წმინდა წერილი
მოსია 28


თავი 28

მოსიას შვილები მიდიან ლამანიელთათვის საქადაგებლად. წინასწარმჭვრეტი ორი ქვის მეშვეობით, მოსია გადათარგმნის იარედიელების ფირფიტებს. დაახლოებით 92 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მოსიას შვილებმა ეს ყველაფერი გააკეთეს, მათ თან წაიყვანეს რამდენიმე ადამიანი და თავიანთ მამასთან, მეფესთან, დაბრუნდნენ და მოისურვეს მისგან, რომ მას ნება დაერთო მათთან ერთად, რომლებიც ამოირჩიეს, წასულიყვნენ ნეფის მიწაზე, რათა ექადაგათ ის, რაც მოისმინეს, რათა გაეზიარებინათ ღვთის სიტყვა თავიანთ ძმებისთვის, ლამანიელებისთვის.

2 რათა იქნებ, წაეყვანა ისინი უფლის, თავიანთი ღმერთის ცოდნისკენ და თავიანთი მამების ურჯულოებაზე დაერწმუნებინა ისინი; და იქნებ განკურნებულიყვნენ ნეფიელთა მიმართ სიძულვილისგან, რათა ისინიც მიყვანილნი ყოფილიყვნენ უფლის, თავიანთი ღმერთის, სიხარულში, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ მეგობრულები გამხდარიყვნენ და აღარ ყოფილიყო განხეთქილება მთელ მიწაზე, რომელიც უფალმა ღმერთმა მათ უბოძა.

3 ახლა, მათ სურდათ, რომ ხსნის შესახებ ეუწყებინათ ყოველი არსებისთვის, რადგან არ შეეძლოთ აეტანათ, რომ რომელიმე ადამიანის სული დაღუპულიყო; დიახ, იმის გაფიქრებაც კი, რომ რომელიმე სული იწვნევდა უსასრულო წამებას, აკანკალებდა და აცახცახებდა მათ.

4 ამგვარად, უფლის სულმა იმოქმედა მათზე, რადგან ისინი ცოდვილთა შორის ყველაზე ბილწნი იყვნენ. და უფალმა, თავისი უსაზღვრო წყალობით, ჩათვალა საჭიროდ, რომ შეენდო ისინი. მიუხედავად ამისა, ისინი განიცდიდნენ ძლიერ სულიერ ტანჯვას თავიანთი ურჯულოების გამო, ძლიერ განიცდიდნენ და ეშინოდათ, რომ ისინი იქნებოდნენ სამუდამოდ გაძევებულნი.

5 და იყო ასე, რომ მრავალი დღის განმავლობაში ევედრებოდნენ თავიანთ მამას, რომ შეძლებოდათ ნეფის მიწაზე წასვლა.

6 და მეფე მოსია წავიდა და ჰკითხა უფალს, დაერთო თუ არა ნება თავისი შვილებისათვის, ლამანიელთა შორის სიტყვის საქადაგებლად წასვლაზე.

7 და უფალმა უთხრა მოსიას: ნება უბოძე წავიდნენ, რადგან მრავალნი ირწმუნებენ მათ სიტყვებს და მათ ექნებათ მარადიული სიცოცხლე; და გამოვიხსნი შენს შვილებს ლამანიელთა ხელიდან.

8 და იყო ასე, რომ მოსიამ დართო ნება, რომ ისინი წასულიყვნენ და მოქცეულიყვნენ თავიანთი თხოვნისამებრ.

9 და ისინი გაემგზავრნენ უდაბნოში, რათა წასულიყვნენ სიტყვის საქადაგებლად ლამანიელთა შორის; და შემდეგში მოვიყვან ჩანაწერებს მათი საქმიანობის შესახებ.

10 ახლა, მეფე მოსიას არ ჰყავდა არავინ, ვისზეც შეიძლებოდა სამეფოს გადაცემა, რადგან არავინ იყო მის შვილთაგან, რომელიც მიიღებდა სამეფოს.

11 ამიტომ, მან აიღო ჩანაწერები, რომლებიც ამოტვიფრული იყო სპილენძის ფირფიტებზე, ასევე ნეფის ფირფიტები და ყველა ნივთი, რომელსაც იცავდა და ინახავდა ღმერთის ბრძანებების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გადათარგმნა და ბრძანა, რომ გაეკეთებინათ ჩანაწერები, რომლებიც იყო ამოტვიფრული ოქროს ფირფიტებზე, რომლებიც ნაპოვნი იყო ლიმხის ხალხის მიერ და რომელნიც ლიმხის ხელით იყო მისთვის ნაბოძები.

12 და მან ეს გააკეთა თავის ხალხზე დიდი ზრუნვის გამო, რადგან მათ ძალზედ სურდათ გაეგოთ იმ ხალხის შესახებ, რომელიც განადგურდა.

13 და ახლა, მან გადათარგმნა ისინი იმ ორი ქვის მეშვეობით, რომლებიც ჩასმული იყო ორ ფოსოიან ჩარჩოში.

14 ახლა, ეს საგნები მომზადებული იყო დასაბამიდანვე და გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ენების გადათარგმნის მიზნით.

15 და ისინი იყო უფლის ხელით შენახული და დაცული, რომ მას გაენდო ყოველი ადამიანისთვის, რომელიც დაეუფლებოდა მიწას, მისი ხალხის ურჯულოება და სისაძაგლე;

16 და ყოველი, ვინც ფლობდა ამ ნივთებს, წინასწარმჭვრეტელად იწოდებოდა ისე, როგორც ძველად.

17 და ახლა, მას შემდეგ, რაც მოსიამ დაასრულა ამ ჩანაწერების თარგმნა, აჰა, მათში მოცემული იყო იმ ხალხის ამბავი, რომელიც განადგურდა, მათი განადგურებიდან იმ დიდი კოშკის მშენებლობამდე, როდესაც უფალმა არია ხალხთა ენა და ისინი მთელი დედამიწის პირზე იქნენ გაფანტულნი, დიახ, იმ დროიდან ადამის შექმნამდეც კი.

18 ახლა, ამ ამბავმა მოსიას ხალხში გამოიწვია ღრმა გლოვა, დიახ, ისინი აღვსილნი იყვნენ დარდით; მიუხედავად ამისა, მან მისცა მათ დიდი ცოდნა, რომლითაც ისინი ხარობდნენ.

19 და ეს ამბავი დაიწერება ამის შემდეგ; რადგან, აჰა, საჭიროა, რომ ყველამ გაიგოს, თუ რა წერია ამ ჩანაწერებში.

20 და ახლა, როგორც მე გითხარით, მას შემდეგ, რაც მეფე მოსიამ გააკეთა ეს ყველაფერი, მან აიღო სპილენძის ფირფიტები და ყველაფერი, რასაც ინახავდა და გადასცა ალმას, რომელიც იყო ალმას შვილი; დიახ, ყველა ჩანაწერი, ასევე მთარგმნელი ხელსაწყოები და გადასცა ისინი მას და უბრძანა, რომ დაეცვა და შეენახა ისინი, ასევე ეწარმოებინა ჩანაწერები ხალხზე, გადაეცა ისინი ერთი თაობიდან მეორეზე ისე, როგორც მათ გადმოსცემდნენ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ლეხიმ დატოვა იერუსალიმი.