წმინდა წერილი
მოსია 1


მოსიას წიგნი

თავი 1

მეფე ბენიამინი ასწავლის თავის შვილებს მათი მამების ენასა და ნაწინასწარმეტყველებს. მათი სარწმუნოება და ცივილიზაცია გადარჩა იმ ჩანაწერების მადლით, რომლებიც ინახებოდა სხვადასხვა ფირფიტებზე. მოსია მეფედ არის არჩეული და მას გადაეცა მეურვეობისათვის ფირფიტები და სხვა საგნები. დაახლოებით 130–124 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, აღარ იყო განხეთქილებები ზარაჰემლას მთელ მიწაზე, მთელ ხალხს შორის, რომელიც მიეკუთვნებოდა მეფე ბენიამინს, ასე რომ მეფე ბენიამინს მშვიდობა ჰქონდა განუწყვეტლივ, თავის ყველა დარჩენილ დღეებში.

2 და იყო ასე, რომ მას ჰყავდა სამი შვილი. და მან დაარქვა მათ სახელები: მოსია, ჰელორუმი და ჰელამანი. და მან უზრუნველყო, რომ მათთვის ესწავლებინათ მისი მამების ენაზე ყველაფერი, რათა ასეთნაირად ისინი გონიერი მამაკაცები გამხდარიყვნენ; და რომ მათ სცოდნოდათ წინასწარმეტყველებების შესახებ, რომელნიც ითქვა მათი მამების პირით და რომელნიც მიეცათ მათ უფლის ხელით.

3 და ის მათ ასევე ასწავლიდა ჩანაწერების შესახებ, რომლებიც ამოტვიფრული იყო სპილენძის ფირფიტებზე, სიტყვებით: ჩემო შვილებო, მსურს დაიმახსოვროთ: რომ არა ეს ფირფიტები, რომლებიც მოიცავს ამ ჩანაწერებს და ამ მცნებებს, ჩვენ დღევანდელ დღემდე მოგვიწევდა უმეცრებაში ტანჯვა და არ გვეცოდინებოდა ღმერთის საიდუმლოებანი.

4 რადგან შეუძლებელი იქნებოდა მამაჩვენი, ლეხისთვის, ამ ყველაფრის დამახსოვრება, რომ ესწავლებინა თავისი შვილებისათვის, თუ არა ამ ფირფიტების დახმარებით; რადგან, იყო რა განსწავლული ეგვიპტელთა ენაში, ამიტომ შეეძლო ამ გრავიურების წაკითხვა და მათი თავისი შვილებისათვის სწავლება, რომ მათაც შეძლებოდათ თავიანთი შვილებისთვის სწავლება მათი მეშვეობით, აღასრულებდნენ რა ამით ღმერთის მცნებებს, ამჟამინდელი დროის ჩათვლითაც კი.

5 მე გეუბნებით, ჩემო შვილებო: რომ არა ესენი, რომლებიც ინახებოდა და გადარჩა ღვთის ხელით, რათა ჩვენ შევძლოთ მისი საიდუმლოებანის წაკითხვა და გაგება და მისი მცნებები ყოველთვის თვალწინ გვქონდეს, რომ ჩვენი მამებიც კი გადაშენდებოდნენ ურწმუნოებაში და ჩვენ დავემსგავსებოდით ჩვენს ძმებს, ლამანიელებს, რომლებმაც არაფერი იციან მათ შესახებ და არც კი სწამთ მათი, როდესაც მათ ასწავლიან, თავიანთი მამების ჩვეულებების გამო, რომლებიც არასწორია.

6 ჩემო შვილებო, მე მსურს გახსოვდეთ, რომ ეს სიტყვები არის ჭეშმარიტი და ასევე ეს ჩანაწერები არის ჭეშმარიტი. და აჰა, ნეფის ფირფიტებიც, რომლებიც მოიცავს ჩვენი მამების ჩანაწერებსა და სიტყვებს იმ დროიდან, როდესაც მათ იერუსალიმი დატოვეს, დღემდე და ისინი არის ჭეშმარიტი; და ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ მათი ჭეშმარიტების შესახებ, რადგან ისინი თვალწინ გვაქვს.

7 და ახლა, ჩემო შვილებო, მე მსურს დაიმახსოვროთ, რომ საჭიროა მათი ბეჯითად შესწავლა, რათა მისგან სარგებელი გქონდეთ; და მე მსურს, რომ დაიცვათ ღვთის მცნებები, რათა აყვავდეთ ამ მიწაზე იმ დანაპირებების შესაბამისად, რომლებიც უფალმა აღუთქვა ჩვენს მამებს.

8 და ბევრი სხვა რამ ასწავლა მეფე ბენიამინმა თავის შვილებს, რაც არ არის ამ წიგნში დაწერილი.

9 და მას შემდეგ, რაც მეფე ბენიამინმა დაასრულა თავისი შვილების სწავლება, ის დაბერდა და იხილა, რომ ძალიან მალე უნდა წასულიყო მიწიერთა გზით; ამიტომ, მან იფიქრა, საჭირო იყო, რომ თავისი ერთ-ერთი შვილისთვის დაემტკიცებინა სამეფო.

10 ამიტომ, მან მოსია თავისთან მოიხმო და აი, ის სიტყვები, რომლებიც მას უთხრა: ჩემო შვილო, მე მსურს, რომ შენ გამოაცხადო მთლიანად ამ მიწაზე და მთლიანად ამ ხალხისათვის ანუ, ზარაჰემლას ხალხში და მოსიას ხალხში, რომლებიც ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომ ერთად შეიკრიბონ, რადგან მომავალ დღეს მე გამოვუცხადებ ამ ჩემს ხალხს ჩემი პირით, რომ შენ ხარ მეფე და მმართველი ამ ხალხზედ, რომელიც მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.

11 და ამის გარდა, მე დავარქმევ ამ ხალხს სახელს, რომ ამგვარად გამორჩეულნი იყვნენ ყველა ხალხს შორის, რომლებიც უფალმა ღმერთმა გამოიყვანა იერუსალიმის მიწიდან; და მე ამას ვაკეთებ, რადგან ისინი იყვნენ ბეჯითი ხალხი უფლის მცნებების დაცვაში.

12 და მე ვარქმევ მათ სახელს, რომელიც არასოდეს არ იქნება ამოშლილი, თუ არა შეცოდებით.

13 დიახ, ამის გარდა, გეუბნები, რომ თუ ეს ხალხი არის რა უფლისგან ძალზედ მოწონებული, ჩავარდება შეცოდებაში და იქცევა ბოროტ, მრუშ ხალხად, მაშინ უფალი მიატოვებს მათ, რათა ისინი თავიანთი ძმებივით დასუსტდნენ; და ის აღარ გადაარჩენს მათ თავისი უბადლო და გასაოცარი ძალით ისე, როგორც აქამდე იცავდა ჩვენს მამებს.

14 ამიტომ გეუბნებით: მას რომ არ გაეწოდა თავისი ხელი ჩვენი მამების გადასარჩენად, ისინი ლამანიელთა ხელში უნდა ჩავარდნილიყვნენ და გახდებოდნენ მათი მრისხანების მსხვერპლი.

15 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მეფე ბენიამინმა დაასრულა ამ სიტყვების თავისი შვილისადმი თქმა, მან გადასცა მას სამეფოს ყველა საქმეზე მეთვალყურეობა.

16 და ამის გარდა, მან გადასცა მას მეთვალყურეობა ჩანაწერებზე, რომლებიც ამოტვიფრული იყო სპილენძის ფირფიტებზე; და ასევე ნეფის ფირფიტებზე; და ასევე ლაბანის ხმალზე და ბირთვზე ანუ მაჩვენებელზე, რომელმაც გამოიყვანა ჩვენი მამები უდაბნოდან, რომელიც უფლის ხელით იყო დამზადებული, რომ ამგვარად ისინი ყოფილიყვნენ გამოყვანილნი, თითოეული თავისი ყურადღებისა და სიბეჯითის მიხედვით, რომელსაც მისადმი იჩენდა.

17 ამიტომ, ურწმუნოების ჟამს, ისინი ვერ აღწევდნენ წარმატებას და ვერც წინ მიიწევდნენ თავიანთი მოგზაურობის დროს, არამედ უკან მიემართებოდნენ და თავზე იწვევდნენ ღმერთის წყენას; და ამიტომ, ისინი ისჯებოდნენ შიმშილითა და მწარე გაჭირვებით, როგორც მათი მოვალეობის მოსაგონებელი, გონს მოსაგები მათრახი.

18 და ახლა, იყო ასე, რომ მოსია მივიდა და გააკეთა ისე, როგორც მამამისმა უბრძანა და გამოუცხადა მთელს ხალხს, რომელიც იყო ზარაჰემლას მიწაზე, რომ ერთად შეკრებილიყვნენ, რათა მისულიყვნენ ტაძართან, რომ მოესმინათ სიტყვები, რომლებსაც მამამისი მათ ეტყოდა.