გენერალური კონფერენცია
ყველაფერი, რაც გაგვაჩნია
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ყოველივე, რაც გულით ვიგრძენით

თუ გვსურს, მხსნელმა ზეცის მიმართულებით აგვწიოს, ჩვენი ერთგულება მისი და მისი სახარების მიმართ არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ან შემთხვევითი.

მისადმი შესაწირი

იესო ქრისტე, რამდენიმე დღით ადრე, სანამ სიცოცხლეს შესწირავდა ჩვენთვის, იერუსალიმის ტაძარში იმყოფებოდა და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს ტაძრის საგანძურში. „მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა”, მაგრამ შემდეგ მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი „და ჩადო ორი ლეპტა“. ეს ისეთი მწირი თანხა იყო, რომ მისი აღნუსხვაც კი არ ღირდა.

გამოსახულება
ქვრივი ორი ლეპტით

თუმცა ამ თითქოს და უმნიშვნელო შემოწირულობამ მხსნელის ყურადღება მიიპყრო. ფაქტობრივად, ამან მასზე იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ „დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო.

„ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა“.1

ამ უბრალო დაკვირვებით მხსნელმა გვასწავლა, როგორ იზომება შემოწირულობები მის სასუფეველში და ეს საკმაოდ განსხვავდება იმისგან, როგორ ვზომავთ ჩვენ. უფალმა შემოწირულობის ღირებულება შეაფასა არა იმით, როგორ აისახებოდა ეს ხაზინაზე, არამედ იმით, რა გავლენას მოახდენდა ეს შემომწირველის გულზე.

ამ ერთგული ქვრივის შექებისას მხსნელმა დაგვიწესა სტანდარტი, რომლითაც იზომება ჩვენი მოწაფეობა თავის მრავალფეროვნებაში. იესომ გვასწავლა, რომ ჩვენი შესაწირავი შეიძლება იყოს დიდი ან მცირე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გულწრფელად უნდა იყოს ყველაფერი, რაც გაგვაჩნია.

ეს პრინციპი ისმის მორმონის წიგნის წინასწარმეტყველის, ამალეკის, ვედრებაში: „მო[დით] ქრისტესთან, რომელიც არის ისრაელის წმინდა და იგემეთ მისი ხსნა და გამოსყიდვის ძალა. დიახ, მოდით მასთან და მიუძღვენით მთელი თქვენი სული, როგორც მისადმი შესაწირი“.2

მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? მრავალ ჩვენგანს ასეთი მთელი სულით ერთგულება შეუძლებელი ეჩვენება. ჩვენ ისედაც წელში ვწყდებით. როგორ მოვახდინოთ ბალანსი ცხოვრების მრავალი მოთხოვნილებისა და ჩვენი სურვილის შორის - მივუძღვნათ მთელი სული უფალს?

შესაძლოა, გამოწვევა იმაშია, რომ ჩვენი აზრით ბალანსი ნიშნავს დროის თანაბრად განაწილებას კონკურენტ ინტერესებს შორის. ასეთი ხედვით, იესო ქრისტესადმი ჩვენი ერთგულება არის იმ მრავალი საქმიდან ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენს დატვირთულ განრიგში უნდა ჩავსვათ. თუმცა, იქნებ შეიძლება, სხვანაირად შევხდოთ ამას.

ბალანსი: ველოსიპედით სიარულის პრინციპი

მე და ჩემს მეუღლეს, ჰარიეტს, ძალიან გვიყვარს ველოსიპედით ერთად სიარული. ეს ვარჯიშისა და იმავდროულად ერთად დროის გატარების შესანიშნავი საშუალებაა. პედლების ტრიალის დროს, თუ ძალიან აღრენილი არ ვარ და არ ვქოშინებ, ჩვენ ვტკბებით ირგვლივ მყოფი სილამაზითა და სასიამოვნო საუბარშიც კი ვერთვებით. იშვიათად გვიწევს ველოსიპედზე ბალანსირებისთვის დიდად ყურადღების მიქცევა. უკვე იმხელა პრაქტიკა გვაქვს, რომ ამაზე არც კი ვფიქრობთ - ეს ბუნებრივად გამოგვდის.

მაგრამ, როცა ვხედავ ვინმეს, ვინც ველოსიპედით სიარულს სწავლობს მახსენდება, რომ სულაც არ არის ადვილი ამ ორ თხელ ბორბალზე ბალანსირება. ამას დრო სჭირდება. ვარჯიშია საჭირო. ამას მოთმინება მართებს. ერთი-ორჯერ დაცემაც კი მოგიწევთ.

ისინი, ვინც ველოსიპედზე ბალანსირებას კარგად ახერხებენ, უპირველეს ყოვლისა სწავლობენ ამ მნიშვნელოვან პუნქტებს:

ნუ უყურებთ ფეხებს.

წინ იყურეთ.

თქვენ წინ გზას უყურეთ. ყურადღება გადაიტანეთ დანიშნულების ადგილზე. და დაიწყეთ პედლების ტრიალი. ბალანსის შენარჩუნება წინსვლასთან არის დაკავშირებული.

იგივე პრინციპი გვეხება ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეებს, როცა ვცდილობთ ცხოვრებაში ბალანსის პოვნას. მრავალი მნიშვნელოვანი საქმისთვის დროისა და ენერგიის განაწილება სხვადასხვა პიროვნებისთვის და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდისთვის განსხვავდება. მაგრამ ზოგადად, ძირითადი მიზანია - მივბაძოთ ჩვენი მოძღვრის, იესო ქრისტეს, მაგალითს და დავუბრუნდეთ ჩვენი საყვარელი მამაზეციერის გარემოცვას. ეს მიზანი უნდა იყოს უცვლელი და მუდმივი, რანიც არ უნდა ვიყოთ და რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში.3

ამწევი ძალა: თვითმფრინავის ფრენის პრინციპი

ველოსიპედის მოყვარულებს შეუძლიათ, მოწაფეობა ველოსიპედის ტარებას. შეადარონ. ვისაც ველოსიპედი არ გიყვართ - არ ინერვიულოთ. მე მაქვს კიდევ ერთი ანალოგია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყოველი მამაკაცის, ქალისა და ბავშვისთვის იქნება მისაღები.

მოწაფეობა, როგორც მრავალი რამ ცხოვრებაში, ასევე შეიძლება შევადაროთ თვითმფრინავით ფრენას.

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რაოდენ გასაოცარია ის, რომ უზარმაზარი სამგზავრო თვითმფრინავი მიწას სცილდება და ფრინდება? რანაირად ახერხებენ ეს საფრენი აპარატები ელეგანტურად აფრენას ცაში, ოკეანეებისა და კონტინენტების გადაკვეთას?

მარტივად რომ ვთქვათ, თვითმფრინავი მიფრინავს მხოლოდ მაშინ, როცა მის ფრთებზე ჰაერი მოძრაობს. ეს მოძრაობა სხვაობას ქმნის ჰაერის წნევაში, რაც თვითმფრინავს აწევის ძალას აძლევს. და როგორ მიიღებთ საკმარის ჰაერს, რომელიც ფრთებზე მოძრაობს და ამწევ ძალას ქმნის? პასუხია: გამწევი ძალა.

თვითმფრინავი არ კრეფს სიმაღლეს ასაფრენ ბილიკზე ჯდომით. ქარიან დღესაც კი თვითმფრინავი ვერ აფრინდება, თუ საკმარისი ბიძგით წინ არ ივლის, რათა დაუპირისპირდეს იმ ძალებს, რომლებიც მას უკან ხევს.

ისევე როგორც წინსვლის იმპულსი ინარჩუნებს ველოსიპედის ბალანსსა და სისწორეს, ასევე წინსვლაც ეხმარება თვითმფრინავს, დაძლიოს გრავიტაციის ძალა და გამწევი ძალა.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეებისთვის? ეს ნიშნავს, რომ თუ ბალანსის პოვნა გვინდა და გვსურს, მხსნელმა ზეცის მიმართულებით აგვწიოს, მისი და მისი სახარებისადმი ჩვენი ერთგულება არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ან შემთხვევითი. იმ იერუსალიმელი ქვრივის მსგავსად, ჩვენ უფალს მთელი ჩვენი სული უნდა შევწიროთ. ჩვენი შესაწირი შესაძლოა მწირი იყოს, მაგრამ იგი მთელი სულითა და გულით უნდა შევწიროთ უფალს

იესო ქრისტეს მოწაფეობა არ არის მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალ საქმეთაგან, რომელიც უნდა შევასრულოთ. მაცხოვარი არის ყოველი ჩვენი საქმის მამოძრავებელი ძალა. ის არ არის ჩვენი მოგზაურობის დასასვენებელი ადგილი. ის არ არის თვალწარმტაცი შესახვევი, არც მთავარი ღირსშესანიშნაობა. ის არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე: მამასთან ვერავინ მივა, თუ არა [იესო ქრისტეს] მეშვეობით“.4 ეს არის ჩვენი გზა და საბოლოო დანიშნულება.

ბალანსი და ამწევი ძალა მოდის, როცა ჩვენ „წინ მი[ვისწრაფებით], სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით“.5

მსხვერპლი და მიძღვნა

რას იტყვით იმ მრავალი დავალებისა და ვალდებულების შესახებ, რომელიც გვაკისრია და რის გამოც ჩვენი ცხოვრება ასეთი დატვირთული ხდება? საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, სკოლაში სიარული ან სამსახურისთვის მზადება, თავის გატანა, ოჯახზე ზრუნვა, თემში მსახურება - სად ჩავტიოთ ყოველივე ეს? მხსნელი გვარწმუნებს:

„თქვენმა მამაზეციერმა იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.

„არამედ თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ“.6

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადვილია.7 ეს მოითხოვს როგორც მსხვერპლს ისევე მიძღვნას.

ეს მოითხოვს გარკვეულ საქმეებზე უარის თქმას და სხვა საქმეებისთვის მეტი ყურადღების დათმობას.

მსხვერპლი და მიძღვნა ორი ზეციური კანონია, რომლებზედაც ტაძარში ვდებთ აღთქმას. ეს ორი კანონი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ არ არის იდენტური. მსხვერპლის გაღება ნიშნავს რაღაცის დათმობას იმის სასარგებლოდ, რაც უფრო ღირებულია. ძველ დროში ღვთის ხალხი, მომავალი მესიის საპატივცემოდ, ფარის პირმშოს მსხვერპლად სწირავდა. ისტორიულად ერთგული წმინდანები მხსნელის გამო სწირავდნენ პირად სურვილებს, კომფორტს, სიცოცხლესაც კი.

ჩვენ ყველას გვაქვს დიდი თუ პატარა რამ, რაც მსხვერპლად უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ უფრო სრულად ვიაროთ იესო ქრისტეს კვალზე.8 ჩვენი მსხვერპლი არის ჩვენი ჭეშმარიტი ფასეულობის მაჩვენებელი. მსხვერპლი წმინდაა და უფალი მას პატივს სცემს.9

მიძღვნა განსხვავდება მსხვერპლისგან სულ მცირე ერთი მნიშვნელოვანი რამით. მიძღვნისას ჩვენ არ ვტოვებთ რაიმეს საკურთხეველზე ცეცხლში დასაწვავად. პირიქით, ჩვენ ამას უფლის მსახურებისთვის ვიყენებთ. ჩვენ ამას მას და მის წმინდა მიზნებს ვუძღვნით.10 ჩვენ ვიღებთ ამ ტალანტებს უფლისგან და ვცდილობთ მათ გამრავლებას, მრავალჯერ, რათა უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ უფლის სასუფევლის შენებაში.11

მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანს თუ სთხოვენ მხსნელისთვის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვას. მაგრამ ჩვენ ყველას გვიწვევენ, მას სიცოცხლე მივუძღვნათ .

ერთი საქმე, ერთი სიხარული, ერთი მიზანი

როცა ვეძიებთ, განვწმინდოთ ჩვენი ცხოვრება და ყოველ ფიქრში ქრისტეზე ვიქონიოთ სწორება,12 ყველაფერი თავისით აეწყობა. ქრება იმის შეგრძნება, რომ ცხოვრება ცალკეული მცდელობების გრძელი ჩამონათვალია და ჩვენ ამ მცდელობების არამყარი ბალანსის შენარჩუნება გვიწევს.

დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ერთი საქმე ხდება.

ერთი სიხარული

ერთი წმინდა მიზანი.

ეს არის ღვთის სიყვარულისა და მსახურების საქმე. ეს არის ღვთის შვილების სიყვარულისა და მსახურების საქმე.13

როცა ჩვენს ცხოვრებას ვუყურებთ და ასობით გასაკეთებელ საქმეს ვხედავთ ჩვენ ვითრგუნებით. როცა ვხედავთ ერთ რამეს - ღვთისა და მისი შვილებისადმი სიყვარულსა და მსახურებას, ასობით სხვადასხვა ხერხით - ჩვენ შეგვიძლია, სიხარულით ვიყოთ ამაზე ფოკუსირებულნი.

და ასე ვწირავთ ჩვენს მთელ სულს - ვწირავთ ყოველივეს, რაც უკან გვხევს და დანარჩენს ვუძღვნით უფალსა და მის მიზნებს.

გამხნევებისა და მოწმობის სიტყვა

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მეგობრებო, იქნება ისეთი მომენტები, როცა მეტის გაკეთების სურვილი გექნებათ. თქვენმა მამაზეციერმა იცის თქვენი გული. მან იცის, რომ ვერ აკეთებთ ყველაფერს, რაც გულით გსურთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, გიყვარდეთ ღმერთი და ემსახუროთ მას. თქვენ შეგიძლიათ, საუკეთესოდ დაიცვათ მისი მცნებები. თქვენ შეგიძლიათ, გიყვარდეთ მისი შვილები და ემსახუროთ მათ. და თქვენი მცდელობების გამო თქვენი გული განიწმინდება და დიდებული მომავლისთვის მოემზადებით.

ეს არის ის, რაც ტაძრის საგანძურთან მისულ ქვრივს ესმოდა. მან დარწმუნებით იცოდა, რომ მისი შესაწირი ისრაელის ბედს არ შეცვლიდა, მაგრამ იგი თავადშეიცვლებოდა, რადგან მას იმის მეტი არაფერი გააჩნდა.

ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და იესო ქრისტეს საყვარელო მოწაფეებო, მოდით, ნუ იქნებით „დაღონებულნი სიკეთის კეთებით“, ვინაიდან ჩვენ „საფუძველს [ვ]უყრით დიად საქმეს“. და პატარა საქმეებით ხორციელდება „ის, რაც არის დიადი“.14

.მე ვმოწმობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა და მე ასევე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მოძღვარი, გამომსყიდველი, მამაზეციერთან დაბრუნების ჩვენი ერთადერთი გზა. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მარკოზი 12:41-44

  2. ომნი 1:26.

  3. ჩვენს ბავშვებსა და ახალგაზრდებს იწვევენ, თანაბრად გაიზარდონ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები, რომელსაც „ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე. (ლუკა 2:52).

  4. იოანე 14:6.

  5. 2 ნეფი 31:20.

  6. 3 ნეფი 27:-33; იხ. ასევე მათე 6:32-33. Joseph Smith Translation, Matthew 6:38 provides additional insight: “Seek not the things of this world but seek ye first to build up the kingdom of God, and to establish his righteousness” (in Matthew 6:33, footnote a).

  7. ერთ-ერთი მაგალითი მოჰყავს ჩვენს წინასწარმეტყველს, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს. როცა იგი პროფესიული კარიერის პიკზე იყო (კარდიო ქირურგი), იგი პალოს პრეზიდენად მოიხმეს. უხუცესებმა სპენსერ ვ. კიმბალმა და ლეგრანდ რიჩარდსმა მოიხმეს იგი. იცოდნენ რა მისი პროფესიული ცხოვრების სატვირთვა, მათ უთხრეს: „თუ თვლით, რომ ძალიან დაკავებული ხართ და ვერ მიიღებთ ამ მოწოდებას, თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ“. მან უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება მსახურებისა და არმსახურების შესახებ დიდი ხნის წინ იქნა მიღებული, როცა მან მეუღლესთან ერთად სატაძრო აღთქმა დადო. „ჩვენ მაშინ პირობა დავდეთ“ - თქვა მან, „ვეძიოთ … ჯერ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე“ [მათ 6:33], ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ყველგან მოგვეცემა შესაბამისად უფლის დაპირებისა“ (რასელ მარიონ ნელსონი, From Heart to Heart: An Autobiography [1979], 114).

  8. პრეზიდენტმა ნელსონმა ბოლო ხანს ისაუბრა „საჭიროებაზე, მხსნელის დახმარებით მოვიცილოთ ძველი ცხოვრების ნამსხვრევები. … მე გიწვევთ, ილოცოთ, - თქვა მან, „გამოავლინოთ ის ნამსხვრევები, რომლებიც უნდა მოიცილოთ ცხოვრებაში, რათა უფრო ღირსეულნი გახდეთ“ (“Welcome Message,” Liahona, May 2021, 7).

  9. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ღმერთისთვის ჩვენი მსხვერპლი უფრო წმინდაა, ვიდრე ჩვენი მიღწევები (იხ. მოძღვრება და აღთქმები 117:13). ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ ჰქონდა ქვრივის ლეპტას უფრო მეტი ფასი, ვიდრე მდიდრების შესაწირს. პირველი იყო მსხვერპლი, რომელსაც აქვს განმწმენდი ეფექტი გამცემზე. მეორეს კი, გინდაც მეტი გასცა მატერიალურად, მსხვერპლი არ გაუღია და ამიტომ თავადაც არ შეცვლილა.

  10. მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანს თუ სთხოვენ მხსნელისთვის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვას. მაგრამ ჩვენ ყველას გვიწვევენ, მას სიცოცხლე მივუძღვნათ .

  11. იხ. მათე 25:14–30.

  12. იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:36.

  13. ასე ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში პავლე მოციქულის წინასწარმეტყველების აღსრულებას: „სამნეოდ ჟამთა აღვსებისა რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. (ეფესელთა 1:10).

  14. მოძღვრება და აღთქმები 64:33.