წმინდა წერილი
მოსია 22


თავი 22

ლამანიელთა მონობიდან ხალხის გასაქცევად შედგენილია გეგმა. ლამანიელებს ათრობენ. ხალხი გარბის, ბრუნდება ზარაჰემლაში და ხდება მეფე მოსიას ქვეშემდგომი. დაახლოებით 121–120 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ ამონმა და მეფე ლიმხიმ დაიწყეს ხალხთან თათბირი, თუ როგორ გამოეხსნათ თავი მონობიდან; და მათ ყოველ ადამიანს უბრძანეს, ერთად შეკრებილიყვნენ; და ასე მოიქცნენ იმისათვის, რომ ხალხის ხმა მოესმინათ ამ საქმის შესახებ.

2 და იყო ასე, რომ მათ ვერ მოძებნეს მონობიდან გამოხსნის გზა, გარდა იმისა, რომ აეყვანათ თავიანთი ქალები და ბავშვები და თავიანთი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი და აეღოთ კარვები და წასულიყვნენ უდაბნოში, რადგან ლამანიელნი იყვნენ იმდენად მრავალრიცხოვანნი, რომ ლიმხის ხალხისათვის შეუძლებელი იყო მათთან ბრძოლა, მახვილით მონობიდან განთავისუფლების მიზნით.

3 ახლა, იყო ასე, რომ გიდეონი გამოვიდა და დადგა მეფის წინ და უთხრა: ახლა, მეფეო, შენ აქამდე ბევრჯერ დაუგდე ყური ჩემს სიტყვებს, როდესაც ვებრძოდით ჩვენს ძმებს, ლამანიელებს.

4 და ახლა, მეფეო, თუ შენ არ მთვლი უხეირო მსახურად ან თუ ჯერ კიდევ ყურს უგდებ ჩემს სიტყვებს და ისინი სასარგებლოა შენთვის, ამგვარად მსურს, რომ ახლაც მოისმინო ჩემი სიტყვები და მე ვიქნები შენი მსახური და მონობისაგან გამოვიხსნი ამ ხალხს.

5 და მეფემ მას ლაპარაკის ნება დართო. და გიდეონმა მას უთხრა:

6 აგერ, გასასვლელი უკანა კედლიდან, ქალაქის უკანა მხრიდან. ლამანიელნი ანუ ლამანიელთა გუშაგები, ღამე მთვრალნი არიან; ამიტომ, მოდით, გავუგზავნოთ მოწოდება მთელ ხალხს, რომ შეკრიბონ ერთად თავიანთი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, რათა ღამე შეძლონ მათი უდაბნოში გაყვანა.

7 და მე, შენი ბრძანებისამებრ, მივალ და გადავუხდი ლამანიელებს უკანასკნელ ღვინის ხარკს; და ისინი დათვრებიან და ჩვენ გამოვალთ საიდუმლო გამოსასვლელიდან, მათი ბანაკიდან მარცხნივ, როდესაც დათვრებიან და დაიძინებენ.

8 ამგვარად, ჩვენ წავალთ ჩვენ ქალებთან და ბავშვებთან ერთად, ჩვენს წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელთან ერთად უდაბნოში; და შილომის მიწას გარშემო შემოვუვლით.

9 და იყო ასე, რომ მეფემ ყური უგდო გიდეონის სიტყვებს.

10 და მეფე ლიმხიმ ბრძანა, რომ მის ხალხს ერთად შეეკრიბა თავისი ფარა; და გაუგზავნა ღვინის ხარკი ლამანიელებს; და მან ასევე გაუგზავნა მათ უფრო მეტი ღვინო საჩუქრად; და ისინი თავისუფლად სვამდნენ ღვინოს, რომელიც მეფე ლიმხიმ მათ გაუგზავნა.

11 და იყო ასე, რომ მეფე ლიმხის ხალხი ღამე უდაბნოში გავიდა თავიანთი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით; და მათ გარშემო შემოუარეს შილომის მიწას უდაბნოში და მიმართულება აიღეს ზარაჰემლას მიწისაკენ, მიუძღოდათ რა წინ ამონი და მისი ძმები.

12 და მათ მთლიანად წაიღეს თავიანთი ოქრო და ვერცხლი და ყოველი ძვირფასი ნივთი, რისი წაღებაც შეეძლოთ და ასევე თავიანთი სანოვაგე, უდაბნოში; და შეუდგნენ თავიანთ მოგზაურობას.

13 და უდაბნოში მრავალი დღის ყოფნის შემდეგ, ისინი მივიდნენ ზარაჰემლას მიწაზე და შეუერთდნენ მოსიას ხალხს და გახდნენ მისი ქვეშემდგომნი.

14 და იყო ასე, რომ მოსიამ ისინი სიხარულით მიიღო; და მან ასევე მიიღო მათი ჩანაწერები, ასევე ის ჩანაწერებიც, რომლებიც ლიმხის ხალხმა იპოვა.

15 და ეს იყო ასე, რომ როდესაც ლამანიელებმა აღმოაჩინეს, რომ ლიმხის ხალხი ღამე წავიდა იმ მიწიდან, მათ გააგზავნეს უდაბნოში ჯარი, რათა უკან გამოსდევნებოდნენ.

16 და მას შემდეგ, რაც ისინი მისდევდნენ მათ ორი დღის განმავლობაში, ვეღარ შეძლეს მათი კვალის მიყოლა, ამიტომ ისინი უდაბნოში დაიკარგნენ.