წმინდა წერილი
მოსია 26


თავი 26

ეკლესიის მრავალი წევრი ურწმუნოებს ცოდვაში შეჰყავთ. ალმა იღებს მარადიული სიცოცხლის დაპირებას. მათ, რომლებიც ინანიებენ და ინათლებიან, მიეტევებათ. ცოდვაში მყოფ ეკლესიის წევრებს, რომლებიც ინანიებენ და აღსარებას ეუბნებიან ალმასა და უფალს, მიეტევებათ; სხვაგვარად ისინი არ ჩაითვლებიან ეკლესიის ხალხად. დაახლოებით 120–100 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 იყო ასე, რომ იქ იყვნენ ბევრნი მოზარდი თაობიდან, რომლებიც ვერ იგებდნენ მეფე ბენიამინის სიტყვებს, იყვნენ რა პატარა ბავშვები იმ დროს, როდესაც ის ელაპარაკა თავის ხალხს და მათ არ სწამდათ თავიანთი მამების ჩვეულებისა.

2 მათ არ სწამდათ იმის, რაც ითქვა მკვდრეთით აღდგომის შესახებ, არც ქრისტეს მოსვლის არ სწამდათ.

3 და ახლა, თავიანთი ურწმუნოების გამო, ისინი ვერ სწვდებოდნენ ღვთის სიტყვას; და მათი გულები გაქვავებული იყო.

4 მათ არ სურდათ მონათლულიყვნენ, არც ეკლესიას არ უერთდებოდნენ. და ისინი იყვნენ განცალკევებული ხალხი თავიანთი რწმენის მხრივ და ასე დარჩნენ შემდეგშიც, თავიანთ ხორციელ და ცოდვილ მდგომარეობაში; რადგან არ სურდათ მიემართათ უფლისთვის, თავიანთი ღმერთისთვის.

5 და ახლა, მოსიას მმართველობის დროს, ისინი რაოდენობრივად ღვთის ხალხის ნახევარიც კი არ იყვნენ, მაგრამ ძმებს შორის უთანხმოების გამო, ისინი უფრო მომრავლდნენ.

6 რადგან, იყო ასე, რომ ისინი პირფერული სიტყვებით ატყუებდნენ ბევრს, რომლებიც ეკლესიაში იყვნენ და აიძულებდნენ, ჩაედინათ მრავალი ცოდვა, ამიტომ გახდა საჭირო, რომ ისინი, რომლებიც ცოდვას ჩაიდენდნენ, რომლებიც ეკლესიაში იყვნენ, ეკლესიის მიერ უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულნი.

7 და იყო ასე, რომ ისინი მიიყვანეს მღვდლებთან და მღვდლებისთვის ისინი მასწავლებლების მიერ იქნენ გადაცემულნი, მღვდლებმა კი ისინი მიიყვანეს ალმასთან, რომელიც იყო მღვდელმთავარი.

8 ახლა, მეფე მოსიამ ალმას უბოძა უფლებამოსილება ეკლესიაზე.

9 და იყო ასე, რომ ალმამ არ იცოდა მათ შესახებ, მაგრამ მათ წინააღმდეგ იყვნენ მრავალი მოწმენი; დიახ, ხალხი უხვად მოწმობდა მათ შესახებ.

10 ახლა, მანამდე მსგავსი არაფერი არ მომხდარა ეკლესიაში, ამიტომ ალმა აღელვდა სულში და ბრძანა, რომ ისინი მიეყვანათ მეფესთან.

11 და მან უთხრა მეფეს: აჰა, აქ არიან მრავალნი, რომლებიც მოვიყვანეთ თქვენ წინაშე, რომლებსაც ბრალს სდებენ თავიანთი ძმები; დიახ, ისინი მხილებულნი იქნენ სხვადასხვა ურჯულოებებში და არ ინანიებენ თავიანთ ურჯულოებას. ამიტომ, ისინი მოვიყვანეთ შენ წინაშე, რომ განსაჯო თავიანთი დანაშაულის შესაბამისად.

12 მაგრამ მეფე მოსიამ ალმას უთხრა: აჰა, მე მათ არ განვსჯი; ამიტომ, მე გადმოგცემ მათ შენ ხელთ, რომ განისაჯონ.

13 და ახლა, ალმა კვლავ აღელვდა სულში; წავიდა და ჰკითხა უფალს, რა უნდა გაეკეთებინა ამის შესახებ, რადგან ეშინოდა, რომ არასწორად არ მოქცეულიყო ღმერთის თვალში.

14 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მან მთელი თავისი სული გადმოუღვარა ღმერთს, უფლის ხმა მოესმა მას, რომელიც ამბობდა:

15 კურთხეული ხარ შენ, ალმა, და კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც მოინათლნენ მორმონის წყლებში. კურთხეული ხარ ჩემი მსახურის, აბინადის, მხოლოდ სიტყვების ღრმა რწმენისათვის.

16 და კურთხეულნი არიან ისინი თავიანთი ღრმა რწმენისათვის მხოლოდ სიტყვებში, რომელნიც შენ მათ უთხარი.

17 და კურთხეული ხარ იმისათვის, რომ ჩამოაყალიბე ეკლესია ამ ხალხს შორის; და იქნებიან ისინი განმტკიცებულნი და იქნებიან ჩემი ხალხი.

18 დიახ, კურთხეულია ეს ხალხი, რომელიც მზად არის, ატაროს ჩემი სახელი; რადგან ჩემი სახელით იქნებიან წოდებულნი; და ისინი არიან ჩემნი.

19 და რადგან შენ მკითხე დამნაშავეების შესახებ, შენ ხარ კურთხეული.

20 შენ ხარ ჩემი მსახური; და მე აღთქმას ვდებ შენთან, რომ გექნება მარადიული სიცოცხლე; და შენ მომემსახურები და წინ წახვალ ჩემი სახელით და შეკრიბავ ერთად ჩემს ცხვრებს.

21 და ის, რომელიც მოისმენს ჩემს სიტყვას, იქნება ჩემი ცხვარი; და მას შენ მიიღებ ეკლესიაში და მას ასევე მე მივიღებ.

22 რადგან, აჰა, ეს არის ჩემი ეკლესია; ყოველი, ვინც ინათლება, მოინათლება მოსანანიებლად და ვისაც მიიღებ, იწამებს ჩემს სახელს და მე მას სულგრძელად ვაპატიებ.

23 რადგან მე ვარ ის, რომელიც იღებს საკუთარ თავზე ამა ქვეყნის ცოდვებს; რადგან მე ვარ ის, რომელმაც ისინი შექმნა; და მე ვარ ის, რომელიც უბოძებს ადგილს ჩემი მარჯვენა ხელისკენ მას, რომელსაც ბოლომდე სწამს.

24 რადგან, აჰა, ჩემი სახელით არიან ისინი წოდებულნი; და თუ მცნობენ, გამოვლენ და მარადიულად ექნებათ ადგილი ჩემი მარჯვენა ხელისკენ.

25 და იქნება ასე, რომ როდესაც გაისმება მეორე საყვირის ხმა, მაშინ გამოვლენ ისინი, რომლებიც არასდროს არ მცნობდნენ და ჩემ წინაშე წარსდგებიან.

26 და მათ ეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომ ვარ მათი გამომსყიდველი, მაგრამ მათ არ სურდათ გამოსყიდვა.

27 და მაშინ მე მათ განვუცხადებ, რომ მათ არასდროს ვიცნობდი და წავლენ ისინი მარადიულ ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.

28 ამიტომ, მე გეუბნები: რომელსაც არ სურს ჩემი ხმის მოსმენა, მას არ მიიღებთ ჩემს ეკლესიაში, რადგან უკანასკნელ დღეს მე მას არ მივიღებ.

29 ამიტომ, მე შენ გეუბნები: წადი და ყოველს, ვინც ჩემ წინააღმდეგ დანაშაულს ჩაიდენს, განიკითხავ მას მის მიერ ჩადენილი ცოდვების შესაბამისად; და თუ ის აღიარებს თავის ცოდვებს შენსა და ჩემ წინაშე და გულით, გულწრფელად მოინანიებს, მას შენ აპატიებ და მეც ასევე ვაპატიებ მას.

30 დიახ, რამდენჯერაც ჩემი ხალხი მოინანიებს, მე მათ ვაპატიებ ჩემ წინააღმდეგ შეცოდებებს.

31 და თქვენც ასევე აპატიეთ ერთმანეთს თქვენი შეცოდებები, რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით: ის, რომელიც მოყვასს ცოდვებს არ ჰპატიობს, როდესაც იგი ამბობს, რომ ინანიებს, მაშინ ის თავის თავზე იწვევს განაჩენს.

32 ახლა, მე გეუბნები: წადი და ვინც არ მოინანიებს საკუთარ ცოდვებს, ის არ ჩაითვლება ჩემს ხალხს შორის და ეს ასე იქნება, ამიერიდან მომავალში.

33 და იყო ასე, რომ როდესაც ალმამ მოისმინა ეს სიტყვები, მან ჩაიწერა ისინი, რათა ჰქონოდა ისინი, რომ განეკითხა იმ ეკლესიის ადამიანები ღმერთის მცნებების შესაბამისად.

34 და იყო ასე, რომ ალმა წავიდა და განიკითხა უფლის სიტყვის მიხედვით ისინი, რომლებიც მხილებულნი იყვნენ ურჯულოებაში.

35 და რომელნიც ინანიებდნენ თავიანთ ცოდვებს და აღიარებდნენ მათ, ის მათ თვლიდა ეკლესიის ხალხად.

36 და ისინი, რომლებიც არ აღიარებდნენ საკუთარ ცოდვებს და არ ინანიებდნენ თავიანთ ურჯულოებას, არ ითვლებოდნენ ეკლესიის ხალხს შორის და მათი სახელები ამოიშალა.

37 და იყო ასე, რომ ალმა აწესრიგებდა ეკლესიის ყველა საქმეს და მათთან კვლავ დამყარდა მშვიდობა და ეკლესიის საქმეებში დაიწყეს ძალზედ აყვავება, დადიოდნენ წინდახედულად ღმერთის წინაშე, მრავალთ იღებდნენ და მრავალთ ნათლავდნენ.

38 და ახლა, ამ ყველაფერს აკეთებდნენ ალმა და მისი თანამოძმენი, რომლებიც ეკლესიას ხელმძღვანელობდნენ და დადიოდნენ რა მთელი სიბეჯითით, ასწავლიდნენ ღვთის სიტყვას ყველაფერში, იტანდნენ ყველანაირ გაჭირვებას, იყვნენ რა დევნილნი ყველა მათ მიერ, რომელნიც არ მიეკუთვნებოდნენ ღმერთის ეკლესიას.

39 და ისინი თავიანთ ძმებს არიგებდნენ; და თავადაც ასევე იყვნენ დარიგებულნი, ყოველი მათგანი ღვთის სიტყვით, თავისი ცოდვების შესაბამისად ანუ იმ ცოდვებისა, რომლებიც მან ჩაიდინა, ჰქონდათ რა ნაბრძანები ღმერთის მიერ, რომ ელოცათ განუწყვეტლივ და მადლიერნი ყოფილიყვნენ ყველაფერში.