გენერალური კონფერენცია
ქრისტესა და მისი სახარების წინაშე მოწიწება
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ქრისტესი და მისი სახარების წინაშე მოწიწება

დაე, თვალით დანახულმა და გულით ნაგრძნობმა გაზარდოს ჩვენი გაოცება მხსნელის გამოსყიდვის მსხვერპლის შესახებ.

მე მყავს კარგი მეგობარი - ბრწყინვალე, პენსიაში გასული უნივერსიტეტის პროფესორი, უამრავი ნაშრომის ავტორი და რაც მთავარია, იესო ქრისტეს თავდადებული მოწაფე. ის არაერთხელ ეწვია წმინდა მიწას კონფერენციებში მონაწილეობის მიღების, აკადემიური კვლევებისა და ტურების ჩატარების მიზნით. მისივე თქმით ყოველ ჯერზე, როცა იგი ეწვევა მიწას, რომელზეც იესო დადიოდა, იგი გაოცებულია, რადგან უდაოდ რაიმე ახალს, გასაოცარსა და მომხიბვლელს სწავლობს მხსნელის, მისი მიწიერი მსახურებისა და საყვარელი მშობლიური მიწის შესახებ. მოწიწება, რომელსაც ჩემი მეგობარი გამოხატავს, როცა საუბრობს ყოველივეს შესახებ, რასაც წმინდა მიწაზე სწავლობს - გადამდებია; და ეს გაოცება მისი ცხოვრების აკადემიური მიღწევებისა და წარმატებების საძირკველია.

როცა მის გამოცდილებას ვეცნობოდი და მისი ენთუზიასმიც ვიგრძენი, დავფიქრდი, რაოდენ მეტი, ასე ვთქვათ, სულიერი საოცრება შეგვიძლია, ვიგრძნოთ იესო ქრისტეს სახარების მიმართ და იმ ცვლილების შესახებ, რომლის მოხდენაც მას შეუძლია ჩვენს მოწაფეობაზე და საბოლოო ჯამში, ჩვენს მოგზაურობაზე მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე. სასწაული, რომელსაც ვგულისხმობ, არის ემოციის, მოწიწების ან გაოცების შეგრძნება, რომელიც ნაცნობია ყველასთვის, ვინც მთელი გულით მოაქცია მხსნელი და მისი სწავლება თავისი ცხოვრების ცენტრში და ვინც მორჩილად აღიარებს უფალს თავის ცხოვრებაში. სულიწმინდის მიერ შთაგონებული ასეთი გაოცების გრძნობა ბადებს ჩვენში ენთუზიაზმს, სიხარულით ვიცხოვროთ ქრისტეს დოქტრინის მიხედვით.1

წმინდა წერილი მოიცავს რამდენიმე მაგალითს იმისა, თუ როგორ ვლინდება ეს გრძნობა. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ესაიამ უფლისადმი მადლიერების სიღრმე გამოხატა მასში სიხარულით.2 ისინი, ვინც მოისმინეს იესოს ქადაგება კაპერნაუმის სინაგოგაში, გაოგნებულები დარჩნენ მისი სწავლებითა და სწავლის ძალით.3 ეს იგივე გრძნობაა, რომელმაც ახალგაზრდა ჯოზეფ სმითის გულის ყოველ უჯრედში შეაღწია, როცა იგი ბიბლიაში იაკობის პირველ თავსკითხულობდა, რამაც მას ღვთის სიბრძნის ძიებისკენ უბიძგა.4

ჩემო დებო და ძმებო, როცა იესო ქრისტესა და მისი სახარების მიმართ ჭეშმარიტი მოწიწება გვაქვს, ჩვენ გვემატება ბედნიერება და ღვთის საქმის შესრულებისთვის ენთუზიაზმი; ასევე შეგვიძლია, ყველაფერში ამოვიცნოთ უფლის ხელი. ამის გარდა, ღვთის სიტყვების შესწავლა ხდება უფრო აზრიანი; ჩვენი ლოცვები - უფრო ძლიერი; ჩვენი ღვთისთაყვანისცემა - უფრო მოწიწებული; ჩვენი მსახურება ღვთის სასუფეველში - უფრო ბეჯითი. ყოველივე ეს ეხმარება იმას, რომ სულიწმინდის გამოვლენა უფრო ხშირი გახდეს ჩვენს ცხოვრებაში.5 ასე გაძლიერდება მსხნელისა და მისი სახარების შესახებ ჩვენი დამოწმება, ქრისტე ჩვენში იცოცხლებს,6 და ვიცხოვრებთ „ფესვგადგმულებ[ი] და მისით აღშენებულებ[ი], განმტკიცებულებ[ი] რწმენით და … წარმატებულებ[ი] მადლიერებაში“.7 როცა ასე ვცხოვრობთ, ჩვენ სულიერად უფრო გამძლენი ვხდებით და დაცულნი სულიერი აპათიის მახისგან.

ასეთ აპათიას ახასიათებს უფლის სახარებაში სრულად ჩართულობის მიმართ სიხარულის თანდათანობითი დაკარგვა. ზოგადად ეს იწყება გრძნობით, რომ უკვე სრულად მივიღეთ ამ ცხოვრებაში ბედნიერებისთვის აუცილებელი ცოდნა და დალოცვები. ამ თვითკმაყოფილების შედეგად ჩვენ სახარების ძღვენს როგორც თავისთავად არსებულს ვიღებთ და შემდეგ, ჩნდება როგორც იესო ქრისტეს8 სახარების აუცილებელ ასპექტებში ჩაძირვის, ისე უფალთან დადებული აღთქმების უგულებელყოფის საფრთხე. შესაბამისად, ჩვენ თანდათან ვშორდებით უფალს; სუსტდება ჩვენი „მას უსმინეთ“ უნარი,9 ვხდებით გულგრილნი და უგრძნობელნი მისი საქმის სიდიადისადმი. უკვე მიღებულ დამოწმებაზე გაჩენილმა ეჭვმა შესაძლოა, შეაღწიოს ჩვენს გონებასა და გულში და დაგვასუსტოს მტრის ცდუნების მიმართ.10

პასტორი ეიდენ უილსონ ტოზერი, ცნობილი მწერალი და მამაცი ქრისტიანი, წერდა: „თვითკმაყოფილება ყოველგვარი სულიერი ზრდის სასიკვდილო მტერია“.11 განა ნეფის ხალხს ზუსტად ეს არ დაემართა მალევე ქრისტეს დაბადების შემდეგ? „სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად ანცვიფრებდა მათ ზეციდან მოვლენილი ნიშანი ან საოცრება“ ისე, რომ „იწყეს რწმენის დაკარგვა ყველაფრის მიმართ, რაც მოისმინეს და იხილეს“. და ამგვარად, სატანამ მათ „თვალები დაუბრმავა და გზას ააცდინა, რათა დაერწმუნებინა, რომ ქრისტეს მოძღვრება იყო უგუნური და ამაო რამ“.12

დებო და ძმებო, თავის სრულყოფილ და უსაზღვრო სიყვარულში, იცის რა ჩვენი ბუნება,13 მხსნელმა დაგვიწესა გზა, რომელიც თავიდან აგვაცილებს სულიერი აპათიის მახეში მოხვედრას. მხსნელის მოწვევა გვაძლევს უფრო ფართო პერსპექტივას, განსაკუთრებით იმ რთული სამყაროს გათვალისწინებით, რომელშიც ვცხოვრობთ: „ისწავლე ჩემგან და ყური დაუგდე ჩემს სიტყვებს; იარე ჩემი სულის თვინიერებით და ჰპოვებ მშვიდობას ჩემში“.14 მხსნელისგან ამ მოწვევის მიღებით ჩვენ ვამჟღავნებთ მორჩილებას, განსწავლის სურვილსა და იმედს, რომ უფრო დავემსგავსებით მას.15 ეს მოწვევა ასევე მოიცავს ღვთის მსახურებასა და მის შვილებზე მზრუნველობას „მთელი [ჩვენი] გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით.16 ამ მოგზაურობისას ჩვენი მცდელობების შუაგულშია, რა თქმა უნდა, ორი დიდი მცნება: გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.17

ასეთი ქცევა არის იესოს ღვთიური ბუნების ნაწილი, რაც ასე ცხადად ვლინდებოდა ყოველივეში, რასაც იგი აკეთებდა მიწიერი მსახურების ჟამს.18 ასე რომ, როდესაც მიზანმიმართულად და ჭეშმარიტად მივუძღვნით თავს იმას, რომ დავემსგავსოთ მას და ვისწავლოთ მის სრულყოფილ მაგალითზე,19 ჩვენ უკეთ შევიცნობთ მას. მოგვემატება ენთუზიაზმი და სურვილი, შემოვიტანოთ ცხოვრებაში უმაღლესი სტანდარტი იმისა, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა მაგალითი ვაჩვენოთ სხვებს და რა მცნებები დავიცვათ. ჩვენ ასევე შევიძენთ დამატებით წვდომას, სიბრძნეს, ღვთიურ ბუნებასა და მადლს ღმერთისა და მოყვასისადმი.20 შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მხსნელის გავლენისა და სიყვარულის შეგრძნება გაიზრდება, რასაც მოჰყვება ჩვენი რწმენის განდიდება, სამართლიანი ქმედებების სურვილი და მოტივაცია - ვემსახუროთ უფალსა და სხვებს.21 ამის გარდა, ჩვენი მადლიერება მიწიერი ცხოვრების დალოცვებისთვის და გამოწვევებისთვის განმტკიცდება და გახდება ჩვენი ჭეშმარიტი ღვთისთაყვანისცემის ნაწილი.22

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყოველივე ეს აძლიერებს ჩვენს სულიერ გაოცებას სახარების შესახებ და გვიბიძგებს, სიხარულით დავიცვათ უფალთან დადებული აღთქმები - განსაცდელებისა და გამოწვევების შუაგულშიც კი. რა თქმა უნდა, ამ შედეგების მისაღწევად ჩვენ რწმენითა და ჭეშმარიტი განზრახვით უნდა ჩავუღრმავდეთ მაცხოვრის სწავლებას23 და ვეცადოთ, ჩავაქსოვოთ მისი თვისებები ჩვენს ყოფიერებაში.24 ამის გარდა, ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ უფალს მონანიების26 მეშვეობით, ვეძიოთ ცხოვრებაში მისი მიტევება, გამოსყიდვის ძალა და დავიცვათ მისი მცნებანი. თავად უფალი შეგვპირდა, რომ წინ გაგვიძღვებოდა, თუ მთელი გულით მივენდობოდით, ვაღიარებდით მას ყოველივეში და არ დავეყრდნობოდით საკუთარ მოსაზრებებს.26

გამოსახულება
უხუცესი ჯონსი ვესთან ერთად

დღეს ამ დარბაზში იმყოფება ადამიანი სახელად ვესი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიცანი. მან მიიღო ქრისტეს მოწვევა - შეეცნო უფალი, მისი სახარება და დაეწყო მისი სიყვარულისადმი მოწიწების შეგრძნება და ყოველივე ეს მას შემდეგ, რაც იგი 27 წლის განმავლობაში აღთქმის გზას იყო ჩამოშორებული. მან მითხრა, რომ ერთ დღეს მას ფეისბუქით მისიონერი, უხუცესი ჯონსი, დაუკავშირდა, რომელიც დროებით ვესის რაიონს მიამაგრეს, სანამ იგი პანამაში, თავის პირვანდელ მისიაში დაბრუნდებოდა. როცა უხუცესი ჯონსი ვესის პროფილს წააწყდა, მან არ იცოდა, რომ იგი უკვე ეკლესიის წევრი იყო; მან სულიწმინდის კარნახი იგრძნო და მიხვდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაკავშირებოდა ვესს. მან გადაუდებლად იმოქმედა. ვესი გაოცდა ამ მოულოდნელი კონტაქტის გამო და თანდათან მიხვდა, რომ უფალმა იცოდა მის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ვესი აღთქმის გზას გარკვეული მანძილით ჩამოშორდა.

ამის შემდეგ ვესი და მისიონერები ხშირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. უხუცესი ჯონსი და მისი ძმადნაფიცი მსახურებისა და სულიერი გზავნილების გაზიარების ყოველკვირეულ ღონისძიებებს ატარებდნენ, რაც დაეხმარა ვესს, აღედგინა მოწიწება მხსნელისა და მისი სახარების მიმართ. ამან კვლავ გააღვივა ჭეშმარიტების დამოწმებისა და მხსნელის სიყვარულის ცეცხლი. ვესმა იგრძნო სიმშვიდე, რომელიც მოდის ნუგეშისმცემლისგან და მოიპოვა ფარაში დასაბრუნებლად საჭირო ძალა. მან მითხრა, რომ ამ შემთხვევის მეშვეობით იგი სულიერად და ემოციურად ცხოვრებას დაუბრუნდა და ეს დაეხმარა მას, მძიმე წლების მანძილზე დაგროვებული სიმწრისგან განთავისუფლებაში.

როგორც ჩემმა ზემოხსენებულმა გულისხმიერმა პროფესორმა მეგობარმა შენიშნა, იესო ქრისტესა და მისი სახარების შეცნობაში ყოველთვის მოძებნით რამე მშვენიერსა და მომხიბვლელს.27 უფალმა მისცა შესანიშნავი დაპირებები ყველას, ჩვენი ჩათვლით, ვინც ეძიებს მას და იყენებს მის სიტყვებს ცხოვრებაში. მან უთხრა ენოქს: „აჰა, ჩემი სული [იქნება] შენზედ, ასე რომ გავამართლებ ყოველ შენს სიტყვას; და მთები დაიქცევა შენ წინაშე და მდინარეები გადაუხვევს თავიანთი კალაპოტებიდანდ; შენ ჩემში დარჩები, მე კი - შენში“.28 და მან განუცხადა მეფე ბენიამინს: „თქვენ გიწოდებენ ქრისტეს შვილებს, მის ძეებსა და ასულებს; რადგან, აჰა, ამ დღეს მან გშვათ სულიერად; რადგან თქვენ ამბობთ, რომ მის სახელში რწმენით შეგეცვალათ გული; ამიტომ, მისგან გაჩენილნი ხართ და გახდით მისი ძენი და ასულნი“.29

ასე რომ, როცა გულწრფელად და უწყვეტად ვცდილობთ, შევიცნოთ მხსნელი და მივბაძოთ მის მაგალითს მე, მისი სახელით, გპირდებით, რომ მისი ღვთიური თვისებები აისახება თქვენს გულებსა და გონებაში,30 რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ მას და ვიაროთ მის გვერდით.31

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, მე ვლოცულობ, რომ ჩვენ მარადჟამს ვიდგეთ იესო ქრისტესა და მისი სრული, უსასრულო, სრულყოფილი სიყვარულის წინაშე. დაე, თვალით დანახულმა და გულით ნაგრძნობმა გაზარდოს ჩვენი გაოცება მხსნელის გამოსყიდვის მსხვერპლის შესახებ, რომელიც განგვკურნავს სულიერი და ემოციური ჭრილობებისგან და დაგვეხმარება, უფრო ახლოს მივიდეთ მასთან. დაე, გვაოცებდეს ის დიდი დაპირებები, რომლებიც მამას აქვს ხელში და რომელნის მოუმზადა ერთგულებს.

„თქვენია სასუფეველი და თქვენია კურთხევები მისი და თქვენია სიმდიდრენი მარადისობის.

„და ვინც ყოველივეს იღებს მადლიერებით, გაბრწყინდება“.32

იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი და ეს მისი ეკლესიაა. მე ვმოწმობ ამ ჭეშმარიტებაზე ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, მოწიწების მომგვრელი, წმინდა, უზენაესი სახელით, ამინ.