წმინდა წერილი
მოსია 7


თავი 7

ამონი პოულობს ლეხი-ნეფის მიწას, სადაც ლიმხი არის მეფე. ლიმხის ხალხი ლამანიელთა მონობაშია. ლიმხი ყვება მათ ისტორიას. წინასწარმეტყველმა (აბინადიმ) დაამოწმა, რომ ქრისტე არის ყველაფრის ღმერთი და მამა. ის, ვინც სიბინძურეს თესავს, გრიგალს მოიმკის, ვინც თავის სასოებას მიანდობს უფალს, იქნება გამოხსნილი. დაახლოებით 121 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მეფე მოსიას სამი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მშვიდობიანი დრო ედგა, მან მოისურვა გაეგო იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წავიდნენ ლეხი-ნეფის მიწაზე ანუ ლეხი-ნეფის ქალაქში, საცხოვრებლად; რადგან ხალხს არაფერი სმენია მათგან იმ დროიდან, რაც მათ დატოვეს ზარაჰემლას მიწა; ამიტომ, მათ შეაწუხეს იგი შეკითხვებით.

2 და იყო ასე, რომ მეფე მოსიამ მათ შორის თექვსმეტ ძლიერ კაცს ნება დართო, წასულიყვნენ ლეხი-ნეფის მიწაზე, რათა თავიანთი ძმების შესახებ გაეგოთ.

3 და იყო ასე, რომ მომდევნო დღეს ისინი გზას დაადგნენ, თან ჰყავდათ ვინმე ამონი, ძლიერი და ძლევამოსილი ადამიანი და ზარაჰემლას შთამომავალი; და ის ასევე იყო მათი წინამძღვარი.

4 და ახლა, მათ არ იცოდნენ, რა გზით უნდა ევლოთ უდაბნოში, რომ მისულიყვნენ ლეხი-ნეფის მიწაზე; ამიტომ, ისინი დაეხეტებოდნენ მრავალი დღის განმავლობაში უდაბნოში, ორმოცი დღეც კი დაეხეტებოდნენ.

5 ორმოცი დღის ხეტიალის შემდეგ, ისინი მივიდნენ ერთ გორაკზე, რომელიც შილომის მიწიდან ჩრდილოეთით მდებარეობს და იქ გაშალეს კარვები.

6 და ამონმა თან სამი ძმობილი წაიყვანა; და მათი სახელები იყო: ამალეკი, ჰელემი და ჰემი, და ისინი ჩავიდნენ ნეფის მიწაზე.

7 და აჰა, ისინი შეხვდნენ იმ ხალხის მეფეს, რომელიც იყო ნეფისა და შილომის მიწებზე; და ისინი გარშემორტყმულნი იქნენ მეფის მცველებით, ისინი შეიპყრეს და შებოჭეს და საპყრობილეში ჩაყარეს.

8 და იყო ასე, როდესაც მათ ორი დღე გაატარეს საპყრობილეში, ისინი კვლავ მიიყვანეს მეფესთან და ბორკილები მოხსნეს; და ისინი იდგნენ მეფის წინ და მათ ნება დართეს, თუმცა უფრო უბრძანეს, რომ პასუხები გაეცათ შეკითხვებზე, რომლებსაც ის მათ დაუსვამდა.

9 და მან უთხრა მათ: აჰა, მე ვარ ლიმხი, ნოეს შვილი, რომელიც იყო ზენიფის შვილი, რომელიც წამოვიდა ზარაჰემლას მიწიდან, რათა მემკვიდრეობით მიეღო ეს მიწა, რომელიც იყო მათი მამების მიწა, იგი, რომელიც იყო ხალხის ხმით მეფედ არჩეული.

10 და ახლა, მე მსურს ვიცოდე იმის მიზეზი, რომლის გამოც თქვენ ასე თამამად მოუახლოვდით ქალაქის კედლებს, როდესაც მე თვითონ, ჩემს მცველებთან ერთად, ვიყავი ჭიშკრის გარეთ.

11 და ახლა, ამის გამო, მე დავუშვი, რომ თქვენ გადაერჩინეთ, რათა თქვენთვის შეკითხვა დამესვა, თორემ ვუბრძანებდი ჩემს მცველებს, რომ მოეკალით. ნებას გრთავთ, ილაპარაკოთ.

12 და ახლა, როდესაც ამონმა იხილა, რომ ლაპარაკის ნება დართეს, წინ გამოვიდა და ქედი მოიხარა მეფის წინაშე; და როდესაც ადგა, თქვა: მეფეო, მე დიდად მადლიერი ვარ ღმერთისადმი ამ დღეს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ლაპარაკის ნება დამრთე; და შევეცდები, თამამად ვილაპარაკო;

13 რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენ რომ მიცნობდეთ, არ დაუშვებდით, რომ მეტარებინა ეს ბორკილები, რადგან მე, ამონი, ვარ ზარაჰემლას შთამომავალი და მოვედი ზარაჰემლას მიწიდან, რათა გამომეკითხა ჩვენი ძმების შესახებ, რომლებიც ზენიფმა წამოიყვანა იმ მიწიდან.

14 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ლიმხიმ მოისმინა ამონის სიტყვები, მას ძალზედ გაუხარდა და თქვა: ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ძმები, რომლებიც იყვნენ ზარაჰემლას მიწაზე, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. და ახლა, მე გავიხარებ; და ხვალ ვიზამ ისე, რომ ასევე გაიხარებს ჩემი ხალხიც.

15 რადგან, აჰა, ჩვენ ლამანიელთა მონობაში ვართ და ბეგარა გვადევს გადასახდელი, რომელიც მძიმე ასატანია. და ახლა, აჰა, ჩვენი ძმები გამოგვიხსნიან მონობიდან ანუ ლამანიელთა ხელიდან და გავხდებით მათი მონები, რადგან სჯობს ვიყოთ ნეფიელთა მონები, ვიდრე ხარკი ვუხადოთ ლამანიელთა მეფეს.

16 და ახლა, მეფე ლიმხიმ უბრძანა თავის მცველებს, რომ მეტად აღარ გაეკოჭათ არც ამონი და არც მისი ძმები და უბრძანა, რომ წასულიყვნენ გორაკისკენ, რომელიც მდებარეობდა შილომისაგან ჩრდილოეთით და მოეყვანათ თავიანთი ძმები ქალაქში, რომ მათ ამგვარად, ეჭამათ, ესვათ და გზისგან დაესვენათ; რადგან მათ ბევრი რამ გადაიტანეს; მათ გადაიტანეს შიმშილი, წყურვილი და დაქანცულობა.

17 და ახლა, იყო ასე: მომდევნო დღეს, მეფე ლიმხიმ გაუგზავნა შეტყობინება თავის ხალხს, რომლის შესაბამისად ყველანი უნდა შეკრებილიყვნენ ტაძართან, რათა მოესმინათ სიტყვები, რომლებითაც ის მათ მიმართავდა.

18 და იყო ასე, რომ როდესაც ისინი ერთად შეიკრიბნენ, მან მათ მიმართა ასეთი სიტყვებით: თქვენ, ჩემო ხალხო, აწიეთ თავი და დამშვიდდით; რადგან, აჰა, ახლოს არის დრო ანუ, არ არის შორი, როდესაც აღარ უნდა ვიყოთ ჩვენი მტრების მორჩილებაში, ჩვენი მრავალი ძალისხმევის მიუხედავად, რომელიც ამაო იყო; მაინც, მე ვიმედოვნებ, რომ დაგვრჩა კიდევ ერთი ქმედითი ძალისხმევის გამოყენება.

19 ამიტომ, აწიეთ თავი და გაიხარეთ და მიანდეთ თქვენი სასოება ღმერთს, იმ ღმერთს, რომელიც იყო აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი; ასევე იმ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის შვილები ეგვიპტის მიწიდან და მოახდინა ისე, რომ მათ წითელ ზღვაზე, მშრალ მიწაზე გაიარეს და მანანით კვებავდა მათ, რომ უდაბნოში არ დაღუპულიყვნენ; და მრავალი სხვა რამ მოახდინა მან მათთვის.

20 და კვლავ, იმავე ღმერთმა გამოიყვანა ჩვენი მამები იერუსალიმის მიწიდან და ამ დღემდეც კი ინახავდა და იცავდა თავის ხალხს; და აჰა, ჩვენი ურჯულოებისა და სისაძაგლის გამო, მან მონობაში ჩაგვყარა.

21 და დღეს, თქვენ ყველანი მოწმენი ხართ, რომ ზენიფი, რომელიც მეფედ იყო დანიშნული ამ ხალხზედ, იყო რა ზედმეტად გულმოდგინე სურვილით – მემკვიდრეობით მიეღო თავისი მამების მიწა, ამის გამო მოტყუებულ იქნა მეფე ლამანის მზაკვრობითა და ვერაგობით, რომელმაც დადო ხელშეკრულება მეფე ზენიფთან და მას ხელთ გადასცა მიწის ნაწილი ანუ თვით ქალაქი ლეხი-ნეფი და ქალაქი შილომი და მის გარშემო მიწა –

22 და ეს ყველაფერი მან გააკეთა მხოლოდ ერთი მიზნით: ეს ხალხი დაემორჩილებინა ანუ ჩაეგდო მონობაში. და აჰა, ამჟამად ჩვენ ლამანიელთა მეფეს ვუხდით ხარკს, სიმინდის, ქერის და მთელი ჩვენი ყველანაირი ხორბლეულის ნახევრით; და ჩვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მოგებულის ნახევრით; და ლამანიელთა მეფე ასევე მოითხოვს ჩვენგან ყველაფრის ნახევარს, რაც გაგვაჩნია და ვფლობთ ან მოითხოვს ჩვენს სიცოცხლეს.

23 და ახლა, ნუთუ ეს არ არის მძიმე ასატანი? ნუთუ ჩვენი გაჭირვება არ არის დიდი? ახლა, აჰა, რამდენად დიდია იმის მიზეზი, რომ ვიგლოვოთ.

24 დიახ, გეუბნებით, დიდია მიზეზები, რის გამოც ჩვენ უნდა ვიგლოვოთ, რადგან, აჰა, რამდენი ჩვენი ძმათაგანი დაიხოცა და მათი სისხლი ამაოდ დაიღვარა; და ეს ყველაფერი – ურჯულოების გამო.

25 ვინაიდან, ეს ხალხი რომ არ ჩავარდნილიყო შეცოდებაში, უფალი არ დაუშვებდა, რომ ეს დიდი ბოროტება მათზედ მოვლენილიყო. მაგრამ, აჰა, მათ ყური არ დაუგდეს მის სიტყვებს; და წარმოიქმნა განხეთქილებები მათ შორის, იმდენად დიდი, რომ ერთმანეთის სისხლიც კი დაღვარეს.

26 და მათ მოკლეს უფლის წინასწარმეტყველი; დიახ, ღმერთის ამორჩეული კაცი, რომელიც მათ ეუბნებოდა თავიანთი სიბოროტისა და სისაძაგლის შესახებ და წინასწარმეტყველებდა მრავალ რამეს, რაც უნდა მოხდეს, დიახ, ქრისტეს მოსვლაზეც კი.

27 და რადგან მან უთხრა, რომ ქრისტე არის ღმერთი, ყველაფრის მამა და თქვა, რომ მიიღებდა ადამიანის ხატებას და ეს იქნებოდა ხატება, რომლის მიხედვითაც ადამიანი იყო შექმნილი დასაბამიდანვე ანუ სხვა სიტყვებით, მან თქვა, რომ ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად და ღმერთი ჩამოვა ადამიანთა შვილებს შორის, მიიღებს საკუთარ თავზე ხორცსა და სისხლს და ივლის დედამიწის ზედაპირზე.

28 და ახლა, იმის გამო, რომ მან ეს თქვა, მათ ის მოკლეს; და კიდევ მრავალი რამ ჩაიდინეს მათ, რამაც მათზე ღმერთის რისხვა მოავლინა. ამიტომ, ვის უკვირს, რომ არიან მონობაში და მწარე გაჭირვებისგან ნაცემნი?

29 რადგან, აჰა, უფალმა თქვა: მე არ დავეხმარები ჩემს ხალხს მათი შეცოდების ჩადენის დღეს; არამედ გზას გადავუღობავ მათ, რათა ვერ აყვავდნენ; და საქმენი მათი იქნება მათ წინ, როგორც დაბრკოლების ლოდი.

30 და კვლავ, ის ამბობს: თუ ჩემი ხალხი დათესავს სიბინძურეს, ისინი გრიგალში მის ბზეს მოიმკიან; და შხამი იქნება ამის შედეგი.

31 და კვლავ, ის ამბობს: თუ ჩემი ხალხი დათესავს სიბინძურეს, ის მოიმკის აღმოსავლეთის ქარს, რომელსაც მოაქვს მყისიერი განადგურება.

32 და ახლა, აჰა, უფლის დაპირება აღსრულდა და თქვენ ხართ ნაცემნი და გაჭირვებულნი.

33 მაგრამ, თუ მიუბრუნდებით უფალს, გულის მთელი მოწადინებით და მას მიანდობთ თქვენს სასოებას და ემსახურებით გონების მთელი სიბეჯითით, თუ ასე იზამთ, მაშინ ის, მისი ნებისა და სურვილის შესაბამისად, მონობიდან გამოგიხსნით.