღვთის გეგმაში ოჯახების მნიშვნელობის შესახებ. ამ მომენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი საუბრები ცხოვრების მიზნის, ღვთის ბედნიერების გეგმისა და ამ გეგმაში ჩვენი მხსნელის როლის შესახებ.

საჭიროების შემთხვევაში, ასწავლე ადამიანებს მოძღვრება იმის შესახებ, თუ რატომ ასრულებენ ეკლესიის წევრები ოჯახური ისტორიის სამუშაოს და როგორ უკავშირდება ის ტაძრებს.

ილოცე, რათა შეამჩნიო ოჯახური ისტორიის გამოყენების შესაძლებლობები მოსწავლეების პოვნის მცდელობებში. იყავი შემოქმედებითი და გაეცანი არსებულ რესურსებს.

წმინდა წერილის შესწავლა

შეისწავლე წინამდებარე წმინდა წერილები ოჯახური ისტორიის შესახებ. ჩაიწერე ნასწავლი.

ელიას მეშვეობით აღდგენილი ჩაბეჭდვის ძალა

სამუშაო გარდაცვლილთათვის

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

სცადე შემდეგი ღონისძიებებიდან ერთი ან მეტი, რათა დაგეხმაროს ოჯახური ისტორიის გარკვევაში.

  • დაგეგმე ისეთი წევრის მონახულება, რომელსაც აქვს ოჯახურ ისტორიასთან დაკავშირებული გამოცდილება. გაიგე, რა სერვისებია ხელმისაწვდომი შენი მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელის მეშვეობით.

  • ივარჯიშე იმაში, თუ როგორ შესთავაზებ ოჯახურ ისტორიასთან დაკავშირებულ დახმარებას მათ, ვისაც შეხვდები. შეადგინე გეგმები, როგორ შესთავაზო ოჯახური ისტორია მოსწავლეების პოვნის მცდელობისას.

  • წაიკითხე და განიხილე ოჯახები და ტაძრები — ბუკლეტი ოჯახური ისტორიის სამუშაოს უკეთ გასაგებად. სამუშაო რვეულში ჩაიწერე ნასწავლი.

  • გამოიყენე ჩემი ოჯახის ბუკლეტი ან FamilySearch.org რესურსები მოსწავლეთა ძიებისას.

  • სადაც შესაძლებელია, გამართე ღია კარის დღე, ჩაატარე ოჯახური ისტორიის გაკვეთილი საჯარო ადგილას ან შესთავაზე კონსულტაციები.

სწავლებისას იპოვე მოსწავლე

პოვნა და სწავლება ერთმანეთთან დაკავშირებული ღონისძიებებია. შენს მოსწავლეებს შეიძლება ჰყავდეთ მეგობრები ან ნათესავები, რომლებიც მზად არიან, მიიღონ აღდგენილი სახარება. როდესაც ადამიანები, რომლებსაც ასწავლი, განიცდიან სახარების დალოცვებს, იზრდება მისი გაზიარების მიმართ მათი სურვილი (იხ. 1 ნეფი 8:12). ყველა სიტუაციაში, როგორიცაა პოვნა, სწავლება და წევრებთან მუშაობა, იკითხე: „ვის იცნობთ, ეს გზავნილი რომ სასარგებლო იყოს მისთვის?“

როდესაც შენი მოსწავლეები ემზადებიან ნათლობის მსახურების მისაღებად, ჰკითხე მათ ოჯახისა და მეგობრების შესახებ, რომელთა მოწვევაც სურთ ნათლობაზე. დაგეგმე, როგორ მოიწვევ ყველა ამ ადამიანს და წაახალისებ, რომ მოვიდნენ. ნათლობის მსახურების დროს სულიწმინდის გავლენა ძლიერად იგრძნობა.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

გადახედე შენი მოსწავლეების სიას. შეადგინე სია იმ ადამიანებისა, ვისაც სთხოვე რეკომენდაციის გაწევა და ვისთვისაც არ გითხოვია. ივარჯიშე, თუ როგორ გაავრცელებ რეკომენდაციის მოწვევას თითოეულ ჯგუფში. ბლოკნოტში ჩაინიშნე, რომ შემდეგი შეხვედრების დროს გაავრცელო ეს მოწვევა.

გამოსახულება
ქალბატონები უყურებენ მობილურს

რომ იპოვი - ასწავლე

როდესაც შეხვდები ადამიანებს და განსაზღვრავ მათ ინტერესებსა და საჭიროებებს, განავითარე ჩვევა, რომ მაშინვე დაიწყო სწავლება და შენი მოწმობის გაზიარება. უფრო მეტ მოსწავლეს იპოვი, როდესაც დაამოწმებ მხსნელისა და მისი სახარების შესახებ და მისცემ საშუალებას მათ, იგრძნონ სულიწმინდის ძალა.

იფიქრე ისეთი თემების სწავლებაზე, როგორიცაა ბედნიერება, უბედურება, ცხოვრების მიზანი ან სიკვდილი. როგორიც არ უნდა იყოს შენი საწყისი მიდგომა, სწრაფად და მარტივად გადაერთე მხსნელზე, მის სახარებასა და მის მიერ წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მოხმობაზე. ეს არის მსოფლიოს მიმართ ჩვენი უნიკალური გზავნილი.

შემდეგ ნაწილებში მოცემულია მაგალითები, თუ როგორ შეიძლება მოკლედ ასწავლო იესო ქრისტეს სახარების აღდგენისა და ოჯახის მნიშვნელობის შესახებ.

ასწავლე და დაამოწმე იესო ქრისტეს სახარების აღდგენის შესახებ

დაამოწმე იესო ქრისტეს შესახებ და ასწავლე აღდგენილი ჭეშმარიტების მოკლე შეჯამება. მაგალითად, შეგიძლია დაამოწმო იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების შესახებ მხოლოდ ორი ან სამი წინადადებით:

საუკუნეების მანძილზე დაკარგულები ვიყავით და მოსიყვარულე ღმერთმა აღადგინა ჭეშმარიტება ცოცხალი წინასწარმეტყველის მეშვეობით. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ, წაიკითხოთ და დაფიქრდეთ მასზე. გიწვევთ, წაიკითხოთ და ილოცოთ, რათა თავად შეიცნოთ მისი ჭეშმარიტება. ნებას დაგვრთავთ, რომ …

თუ მეტი დრო გაქვს, შესაძლოა აღნიშნულზე მეტი თქვა:

ჩვენი გზავნილი მარტივია. ღმერთი ჩვენი მამაა. ჩვენ მისი შვილები ვართ. ჩვენ მისი ოჯახის წევრები ვართ. იგი თითოეულს გვიცნობს და ვუყვარვართ. მას სურს, სიხარული გამოვცადოთ. სამყაროს დასაბამიდან ის მიჰყვებოდა სიყვარულით სწრაფვას იესო ქრისტეს სახარების გამოსავლენად, რათა მის შვილებს სცოდნოდათ, როგორ დაბრუნებულიყვნენ მასთან. მან სახარება წინასწარმეტყველებს გაუზიარა — ადამს, ნოეს, აბრაამსა და მოსეს. მაგრამ ბევრმა ადამიანმა არაერთხელ აირჩია, უარი ეთქვა სახარებაზე და წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ამას ასწავლიდნენ. იესო ქრისტემ ორი ათასი წლის წინ სახარება თავად ასწავლა. ადამიანმა ქრისტეც კი უარყო. იესო ქრისტეს მოციქულთა გარდაცვალების შემდეგ, ადამიანებმა დაამახინჯეს ჭეშმარიტი მოძღვრება, მაგალითად, სამების შესახებ. მათ ასევე შეცვალეს წეს-ჩვეულებები, მაგალითად, ნათლობა.

ჩვენ გიწვევთ, ეს ჭეშმარიტება თქვენს ჭეშმარიტებას დაუმატოთ. დაფიქრდით იმ მტკიცებულებაზე, რომ ზეციურმა მამამ კვლავ მიმართა თავის შვილებს სიყვარულით და წინასწარმეტყველს გაუმხილა ჭეშმარიტი მოძღვრება და წეს-ჩვეულებები. ამ წინასწარმეტყველის სახელია ჯოზეფ სმითი. ამ ჭეშმარიტების დასტური მოცემულია წიგნში - „მორმონის წიგნი“. შეგიძლიათ თავად აიღოთ ეს წიგნი, წაიკითხოთ და დაფიქრდეთ მის ჭეშმარიტებაზე, მოუსმინოთ თქვენს გონებასა და გულს. მეტის გასაგებად გიწვევთ, მოხვიდეთ ეკლესიაში.

ასწავლე და დაამოწმე ოჯახის მნიშვნელოვნების შესახებ

ოჯახის მნიშვნელოვნების ხაზგასმა დაგეხმარება მოსწავლეების პოვნაში, მიუხედავად იმისა, ქრისტიანული წარმომავლობა აქვთ მათ თუ არა. შენ შეგიძლია ზეციური მამის ხსნის გეგმას სწრაფად დაუკავშირო ის, რაც ადამიანთა უმეტესობამ იცის ოჯახის შესახებ. შესაძლოა თქვა შემდეგი:

ჩვენი ოჯახი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ოჯახი გვაკავშირებს ერთმანეთთან და გვეხმარება ვიგრძნოთ, რომ ვიღაცას ვჭირდებით და ვუყვარვართ.

ძლიერი, ბედნიერი ოჯახის ყოლა უამრავი ადამიანისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ძლიერი ქორწინების შენარჩუნება და შვილების აღზრდა დღევანდელ სამყაროში ძალიან რთული ამოცანაა.

შემდეგ შეგიძლია გადახვიდე აღდგენის გზავნილზე:

თქვენ დაბადებიდან ღვთის ოჯახის წევრი ხართ. იგი ჩვენი მამაა. ზეციურ მამას სურს, დავუბრუნდეთ მას და ერთად ვიცხოვროთ. თქვენ მისი შვილი ხართ და მას უყვარხართ. უფალს გეგმა აქვს, რათა მას დავუბრუნდეთ.

ეს და სხვა ჭეშმარიტებები დედამიწაზე აღადგინა ჩვენმა მოსიყვარულე ზეციურმა მამამ ცოცხალი წინასწარმეტყველის მეშვეობით. ეს ჭეშმარიტებები გვეხმარება, გავიგოთ ჩვენი ადგილი ღვთის ოჯახში. შეიძლება მეტი გაგაცნოთ ამ ჭეშმარიტებებზე? მოხვალთ ეკლესიაში, რათა მეტი შეიტყოთ?

მეწყვილესთან ერთად სწავლა

მოამზადე ერთწუთიანი გზავნილი თავი 3-ს ერთ-ერთ გაკვეთილზე დაფუძნებით. ივარჯიშეთ ერთმანეთთან მის გაზიარებაში. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გააზიაროთ ეს გზავნილი მოსწავლის ძიების სიტუაციაში. დაგეგმეთ მისი გაზიარება შესაბამის სიტუაციაში, რათა მოიწვიოთ სხვები, გაიგონ მეტი იესო ქრისტეს შესახებ.

ძალისხმევა არ იკარგება

როდესაც ადამიანს არ სურს მეტის გაგება აღდგენილ სახარებაზე, შენი ძალისხმევა მაინც არ იკარგება. შესაძლოა, შენ მიერ დათესილი თესლი სხვა დროს გაღვივდება. ეს მოხდება თუ არა, შენი მსახურება და ჭეშმარიტი სიყვარულის გამოხატვა შენც და მათაც დალოცავს.

თუ ადამიანები არ არიან მზად სახარების მისაღებად, ნახე, კიდევ რა შეგიძლია გააკეთო მათი ცხოვრების გასამდიდრებლად. ეს შექმნილი ურთიერთობები მაინც მნიშვნელოვანი და ღირებულია. დარჩით მეგობრებად.

ადამიანებს ხანდახან სჭირდებათ დრო, რათა იფიქრონ იმ ცვლილებებზე, რასაც მათ სთხოვენ. დაეხმარე, მიიღონ გზავნილები ეკლესიის ელფოსტის ან ვებგვერდის მეშვეობით. ეს გზავნილები შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს, მომავალი მოწვევების მისაღებად.

როდესაც პიროვნება არ მიიღებს სახარებას, ბუნებრივია, რომ იმედგაცრუება დაგეუფლება. თუმცა, როდესაც მიმართავ უფალს ასეთ დროს, ის გპირდება: „გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ“ (ესაია 41:10).

ქრისტესადმი რწმენით ჰპოვებ სიმშვიდეს და დარწმუნდები შენს ძალისხმევაში. შეინარჩუნე ხედვა იმის შესახებ, თუ ვინ ხარ და რატომ ემსახურები უფალს, როგორც მისიონერი. რწმენა დაგეხმარება, მიისწრაფო წინ და სამართლიანი სურვილები იქონიო.


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • წაიკითხე იოანე 15:12, იოანე 21:15–17, 1 თესალონიკელთა 2, და მოსია 18:8–10. რამდენად კარგად ასრულებ შენს პასუხისმგებლობას - გიყვარდეს სხვები და ემსახურო მათ? როგორ შეგიძლია გაუმჯობესება? სამუშაო რვეულში ჩაიწერე შენი პასუხი.

  • წაიკითხე 3 ნეფი 18:31–32, ალმა 24:7–8 და ალმა 32:41. რას გვასწავლის ეს მუხლები იმ ადამიანებთან ერთად მუშაობაზე, რომლებმაც ადრე გაიარეს გაკვეთილები? ჩაიწერე ნასწავლი სამუშაო რვეულში. ასწავლე ეს შენს მეწყვილეს.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • შეადგინეთ თქვენს რაიონში ახალ წევრებთან შეხვედრის გეგმები. საჭიროებისამებრ, გამოიყენეთ „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია, რათა დაადგინოთ ისინი. დასვით მსგავსი შეკითხვები:

    • როგორ მოემზადეთ სახარების მისაღებად?

    • პირველად როდის და როგორ დაუკავშირდით ეკლესიას?

    • რამ გიკარნახათ მისიონერებთან შეხვედრა?

    • როგორ შეგიწყოთ ხელი წინსვლაში?

    ამ შეხვედრებიდან, რა ისწავლეთ იმ ადამიანთა პოვნაზე, რომლებმაც მონათვლისკენ ნაბიჯი გადადგეს? დაგეგმეთ ნასწავლის ამ კვირაში გამოყენება.

  • გადახედეთ თითოეულ თემას. თავი 3-ში მოცემული გაკვეთილების გამოყენებით, მოამზადეთ მოსწავლის პოვნის მარტივი მიდგომა. ასწავლეთ მოსწავლის ძიების გარემოში.

    • ცხოვრებაში მეტი მიმართულებისა და მიზნის ქონის საჭიროება

    • ღმერთთან მიახლოების სურვილი

    • მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში დახმარების საჭიროება

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • წაიკითხე და იმსჯელე ნაწილზე „განავრცე მოსწავლეთა პოვნის გეგმა”. თითოეულ მეწყვილეთა ჯგუფს სთხოვე, დაასრულონ შეფასება.

    • განიხილე, როგორ დაეხმარათ ეს იდეები მისიონერებს მოსწავლეების პოვნაში.

    • ჩამოწერე მოსწავლეთა ძიების სხვა იდეები. მოიწვიე მისიონერები, მოახდინონ საკუთარი იდეების დემონსტრირება.

    • მოიწვიე მისიონერები, დასახონ პირადი მიზნები, რათა გაიუმჯობესონ მოსწავლეთა პოვნის ძალისხმევა.

  • შექმენი ძიების რამდენიმე შესაძლებლობის სია.

    • თითოეულ მისიონერს გაუნაწილე ეს შესაძლებლობები. მიეცი თითოეულ მისიონერს ხუთი წუთი, რათა მოამზადოს, თუ როგორ ასწავლის გაკვეთილის ნაწილს დანიშნულ სიტუაციაში.

    • ხაზი გაუსვი გზავნილის ხანგრძლივობის შენარჩუნებას გარემოსთან შესაბამისობაში.

    • სთხოვე რამდენიმე მისიონერს, ასწავლონ გაკვეთილი, რომელიც დაგეგმეს დანიშნულ სიტუაციაში.

  • სთხოვე მისიონერებს, ივარჯიშონ ერთმანეთთან სახარების ერთწუთიანი გზავნილის გაზიარებაში. შეიძლება დაგჭირდეს ძიების სხვადასხვა გარემოს გამოყენება, როგორიცაა სწავლება წევრის სახლში, სწავლება კარის ზღურბლზე, სწავლება ტროტუარზე ან ადამიანთან რეკომენდაციით დაკავშირება. სთხოვე მისიონერებს, ივარჯიშონ თითოეულ ამ გარემოში სწავლება.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • შენს ოჯახში მიეცი წევრ-მისონერული მუშაობის მაგალითი. გაუზიარე გამოცდილება მისიონერებსა და წევრებს.

  • ითათბირე მღვდლობისა და ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან მისიონერებისთვის შენს რაიონში მოსწავლეების პოვნის საუკეთესო გზების შესახებ.

  • მოაწყე მისიონერული სულიერების საათი, სადაც დაელაპარაკები შენი მისიის მოსწავლეებს. შეათანხმე მღვდლობის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან, რათა წევრებმა მეგობრები მოიყვანონ. მოიწვიე ახალი წევრები, გააზიარონ თავიანთი დამოწმებები და მოქცევის ისტორიები, სანამ შენ დაიწყებ საუბარს.

  • ზოგჯერ გაჰყევი მისიონერებს, რათა დაეხმარო მოწაფეების პოვნაში.