წმინდა წერილი
მოსია 21


თავი 21

ლიმხის ხალხი ნაცემი და დამარცხებულია ლამანიელთა მიერ. ლიმხის ხალხი ხვდება ამონს და რწმენაში მოიქცევა. ისინი მოუყვებიან ამონს იარედიელების ოცდაოთხი ფირფიტის შესახებ. დაახლოებით 122–121 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ლიმხი და მისი ხალხი დაბრუნდნენ ქალაქ ნეფიში და კვლავ მშვიდობიანად დაიწყეს იმ მიწაზე ცხოვრება.

2 და იყო ასე, რომ მრავალი დღის შემდეგ ლამანიელებში კვლავ დაიწყო ნეფიელთა წინააღმდეგ წყრომის გაღვივება და მათ დაიწყეს მიწის გარშემო საზღვრებში შემოჭრა.

3 მაგრამ ისინი მათ დახოცვას ვერ ბედავდნენ, რადგან მათ მეფემ ფიცი დაუდო ლიმხის; თუმცა ისინი სილას აწნავდნენ და ავლენდნენ თავიანთ ძალაუფლებას მათზედ; და კისერზე ჰკიდებდნენ მძიმე ტვირთს და მიერეკებოდნენ, როგორც უტყვ სახედრებს.

4 დიახ, ეს ყველაფერი კეთდებოდა, რათა უფლის სიტყვა აღსრულებულიყო.

5 და ახლა, დიდი იყო ნეფიელთა გაჭირვება და არ არსებობდა გზა, რომლითაც შეეძლოთ გამოეხსნათ თავი მათი ხელიდან, რადგან ლამანიელებმა ისინი ყოველი მხრიდან ალყაში მოაქციეს.

6 და იყო ასე, რომ ხალხმა დაიწყო ბუზღუნი მეფესთან გაჭირვების გამო; და მოისურვეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა. და მწარედ დაამწუხრეს მეფე თავიანთი საჩივრებით; ამიტომ, მან დართო მათ ნება, რომ მოქცეულიყვნენ თავიანთი სურვილების შესაბამისად.

7 და ისინი კვლავ შეიკრიბნენ ერთად, აისხეს აბჯარი და წავიდნენ წინ ლამანიელთა წინააღმდეგ საომრად, რათა მიწიდან გაეძევებინათ ისინი.

8 და იყო ასე, რომ ლამანიელებმა ისინი დაამარცხეს, უკან გამორეკეს და ბევრი მათგანი დახოცეს.

9 და ახლა, ლიმხის ხალხს შორის იყო დიდი გლოვა და გოდება: ქვრივები გლოვობდნენ ქმრებს, ვაჟები და ქალიშვილები გლოვობდნენ თავიანთ მამებს და ძმები – თავიანთ ძმებს.

10 და ახლა, დიდი ოდენობით ქვრივები იყვნენ იმ მიწაზე და ისინი ძლიერ ტიროდნენ დღიდან დღემდე, რადგან ლამანიელთა მიმართ დიდმა შიშმა მოიცვა ისინი.

11 და იყო ასე, რომ მათ განუწყვეტლივ ტირილმა ლიმხის ხალხის დარჩენილ ნაწილში გააღვივა წყრომა ლამანიელთა წინააღმდეგ და ისინი კვლავ საბრძოლველად წავიდნენ; მაგრამ კვლავ უკან გამოდევნეს, დიდი დანაკარგით დაზარალებულნი.

12 დიახ, ისინი მესამეჯერაც კი წავიდნენ და იგივენაირად დაზარალდნენ; და ისინი, რომლებიც არ იყვნენ დახოცილნი, კვლავ დაბრუნდნენ ნეფის ქალაქში.

13 და მათ თავი დაიმდაბლეს მტვრამდეც კი, დაემორჩილნენ რა მონობის უღელს. დაემორჩილნენ იმას, რომ იყვნენ ნაცემნი და დევნილნი აქეთ-იქეთ და მათი მტრების სურვილისამებრ დატვირთულნი.

14 და მათ დაიმდაბლეს თავი, ღრმა თავმდაბლობითაც კი; და ძლიერად შეჰღაღადეს ღმერთს; დიახ, მთელი დღის განმავლობაშიც კი შეჰღაღადებდნენ თავიანთ ღმერთს, რათა ისინი გამოეხსნა გაჭირვებიდან.

15 და ახლა, უფალი არ ჩქარობდა მათი ღაღადის მოსმენას მათ ურჯულოების გამო; მიუხედავად ამისა, უფალმა შეისმინა მათი ღაღადი და დაიწყო ლამანიელთა გულების მოლბობა ისე, რომ მათ დაიწყეს მათთვის ტვირთის შემსუბუქება; მაგრამ უფალმა არ ჩათვალა საჭიროდ მათი მონობიდან გამოხსნა.

16 და იყო ასე, რომ მათ დაიწყეს მიწაზე თანდათანობით აყვავება და უფრო უხვად დაიწყეს ხორბლის, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მოყვანა, ასე რომ, ისინი შიმშილისგან არ იტანჯებოდნენ.

17 ახლა, იქ იყვნენ ქალები დიდი რაოდენობით, უფრო მეტნი, ვიდრე კაცები; ამიტომ, მეფე ლიმხიმ ბრძანა, რომ ყოველ კაცს უნდა წილი გამოეყო ქვრივებისა და მათი შვილების შესანახად, რათა ისინი შიმშილისგან არ დაღუპულიყვნენ; და ისინი ამას აკეთებდნენ მათგან დახოცილთა უზარმაზარი რაოდენობის გამო.

18 ახლა, ლიმხის ხალხი ერთად იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და იცავდნენ თავიანთ ხორბალსა და ფარებს;

19 და მეფე თავად არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში ქალაქის კედლებს მიღმა, თუ თან არ წაიყვანდა თავის მცველებს, შიშობდა რა, რომ როგორღაც არ ჩავარდნილიყო ლამანიელთა ხელში.

20 და მან უბრძანა თავის ხალხს, რომ თვალ-ყური ედევნებინათ მიმდებარე მიწებისთვის, რომ რამენაირად შეეპყროთ ის მღვდლები, რომლებიც უდაბნოში გაიქცნენ, რომლებმაც გაიტაცეს ლამანიელთა ქალიშვილები, რამაც მათზე ასეთი დიდი განადგურება მოიტანა.

21 რადგან სურდათ მათი შეპყრობა, რომ დაესაჯათ; რადგან ისინი ნეფის მიწაზე მოდიოდნენ ღამით და მიჰქონდათ მათი ხორბალი და ბევრი ძვირფასი რამ, ამიტომაც ისინი მათ ჩაუსაფრდნენ.

22 და იყო ასე, რომ მეტი აღარ იყო არეულობები ლამანიელთა და ლიმხის ხალხს შორის, იმ დრომდეც კი, როდესაც ამონი და მისი ძმები მოვიდნენ ამ მიწაზე.

23 და მეფემ, იმყოფებოდა რა ქალაქის კარიბჭის გარეთ თავისი მცველებით, შენიშნა ამონი და მისი ძმები, ფიქრობდა რა, რომ ესენი იყვნენ ნოეს მღვდლები, ამიტომ უბრძანა, რომ ისინი შეეპყროთ, შეებოჭათ და საპყრობილეში ჩაეყარათ. და რომ ყოფილიყვნენ ნოეს მღვდლები, ის უბრძანებდა, რომ დაეხოცათ ისინი.

24 მაგრამ, როდესაც მან შეიტყო, რომ ნოეს მღვდლები კი არა არამედ მისი ძმები იყვნენ და მოვიდნენ ზარაჰემლას მიწიდან, ის ძალზედ დიდი სიხარულით აღივსო.

25 ახლა, მეფე ლიმხიმ, ამონის მოსვლამდე, გააგზავნა ადამიანთა პატარა ჯგუფი ზარაჰემლას მიწის მოსაძებნად; მაგრამ მათ ის ვერ იპოვეს და უდაბნოში დაიკარგნენ.

26 მიუხედავად ამისა, მათ იპოვეს მიწა, რომელიც ოდესღაც დასახლებული იყო; დიახ, მიწა, რომელიც დაფარული იყო გამომშრალი ძვლებით; დიახ, მიწა, რომელიც ოდესღაც დასახლებული იყო, მაგრამ განადგურდა; და ეგონათ რა, რომ ეს იყო ზარაჰემლას მიწა, ნეფის მიწაზე დაბრუნდნენ და ამონის მოსვლამდე მიწის საზღვრებთან არც თუ ისე ბევრი დღით ადრე მივიდნენ.

27 და მათ თან მოიტანეს ჩანაწერი, ჩანაწერი იმ ადამიანებზე, რომელთა ძვლებიც იპოვეს; და ის ამოტვიფრული იყო მადნის ფირფიტებზე.

28 და ახლა, ლიმხი კვლავ აღივსო სიხარულით, როდესაც გაიგო ამონის პირიდან, რომ მეფე მოსიას აქვს ღმერთისაგან ძღვენი, რომლითაც მას შეუძლია ამ გრავიურების თარგმნა; დიახ, ამონსაც ასევე გაუხარდა.

29 ამისდა მიუხედავად, ამონი და მისი ძმები დარდით იყვნენ აღვსილნი, რადგან მათი ამდენი ძმა იყო დახოცილი;

30 და ასევე, რომ მეფე ნოემ და მისმა მღვდლებმა მოახდინეს ისე, რომ ამ ხალხმა ამდენი ცოდვა და ურჯულოება ჩაიდინა ღმერთის წინააღმდეგ; და ისინი ასევე გლოვობდნენ აბინადის სიკვდილს; ასევე ალმას წასვლას და იმ ხალხს, რომელიც მას გაჰყვა, რომლებმაც დააარსეს ღმერთის ეკლესია ღმერთის ძლიერებითა და ძალით და აბინადის მიერ ნათქვამი სიტყვებისადმი რწმენით.

31 დიახ, ისინი გლოვობდნენ მათ წასვლას, რადგან არ იცოდნენ, სად გაიქცნენ ისინი. ახლა ისინი სიხარულით შეუერთდებოდნენ მათ, რადგან თავად დადეს ღმერთთან აღთქმა, რომ ემსახურებოდნენ მას და დაიცავდნენ მის მცნებებს.

32 და ახლა, ამონის მოსვლიდან, მეფე ლიმხიმაც დადო აღთქმა ღმერთთან და ასევე მრავალმა მისი ხალხისგან, რომ ემსახურებოდნენ მას და დაიცავდნენ მის მცნებებს.

33 და იყო ასე, რომ მეფე ლიმხის და მრავალს მისი ხალხისგან მონათვლა სურდათ; მაგრამ არ იყო არავინ იმ მიწაზე, ვისაც ჰქონდა ღმერთისგან უფლებამოსილება. და ამონმა უარი თქვა ამის გაკეთებაზე, თვლიდა რა თავის თავს უღირს მსახურად.

34 ამიტომ, იმ დროს ისინი ეკლესიად არ ჩამოყალიბდნენ, რადგან უფლის სულს მოელოდნენ. ახლა, მათ სურდათ, გამხდარიყვნენ ალმასა და მისი ძმების მსგავსნი, რომლებიც უდაბნოში გაიქცნენ.

35 მათ სურდათ მონათლულიყვნენ, როგორც დამოწმება და მტკიცება იმისა, რომ მზად იყვნენ ღმერთისათვის ემსახურათ მთელი თავიანთი გულით; მიუხედავად ამისა, მათ ეს გადადეს; და მათი ნათლობის შესახებ ჩანაწერი შემდგომში იქნება მოცემული.

36 და ახლა, ამონის და მისი ხალხის და მეფე ლიმხისა და მისი ხალხის მთელი საზრუნავი იყო, როგორ გამოეხსნათ თავიანთი თავი ლამანიელთა ხელიდან და მონობიდან.