მისიის მოწოდებები
თავი 10: ასწავლე იესო ქრისტესადმი რწმენის გაძლიერება


„თავი 10: ასწავლე იესო ქრისტესადმი რწმენის გაძლიერება“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023)

„თავი 10“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
ქადაგება მთაზე, ავტორი: ჰარი ანდერსონი

თავი 10

ასწავლე იესო ქრისტესადმი რწმენის გაძლიერება

განიხილე შემდეგი

  • როგორ ვასწავლო სულიწმინდის ძალით?

  • როგორ ვასწავლო წმინდა წერილებიდან?

  • როგორ გავაზიარო ჩემი მოწმობა სწავლებისას?

  • როგორ დავგეგმო და მოვარგო ჩემი სწავლების პროცესი ადამიანების საჭიროებებს?

  • როგორ დავსვა უკეთესი შეკითხვები და ვიყო უკეთესი მსმენელი?

  • როგორ დავეხმარო ადამიანებს პასუხების პოვნასა და გაძღოლის და სიძლიერის მიღებაში?

შენ მოგიწოდეს, ასწავლო იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება იმდენ ადამიანს, რამდენიც მიგიღებს. სწავლება შენი ყოველი ქმედების ცენტრალური ნაწილია. როდესაც უფლის დახმარების იმედი გაქვს, ის გპირდება:

„და ვინც მიგიღებთ თქვენ, იქ ვიქნები მეც, ვინაიდან მე ვივლი თქვენ წინ. მე ვიქნები თქვენ მარჯვნივ და მარცხნივ, ჩემი სული იქნება თქვენს გულებში და ჩემი ანგელოზები – თქვენ გარშემო, რათა მხარში ამოგიდგნენ“ (მოძღვრება და აღთქმები 84:88).

სწავლების უნარების გასაუმჯობესებლად ილოცე, ისწავლე და ივარჯიშე. გამოიყენე წინამდებარე და წიგნის სხვა თავებში მოცემული პრინციპები. გულმოდგინედ ეძიე სწავლების ძღვენი, რათა დალოცო სხვები და განადიდო ღმერთი. უფალი დაგეხმარება, ასწავლო ძალითა და უფლებამოსილებით, როცა გულმოდგინედ ეძიებ მას და შეისწავლი მის სიტყვას.

ეძიე ასწავლო მხსნელის მსგავსად

მიწიერი მსახურების დროს იესო „მიმოდიოდა … ასწავლიდა … , ქადაგებდა … და კურნავდა“ (მათე 4:23). ის ასწავლიდა სხვადასხვა გარემოში — სინაგოგებში, სახლებში, გზაზე. იგი ქადაგებდა თავშეყრის ადგილებშიც და პირად საუბრებშიც. ზოგიერთი მისი ყველაზე ძლიერი ურთიერთქმედება ძალიან პატარა ან უჩვეულო გარემოში მოხდა. იგი როგორც სიტყვეთ, ისე საქმით ასწავლიდა.

მხსნელი თითოეულ პიროვნებას ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ასწავლიდა. მაგალითად, დავრდომილს მან ცოდვები მიუტევა და განკურნა იგი (იხ. მარკოზი 2:1–12). ხოლო მრუში ქალის შემთხვევაში, დაიცვა იგი და მოუწოდა, აღარ ჩაედინა ცოდვები (იხ. იოანე 8:2–11). მდიდარ მამაკაცთან საუბრისას, რომელსაც მარადიული სიცოცხლე სურდა, იესოს „შეუყვარდა“ იგი მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდამ უარი თქვა მოწვევაზე, მიჰყოლოდა მას (მარკოზი 10:21; იხ. მუხლები 17–21).

საკუთარი სწავლების გაუმჯობესება შეგიძლია მხსნელის სწავლების გააზრებით. მაგალითად, მას უყვარდა ზეციური მამა და ისინი, ვისაც ასწავლიდა. ყოველთვის ლოცულობდა. ის წმინდა წერილიდან ასწავლიდა. ის სულიერად ამზადებდა. შთამაგონებელ შეკითხვებს სვამდა. იწვევდა ადამიანებს, ემოქმედათ რწმენის მიხედვით. მან სახარების პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებას მოარგო.

მხსნელის მსგავსად სწავლება მთელი ცხოვრების საქმიანობაა. ეს ცოდნა სტრიქონი სტრიქონზე მოვა შენთან, როცა უფალს მიჰყვები (იხ. 2 ნეფი 28:30; ეფერი 12:41).

„ეცადე მიიღო ჩემი სიტყვა“

იესო ქრისტეს სახარების სწავლებისათვის, საჭიროა მისი ძირითადი მოძღვრებისა და პრინციპების ცოდნა. აგრეთვე, გჭირდება სულიერი ცოდნა და სახარების ჭეშმარიტების დამტკიცება. უფალმა თქვა: „ნუ ეცდები ჩემი სიტყვის გამოცხადებას, არამედ ეცადე მიიღო ჩემი სიტყვა“.

„მიიღო“ უფლის სიტყვა ნიშნავს შეისწავლო ის და გულის სიღრმეში ჩაიდო. ამ ძალისხმევის შესრულებისას, იგი გპირდება: „და შემდეგ გაგეხსნება ენა; მაშინ, თუ მოისურვებ, დაეუფლები ჩემს სულსა და სიტყვას, დიახ, ღმერთის ძალას ადამიანთა დასარწმუნებლად“ (მოძღვრება და აღთქმები 11:21).

გამოსახულება
პიროვნება წმინდა წერილის მონიშვნის პროცესში

უფალმა ასევე ბრძანა: „დაიუნჯეთ მუდამ სიცოცხლის სიტყვები გონებაში“ (მოძღვრება და აღთქმები 84:85). უფლის სიტყვების დაუნჯება შეგმატებს ცოდნას და გააძლიერებს შენს მოწმობას. ასევე გაიზრდება სახარების სწავლების შენი სურვილი და უნარი. (იხ. იაკობი 4:6–7; ალმა 32:27–42; 36:26; 37:8–9.)

ლოცვით მიიღე და დაიუნჯე უფლის სიტყვა წმინდა წერილების, ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებისა და თავი 3-ში მოცემული გაკვეთილების შესწავლით.

ასწავლე სულიწმინდის თანხლებით

იესო ქრისტეს სახარება არის „ღვთის ძალა … ყოველი მორწმუნის სახსნელად“ (რომაელთა 1:16). ამისათვის, სახარების აღდგენის გზავნილი უნდა ისწავლებოდეს ღვთიური ძალით — სულიწმინდის ძალით.

სწავლების უნარის განვითარება მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია იმ მოძღვრებისა და პრინციპების ცოდნა, რომელსაც ასწავლი. თუმცა სულიერი ჭეშმარიტების სწავლებისას, მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებსა და ცოდნას არ დაეყრდნო.

სულიერი ჭეშმარიტება სულიწმინდის ძალით ისწავლება. უფალმა ბრძანა: „და სული გებოძებათ რწმენის ლოცვით; და თუ არ მიიღეთ სული – არ უნდა ასწავლოთ“ (მოძღვრება და აღთქმები 42:14; იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 50:13–14, 17–22).

რას ნიშნავს ასწავლო სულიწმინდის ძალით

როდესაც სულიწმინდის ძალით ასწავლი შენ ლოცულობ, რომ სულიწმინდის ძალა გქონდეს სწავლებისას. ასევე ლოცულობ, რომ ადამიანებმა სულიწმინდის დახმარებით მიიღონ ჭეშმარიტება. ადამიანები შეიძლება დარწმუნდნენ ზოგიერთ ჭეშმარიტებაში, მაგრამ მოქცევისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გამოცდილება სულიწმინდასთან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 8:2–3).

მოემზადე გახდე იარაღი, რომლის მეშვეობითაც სულიწმინდა ასწავლის. სწავლებისას სულიწმინდა შენს თანმხლებად ჩათვალე.

დაეყრდენი სულიწმინდას და ის გიკარნახებს სათქმელს. ის გაგახსენებს ნასწავლ მოძღვრებას. იგი დაგეხმარება დაგეგმო და შეცვალო, რასაც ასწავლი, ადამიანის საჭიროებების მიხედვით.

როდესაც სულიწმინდის თანხლებით ასწავლი, ის მიიტანს შენს გზავნილს ადამიანთა გულებამდე. დამოწმების გაზიარებისას ის დაამტკიცებს შენს გზავნილს. შენ და ისინი, ვინც მიიღებენ იმას, რასაც სულიწმინდის ძალით ასწავლი, განისწავლებით, გაუგებთ ერთმანეთს და ერთად გაიხარებთ. (იხ. 2 ნეფი 33:1; მოძღვრება და აღთქმები 50:13–22.)

გამოსახულება
პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონი

„სულიწმინდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ამ საქმეში. როდესაც სულიწმინდა თქვენს მოწოდებას განადიდებს, უფლისთვის სასწაულების მოხდენას შეძლებთ თქვენი მისიის მიმდინარეობისას. სულიწმინდის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ, მიუხედავად თქვენი ნიჭისა და უნარებისა“ (ეზრა თაფტ ბენსონი, სემინარი მისიის ახალი პრეზიდენტებისთვის, 25 ივნისი, 1986 წ).

თქვენი მოწოდების დაპირება

თქვენ მოგიხმეს და ხელდასხმით დაგნიშნეს, რათა „იქადაგოთ ჩემი სახარება სულის მეშვეობით, თავად ნუგეშისმცემლით, რომელიც მოვლენილ იქნა ჭეშმარიტების სასწავლებლად“ (მოძღვრება და აღთქმები 50:14). ზოგჯერ შეიძლება ინერვიულო ან თავი არაკომფორტულად იგრძნო. შესაძლოა, გაწუხებს, რომ საკმარისი ცოდნა ან საკმარისი გამოცდილება არ გაქვს.

შენმა ზეციურმა მამამ, რომელიც ძალიან კარგად გიცნობს, მოგიხმო, რადგან იცის, რისი შეთავაზება შეგიძლია შენ — იესო ქრისტეს მიმდევარს. ის არ მიგატოვებს. გჯეროდეს, რომ სულიწმინდა შენს შესაძლებლობებს განადიდებს და ასწავლის ჭეშმარიტებას მათ, ვისაც მისი მიღება სურს.

გამოსახულება
უხუცესი ნილ ლ. ანდერსენი

უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა თქვა: „როდესაც ვფიქრობდი მისიის გამოწვევაზე, თავს ძალიან არაკომფორტულად და მოუმზადებლად ვგრძნობდი. მახსოვს, ვლოცულობდი: „ზეციურო მამავ, როგორ შევძლო მისიაში მსახურება, როცა ასეთი მცირე ცოდნა მაქვს?“ ეკლესიის მწამდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩემი სულიერი ცოდნა ძალიან შეზღუდული იყო. ლოცვისას, ეს შეგრძნება მოვიდა: „ყველაფერი არ იცი, მაგრამ საკმარისი ცოდნა გაქვს!“ ამ დარწმუნებამ გამბედაობა მომცა, გადამედგა შემდეგი ნაბიჯი ჩემს მისიაში („You Know Enough [საკმარისი ცოდნა გაქვს]”, ლიახონა, ნოემ., 2008 წ, 13).

სწავლების დაწყებისას მოიწვიე სულიწმინდა

ადამიანებთან პირველი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. იყავი გულწრფელი და თავაზიანი. გამოხატე გულითადი ინტერესი და სიყვარული. ეცადე მოიპოვო ადამიანების ნდობა. ნდობის მოპოვების ერთი გზაა, ადამიანებმა იგრძნონ, რომ სულიწმინდა შენთან არის.

დაუსვი რამდენიმე მარტივი კითხვა, რათა ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ მათზე და გაიგოთ, რა მოლოდინი აქვთ შენი შეხვედრების შესახებ. ყურადღებით მოუსმინე.

გაკვეთილის დაწყებამდე მოიწვიე ყველა, ვინც იქ იმყოფება, შემოუერთდნენ გაკვეთილს. სთხოვე, მოიშორონ ყურადღების გამფანტავი ნებისმიერი რამ, რათა იგრძნონ უფლის სული.

განმარტე, რომ გაკვეთილის დაწყება და დასრულება ლოცვით გსურს. შესთავაზე ლოცვის დაწყება: ილოცე უბრალოდ და გულწრფელად, რომ ღმერთმა დალოცოს ადამიანები, რომლებსაც ასწავლი მათი ცხოვრების ყველა ასპექტში. ილოცე, რათა იგრძნონ იმის ჭეშმარიტება, რასაც შენ მათ ასწავლი. გახსოვდეს: „ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას“ (იაკობი 5:16).

გწამდეს სულიწმინდის მოქცევის ძალა. თუ სულიწმინდა გიკარნახებს, სწავლების დაწყებისას შეიძლება გამოხატო შემდეგი აზრები:

  • ღმერთი ჩვენი მოსიყვარულე ზეციური მამაა. ჩვენ ერთმანეთის დები და ძმები ვართ. მას სურს სიხარული გამოვცადოთ.

  • ცხოვრებაში ყველას გვაქვს წინააღმდეგობები და სიძნელეები. რა სიძნელეც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრებაში, იესო ქრისტე და მისი სწავლება დაგეხმარებათ. ის დაგეხმარებათ იპოვოთ სიმშვიდე, იმედი, კურნება და ბედნიერება. იესოს შეუძლია დაგეხმაროთ მიიღოთ მეტი ძალა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

  • ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის, სირცხვილის და სინანულის გრძნობა. ეს გრძნობები მხოლოდ მაშინ გაქრება, როცა მოვინანიებთ და ღვთის პატიებას ვეძიებთ. ჩვენი ცოდვებისგან ბოლომდე განკურნება მხოლოდ იესო ქრისტეს გამოსყიდვით შეგვიძლია.

  • ჩვენ გასწავლით, თავად როგორ შეიტყოთ ჩვენი გზავნილის ჭეშმარიტების შესახებ. ჩვენ მომავალში მოგიხმობთ ისეთი ქმედებებისკენ, როგორიცაა კითხვა, ლოცვა და ეკლესიაში სიარული. ჩვენი დანიშნულებაა, დაგეხმაროთ იმოქმედოთ ამ მოწვევების მიხედვით და აგიხსნათ დალოცვები, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ. გთხოვთ, დაგვისვათ შეკითხვები.

  • ჩვენ ღვთის წინასწარმეტყველმა მოგვიწოდა, გაგიზიაროთ ის, რაც ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გზავნილი ჭეშმარიტია.

  • ჩვენ გასწავლით, როგორ დადოთ აღთქმები ანუ განსაკუთრებული დაპირებები ღმერთთან. ეს აღთქმები დაგაკავშირებთ ღმერთთან და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მისგან სიხარული, ძალა და განსაკუთრებული დაპირებები.

  • თქვენ ისწავლით როგორ შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში და მიჰყვეთ იესო ქრისტეს და მის სწავლებებს. იესო ქრისტეს ერთ-ერთი არსებითი სწავლება და პირველი აღთქმა, რომელსაც ჩვენ ვდებთ, არის ის, რომ ვბაძავთ მის მაგალითს და ვინათლებით სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის მიერ (იხ. იოანე 3:5; მოძღვრება და აღთქმები 22).

გამოსახულება
მისიონერები ლოცულობენ

გაკვეთილის დაწყებამდე მოკლედ გააცანი, თუ რა უნდა ასწავლო. დაეხმარე ადამიანებს დაინახონ, რა კავშირში იქნება ეს მათთან. მაგალითად, შეგიძლია თქვა: „ჩვენ აქ ვართ, რათა გაგიზიაროთ გზავნილი, რომ იესო ქრისტემ დააარსა თავისი ეკლესია ჩვენს დროში დედამიწაზე და მოიხმო ცოცხალი წინასწარმეტყველები, რათა გვიხელმძღვანელონ. ან შეიძლება თქვა: „ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ იმის გაგებაში, რომ ღმერთს უყვარხართ და თქვენი ბედნიერებისთვის გეგმა აქვს“.

იესო ქრისტეს სახარების მიღება და ამ სახარებით ცხოვრება ყოველ ადამიანს სარგებელს მოუტანს. შესაძლოა, ზეციურმა მამამ ღირებული სულიერი მომზადებით დალოცა მოსწავლეები, რომლებსაც იპოვი (იხ. ალმა 16:16–17).

სულიწმინდის მოწვევა და ჭეშმარიტების გაზიარება პირველ შეხვედრაზე დაეხმარება ადამიანებს, აღიარონ შენი, როგორც უფლის მსახურის, საქმიანობა.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

გამოიყენეთ წინამდებარე ნაწილში მოცემული ვარიანტები, რათა გაკვეთილის დაწყების სხვადასხვა ხერხების გამოყენებაში ივარჯიშოთ.

გამოიყენეთ წმინდა წერილები

ეკლესიის სანიმუშო ნაშრომები შენი ძირითადი წყაროა იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების სწავლებისთვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ძალზედ მნიშვნელოვანია წმინდა წერილების გამოყენება შენი სწავლების საფუძვლად. მაგალითად:

  • წმინდა წერილები იწვევს სულიწმინდას შენი სწავლების დროს (იხ. ლუკა 24:13–32).

  • წმინდა წერილები უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანების გონებაზე, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ (იხ. ალმა 31:5).

  • წმინდა წერილები პასუხობს სულის სიღრმეში არსებულ კითხვებს (იხ. თავი 5; იხ. ასევე 2 ნეფი 32:3; იაკობი 2:8).

  • წმინდა წერილები შენს სწავლებას უფლებამოსილებას და მართებულობას ანიჭებს.

  • უფალმა და მისმა წინასწარმეტყველებმა ამის კეთებისკენ მოგვიწოდეს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:12, 56–58; 71:1).

სწავლებისას წმინდა წერილების გამოყენებით შეგიძლია დაეხმარო სხვებს, დაიწყონ წმინდა წერილების დამოუკიდებლად შესწავლა. როდესაც აშკარა იქნება შენი სიყვარული წმინდა წერილების მიმართ, ეს ადამიანებს შესწავლისკენ წაახალისებს. აჩვენე, როგორ დაეხმარებათ წმინდა წერილების შესწავლა სახარების შესწავლაში და ღვთის სიყვარულის შეგრძნებაში. მიეცი მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია წმინდა წერილებს დაეხმაროს მათ კითხვებზე პასუხების პოვნაში და ხელმძღვანელობისა და ძალის მიღებაში.

საფუძვლიანად შეისწავლე წმინდა წერილები, რათა შემდეგ ეფექტურად ასწავლო (იხ. თავი 2). წმინდა წერილებიდან სწავლების შენი უნარი გაუმჯობესდება, როცა მათ ყოველდღიურად შეისწავლი, როგორც პირადად, ასევე მეწყვილესთან ერთად.

დაეხმარე ადამიანებს, განავითარონ რწმენა იესო ქრისტესადმი წმინდა წერილების, განსაკუთრებით კი, მორმონის წიგნის, შესწავლით. ქვემოთ მოცემული იდეები დაგეხმარება.

გამოსახულება
წმინდა წერილის ჯგუფურად შესწავლა

წმინდა წერილის წარდგენა

ამონარიდის ისტორიის მოკლედ აღწერე. შემდეგი მაგალითები გვიჩვენებს წმინდა წერილების წარდგენის რამდენიმე გზას:

  • „ჯოზეფ სმითის ისტორიაში ჯოზეფი თავისი სიტყვებით გვეუბნება, თუ რა მოხდა, როცა ის პატარა ტყეში წავიდა სალოცავად. მან თქვა: „მე დავინახე სინათლის სვეტი …“

  • „ამ მონაკვეთში წინასწარმეტყველი ალმა ასწავლის ღარიბ ადამიანებს, გამოიჩინონ რწმენა ღვთის სიტყვის მიმართ. იგი ღვთის სიტყვას ადარებს თესლს, რომელიც ჩვენს გულებში უნდა დავთესოთ. წაიკითხავთ … მუხლს?“

წაიკითხეთ ამონარიდი

წაიკითხე ამონარიდები ხმამაღლა ან შენს მოსწავლეს სთხოვე, ხმამაღლა წაიკითხოს. წინასწარ გაითვალისწინე, შეიძლება ვინმეს კითხვა უჭირს. თუ მონაკვეთი გასააზრებლად რთულია, მათთან ერთად წაიკითხე და საჭიროების შემთხვევაში, განმარტე. აუხსენი რთული სიტყვები და ფრაზები. ან წასაკითხად უფრო მარტივი მონაკვეთი მიეცი. სთხოვე მოიძიონ მონაკვეთის ძირითადი აზრი.

გამოიყენე წმინდა წერილები

ნეფიმ თქვა: „ყოველ წმინდა წერილს ვუსადაგებდი ჩვენ თავს, რომ ყოფილიყო ჩვენთვის სასარგებლო და ჭკუის სასწავლებელი“ (1 ნეფი 19:23). „მისადაგება“ ნიშნავს წმინდა წერილების შენს ცხოვრებაზე მორგებას.

მიუსადაგე წმინდა წერილები შენს მოსწავლეებს, აჩვენე, თუ როგორ შეესაბამება ისტორიები და პრინციპები პირადად მათ. მაგალითად:

  • „თქვენ მსგავსად, ალმას ხალხსაც დიდი ტვირთი აწვა მხრებზე, იმაზე დიდი, ვიდრე ტარება შეეძლოთ. მაგრამ რადგან რწმენა გამოავლინეს და ლოცულობდნენ, ღმერთმა გააძლიერა ისინი, რათა გამოწვევებისთვის გაეძლოთ. ხოლო შემდეგ, მან განსაცდელისგან იხსნა ისინი. ისევე, როგორც მან ამ ხალხთან გააკეთა, მე ვიცი, რომ ღმერთი დაგეხმარებათ თქვენი განსაცდელის დაძლევაში, როცა…” (იხ. მოსია 24.)

  • „ალმას მითითებები მორმონის წყლებთან მცხოვრები ხალხის მიმართ დღეს ჩვენზე ვრცელდება. ჯონ, შეგიძლიათ, …?“ (იხ. მოსია 18.)

ასწავლე მოსწავლეებს, როგორ „მიუსადაგონ“ წმინდა წერილები დამოუკიდებლად. პირადი გამოყენების აღმოჩენა დაეხმარება მათ, გამოიყენონ და განიცადონ ღვთის სიტყვის ძალა.

მოიწვიე ადამიანები და დაეხმარე მათ, დამოუკიდებლად წაიკითხონ

ადამიანებმა, რომლებსაც ასწავლი, უნდა იკითხონ წმინდა წერილები, განსაკუთრებით კი, მორმონის წიგნი, რათა მიიღონ მოწმობა ჭეშმარიტების შესახებ. სწავლებისას წმინდა წერილების შედეგიანი გამოყენებით შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს, დაიწყონ წმინდა წერილების დამოუკიდებლად შესწავლა.

ყოველი შეხვედრის შემდეგ, შესთავაზე მათ წასაკითხად კონკრეტული თავები ან მუხლები . შესთავაზე კითხვები, რათა განიხილონ წაკითხვისას. წაახალისე ისინი, ყოველდღიურად შეისწავლონ წმინდა წერილები დამოუკიდებლად და ოჯახებთან ერთად. შესაძლოა წევრებსაც სთხოვო, რომ გაკვეთილებს შორის შუალედებში მათთან ერთად წაიკითხონ.

შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე განიხილეთ ის, რის წასაკითხადაც მოიწვიეთ ადამიანები. საჭიროებისამებრ, დაეხმარე მათ წმინდა წერილების გააზრებასა და „მისადაგებაში“. წაახალისე, ჩაიწერონ მოსაზრებები და შეკითხვები.

როდესაც ეხმარები ადამიანებს წმინდა წერილების — განსაკუთრებით კი, მორმონის წიგნის წაკითხვაში, გაგებასა და გამოყენებაში, ისინი ღვთის სიტყვასთან მიმართებით სულიერ გამოცდილებას მიიღებენ. დიდი შანსია, რომ დამოუკიდებლად წაიკითხავენ და წმინდა წერილებს თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად აქცევენ.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ოჯახს

დაეხმარე ადამიანებს, მიიღონ წვდომა წმინდა წერილებზე

წმინდა წერილები და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვები ხელმისაწვდომია უფრო მეტად და უფრო მეტ ენაზე, ვიდრე ოდესმე. შეიტყვე, რა ბეჭდვითი და ციფრული ვარიანტებია ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ასწავლი. დაეხმარე ადამიანებს წმინდა წერილებზე წვდომა ისე მიიღონ, რომ შეესაბამებოდეს მათ საჭიროებებსა და უპირატესობებს. გაითვალისწინე შემდეგი:

  • ჰკითხე ადამიანებს, რომელ ენაზე სურთ წმინდა წერილების წაკითხვა ან მოსმენა.

  • მათთვის, ვისაც კითხვა ან წაკითხულის გააზრება უჭირთ, შეიძლება სასარგებლო იყოს ერთად ხმამაღლა კითხვა ან აუდიოჩანაწერების მოსმენა. ეს მასალები ხელმისაწვდომია ეკლესიის უფასო აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე.

  • თუ ადამიანს აქვს ციფრული მოწყობილობა, დაეხმარე მას წმინდა წერილებზე, განსაკუთრებით კი, მორმონის წიგნზე, წვდომაში. მორმონის წიგნის აპლიკაცია და სახარების ბიბლიოთეკა უფასო და გასაზიარებლად მარტივია.

  • თუ sms-ებით, ჩეთით ან ელფოსტით უკავშირდები, გაუგზავნე წმინდა წერილების ბმულები ან სურათები. გაკვეთილის ვიდეო ჩეთით ჩატარებისას, გააზიარე ეკრანი, რათა მუხლები ერთად წაიკითხოთ.

  • დაეხმარე ადამიანებს, ჰქონდეთ წვდომა ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებზე.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

შენ და შენი მეწყვილე დარწმუნდით, რომ მობილურში წმინდა წერილების განახლებული ვერსიები გაქვთ, მათ შორის, მორმონის წიგნის აპლიკაციისა და სახარების ბიბლიოთეკის.

წინამდებარე წმინდა წერილის ნაწყვეტებიდან ერთ-ერთი აირჩიე: მორმონის წიგნის თავფურცელი; 3 ნეფი 11; მორონი 10:3–8; იოანე 17:3; რომაელთა 8:16–17; 1 კორინთელთა 15:29; იაკობი 1:5; 1 პეტრე 3:19–20; ამოსი 3:7.

განსაზღვრე, თუ როგორ:

  • გააცნობ ნაწყვეტს.

  • მიაწვდი ისტორიასა და კონტექსტს.

  • წაიკითხავ ნაწყვეტს და განმარტავ მის მნიშვნელობას.

  • ახსნი რთულ სიტყვებს.

  • დაეხმარები მოსწავლეებს, ცხოვრებაში გამოიყენონ ნასწავლი.

წმინდა წერილის შესწავლა

რატომ არის მნიშვნელოვანი წმინდა წერილებიდან სწავლება?

დამოწმების გაზიარება

მოწმობა არის სულიწმინდის მიერ მოცემული სულიერი დასტური. შენი მოწმობის გაზიარება ნიშნავს, გააკეთო უბრალო, პირდაპირი განცხადება სახარების ჭეშმარიტების შესახებ ცოდნისა ან რწმენის შესახებ. შენი მოწმობის გაზიარება ემატება შენს პირად მოწმობას იმ ჭეშმარიტებებზე, რომლებიც წმინდა წერილებიდან ასწავლე.

მოწმობის გაზიარება არის სულიწმინდის მოწვევის მძლავრი გზა და ეს ეხმარება სხვებს, იგრძნონ მისი გავლენა. სულიწმინდის ერთ-ერთი მისიაა ზეციური მამისა და იესო ქრისტეს შესახებ დამოწმება. ის ხშირად ასრულებს ამას შენთან ერთად, როცა შენ მოწმობ.

ძლიერი დამოწმება არ არის დამოკიდებული მჭევრმეტყველებაზე ან შენი ხმის სიმძლავრეზე, არამედ — შენს გულში არსებულ რწმენასა და გულწრფელობაზე. ფრთხილად იყავი, არ იჩქარო და არ მოახდინო შენი მოწმობის დრამატიზაცია. მიეცი ადამიანებს საშუალება, იგრძნონ სულიწმინდის დასტური, რომ რაც შენ ასწავლე - ჭეშმარიტია.

შენი მოწმობა შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორიცაა: „იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი“ ან „მე თავად შევიტყვე, რომ მორმონის წიგნი ჭეშმარიტია“. ასევე შეგიძლია მოკლედ გაუზიარო, თუ როგორ მიიღე ეს მოწმობა.

სწავლებისას გააზიარე შენი მოწმობა (როცა ამისთვის ბიძგს მიიღებ) და არა უბრალოდ გაკვეთილის ბოლოს. როდესაც შენი მეწყვილე ასწავლის, გააზიარე შენი მოწმობა, რათა მის ნათქვამს მეორე დასტური შემატო.

გააზიარე შენი მოწმობა, რომ პრინციპი, რომელსაც ასწავლი, აკურთხებს ადამიანის სიცოცხლეს, თუ ის მას მიჰყვება. მოყევი, როგორ აკურთხა შენი ცხოვრება ამ პრინციპის მიხედვით ცხოვრებამ. შენი გულწრფელი მოწმობა დაეხმარება ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანები იგრძნობენ სულიწმინდის მიერ ჭეშმარიტების დამტკიცებას.

პირადი სწავლა

წმინდა წერილების წინამდებარე ნაწყვეტები არის მოწმობის გაზიარების მაგალითები. თითოეული წმინდა წერილის წაკითხვისას, იფიქრე შეკითხვებზე. სამუშაო რვეულში ჩაიწერე შენი პასუხები.

წმინდა წერილის შესწავლა

რას გვასწავლის შემდეგი წმინდა წერილები მოწმობის გაზიარების პრინციპებისა და დაპირებების შესახებ?

დაგეგმე და მოარგე შენი სწავლება საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

თითოეული მოწაფე უნიკალურია. ეცადე, გაიაზრო პიროვნების სულიერი ინტერესები, საჭიროებები და დარდი. დასვი შეკითხვები და ყურადღებით მოუსმინე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბოლომდე არ გესმოდეს ადამიანის საჭიროებები, გახსოვდეს, რომ ზეციურ მამას ესმის. ის გაგიძღვება სულიწმინდის დახმარებით.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ცოლ-ქმარს

მიანდე სულიწმინდას გაკვეთილების თანმიმდევრობის წარმართვა

მიანდე სულიწმინდას შენი გაკვეთილების თანმიმდევრობის წარმართვა. შენ გაქვს მოქნილობა, ასწავლო გაკვეთილები იმ თანმიმდევრობით, რაც საუკეთესოა შენი მოსწავლის საჭიროებების, შეკითხვებისა და ვითარებისთვის.

ზოგჯერ შეგიძლია დააკავშირო პრინციპები სხვადასხვა გაკვეთილებიდან, რათა გაითვალისწინო ადამიანის საჭიროებები და ინტერესები. იხილე ქვემოთ მოცემული სამი მაგალითი.

იუკიმ ინტერნეტით გიპოვა და გეკითხება, რატომ არ ეწევიან და არ სვამენ მისი მეგობრები, რომლებიც ეკლესიაში დადიან. შეგიძლია ასწავლო მას მცნებების დალოცვების შესახებ თავის 3-ს შემდეგი ნაწილების გამოყენებით:

სამუელი ვერსად გრძნობს თავს ისე, თითქოს რაღაცის ნაწილია. შეგიძლია ასწავლო მას მისი ვინაობისა და მისი ადგილის შესახებ ღვთის ოჯახში, თავი 3-ს შემდეგი ნაწილების გამოყენებით:

ტატიანამ შეისწავლა მრავალი რელიგია და სურს იცოდეს, რა განასხვავებს ჩვენს ეკლესიას. შეგიძლია ასწავლო მას იესო ქრისტეს სახარების აღდგენის შესახებ, თავი 3-ს შემდეგი ნაწილების გამოყენებით:

ზეციური მამა იცნობს თავის შვილებს, ამიტომ ეძიე შთაგონება ამ გადაწყვეტილებების მისაღებად, როცა სწავლებისთვის ემზადები. ილოცე ამოცნობის ძღვენის მისაღებად, როცა იღებ გადაწყვერილებას იმის შესახებ, თუ რა ასწავლო. ყურადღება მიაქციე ფიქრებსა და შეგრძნებებს, რომლებიც გაგიჩნდება.

გამოსახულება
ოჯახი კითხულობს წმინდა წერილს

მიეცი ადამიანებს დრო გამოიყენონ ის, რასაც სწავლობენ

სწავლებისას, მიეცი დრო ადამიანებს, რათა გამოიყენონ ნასწავლი (იხ. 3 ნეფი 17:2–3). მოძებნე შესაბამისი გზები, რათა მხარი დაუჭირო მათ აღთქმების დაცვაში. მოახდინე ფოკუსირება მათ დახმარებაზე ისეთ ქმედებებში, რომლებიც ააშენებს რწმენის საფუძველს, მაგალითად ლოცვა, კითხვა და ეკლესიაში სიარული. ეს მათ საშუალებას მისცემს, შეასრულონ დამატებითი ვალდებულებები.

დაგეგმვისა და სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმას, რამდენ ახალ ინფორმაციას აზიარებ. შენი სწავლების უპირველესი მიზანია, დაეხმარო ადამიანს იესო ქრისტესადმი რწმენის ჩამოყალიბებაში, რათა ამან მონანიებამდე მიიყვანოს. შენი მიზანი არ არის იმის ცდა, თუ რამდენი ინფორმაციის გაცემა შეგიძლია.

ასწავლე კონკრეტული პიროვნებისთვის შესაფერისი ტემპით. დასვი კითხვები და ყურადღებით მოუსმინე რათა გაიგო, რამდენად კარგად სწავლობს და იყენებს ნასწავლს.

შენ მიერ ნასწავლ ჭეშმარიტებას, სულიწმინდის ძალასთან ერთად, შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, გამოიყენონ თავიანთი არჩევნის თავისუფლება ისე, რომ ქრისტესადმი რწმენა განამტკიცონ. როდესაც იყენებენ ნასწავლს და ამით ავლენენ რწმენას უფლის მიმართ, ისინი სულიწმინდის მეშვეობით გაიგებენ, რომ სახარება ჭეშმარიტია.

გამოიყენე სწავლების სხვადასხვა შესაძლებლობები

სწავლების შესაძლებლობას აქვს მრავალი ფორმა, როგორიცაა პერსონალური ვიზიტები, ვიდეო ჩეთები, სატელეფონო ზარები, ტექსტური შეტყობინებები და სოციალური ქსელები.

პატივი ეცი პიროვნების სწავლის ტემპს

ასწავლე მარტივად და ლაკონურად. ადამიანებს უფრო მეტად ენდომებათ შენთან შეხვედრა, როცა პატივს სცემ მათ დროსა და თხოვნებს. ჰკითხე, რამდენი დროის დათმობა შეუძლიათ შენთვის. დაიწყე და დაასრულე ნებისმიერი საუბარი შეთანხმებულ დროს, იქნება ეს პირადი სახის თუ ონლაინ ტიპის სწავლება. გაითვალისწინე, რომ ზოგიერთ ადგილას სატელეფონო ზარები ან ვიდეო ჩეთები შეიძლება ძვირი ღირდეს.

რამდენიმე შეხვედრა დაგჭირდება, რომ ერთი გაკვეთილის პრინციპები ასწავლო. როგორც წესი, გაკვეთილი 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს, ადამიანს შეიძლება 5 წუთშიც გადასცე ცოდნა. მოარგე შენი სწავლება პიროვნების დროს.

გონივრულად გამოიყენე ტექნიკური საშუალებები

მრავალი შესაძლებლობა გაქვს, რომ ადამიანებს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ასწავლო. ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ელექტრონული საშუალებებით ურთიერთობას კომფორტის ან კონფიდენციალურობის მიზნით. იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც პირადად სტუმრობ, შეიძლება ისარგებლონ დამატებითი მხარდაჭერით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. განიხილე კომუნიკაციისთვის ხელმისაწვდომი რესურსები. შემდეგ კი, შეინარჩუნე კავშირი და თვალი მიადევნე. მიეცი საშუალება თითოეული ადამიანის უპირატესობებს წარმართოს თქვენი ურთიერთქმედება.

ისეთი საშუალებები, როგორიცაა ვიდეო ზარები, შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს იმ ადამიანების სწავლებისთვის, რომლებსაც დატვირთული გრაფიკი აქვთ ან შორს ცხოვრობენ. ზოგჯერ წევრებისთვის უფრო ადვილია ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გაკვეთილში მონაწილეობის მიღება.

დაეხმარე უმცროსი ასაკის მოსწავლებს

მხსნელმა მსახურებისას თავის მოციქულებს მიმართა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი“ (მარკოზი 10:14). როდესაც ბავშვებს ასწავლი, შეცვალე მიდგომა და გზავნილი მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დაეხმარე ისწავლონ სახარება მათთვის ნაცნობი საკითხების განხილვით. დარწმუნდი, რომ ესმით მასალა, რომელსაც ასწავლი.

წმინდა წერილის შესწავლა

წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 84:85. რას ნიშნავს მიენიჭოს „ის, რაც ყოველი ადამიანისთვის იქნება მისი ხვედრი“? როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს შენს სწავლებაში?

რას დაჰპირდა უფალი ერთგულ მისიონერებს სათქმელის ცოდნის შესახებ?

შენ და მეწყვილემ ერთიანობით ასწავლეთ

უფალმა ბრძანა: „და წახვალთ ჩემი სულის ძალით, ორ-ორი იქადაგებთ ჩემს სახარებას“ (მოძღვრება და აღთქმები 42:6). ის ასევე მოგიწოდებთ შენ და შენს მეწყვილეს, იყოთ „ერთიანნი“ (მოძღვრება და აღთქმები 38:27). თქვენი სწავლება უფრო ძლიერი და საინტერესო იქნება, თუ შენ და შენი მეწყვილე ერთად იმუშავებთ. გაკვეთილის მოკლე ნაწილები რიგრიგობით გააცანით.

მეწყვილესთან ერთად სწავლისას განიხილეთ, როგორ უნდა ასწავლოთ ერთიანობით. მოემზადეთ, თუ როგორ იმუშავებთ ერთად, როცა ადამიანებს ონლაინ ასწავლით. დაიცავით მე-2 თავში მოცემული ტექნიკური საშუალებების გამოყენების უსაფრთხოების ზომები.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან მამაკაცს

როცა შენი მეწყვილე ასწავლის, ილოცე მისთვის, მოუსმინე და უყურე მას. მხარი დაუჭირე მეწყვილეს მეორე დამოწმებით იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც მან ასწავლა (იხ. ალმა 12:1). მიჰყევი შენს შთაბეჭდილებებს, როცა სულიწმინდა გიკარნახებს რაიმეს თქმას.

გულწრფელად დაინტერესდი შენი მოსწავლეებით. მოუსმინე მათ. საუბრისას ან მოსმენისას თვალებში უყურე. ყურადღებით დააკვირდი მათ პასუხებს და უსმინე სულიერ კარნახს.

მოიწვიე წევრები მონაწილეობის მისაღებად

მოიწვიე წევრები, დაგეხმარონ სწავლებაში და მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებს, ვისთანაც მუშაობ. ეს შეიძლება პირადად ან ვირტუალურ სივრცეში მოხდეს. ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე ითათბირე მეურვეობის ხელმძღვანელებთან იმაზე, თუ ვის შეეძლება დახმარება.

როდესაც წევრები მონაწილეობენ სწავლებაში და მოსწავლეებთან დამეგობრებაში, მათ შეუძლიათ დაამატონ შთაგონება და დაამყარონ მეგობრული კავშირები. ისინი იგრძნობენ მისიონერული საქმის სიხარულს.

მოიწვიე წევრები, დაგეხმარონ სწავლებაში

გაკვეთილების დაწყებამდე, წევრებთან დაგეგმე, თუ როგორ იმუშავებთ ერთად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტური შეტყობინება ან მოკლე სატელეფონო ზარი, რათა დაადასტუროთ, რას ასწავლით, ვინ ილოცებს, ვინ წარმართავს საუბარს და სხვა მსგავსი დეტალები.

წევრების მთავარი როლი გაკვეთილებზე არის გულწრფელი დამოწმება, პირადი გამოცდილების მოკლე გაზიარება და მოსწავლეებთან ურთიერთობის განვითარება. შეგიძლია სთხოვო წევრებს, გაუზიარონ, თუ როგორ შეძლეს მათ გაკვეთილის კონკრეტული პრინციპის სწავლა, მიღება და მისი მიხედვით ცხოვრება. თუ მოქცეულნი არიან, სთხოვე გააზიარონ, როგორ გადაწყვიტეს ეკლესიაში გაწევრიანება.

როდესაც წევრები რეკომენდაციას გაუწევენ ვინმეს, სთხოვე მათ, მონაწილეობა მიიღოს სწავლებაში. ასეთ სიტუაციებში წევრებს შეუძლიათ მეტად ჩაერთონ. მოითათბირე წევრებთან, როგორ სურთ მონაწილეობის მიღება.

იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ტექნიკური საშუალებების გამოყენება წევრებთან ერთად სწავლების დროს. ტექნიკური საშუალებები წევრებს აძლევს საშუალებას, შემოგიერთდნენ დროის ვალდებულების აღების გარეშე, რასაც პირადი შეხვედრა მოითხოვს.

ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე დაგეგმე მეურვეობის ხელმძღვანელებთან ერთად, რომ წევრმა მიიღოს მონაწილეობა რაც შეიძლება მეტ გაკვეთილში (იხ. მე-13 თავი). ახალ წევრებს სთხოვე სწავლებაში დახმარება.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

წარმოიდგინე, რომ დანიშნულია შეხვედრა და ოჯახს უნდა ასწავლო წევრის სახლში. განიხილე, როგორ ჩართავდი თითოეულ წევრს შენი სწავლების პროცესში:

  • მეურვეობის მისიონერი, რომელიც ცოტა ხნის წინ სრული დროის მისიიდან დაბრუნდა

  • მღვდელი

  • ახალი წევრი

  • უხუცესთა ქვორუმის ან მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი

მოიწვიეთ წევრები მხარდაჭერისთვის

წევრებს ასევე შეუძლიათ ღირებული მხარდაჭერა გაუწიონ ადამიანებს სასწავლო შეხვედრებს შორის. მათ შეუძლიათ sms-ის გაგზავნა, წმინდა წერილების ერთად წაკითხვა, ადამიანების მოწვევა თავიანთ სახლებში ან ღონისძიებებზე ან ეკლესიაში გვერდზე მიუსხდნენ. მათ შეუძლიათ უპასუხონ კითხვებს და აჩვენონ, როგორია მათი, როგორც ეკლესიის წევრების, ცხოვრება. მათი ცხოვრებისეული გამოცდილება და ხედვა დაეხმარება მათ ადამიანებთან ისეთი ურთიერთობების შექმნაში, რომელიც ძალიან განსხვავდება მისიონერებთან ურთიერთობებისგან.

მოითათბირე წევრებთან, თუ როგორ შეგიძლიათ ერთად იმუშაოთ, რათა მხარი დაუჭიროთ ადამიანებს სასწავლო შეხვედრების მიღმა.

ასწავლე გააზრების მიზნით

ასწავლე იესო ქრისტეს სახარება ისე, რომ ადამიანებისთვის ის გასაგები იყოს. შეისწავლე წმინდა წერილები და გაკვეთილები, რათა სწავლებისას შეგეძლოს მათი ნათლად გამოყენება. რაც უფრო ნათლად ასწავლი, მით მეტი შანსია, რომ სულიწმინდამ ჭეშმარიტება დაამოწმოს.

დასვი კითხვები, რათა დაეხმარო მოსწავლეებს, დაფიქრდნენ იმაზე, რაც ასწავლეთ. შემდეგ კი, მოუსმინე და გაიგე, გაიაზრეს და მიიღეს თუ არა.

გააზრებისთვის სწავლების ნაწილია სიტყვების, ფრაზებისა და იდეების განმარტება. სახარების სწავლების უნარის გაუმჯობესება შეგიძლია შემდეგით:

  • შენ მიერ გამოყენებული სიტყვების ცოდნა.

  • იმ სიტყვების განმარტება, რომლებიც სხვებმა, შესაძლოა, არ იციან.

  • დაუსვი ადამიანებს ისეთი კითხვები, როგორიცაა: „იქნებ გაგვიზიაროთ, როგორ გესმით, რაც ახლახან ავხსენით?“ ან „ხომ არ შეაჯამებდით იმას, რაზედაც ვისაუბრეთ?“

თავი 3-ში მოცემული მოძღვრების სწავლებისას, ჩაინიშნე ისეთი სიტყვები, ფრაზები და იდეები, რომლებიც მოსწავლეებმა შეიძლება ვერ გაიგონ. განმარტე ისინი სახარების ბიბლიოთეკის ისეთი რესურსების გამოყენებით, როგორიცაა წმინდა წერილის სახელმძღვანელო, ბიბლიის ლექსიკონიდა სახარების საკითხები.

ასწავლე მარტივად და მოკლედ. ფოკუსირება მოახდინე იესო ქრისტეს სახარებაზე და ძირითადი მოძღვრებისა და პრინციპების გაგებაზე. დაეხმარე ადამიანებს, ეძიონ სულიწმინდისგან წამოსული გააზრება. ამ გააზრების მიღების შემდეგ, ისინი ირწმუნებენ სახარების გზავნილს.

წმინდა წერილის შესწავლა

რატომ უნდა განვმარტოთ მოძღვრება სიფრთხილით?

როგორ ვსწავლობთ? რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის თანდათან მიღება?

რატომ არის მნიშვნელოვანი სიმარტივე?

რისი სწავლა შეგიძლია შემდეგი მუხლებიდან იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობს ღმერთი თავის შვილებთან?

დასვი შეკითხვები

მხსნელი სვამდა კითხვებს, რომლებიც მოუწოდებდა ადამიანებს, ღრმად ეფიქრათ და ეგრძნოთ ის ჭეშმარიტება, რომელსაც ის ასწავლიდა. მისი კითხვები იწვევდა სულის ძიებისა და ერთგულების მოთხოვნილებას.

კარგი შეკითხვების დასმა შენი სწავლის პროცესისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს დაგეხმარება გაიგო ადამიანების ინტერესები, გულისტკივილი და შეკითხვები. კარგ კითხვებს შეუძლია მოიწვიოს სულიწმინდა და დაეხმაროს ადამიანებს სწავლაში.

შთამაგონებელი შეკითხვების დასმა

კარგი კითხვების დასმის დროს, ეძიე სულიწმინდის გაძღოლა. კარგი კითხვების სწორ დროს დასმას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, ისწავლონ სახარება და იგრძნონ სულიწმინდა.

შთამაგონებელი კითხვები და გულწრფელი მოსმენა დაეხმარება ადამიანებს, უფრო გახსნილად ისაუბრონ და გააზიარონ საკუთარი შეგრძნებები. ეს მათ დაეხმარება მზარდი მოწმობის აღმოჩენაში. ისინი უფრო თავისუფლად დაგისვამენ კითხვებს, როდესაც რაღაცას ვერ გაიგებენ ან რაღაც შეაწუხებთ.

შემდეგი ცხრილი გვიჩვენებს შთამაგონებელი კითხვების დასმის რამდენიმე პრინციპს, რამდენიმე მაგალითთან ერთად.

შთამაგონებელი კითხვების პრინციპები და მაგალითები

პრინციპები

მაგალითები

დასვი კითხვები, რომლებიც ადამიანებს სულიწმინდის შეგრძნებაში დაეხმარება.

  • შეგიძლიათ გაგვიზიაროთ გამოცდილება, როდესაც იგრძენით ღმერთის გავლენა თქვენს ცხოვრებაზე?

  • როგორ იგრძენით ღვთის სიყვარული?

დასვი გასაგებად მარტივი კითხვები.

  • რა ისწავლეთ იესო ქრისტეს შესახებ წმინდა წერილებიდან?

დასვი ისეთი კითხვები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს, დაფიქრდნენ იმის შესახებ, რასაც ასწავლი.

  • რითი ჰგავს ეს იმას, რისიც უკვე გწამთ? რითი განსხვავდება?

დასვი კითხვები, რომლებიც დაგეხმარება გაიგო, რამდენად კარგად ესმის ადამიანებს ის, რასაც ასწავლი.

  • რაკითხვები გაქვთ დღევანდელ მასალასთან დაკავშირებით?

  • როგორ შეაჯამებდით ჩვენს დღევანდელ საუბარს?

დასვი ისეთი კითხვები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს საკუთარი შეგრძნებების გაზიარებაში.

  • როგორ დაგეხმარათ იესო ქრისტე ცხოვრებაში?

  • დღევანდელი საუბრიდან, თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?

დასვი ისეთი კითხვები, რომლებიც აჩვენებს სიყვარულსა და ზრუნვას.

  • როგორ დაგეხმაროთ?

დასვი ისეთი კითხვები, რომლებიც ადამიანებს ნასწავლის გამოყენებაში დაეხმარება.

  • რას გვასწავლის ეს წმინდა წერილი?

  • როგორ დაგეხმარებათ ეს ნაწყვეტი წმინდა წერილიდან ცხოვრებაში?

  • საუბრისას, ნასწავლიდან, რისი გაკეთების სურვილი გაგიჩნდათ?

მეწყვილესთან ერთად სწავლა

გადახედე ბოლო ჩატარებული გაკვეთილის გეგმას. დაწერე ერთი შეკითხვა შენს გეგმაში ასახული თითოეული ძირითადი პრინციპისთვის.

გადახედე შენს კითხვებს, რათა ნახო, შეესაბამება თუ არა ისინი ამ ნაწილის პრინციპებს.

შემდეგ კი, უპასუხე თითოეულ კითხვას ისე, თითქოს შენ გასწავლიან.

შეკითხვები მეწყვილეს გაუზიარე. ერთად შეაფასეთ და გააუმჯობესეთ შეკითხვები.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

შენმა მოსწავლეებმა შეიძლება შემდეგი რამ გამოსცადონ:

  • მორმონის წიგნის კითხვის დროს სულიერი გამოცდილება.

  • თანამშრომლები მუდმივად ხუმრობენ სულიერ საკითხებზე.

  • ოჯახის წევრები სხვა ეკლესიის ერთგული წევრები არიან.

  • მეგობრების აზრით, „მორმონები“ ქრისტიანები არ არიან.

მოიფიქრე შეკითხვა, რათა შეიტყო მეტი თითოეული ასეთი სიტუაციის შესახებ. სამუშაო რვეულში ჩაიწერე ეს შეკითხვები. განიხილე მეწყვილესთან ერთად, როგორ გააუმჯობესებ ამ შეკითხვებს.

თავი აარიდე არაეფექტურ და გადაჭარბებულ შეკითხვებს

ეცადე, არ დასვა ისეთი შეკითხვები, რომელიც:

  • აშკარა პასუხებისგან შედგება.

  • ვიღაცას შეარცხვენს, თუ პასუხი არ ეცოდინება.

  • ერთზე მეტ იდეას შეიცავს.

  • შეეხება ისეთ მოძღვრებას, რომელიც ჯერ არ გისწავლებია.

  • არ მოიცავს ნათელ მიზანს.

  • არის გადაჭარბებული.

  • არის გამომცდელი ან შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს ადამიანი.

ქვემოთ მოცემულია ნაკლებად ეფექტური შეკითხვები:

  • ვინ იყო პირველი წინასწარმეტყველი? (პიროვნებამ შეიძლება არ იცოდეს პასუხი.)

  • როგორ დაგვეხმარება ჩვენი სხეულის სიწმინდის შენარჩუნება სულიწმინდის თანხლებაში და გვაჩვენებს, რომ მზად ვართ, მივყვეთ ღვთის წინასწარმეტყველს? (აქ ერთ იდეაზე მეტია მოცემული.)

  • ღმერთის მცნებების ცოდნა მნიშვნელოვანია? (ეს არის „კი-არა“ შეკითხვა და მასზე პასუხი აშკარაა.)

  • რა შეიძლება გავაკეთოთ ყოველდღე, რაც დაგვეხმარება ღმერთის სიახლოვის შეგრძნებაში? (ეს შეკითხვა ბუნდოვანია, რომელიც კონკრეტულ პასუხს საჭიროებს: ლოცვა.)

  • რომელი წინასწარმეტყველი იყო ნოეს შემდეგ? (პიროვნებამ შეიძლება არ იცოდეს მასზე პასუხი და ეს შეკითხვა შენი გზავნილისთვის არ არის მნიშვნელოვანი.)

  • გესმით რასაც ვამბობ? (პიროვნებამ შეიძლება იფიქროს, რომ მასზე მაღლა გიჭირავს თავი.)

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

იფიქრე შენი მოსწავლის საჭიროებებზე. განიხილე, როგორ შეიძლება უპასუხოს შენს შეკითხვას. წინასწარ შეადგინე ზოგიერთი შეკითხვა, წინამდებარე ნაწილის მითითებების გათვალისწინებით. განიხილე, როგორ შეიძლება ამ შეკითხვებმა მოიხმოს სულიწმინდა და დაეხმაროს ადამიანს სახარების შესწავლაში.

მოისმინე

როდესაც ყურადღებით უსმენ სხვებს, მათი უკეთ გესმის. თუ მათ იციან, რომ შენთვის მნიშვნელოვანია მათი ფიქრები და შეგრძნებები, დიდი ალბათობით, ისინი მიიღებენ შენს სწავლებას, გაგიზიარებენ პირად გამოცდილებას და აიღებენ ვალდებულებებს.

მოსმენისას მიიღებ შთაგონებას იმის შესახებ, თუ როგორ მოარგო შენი სწავლება მათ საჭიროებებსა და ინტერესებს. უკეთ გაიაზრებ, სახარების რომელი ჭეშმარიტება იქნება მათთვის უფრო სასიკეთო.

განსაკუთრებით მოუსმინე სულიწმინდის ჩურჩულს. როდესაც სხვები თავის შეგრძნებებს გიზიარებენ, სულიწმინდამ შეიძლება მოსაზრებები და იდეები მოგაწოდოს. სულიწმინდა ასევე დაგეხმარება გაიგო, რისი გამოხატვა სურთ სხვებს.

გამოსახულება
მისიონერები ესაუბრებიან ოჯახს

მოისმინე გულწრფელი გულისხმიერებით

მოსმენას სჭირდება ძალისხმევა და გულწრფელი გულისხმიერება. როდესაც სხვები საუბრობენ დარწმუნდი, რომ ყურადღებით უსმენ. თავი შეიკავე იმ მომენტში სათქმელის დაგეგმვისგან.

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი გვასწავლიდა: „მოსმენა საუბარზე მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები არ არიან უსიცოცხლო საგნები, რომლებიც ნათლობის სტატისტიკას წარმოადგენენ. … ჰკითხეთ ამ თქვენს მეგობრებს, რა არის მათთვისყველაზე მნიშვნელოვანი. რა არის მათთვის დასაფასებელი და რა არის მათთვის ძვირფასი? შემდეგ კი, მოუსმინეთ. თუ გარემო შესაფერისია, შეიძლება ჰკითხო, რისი ეშინიათ, რისკენ მიისწრაფვიან, ან რა აკლიათ ცხოვრებაში. გპირდებით, რომ მათ ნათქვამში რაღაც ყოველთვის ხაზს გაუსვამს სახარების იმ ჭეშმარიტებას, რომლის შესახებაც შეგიძლიათ დაამოწმოთ და შემდეგ, მეტი შესთავაზოთ. … თუ სიყვარულით ვუსმენთ ადამიანს, არ დაგვჭირდება ფიქრი იმაზე, რა ვთქვათ. მოგვეცემა — სულიწმინდისა და მეგობრების მეშვეობით“ („Witnesses unto Me”, „Ensign”, მაისი, 2001 წ, 15).

აღმოაჩინე უთქმელი გზავნილები

ადამიანები სხეულის ენითაც საუბრობენ. დააკვირდი, როგორ სხედან, როგორი გამომეტყველება, ჟესტები, ხმის ტემბრი აქვთ და სად იყურებიან. ამ უთქმელ გზავნილებზე დაკვირვება დაგეხმარება, ჩასწვდე შენი მოსწავლეების შეგრძნებებს.

ასევე, ყურადღება მიაქციე საკუთარი სხეულის ენას. მოუსმინე გულწრფელად და გამოხატე ინტერესი და ენთუზიაზმი.

მიეცი ადამიანებს ფიქრისა და პასუხისთვის დრო

მხსნელი ხშირად სვამდა ისეთ კითხვებს, რომლებიც პასუხის გასაცემად დროს მოითხოვდა. შეკითხვის დასმისას შეჩერდი, რათა პიროვნებას მისცე ფიქრის დრო პასუხის გასაცემად. ნუ შეგეშინდება სიჩუმის. ადამიანებს ხშირად სჭირდებათ დრო, რომ იფიქრონ და უპასუხონ კითხვებს ან გამოხატონ, რასაც გრძნობენ.

შეიძლება შეჩერდე კითხვის დასმის ან სულიერი გამოცდილების გაზიარების შემდეგ, ან როცა ადამიანებს უჭირთ საკუთარი თავის გამოხატვა. სანამ უპასუხებ დარწმუნდი, რომ საკმარისი დრო მიეცი თავიანთი აზრების დასასრულებლად. ნუ გააწყვეტინებ საუბარს.

უპასუხე ემპათიით

როდესაც ადამიანი კითხვას პასუხობს, შენი სათქმელი ემპათიის გამოხატვით დაიწყე (თუ შესაფერისია). ემპათია აჩვენებს, რომ გულწრფელად გადარდებს ეს საკითხი. თავი შეიკავე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეთავაზებისგან ან ყველაფერზე პასუხის გაცემისგან.

დარწმუნდი, რომ გესმის ადამიანის ნათქვამი

როდესაც ცდილობ გაიგო ადამიანის ნათქვამი, დაუსვი კითხვები, რათა დარწმუნდე, რომ ნამდვილად გესმის. მაგალითად, შეგიძლია ასე ჰკითხო: „ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ. ასეა?“ ან „თუ სწორად გავიგე, თქვენ გრძნობთ, რომ ”. როცა არ ხარ დარწმუნებული, რომ სწორად გაიგე, სთხოვე პიროვნებას, აგიხსნას.

წარმართე გამომწვევი ურთიერთქმედებები

ადამიანებს ყველაზე მეტად დაეხმარები იესო ქრისტეს სახარების სწავლებით. ზოგიერთ ადამიანს თავად სურს საუბრის წარმართვა. ზოგჯერ, პიროვნებას უბრალოდ სჭირდება, ვიღაცამ ყურადღებით მოუსმინოს მის გასაჭირსა და შეგრძნებებს. ხოლო ზოგ ადამიანს, დომინირება ან კამათი სურს.

ისწავლე ასეთი სიტუაციების თავაზიანად და სიყვარულით მართვა. შეიძლება მოარგო შენი სწავლება ადამიანის მიერ გაზიარებულის საპასუხოდ. ან შეიძლება თავაზიანად თქვა, რომ სხვა დროს განიხილავ მათ მიერ წამოყენებულ საკითხს. რთულ სიტუაციებში, სულიწმინდა დაგეხმარება პასუხის გაცემაში.

დაეხმარე ადამიანებს, თავისუფლად გააზიარონ ჭეშმარიტი შეგრძნებები

უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთი ადამიანი პასუხობს კითხვებს ისე, როგორც ფიქრობს, რომ შენ გესიამოვნება და არ აზიარებს ნამდვილ შეგრძნებებს. შეეცადე ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბო, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავისუფლად გაგიზიარონ თავიანთი ნამდვილი შეგრძნებები.

ადამიანების გაგება და მათთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემს დაეხმარო მათ, დააკმაყოფილო მათი ინტერესები და საჭიროებები და გამოხატო მხსნელის სიყვარული მათ მიმართ. შექმენი ნდობით სავსე ურთიერთობა მათთან გულწრფელობით, შესაბამისი მისიონერული ურთიერთობის შენარჩუნებით და პატივისცემის გამოვლენით.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

იფიქრე იმაზე, თუ რამდენად კარგად უსმენ სხვებს. სამუშაო რვეულში ჩაიწერე პასუხები ქვემოთ მოცემულ კითხვებზე: ან განიხილე ისინი შენს მეწყვილესთან

ა = არასდროს, ბ = ზოგჯერ, გ = ხშირად, დ = ყოველთვის

  • როდესაც სხვები მესაუბრებიან, ყურადღებით მოსმენის მაგივრად, გასაზიარებელ მსგავს გამოცდილებაზე ვფიქრობ.

  • როდესაც სხვები საკუთარ შეგრძნებებს მიზიარებენ, ვცდილობ თავი მათ ადგილას წარმოვიდგინო და გავიგო, მე რას ვიგრძნობდი.

  • როდესაც ვასწავლი, ვფიქრობ შემდეგ რა უნდა ვთქვა ან ვასწავლო.

  • ვღიზიანდები, როცა ადამიანი ბევრს ლაპარაკობს.

  • მიჭირს მივყვე ან გავიაზრო, რის თქმას ცდილობენ სხვები ჩემთვის.

  • როდესაც ჩემი მეწყვილე ასწავლის, ჩემი გონება სხვაგანაა.

  • ვბრაზდები, როცა ვიღაც მესაუბრება და სხვა აწყვეტინებს ან მე ყურადღებას მიფანტავს.

  • სულიერ კარნახს ვიღებ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვთქვა ან მოვიმოქმედი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.

დაეხმარე ადამიანებს კითხვებზე პასუხების პოვნაში

გულწრფელი ძალისხმევით ეცადე, გასცე ადამიანებს კითხვებზე პასუხი და დაეხმარე მათ პრობლემების მოგვარებაში. თუმცა, შენი ვალდებულება არ არის ყველა კითხვას უპასუხო. საბოლოოდ, ადამიანმა თავად უნდა უპასუხოს შეკითხვებს და გადაჭრას პრობლემები.

გაიაზრე, რომ ყველა შეკითხვას და პრობლემას სრულად ვერ გაეცემა პასუხი. ზოგიერთ პასუხს დრო სჭირდება. ზოგი კი, ჯერ არ არის გამჟღავნებული. ფოკუსირება მოახდინე სახარების ძირითადი, არსებითი ჭეშმარიტების მტკიცე საფუძვლის შექმნაზე. ეს საფუძველი დაგეხმარებათ შენ და შენს მოსწავლეებს, მოთმინებითა და რწმენით წინ მიისწრაფოდეთ, როცა პასუხგაუცემელი ან რთული კითხვები შეგხვდებათ.

შეკითხვებზე პასუხის გაცემის ზოგიერთი პრინციპი მოცემულია წინამდებარე განყოფილებაში.

გამოსახულება
იესო და სამარიელი ქალი ჭასთან

მნიშვნელობის გაგება

ზოგიერთი რამ, რასაც ადამიანებს ასწავლი, შეიძლება მათთვის რთული ან უცნობი აღმოჩნდეს. თუ ადამიანებს შეკითხვები გაუჩნდებათ, პირველ რიგში ეცადე, ნათლად გაიგო ისინი. ზოგჯერ ადამიანის პრობლემა აისბერგს ჰგავს. ზედაპირზე მის მხოლოდ პატარა ნაწილს ვხედავთ. ეს პრობლემები შეიძლება კომპლექსური იყოს. ილოცე ამოცნობის ძღვენის მისაღებად და პასუხისთვის მიჰყევი სულიწმინდის კარნახს. ზეციურმა მამამ ყველა ადამიანის გული და გამოცდილება იცის (მთლიანი აისბერგი). იგი დაგეხმარება გაიგო, რა არის თითოეულისთვის საუკეთესო.

პრობლემები ხშირად უკავშირდება საზოგადოებას და არა მოძღვრებას. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ეშინოდეს ოჯახის წევრებთან დაპირისპირების, თუ ეკლესიის წევრი გახდება. ან შეეშინდეთ თანამშრომელი მეგობრების უარყოფის.

კითხვების დასმით და მოსმენით შეეცადე გაიგო პრობლემის წყარო. გაჩნდა თუ არა პრობლემა იმის გამო, რომ ადამიანს არ აქვს აღდგენის ჭეშმარიტების სულიერი დასტური? პრობლემა იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანს არ სურს სახარების პრინციპებით ცხოვრება? მათი პრობლემის საფუძვლის გაგება დაგეხმარება მიხვდე, მოწმობაზე უნდა იყო ფოკუსირებული თუ ვალდებულების აღებაზე.

კითხვებზე საპასუხოდ გამოიყენე წმინდა წერილები, განსაკუთრებით მორმონის წიგნი

აჩვენე ადამიანებს, თუ როგორ შეიძლება წმინდა წერილებში მოცემული ჭეშმარიტება დაეხმაროს მათ კითხვებზე პასუხის გაცემასა და პრობლემების მოგვარებაში. (იხ. „მორმონის წიგნი სულის საკითხებს ეხება”, თავი 5) როდესაც ადამიანები ეძებენ შთაგონებას წმინდა წერილების შესწავლით და გამოყენებით, ისინი გაზრდიან უფლის მოსმენისა და მისი მიყოლის შესაძლებლობას. მათი რწმენა უფლისადმი გაიზრდება. ხოლო გაზრდილი რწმენა მოიტანს მოწმობას, მონანიებასა და ნათლობის წეს-ჩვეულებას.

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

„ზოგჯერ წმინდა წერილებს მოძღვრებისთვის მივმართავ, ზოგჯერ კი, მითითებებისთვის. როგორც წესი, კითხვას ვსვამ: „რას გამაკეთებინებდა ღმერთი?“ ან „რას მაგრძნობინებდა?“ მუდმივად ვპოულობ ახალ იდეებს, აზრებს, რომლებიც აქამდე არასდროს მქონია და ვიღებ შთაგონებას, მითითებებს და პასუხებს ჩემს კითხვებზე (ჰენრი ბ. აირინგი, „A Discussion on Scripture Study [წმინდა წერილის შესწავლის განხილვა]”, ,,Ensign”, ივლისი, 2005 წ, 22).

შეიძლება სასარგებლო იყოს იმის ახსნა, რომ იესო ქრისტეს სახარების ჩვენი გაგების უმეტესი ნაწილი მოდის იქიდან, რაც გაცხადდა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და მისი მემკვიდრეებისთვის. სახარების ჭეშმარიტების შესახებ კითხვები შეიძლება გადაწყდეს მოწმობის მოპოვებით, რომ ჯოზეფ სმითი ღვთის წინასწარმეტყველი იყო. მორმონის წიგნის კითხვა და ლოცვა მნიშვნელოვანი გზაა ამ მოწმობის მოსაპოვებლად.

დაეხმარე ადამიანებს იესო ქრისტესადმი რწმენის განმტკიცებაზე ფოკუსირებაში. მორმონის წიგნის კითხვა და ლოცვა მნიშვნელოვანი გზაა მათი რწმენის გასაძლიერებლად.

მოიწვიე ადამიანები, იმოქმედონ რწმენით

როდესაც ადამიანები განავითარებენ და განამტკიცებენ აღდგენილი სახარების შესახებ მოწმობას, ისინი შეძლებენ თავიანთი კითხვებისა და პრობლემების მოგვარებას რწმენის საფუძვლიდან გამომდინარე. როდესაც იმოქმედებენ რწმენით იმ ჭეშმარიტებებზე, რომლისაც სწამთ, ისინი შეძლებენ მიიღონ მოწმობები სახარების სხვა ჭეშმარიტებებზეც.

რწმენის მიხედვით ქმედების რამდენიმე მაგალითია:

  • ხშირად და ნამდვილი განზრახვით ლოცვა შთაგონებისა და ხელმძღვანელობისთვის.

  • წმინდა წერილების, განსაკუთრებით კი, მორმონის წიგნის, შესწავლა.

  • ეკლესიაში სიარული.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

გაკვეთილის ჩატარებისას შეარჩიე ერთი მოწვევა. შემდეგ დაადგინე ის პრობლემა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პიროვნებას მოწვევის მიღებაში ან ვალდებულების შესრულებაში. განიხილე და ივარჯიშე, თუ როგორ დაეხმარო ადამიანებს, იმუშაონ თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

სამუშაო რვეულში დაწერე, თუ როგორ მიმართავ ჯოზეფ სმითს და მორმონის წიგნს, რათა უპასუხო შემდეგ პრობლემებს:

  • „არ მჯერა, რომ ღმერთი ისევ ელაპარაკება ადამიანებს“.

  • „მჯერა, რომ შემიძლია ჩემებურად ვცე თაყვანი ღმერთს და არა ორგანიზებული რელიგიის დახმარებით“.

  • „რატომ უნდა დავანებო თავი სადილზე ღვინის სმას, თუ თქვენს ეკლესიას შევუერთდები?“

  • „რაში მჭირდება რელიგია?“

დატოვე რამე, რაც მოსწავლემ უნდა წაიკითხოს ან რაზედაც უნდა ილოცოს

ყოველი სასწავლო შეხვედრის დასასრულს, მიეცი ადამიანებს რამე შესასწავლად, დასაფიქრებლად და სალოცავად, რათა მოემზადონ შემდეგი შეხვედრისთვის. კითხვა, ლოცვა და ფიქრი სასწავლო შეხვედრებს შორის, მოიხმობს სულიწმინდას მათ ცხოვრებაში.

შეგიძლია მოიხმო ადამიანები, რათა წაიკითხონ მორმონის წიგნის კონკრეტული თავები. ან შეიძლება წაახალისო ისინი, გამოიყენონ ეკლესიის რესურსები, მაგალითად, სახარების ბიბლიოთეკა, სადაც იპოვიან პასუხებს შეკითხვებზე, შეისწავლიან საკითხს ან უყურებენ ვიდეოს. ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის დაწყების საკითხი თქვენს მომდევნო შეხვედრაზე.

გამოსახულება
პიროვნება წმინდა წერილის შესწავლის პროცესში

მოერიდე ადამიანებისთვის ზედმეტად ბევრი დავალების მიცემას, განსაკუთრებით თუ მათთან გაქვს ხანმოკლე, ხშირი სასწავლო ურთიერთობა.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

დაფიქრდი თითოეულ ადამიანზე, რომელსაც ამ კვირაში უნდა ასწავლო. მორმონის წიგნის რომელი თავი დაეხმარება მათ ყველაზე მეტად? სხვა რომელი რესურსები დაეხმარება? ჩაიწერე, რისი მიწოდება გსურს თითოეული ადამიანისთვის. ასევე, რის გაკეთებას გეგმავ, რათა თვალი ადევნო შემდეგი შეხვედრისას.

მავნე ჩვევების მქონე ადამიანთა დახმარება

შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან მავნე ჩვევების დასაძლევად, სიყვარულით განიხილო მათი გასაჭირი, მხარი დაუჭირო მათ და მიაწოდო რესურსები. შენ შეგიძლია წაახალისო ისინი, რათა დაესწრონ ეკლესიის მავნე ჩვევების დაძლევის მხარდამჭერ ჯგუფს. ამ ჯგუფების შეხვედრა ტარდება როგორც პირადად, ისე ონლაინ. (იხ. AddictionRecovery.ChurchofJesusChrist.org.) ურჩიე, გამოიყენონ სახარების ბიბლიოთეკის რესურსები — „მავნე ჩვევები” — „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების“ განყოფილებაში.

ეკლესიის ადგილობრივ ხელმძღვანელებსაც და წევრებსაც შეეძლებათ მხარდაჭერა. მავნე ჩვევების მქონე ზოგიერთ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს პროფესიული სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობა.

აქ მოცემულია რამდენიმე შეთავაზება, თუ როგორ შეგიძლია მხარი დაუჭირო ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან მავნე ჩვევებს:

  • გააძლიერე მათი ძალისხმევა ქრისტესთან მიახლოებისთვის. დაეხმარე დაინახონ, რომ მათი გამოჯანმრთელების და განკურნების ძალისხმევას ხედავს და აფასებს ზეციური მამა და იესო ქრისტე. ასწავლე, რომ მათ შეუძლიათ გაძლიერდნენ მხსნელისა და მისი გამოსყიდვის მეშვეობით. იგი სრულად ხედავს მათი გულის წადილს.

  • ილოცე მათთვის შენი პირადი ლოცვის დროს, ასევე ილოცე მათთან ერთად. საჭიროებისამებრ წაახალისე, ეძიონ მღვდლობის დალოცვა ადგილობრივი სამღვდელოების ხელმძღვანელებისგან.

  • გააგრძელე მათთვის იესო ქრისტეს სახარების სწავლება. ასწავლე, რომ ზეციურ მამას, მხსნელსა და სულიწმინდას უყვარს ისინი და მათი წარმატება სურთ.

  • წაახალისე, რეგულარულად იარონ ეკლესიაში და დაუმეგობრდნენ წევრებს.

  • იყავი პოზიტიური და დაუჭირე მხარი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მდგომარეობა გამწვავდა.

გამოსახულება
იესო ეხმარება ქალს

მავნე ჩვევების დაძლევა რთულია და ხშირად გამწვავებაა მოსალოდნელი. ეკლესიის ხელმძღვანელებსა და წევრებს ეს ვერ გააოცებს. მათ უნდა აჩვენონ სიყვარული და არა განკითხვა.

ახალი წევრი, რომელიც შეწყვეტს ეკლესიაში სიარულს, შესაძლოა დაუბრუნდეს ძველ ჩვევებს და თავი უღირსად და ზნედაცემულად იგრძნოს. დაუყოვნებელი შეხვედრა, წახალისებითა და მხარდაჭერით, შეიძლება დაეხმაროს. წევრებმა სიტყვითა და მოქმედებით უნდა აჩვენონ, რომ ეკლესია არის ადგილი, სადაც ქრისტეს სიყვარულის პოვნა შეიძლება (იხ. 3 ნეფი 18:32).

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

დაფიქრდი შენს მოსწავლეზე, ახალ ან დაბრუნებულ წევრზე, რომელიც ცდილობს მავნე ჩვევის დაძლევას. გადახედე: „იესო ქრისტესადმი რწმენა” და „მონანიება” გაკვეთილიდან „იესო ქრისტეს სახარება“, თავი 3.

  • რა შეგიძლია ასწავლო ამ ადამიანს ხსენებული გაკვეთილიდან და ამ თავიდან, რაც მას დაეხმარება?

  • შექმენი გაკვეთილის გეგმა ამ პიროვნების დასახმარებლად.

ქრისტიანული წარმომავლობის არმქონე ადამიანების სწავლება

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც ასწავლი, შეიძლება არ ჰქონდეს ქრისტიანული წარმომავლობა ან არ სწამდეს ზეციური მამისა და იესო ქრისტესი. თუმცა, ამ ადამიანთაგან ბევრს აქვს მრწამსი, პრაქტიკა და ადგილები, რომელსაც ისინი წმინდად მიიჩნევენ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მათი რელიგიური მრწამსისა და ტრადიციების მიმართ პატივისცემა გამოხატო.

დაეხმარე გაიგონ, ვინ არის ღმერთი

შეიძლება ფიქრობდე, როგორ უნდა მოარგო სწავლება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ქრისტიანული წარმომავლობა. პრინციპები, რომლებიც ეხმარება ადამიანს რწმენის ჩამოყალიბებაში, ყველა კულტურაში ერთნაირია. დაეხმარე ადამიანებს ღმერთის და იესო ქრისტეს ღვთიური მისიის სწორად გაგებაში. ამ ჭეშმარიტების შესწავლის საუკეთესო გზა მათთვის არის პირადი სულიერი გამოცდილების მიღება. რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლია დაეხმარო მათ ამ გამოცდილების მიღებაში, მოცემულია ქვემოთ:

  • ასწავლე, რომ ღმერთი ჩვენი ზეციური მამაა და მას ვუყვარვართ. ჩვენ მისი შვილები ვართ. მოიწვიე ისინი, თავად ეძიონ ამის დასტური.

  • ასწავლე ხსნის გეგმის შესახებ.

  • ასწავლე, რომ მამა ღმერთი და იესო ქრისტე გამოეცხადნენ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს.

  • გაუზიარე გულწრფელი მოწმობა სახარების შესახებ, მათ შორის, თუ როგორ გრძნობ ზეციური მამის სიყვარულს და რატომ ირჩევ იესო ქრისტეს კვალზე სიარულს.

  • მოიწვიე ისინი, რომ ილოცონ მარტივად და გულწრფელად — შენთან ერთად და განმარტოებით.

  • მოიწვიე ისინი, ყოველდღე წაიკითხონ მორმონის წიგნი — შენთან ერთად და განმარტოებით.

  • მოიწვიე ისინი ეკლესიაში.

  • გააცანი ისინი ეკლესიის წევრებს, რომლებსაც შეუძლიათ განმარტონ, როგორ ირწმუნეს ზეციური მამა და იესო ქრისტე.

  • მოიწვიე ისინი, დაიცვან აღთქმები.

ადამიანების უმეტესობას სურს, უფრო მეტი კავშირი ჰქონდეს ღმერთთან და იპოვოს ცხოვრების მიზანი და აზრი. დაეხმარე მათ დაინახონ, რომ მოსიყვარულე მამის შვილები არიან და რომ მას გეგმა აქვს მათთვის. მაგალითად, შეიძლება საუბარი ასე დაიწყო:

ღმერთი ჩვენი ზეციური მამაა და მას ვუყვარვართ. ჩვენ მისი შვილები ვართ. ჩვენ მასთან ვცხოვრობდით, სანამ დავიბადებოდით. რადგან ყველანი მისი შვილები ვართ, ჩვენ ყველანი და-ძმანი ვართ. მას სურს, დავუბრუნდეთ მას. ჩვენდამი სიყვარულის გამო მან, იესო ქრისტეს დახმარებით, გვიბოძა მასთან დასაბრუნებელი გზა.

მოარგე შენი სწავლება საჭიროებას

არაქრისტიანული წარმომავლობის მრავალი მოქცეული ამბობს, რომ ბევრი რამ არ ესმოდა, რასაც მისიონერები ასწავლიდნენ. თუმცა, მათ იგრძნეს სულიწმინდა და სურდათ, ემოქმედათ მისიონერების სწავლების მიხედვით. გააკეთე ყველაფერი, რათა ადამიანებს სახარების მოძღვრების გაგებაში დაეხმარო. იყავი მომთმენი და დაუჭირე მათ მხარი. ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ გარკვეული დრო, რომ ისწავლონ საკუთარი გრძნობების ამოცნობა და გამოხატვა. იმისთვის, რომ დაეხმარო, საჭირო იქნება სწავლების ტემპისა და სიღრმის მათ საჭიროებებზე მორგება.

შემდეგი რჩევები შეიძლება დაგეხმაროს, როცა ემზადები იმ ადამიანების სწავლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ქრისტიანული წარმომავლობა:

  • გაიგე, რა სულიერი მოთხოვნილება ან ინტერესი უბიძგებს მათ შენთან შეხვედრისკენ.

  • წარმოადგინე თითოეული გაკვეთილის მარტივი და მოკლე მიმოხილვა.

  • სთხოვე გითხრან, რა გაიგეს და რა გამოცდილება მიიღეს.

  • განუმარტე მნიშვნელოვანი სიტყვები და პრინციპები. ადამიანებმა შეიძლება არ იცოდნენ ბევრი სიტყვა, რომელსაც სწავლებისას იყენებ.

  • მოძღვრების უფრო გასაგებად სწავლებისთვის დაუბრუნდი წინა ნასწავლ გაკვეთილს. ეს შეიძლება სწავლების პროცესში ნებისმიერ დროს გახდეს საჭირო.

  • განსაზღვრე ის მოწვევები, რომელთა გაზიარებაც შეგეძლო, რათა დახმარებოდი სახარების კურთხევების მიღებაში.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რესურსი სახარების ბიბლიოთეკიდან, რომელიც შეგიძლია გამოიყენო მათ დასახმარებლად, ვისაც არ აქვს ქრისტიანული წარმომავლობა:

  • ვინ არის ღმერთი?

  • ვინ არის იესო ქრისტე?

  • იესო ქრისტე, ღვთის ძე

  • რას უნდა ელოდო უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მისიონერებთან შეხვედრისას

  • მუსულმანები და უკანასკნელ დღეთა წმინდანები: მრწამსი, ღირებულებები და ცხოვრების წესი

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

თუ შესაძლებელია, დაადგინე მოქცეული, რომელსაც არ ჰქონია ქრისტიანული წარმომავლობა და ისე შეხვდა მისიონერებს. დაგეგმე მასთან შეხვედრა და სთხოვე, გაგიზიაროს მოქცევის ისტორია. მაგალითად, შეიძლება პიროვნებას ჰკითხო:

  • რამ გადააწყვეტინა, ერწმუნა ზეციური მამა და იესო ქრისტე.

  • როგორი იყო პირველი ლოცვის გამოცდილება.

  • რა გრძნობა იყო, როცა პირველად მიიღო ლოცვაზე პასუხი.

  • რა როლი შეასრულა წმინდა წერილებმა მის მოქცევაში.

  • როგორი იყო ეკლესიაში სიარული.

სამუშაო რვეულში ჩაიწერე ნასწავლი.

დაფიქრდი ამ პიროვნების მოწვევაზე, რათა დაგეხმაროს, ასწავლო მათ, ვისაც არ აქვს ქრისტიანული წარმომავლობა.


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • წარმოიდგინე, რომ შემდეგი სიტუაციებიდან ერთ-ერთში აღმოჩნდი. როგორ გამოიყენებ ამ თავში მოცემულ პრინციპებსა და უნარებს ამ ადამიანების წინსვლაში დასახმარებლად? დაგეგმე, როგორ გამოიყენებ მათ თითოეულ სიტუაციაში.

    • პიროვნება, რომელიც მონათვლისთვის ემზადებოდა გეუბნება, რომ აღარ სურს შენთან შეხვედრა.

    • მეშვიდედ ხვდები ადამიანს, რომელსაც ორწლიანი პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მისიონერი ასწავლიდა. წინსვლის ნიშნები ძალიან მცირეა.

  • აირჩიე მისიონერის ერთ-ერთი გაკვეთილი. თითოეული ძირითადი პრინციპიდან განსაზღვრე წმინდა წერილის ერთი ან ორი ნაწყვეტი. ივარჯიშე აღნიშნული ნაწყვეტებიდან სწავლებაში, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე თავის ნააწილში „გამოიყენე წმინდა წერილები”.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • წაიკითხე ამონისა და მეფე ლამონის ამბავი ალმა 18–19 -ში და აარონის ამბავი ალმა 22:4–18-ში. წაკითხვისას, განსაზღვრე და აღწერე ამონი და აარონი როგორ:

    • მიჰყვნენ სულიწმინდას და ასწავლეს სიყვარულით.

    • დაიწყეს სწავლება.

    • მოარგეს სასწავლო მასალა ადამიანთა საჭიროებებს.

    • გააზიარეს მოწმობა.

    • გამოიყენეს წმინდა წერილები.

    • დასვეს კითხვები, მოუსმინეს და დაეხმარნენ მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრაში.

    • წაახალისეს მოსწავლეები, დაედოთ აღთქმები.

    განიხილე, როგორი გავლენა მოახდინა მათმა მსახურებამ და სწავლებამ მეფე ლამონზე, მის მამასა და აბიშზე.

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • შეხვედრაზე მოიწვიე წევრები ან ამჟამინდელი მოსწავლეები. აუხსენი ჯგუფს, რომ გსურს მისიონერებმა გააუმჯობესონ თავიანთი მნიშვნელოვანი გზავნილის გაზიარების უნარი. შეარჩიე გაკვეთილი და უნარი. სთხოვე მისიონერებს, შენ მიერ შერჩეული გაკვეთილი 20 წუთის მანძილზე ასწავლონ პიროვნებას ან რამდენიმე ადამიანს, შენ მიერ განსაზღვრულ უნარზე ფოკუსირებით. 20 წუთის შემდეგ „გაცვალონ“ მოსწავლეები. როდესაც მისიონერები დაასრულებენ სწავლებას, ჯგუფი ერთად შეკრიბე. სთხოვე პიროვნებას ან რამდენიმე ადამიანს უთხრან მისიონერებს, სწავლებისას რა იყო ყველაზე ეფექტური და შესთავაზონ გაუმჯობესების ერთი გზა.

  • აჩვენე ვიდეო მასალები, სადაც მისიონერები ასწავლიან ან ადამიანებს ეკონტაქტებიან. შეარჩიე უნარი და განიხილე, რამდენად კარგად გამოიყენეს მისიონერებმა ეს პრინციპი ამ უნარისთვის.

  • შეარჩიე უნარი და განსაზღვრე მოძღვრება ან წმინდა წერილის ნაწყვეტი, რომელიც მხარს უჭერს ამას. ასწავლე მისიონერებს უნარის მოძღვრებითი საფუძველი.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • ზოგჯერ, სწავლებისას დაესწარი მისიონერებს. დაგეგმე, როგორ მიიღებ მონაწილეობას სწავლებაში.

  • წაახალისე ადგილობრივი ხელმძღვანელები, მონაწილეობა მიიღონ მისიონერებთან ერთად მათ სასწავლო შეხვედრებში.

  • აჩვენე და დაეხმარე მისიონერებს, გამოიყენონ ამ თავში აღწერილი სწავლების ერთ-ერთი უნარი, როგორიცაა კარგი კითხვების დასმა და მოსმენა.

  • აჩვენე წმინდა წერილების ეფექტური გამოყენება მისიონერების სწავლებისას ზონალურ კონფერენციებზე, მისიის ხელმძღვანელთა საბჭოზე და გასაუბრებებში. გააკეთე იგივე, როდესაც მათთან ერთად ასწავლი.

  • დაეხმარე მისიონერებს წმინდა წერილების გააზრებასა და შეყვარებაში. უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდის დარიგება მისიის ხელმძღვანელებს:

    „მისიის კულტურის ცენტრალურ ნაწილად გახადეთ ღვთის სიტყვის სიყვარული. … თქვენი მისიონერების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად გახადეთ გამოცხადებების გაცნობა და სანიმუშო ნაშრომების რეგულარული გამოყენება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

    „როდესაც მისიონერებს ასწავლით — და ეს უწყვეტად უნდა ხდებოდეს — ასწავლეთ წმინდა წერილებიდან. მიეცით საშუალება დაინახონ, საიდან იღებთ ძალასა და შთაგონებას. ასწავლეთ მათ ამ გამოცხადებების სიყვარული და მასზე დაყრდნობა.

    „[ჩემი] მისიის პრეზიდენტი ასწავლიდა მორმონის წიგნიდან და [სხვა] წმინდა წერილებიდან ყოველ ჯერზე, როცა მისი თანდასწრებით ვიყავით, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. პირადი გასაუბრებები გადაჯაჭვული იყო წმინდა წერილთან. შეხვედრები შედგენილი იყო სანიმუშო ნაშრომებიდან. …

    „მაშინ ვერ ვხვდებოდით, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი ყოველმხრივ ჩვენს შეიარაღებას ცდილობდა, გვამხნევებდა მთელი სულის ენერგიით და მთელი ძალით, რომ მჭიდროდ მოვჭიდებოდით რკინის მოაჯირს (ღვთის სიტყვას), რათა არ დავღუპულიყავით [იხ. 1 ნეფი 15:23–25]” („წმინდა წერილის ძალა“, სემინარი მისიის ახალი ხელმძღვანელებისთვის, 25 ივნისი, 2022 წ).