მოსია 5
წინა შემდეგი

თავი 5

რწმენის მეშვეობით, წმინდანები ხდებიან ქრისტეს ძენი და ასულნი. შემდგომში მათ ქრისტეს სახელი ეწოდებათ. მეფე ბენიამინი მოუწოდებს მათ იყვნენ მტკიცენი და ურყევნი კეთილ საქმეებში. დაახლოებით 124 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მეფე ბენიამინი ასე ელაპარაკა თავის ხალხს, მან გააგზავნა მათთან, სურდა რა გაეგო თავისი ხალხისგან, თუ იწამეს მისი სიტყვები, რომლებიც მათ უთხრა.

2 და მათ ყველამ ერთხმად წამოიძახეს სიტყვები: დიახ, ჩვენ გვწამს ყოველი სიტყვა, რომელიც შენ გვითხარი; ასევე ვიცით მათი სიმართლისა და ჭეშმარიტების შესახებ, ვინაიდან ყოვლისმპყრობელი უფლის სულმა მოახდინა ჩვენში ანუ ჩვენს გულებში ძლიერი ცვლილება, რომ აღარ გვაქვს სიბოროტის კეთების სურვილი, არამედ მუდმივად გვაქვს სიკეთის კეთების სურვილი.

3 და ასევე ჩვენ თვითონ, ღვთის უსაზღვრო სიკეთისა და მისი სულის გამოცხადების მეშვეობით, გვაქვს სრული წარმოდგენა იმაზედ, თუ რა მოხდება; და საჭირო რომ ყოფილიყო, ჩვენ შევძლებდით წინასწარმეტყველებას ყოველივე ამის შესახებ.

4 და ეს არის ის რწმენა, რაც გვქონდა იმაზედ, რაც ჩვენმა მეფემ გვითხრა, რომელმაც მიგვიყვანა ამ დიად ცოდნისკენ, რის გამოც ჩვენ ვხარობთ ძალზედ დიდი სიხარულით.

5 და გვსურს დავდოთ აღთქმა ჩვენს ღმერთთან, რომ შევასრულებთ მის ნებას და ვიქნებით მორჩილნი მისი მცნებებისადმი ყველაფერში, რასაც ის გვიბრძანებს, ჩვენი ყველა დარჩენილი დღეების განმავლობაში, რათა არ მოვავლინოთ ჩვენს თავზედ უსასრულო წამება, როგორც ითქვა ანგელოზის მიერ, რათა არ შევსვათ ღვთის რისხვის ფიალიდან.

6 და ახლა, ეს არის ის სიტყვები, რომლებიც მეფე ბენიამინს სურდა მათგან, ამიტომ მათ უთხრა: თქვენ თქვით ის სიტყვები, რომლებიც მე მსურდა და აღთქმა, რომელიც დადეთ, არის სამართლიანი აღთქმა.

7 და ახლა, ამ აღთქმის შედეგად, რომელიც თქვენ დადეთ, თქვენ გიწოდებენ ქრისტეს შვილებს, მის ძეებსა და ასულებს; რადგან, აჰა, ამ დღეს მან გშვათ სულიერად; რადგან თქვენ ამბობთ, რომ მის სახელში რწმენით შეგეცვალათ გული; ამიტომ, მისგან გაჩენილნი ხართ და გახდით მისი ძენი და ასულნი.

8 და ამ სახელით თქვენ განთავისუფლდით, და არ არსებობს სხვა სახელი, რომლითაც თქვენ შეძლებთ გახდეთ თავისუფალნი. არ არის ბოძებული სხვა სახელი, რომლითაც მოვა ხსნა; ამიტომ, მსურს, რომ აიღოთ საკუთარ თავზედ ქრისტეს სახელი, თქვენ ყველამ, რომლებმაც ღმერთთან დადეთ აღთქმა, რომ მორჩილნი იქნებით თქვენი ცხოვრების ბოლომდე.

9 და იქნება ასე, რომ ყოველი, ვინც ასე მოიქცევა, აღმოჩნდება ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს, რადგან მას ეცოდინება სახელი, რომელიც მას ეწოდა; რადგან ის ქრისტეს სახელით იქნება წოდებული.

10 და ახლა, იქნება ასე, რომ რომელიც არ აიღებს საკუთარ თავზე ქრისტეს სახელს, მას უნდა ეწოდოს სხვა სახელი; ამიტომ, ის აღმოჩნდება ღმერთის მარცხენა ხელის მხარეს.

11 და მე მსურს, რომ ასევე გახსოვდეთ, რომ ეს არის ის სახელი, რომელსაც, როგორც გითხარით, გიწოდებთ და რომელიც არასდროს ამოიშლება, გარდა შეცოდების ჩადენისა; ამიტომ, იყავით ყურადღებით, რომ დანაშაული არ ჩაიდინოთ, რათა ეს სახელი არ ამოიშალოს თქვენი გულიდან.

12 მე გეუბნებით: მსურს დაიმახსოვროთ, რომ მუდამ შეინარჩუნოთ სახელი, რომელიც ჩაწერილია თქვენს გულებში, რათა ღმერთის მარცხენა ხელის მხარეს კი არ აღმოჩნდეთ, არამედ გესმოდეთ და სცნობდეთ ხმას, რომლითაც მოგიწოდებენ, ასევე სახელს, რომლითაც იგი მოგმართავთ.

13 რადგან როგორ იცნოს ადამიანმა მეუფე, რომელსაც არ ემსახურებოდა და რომელიც უცხოა მისთვის და შორს არის მისი გულის ფიქრებისა და ზრახვებისაგან?

14 და კვლავ, წაიყვანს ადამიანი ვირს, რომელიც მის მოყვასს ეკუთვნის და შეინახავს მას? მე გეუბნებით: არა; ის იმასაც არ დაუშვებს, რომ მის ფარებში იკვებოს, არამედ გააგდებს და გააძევებს. მე გეუბნებით, რომ ასეც იქნება თქვენ შორის, თუ არ გეცოდინებათ სახელი, რომელიც გეწოდათ.

15 ამიტომ, მინდა, რომ იყოთ მტკიცენი და ურყევნი, ყოველთვის კეთილი საქმეებით აღსავსენი, რომ ქრისტემ, უფალმა ღმერთმა ყოვლისმპყრობელმა, თქვენ თავისიანად დაგამტკიცოთ, რომ ზეცაში იქნეთ აყვანილნი, რათა იქონიოთ სამარადისო ხსნა და მარადიული სიცოცხლე, მისი სიბრძნითა და ძალით და სამართალით და მისი წყალობით, რომელმაც ყველაფერი შექმნა ზეცაში და დედამიწაზე, რომელიც არის ღმერთი ყველაფერზედ. ამინ.