გენერალური კონფერენცია
ქრისტე კურნავს იმას, რაც დაზიანდა
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ქრისტე კურნავს იმას, რაც დაზიანდა

მას შეუძლია, განკურნოს ღმერთთან გაწყვეტილი ან სხვებთან გაფუჭებული ურთიერთობა, ასევე ჩვენი ტრავმები.

რამდენიმე წლის წინ, როცა ოჯახთან ერთად შევიკრიბეთ, ჩემმა რვა წლის დისშვილმა, ვილიამმა, სთხოვა ჩვენს უფროსს შვილს, ბრიტონს, ბურთი ეთამაშათ. ბრიტონმა ენთუზიაზმით უპასუხა: „კარგი“! სიამოვნებით“! ისინი უკვე საკმაოდ დიდ ხანს თამაშობდნენ, როცა ბრიტონს ბურთი აუცდა და პაპა-ბებიას ანტიკური თასი შემთხვევით გატეხა.

ბრიტონი ძალიან შეწუხდა. მან ნამსხვრევების აკრეფა დაიწყო. ვილიამი კი თავის დეიდაშვილს მიუახლოვდა და სიყვარულით მხარზე ხელი დაარტყა. დაამშვიდა: „არ იდარდო, ბრიტონ. ერთხელ პაპა-ბებიას სახლში რაღაც გავტეხე, ბებო გადამეხვია და მითხრა: „არაუშავს, ვილიამ. შენ ხომ ხუთი წლის ხარ“.

რაზეც ბრაიტონმა უპასუხა: „ვილიამ, მე ხომ 23-ს ვარ“!

ჩვენ შეგვიძლია, მრავალი რამ ვისწავლოთ წმინდა წერილიდან იმის შესახებ, თუ როგორ დაგვეხმარება ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, წარმატებით გავუმკლავდეთ იმას, რაც დავაზიანეთ ცხოვრებაში, განურჩევლად ასაკისა. მას შეუძლია, განკურნოს ღმერთთან გაწყვეტილი ან სხვებთან გაფუჭებული ურთიერთობა, ასევე ჩვენი ტრავმები.

ღმერთთან გაწყვეტილი ურთიერთობა

როცა მხსნელი ტაძარში ასწავლიდა, ფარისევლებმა და მწერლებმა მასთან ქალი მოიყვანეს. ჩვენ არ ვიცით მისი ისტორია სრულად, მხოლოდ ის, რომ „მრუშობაზე წასწრებული“ იყო.1 ხშირად წმინდა წერილში გადმოცემულია პიროვნების ცხოვრების მხოლოდ მცირე ნაწილი და ჩვენ, ამაზე დაფუძნებით, ზოგჯერ ვიწყებთ პიროვნების ამაღლებას ან განკითხვას. შეუძლებელია, გაერკვიო ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი დიადი მომენტის ან საზოგადოებისთვის ერთი მიუღებელი ფაქტის მიხედვით. წმინდა წერილში გადმოცემული ასეთი შემთხვევები მიზანია დავინახოთ, რომ ქრისტე იმ დროშიც იყო პასუხი და ახლაც არის. მან იცის ჩვენი სრული ისტორია და ზუსტად იცის, რა გვტანჯავს, ასევე იცის ჩვენი შესაძლებლობები და სისუსტეები.

ქრისტეს პასუხი ამ ღვთის ძვირფასი ასულისთვის იყო შემდეგი: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“2 „წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“ შეიძლება გავიგოთ როგორც „წადი და შეიცვალე“. მხსნელი იწვევდა მას მონანიებისკენ: საქციელის, წრის, საკუთარი თავისა და ქრისტეს მიმართ მისი გრძნობების, ასევე გულის შეცვლისკენ.

იესო ქრისტეს წყალობით ჩვენმა გადაწყვეტილებამ - „წავიდეთ და შევიცვალოთ“ შეიძლება ასევე გახადოს შესაძლებელი „წავიდეთ და განვიკურნოთ“, რადგან უფალი ყოველივე დაზიანებულის მკურნალია ჩვენს ცხოვრებაში. ქრისტე, როგორც დიდი ქომაგი და შუამდგომელი მამასთან, წმინდას ხდის და აღადგენს გაწყვეტილ ურთიერთობებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენს ურთიერთობებს ღმერთთან.

ჯოზეფ სმითის თარგმანი განმარტავს, რომ ამ ქალმა მიიღო მხსნელის რჩევა და შეცვალა საკუთარი ცხოვრება: „და იმ საათიდან ადიდებდა ქალი ღმერთს და იწამა მისი სახელი“.3 სამწუხაროდ, მისი სახელი და ცხოვრების სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია. ძალიან დიდი თავდადება, მორჩილება და რწმენა უფალ იესო ქრისტეში იქნებოდა საჭირო მისთვის, რათა მოენანია და შეცვლილიყო. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი იყო ქალი, რომელსაც „მისი სახელი სწამდა“ და ესმოდა, რომ მისი უსაზღვრო და მარადიული მსხვერპლი მისთვისაც იყო განკუთვნილი.

სხვებთან გაფუჭებული ურთიერთობები

ლუკა 15 -ში ვკითხულობთ იგავს მამაკაცის შესახებ, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა სთხოვა მამას, მიეცა მისთვის კუთვნილი ქონება და შორეულ ქვეყანაში წავიდა; იქ კი თავაშვებული ცხოვრებით ყველაფერი გაფლანგა.4

„როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა.

„წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.

„ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა.

„როცა გონს მოეგო, თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები!

„ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე,

ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!

ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა“.5

ის ფაქტი, რომ მამა შვილისკენ გამოიქცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. შვილმა მამას, რა თქმა უნდა, ღრმა ტკივილი მიაყენა. მამასაც შეეძლო, შერცხვენოდა შვილის საქციელი.

და რატომ არ დაელოდა მამა შვილისგან ბოდიშის მოხდას? სიყვარულისა და მიტევების გამოვლენამდე რატომ არ დაელოდა დანაკარგის ანაზღაურებასა და შერიგებს ? მე ხშირად ვფიქრობდი ამაზე.

უფალი გვასწავლის, რომ მიტევება საყოველთაო მცნებაა: „მე, უფალი, შევუნდობ მას, რომელსაც ვაპატიებ, მაგრამ თქვენ მოგეთხოვებათ, აპატიოთ ყოველ ადამიანს“.6 მიტევებას ზოგჯერ არნახულ სიმამაცესა და მორჩილებას საჭიროებს. ამას ასევე შეიძლება, დრო დასჭირდეს. ეს მოითხოვს ჩვენგან, რწმენით მივენდოთ უფალს, რადგან ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი გულის მდგომარეობაზე. ამაში კი თავისუფალი არჩევნის მნიშვნელობა და ძალა დევს.

მხსნელი გამოიყენებს უძღები შვილის იგავში აღწერილ მამას, რათა ხაზი გაუსვას იმას, რომ მიტევება ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ძღვენია, რომლის შეთავაზება შეგვიძლია, განსაკუთრებით კი საკუთარი თავისთვის. გულის შემსუბუქება მიტევების მეშვეობით ყოველთვის ადვილი როდია, თუმცა იესო ქრისტეს ძალა ამას შესაძლებელს ხდის.

ჩვენი ტრავმები

საქმეები თავი 3 -ში ვკითხულობთ მამაკაცის შესახებ, რომელიც დაბადებიდან კოჭლი იყო. „ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა“.7

ეს კოჭლი მამაკაცი დაახლოებით 40 წლის იყო8 და როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება გაჭირვებაში და მოლოდინში გაატარა, რადგან დამოკიდებული იყო სხვების დახმარებაზე და სულგრძელობაზე.

ერთხელ დაინახა მან ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე და სთხოვა მათ მოწყალება.

„პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.

„იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა.

„უთხრა პეტრემ: ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე“!

„მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი, და წამოაყენა: და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები.

„წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში, დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს“.9

ხშირად ცხოვრებაში ჩვენც, ტაძრის კარებთან ხეიბარი მათხოვრების მსგავსად, მომთმენი ან ზოგჯერ მოუთმენელი „უფლის მოიმედენი“ ვართ.10 ფიზიკური და ემოციური განკურნების მოიმედენი. ველით პასუხებს, რომლებიც გულის სიღრმეში ჩაგვწვდება. ველით სასწაულებს.

„უფლის მოიმედენი“ შეიძლება ვიყოთ დახვეწის ადგილას, სადაც შეგვიძლია ღრმად, პირადად შევიცნოთ მხსნელი. „უფლის მოიმედენი შეიძლება ასევე იყოს ისეთი ადგილი, სადაც საკუთარ თავს ვეკითხებით: ო. ღმერთო, სად ხარ“?11ანუ ადგილი, სადაც სულიერი შეუპოვრობა მოითხოვს იესო ქრისტეში რწმენის გამოვლენას, როცა ისევ და ისევ შეგნებულად ვაკეთებთ მასზე არჩევანს. მე ვიცი ეს ადგილი და მესმის ამდაგვარი ლოდინი.

უამრავი საათი მაქვს გატარებული ონკოლოგიურ ცენტრში. მე მრავალ სხვა ადამიანთნ ერთად ვიტანჯებოდი განკურნების იმედით. განკურნებას. ზოგი გადარჩა, ზოგი არა. კარგად გავიაზრე, რომ განსაცდელიდან დაღწევის გზა თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავდება და ამიტომ ყურადღებას ნაკლებად უნდა ვუთმობდეთ გამოხსნის გზას და მეტად - უშუალოდ გამომხსნელს. ჩვენი აქცენტი ყოველთვის იესო ქრისტეზე უნდა კეთდებოდეს!

ქრისტეში რწმენის გამოვლენა ნიშნავს, გწამდეს არა მხოლოდ ღვთის ნება, არამედ მისი დრო. რადგან მან ზუსტად იცის, რა გვჭირდება და როდის. როცა უფლის ნებას მივენდობით, მსგავსად იმ ხეიბრისა ტაძრის კარებთან, ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ არსებითად იმაზე მეტს, რაც გვსურდა.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველას გვაქვს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც დაზიანებულია და საჭიროებს შეკეთებას, აღდგენას ან განკურნებას. როცა მხსნელისკენ მივბრუნდებით, მოვახდენთ მასზე სწორებას გულში და გონებაში, როცა მოვინანიებთ, იგი მოვა ჩვენთან „კურნებ[ით] მის ფრთებზე“,12 სიყვარულით შემოგვხვევს ხელებს და გვეტყვის: „ყველაფერი კარგადაა. შენ ხომ ჯერ 5 ან 16, 23, 48, 64, 91 წლის ხარ. ჩვენ შეგვიძლია, ერთად გამოვასწოროთ ეს“!

მე ვმოწმობ, რომ არაფერია თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რაც დაზიანებულია და არ ექვემდებარება იესო ქრისტეს მკურნავ, გამომსყიდველ და მოქმედ ძალას. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, რომელსაც ძალუძს განკურნება, ამინ.