გენერალური კონფერენცია
ჩვენი მიზანია - მოქცევა
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ჩვენი მიზანია - მოქცევა

ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებთ იმ დროს, რომელსაც წმინდა წერილს ახარჯავთ, როდესაც სულიწმინდა პირდაპირ თქვენ გესაუბრებათ.

ახლა უკვე სამი წელია, რაც ერთად ვმოგზაურობთ, როგორც უფლის ეკლესიის წევრები. 2018 წ. ოქტომბერი იყო, როდესაც პირველმა პრეზიდენტობამ და თორმეტ მოციქულთა ქვორუმმა მოგვიწვიეს, წმინდა წერილის ახალი, შთამაგონებელი გზით შეგვეცნო იესო ქრისტე და ამისთვის მოდი და გამომყევი -თ გვეხელმძღვანელა.

ნებისმიერი მოგზაურობის დროს კარგია, დროდადრო შეჩერდე და შეაფასო წინსვლა, დარწმუნდე, რომ დასახული მიზნისკენ სწორად მიდიხარ.

ჩვენი მიზანია - მოქცევა

განიხილეთ ეს ღრმა მტკიცებულება მოდი და გამომყევი-ს შესავალში:

„სახარების სწავლისა და შესწავლის მიზანია - გავაღრმავოთ ჩვენი მოქცევა მამაზეციერსა და იესო ქრისტეზე.

„… სახარების ისეთნაირად შესწავლა, რომ რწმენას გვიძლიერებდეს და მოქცევის სასწაულებისკენ მივყავდეთ, უცებ არ ხდება. იგი სცდება საკლასო ოთახს და ჩვენს გულებსა და ოჯახებში აღწევს. მოითხოვს თანმიმდევრულ, ყოველდღიურ მცდელობებს და სახარების მიხედვით ცხოვრებას. სახარების ისეთი შესწავლა, რომელსაც მივყავართ ჭეშმარიტ მოქცევისკენ, მოითხოვს სულიწმინდის გავლენას“.1

ეს არის ის სასწაული, რომელსაც ვეძიებთ - როდესაც ერთ პიროვენებას აქვს გამოცდილება წმინდა წერილში,2 და ეს გამოცდილება დალოცვილია სულიწმინდის გავლენით. მსგავსი გამოცდილება წარმოადგენს მხსნელზე ჩვენი მოქცევის საძირკველის ძვირფას ქვებს. და როგორც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა შეგვახსენა, სულიერი საძირკველი მუდამ საჭიროებს გამაგრებას.3 დიდი ხნის ნანატრი მოქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.4 ჩვენი მიზანია - მოქცევა.

იმისთვის, რომ თქვენი გამოცდილება წმინდა წერილთან მიმართებაში ყველაზე ეფექტური იყოს, იგი პირადი უნდა გახდეს.5 სხვა პიროვნების გამოცდილების შესახებ წაკითხვა ან მოსმენა და მისი შთაგონებები შესაძლოა დაგეხმაროთ, მაგრამ ამით არ მიიღებთ იგივე მოქცევის ძალას. ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებთ იმ დროს, რომელსაც თქვენ წმინდა წერილს ახარჯავთ, როდესაც სულიწმინდა პირდაპირ თქვენგესაუბრებათ.

რას მასწავლის სულიწმინდა?

ყოველ კვირას, როცა მოდი და გამომყევი სახელმძღვანელოს ვშლი, ფურცლის თავში კითხვას ვწერ: „რას მასწავლის სულიწმინდა ამ თავების კითხვის დროს“?

წმინდა წერილის შესწავლისას მე ამ შეკითხვას მრავალჯერ ვუბრუნდები. აუცილებლად მოდის სულიერი შთაბეჭდილებები და მე ამას ვიწერ ჩემს სახელმძღვანელოში.

როგორ გავიგო, რომ სულიწმინდა მასწავლის? როგორც წესი, ეს ხდება მარტივად და არა დრამატულად. ზოგჯერ ნაწყვეტი წმინდა წერილიდან უცებ ამოხტება და მიიქცევს ჩემს ყურადღებას. სხვა დროს შეიძლება გონება გამინათდეს სახარების პრინციპის უფრო ღრმა წვდომით. მე ასევე ვგრძნობ სულიწმინდის გავლენას, როცა მეუღლესთან, ანა მარიასთან ერთად, განვიხილავ წაკითხულს. მისი შეხედულებები ყოველთვის სულიწმინდას იწვევს.

წინასწარმეტყველი და პასექი

წელს ჩვენ ძველ აღთქმას ვსწავლობთ - წმინდა წერილი, რომელიც სულს სინათლით გვივსებს. ძველი აღთქმის კითხვისას ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ სანდო წინამძღვრებთან ვატარებ დროს: ადამი, ევა, ენოქი, ნოე, აბრაამი და მრავალი სხვა.

ამ კვირას, გამოსვლა 7-13სწავლისას ჩვენ ვკითხულობთ, თუ როგორ გაათავისუფლა უფალმა ისრაელის შვილები ეგვიპტეში საუკუნეების მანძილზე ტყვეობიდან. ჩვენ ვკითხულობთ ცხრა ჭირის შესახებ - ღვთის ძალის ცხრა შთამბეჭდავ გამოვლენაზე, რომელთა მოწმეც ფარაონი გახდა, რათა გული არ მოილბო.

შემდეგ უფალმა უთხრა თავის წინასწარმეტყველს, მოსეს, მეათე ჭირის შესახებ და როგორ შეეძლო ისრაელის ყოველ ოჯახს, მომზადებულიყო ამისთვის. ერთ-ერთი რიტუალის, პასექის, დროს, ისრაელებს მსხვერპლად უნაკლო მამალი ბატკანი უნდა შეეწირათ. შემდეგ სახლების კარის თავზე კრავის სისხლით ნიშანი უნდა დაედოთ. უფალი დაპირდა, რომ ყოველი სახლი, რომელიც ასე იყო მონიშნული სისხლით, დაცული იქნებოდა მომავალი ჭირისგან.

წმინდა წერილში წერია: „და წავიდნენ და გააკეთეს ისრაელის ძეთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს“ (გამოსვლა 12:28). ამ მორჩილების უბრალო წინადადებაში რაღაც ძალიან ძლიერი დევს.

რადგან ისრაელის შვილებმა დაუჯერეს მოსეს რჩევას და რწმენით იმოქმედეს, ისინი ჭირს გადაურჩნენ და თავის დროზეც ტყეობიდან გათავისუფლდნენ.

ასე რომ, რას მასწავლის სულიწმინდა ამ თავებში ამ კვირას?

აი რამდენიმე იდეა, რომელიც გამიჩნდა:

  • უფალი თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით იცავს და იხსნის თავის ხალხს.

  • რწმენამ და თავმდაბლობამ, რომლითაც ისინი მიჰყვებოდნენ წინასწარმეტყველს, განაპირობა დაცვისა და ხსნის სასწაული.

  • სისხლის ნიშანი კარის თავზე იყო იესო ქრისტეში, ღვთის კრავში, შინაგანი რწმენის გარეგანი ნიშანი.

წინასწარმეტყველი და უფლის დაპირება

ძალიან შთამბეჭდავია პარალელი უფლის მიერ ხალხის დალოცვისა ძველ აღთქმაში და ჩვენს დროში.

როცა უფლის ცოცხალმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა ნელსონმა, წარადგინა მოდი და გამომყევი როგორც წმინდა წერილის შესწავლის საშუალება მან მოგვიწვია, გვექცია ოჯახები რწმენისა და სახარების სწავლის წმინდა ადგილებად.

შემდეგ ოთხ კონკრეტულ კურთხევას დაგვპირდა:

  1. თქვენი კვირადღე იქნება სასიამოვნო,

  2. თქვენი შვილები სიხარულით ისწავლიან მხსნელის სწავლებას და იცხოვრებენ მისი მიხედვით,

  3. მოწინააღმდეგის გავლენა თქვენს ცხოვრებაზე და თქვენს ოჯახზე შემცირდება და

  4. ეს ცვლილებები თქვენს ოჯახში იქნება მნიშვნელოვანი და მდგარი.6

ჩვენ არ გვაქვს მათი ჩანაწერები, ვინც მოსესთან ერთად ეგვიპტეში პასექი აღნიშნა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მრავალი მოწმობა წმინდანებისგან, რომლებიც დღეს ასეთივე რწენით ყურს უგდებენ პრეზიდენტ ნელსონის რჩევას და იღებენ დაპირებულ კურთხევებს.

აი რამდენიმე დამოწმება:

ახალგაზრდა დედამ თქვა: „ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე და ვხარობთ ქრისტეში ჩვენს სახლში. ჩემთვის უდიდესი დალოცვაა, რომ ჩემი შვილები იზრდებიან და სახლში ისმენენ საუბრებს სახარების თემაზე, რაც მათ მხსნელთან აახლოვებს“.7

უფროსი ასაკის ძმამ მოდი და გამომყევი -ს მეშვეობით წმინდა წერილის შესწავლას შეარქვა „„ღვთაებრივი შუქით აღვსილი გამტარი, რომელიც გვეხმარება, დავინახოთ სახარების დოქტრინა, რომელიც აუცილებელია ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის“.8

ახალგაზრდა მეუღლემ აღწერა თავისი ქორწინების დალოცვები: „მეუღლის გული უფრო სიღრმისეულად შევისწავლე და მეც უფრო მეტად გადავუშალე მას გული ერთობლივი სწავლსი დროს“.9

დიდი ოჯახის დედამ აღნიშნა, რომ შეიცვალა მისი ოჯახის სწავლების ძალისხმევა: მან აღნიშნა: „უკან რომ ვიხედები ისეთი გრძნობა მაქვს, რომ პიანინოზე ზამთრის ხელთათმანებით ვუკრავდი. ხელებს ვამოძრავებდი, მაგრამ მუსიკაზე რა გითხრათ. ახლა ხელთათმანები გავიძრე და მართალია, სრულყოფილად ჯერ ვერ ვუკრავ, მაგრამ სხვაობა აშკარაა. მოდი და გამომყევი -მ მომცა ხედვა, შესაძლებლობა, სამიზნე და მიზანი“.10

ახალგაზრდა მეუღლემ თქვა: „ჩემი ყველაზე დიდი პრიორიტეტი სახლში უფრო გამოიკვეთა იმ დროიდან, როცა მოდი და გამომყევი ჩემი დილის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. სწავლა მაიძულებს, მეტი ვიფიქრო იმაზე, რასაც ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ტაძარი, ჩემი ურთიერთობა მეუღლესთან და ჩემი მოწოდება. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი არის წმინდა ადგილი, სადაც ღმერთი პირველ ადგილზე დგას“.11

ერთ-ერთმა დამ გაგვიზიარე: „ჩემი ყოველდღიური გამოცდილება მოდი და გამომყევი -სთან დაკავშირებით იშვიათად არის გამორჩეული, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხედავ, როგორ ვიცვლები წმინდა წერილის ასეთი მუდმივი, ფოკუსირებული შესწავლის გამო. ასეთი შესწავლის წყალობით ვხდები მორჩილი, ვსწავლობს და ნელ-ნელა ვიცვლები“.12

დაბრუნებული მისიონერი ამბობს: „პროგრამა მოდი და გამომყევი -მ იმაზე მეტად დამაახლოვა წმინდა წერილის შესწავლასთან, ვიდრე მისიაში ყოფნისას და მე შევძელი, მოვალეობის გამო შესწავლის მენთალიტეტი ღვთის შეცნობის სესიებით შემეცვალა“.13

ერთ-ერთმა ძმამ თქვა: „მე ვგრძნობ, რომ სულიწმინდა უფრო ხშირად მეწვევა და არჩევნის გაკეთების დროს ღვთის ხელმძღვანელობას ვგრძნობ. შემიძლია, უფრო ღრმად ვისაუბრო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის უბრალო დოქტრინის სილამაზეზე“.14

შვიდი წლის ბავშმა გაგვიზიარა: „მალე მოვინათლები და მოდი და გამომყევი ამისთვის მამზადებს. მე ოჯახთან ერთად ვსაუბრობ ნათლობის შესახებ და ახლა არ ვნერვიულობ ნათლობაზე. მოდი და გამომყევი ეხმარება სულიწმინდას, შემოვიდეს ჩემს გულში და წმინდა წერილის წაკითხვისას სითბოს ვგრძნობ“.15

და ბოლოს, მრავალშვილიანი დედის აღსარება: „ღვთის სიტყვის შესწავლისას იგი ეხმარებოდა ჩვენს ოჯახს, შფოთვა ძალაში გადაგვეყვანა; განსაცდელი და გამოწვევა - ხსნაში; კამათი და კრიტიკა - სიყვარულსა და სიმშვიდეში; და მოწინააღმდეგის გავლენა - ღმერთის გავლენაში.16

ამ და მრავალმა სხვა ერთგულმა ქრისტეს მიმდევარმა სიმბოლურად ღვთის კრავის სისხლის ნიშანი დაადეს თავიანთი სახლის კარს. ისინი ავლენენ თავიანთ შინაგან ერთგულებას - იარონ მხსნელის კვალზე. მათი რწმენა წინ უძღვის სასწაულს. ეს არის ერთი პიროვნების სასწაული, რომელსაც აქვს გამოცდილება წმინდა წერილში და ეს გამოცდილება დალოცვილია სულიწმინდის გავლენით.

როცა წმინდა წერილს ვსწავლობთ, მიწაზე არ არის სულიერების შიმშილი. როგორც ნეფიმ თქვა: „ყოველი, ვინც ყურს დაუგდებს ღვთის სიტყვას და მას მტკიცედ ჩაეჭიდება, არასდროს არ დაიღუპება და მას მტრის ცდუნებები და მისი გავარვარებული ისრები ვერ სძლევენ და ვერც დააბრმავებენ განადგურებამდე მისაყვანად (1 ნეფი 15:24).

ძველ დროში ისრაელის შვილები მოსეს მეშვეობით მიღებულ უფლის მითითებებს რომ ასრულებდნენ, ისინი უსაფრთხოებითა და თავისუფლებით იყვნენ კურთხეულნი. დღეს, როდესაც ცოცხალი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მითითებებს მივყვებით, ჩვენ ზუსტად ასე ვიღებთ კურთხევებს - გულში მოქცევისა და ოჯახებში უსაფრთხოების სახით.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე ცოცხალია. ეს მისი ეკლესიაა, რომელიც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა აღადგინა დედამიწაზე. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ამჟამინდელი უფლის წინასწარმეტყველია. მე მიყვარს იგი და მხარს ვუჭერ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Come, Follow Me—For Individuals and Families: Old Testament 2022, vii.

  2. “We are each responsible for our individual spiritual growth” (Russell M. Nelson, “Opening Remarks,” Liahona, Nov. 2018, 8).

  3. See Russell M. Nelson, “The Temple and Your Spiritual Foundation,” Liahona, Nov. 2021, 93–96.

  4. ეს მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც პრეზიდენტი ნელსონი შეგვევედრა: „გამოძებნეთ დრო უფლისთვის! გააძლიერეთ თქვენი სულიერი საძირკველი ისე, რომ გაუძლოს დროის გამოცდას იმის კეთებით, რაც სულიწმინდას მისცემს საშუალებას, მუდამიყოს თქვენთან“ (“Make Time for the Lord,” ( Liahona, Nov. 2021, 120).

  5. „რაც არ უნდა თქვან ან გააკეთონ სხვებმა, ვერავინ ვერ წაგართმევთ მოწმობას, რომელიც დაგებადათ გულში და გონებაში იმის შესახებ, რაც ჭეშმარიტია“ (Russell M. Nelson, “Revelation for the Church, Revelation for Our Lives,” Liahona, May 2018, 95).

  6. See Russell M. Nelson, “Becoming Exemplary Latter-day Saints,” Liahona, Nov. 2018, 113–14. პრეზიდენტმა ნელსონმა გაიმეორა მოწვევა გასული წლის აპრილში: „თქვენი ვალდებულება - აქციოთ საკუთარი ოჯახი რწმენის პირველ წმინდა ადგილად არასოდეს არ უნდა დასრულდეს. როცა ამ დაცემულ სამყაროში იკლებს რწმენა და სიწმინდე, თქვენი საჭიროება წმინდა ადგილებისთვის მოიმატებს. მე გიწვევთ, გააგრძელოთ თქვენი ოჯახის წმინდა ადგილად გადაქცევა და არ დაიძრათ’ [მოძღვრება და აღთქმები 87:8; from that essential goal” (“What We Are Learning and Will Never Forget,” Liahona, May 2021, 79).

  7. პირადი მიმოწერა; იხ. ასევე 2 ნეფი 25:26.

  8. პირადი მიმოწერა.

  9. პირადი მიმოწერა.

  10. პირადი მიმოწერა.

  11. პირადი მიმოწერა.

  12. პირადი მიმოწერა.

  13. პირადი მიმოწერა.

  14. პირადი მიმოწერა.

  15. პირადი მიმოწერა.

  16. პირადი მიმოწერა.