გენერალური კონფერენცია
საუკეთესო სახლები
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


საუკეთესო სახლები

მხსნელი სრულყოფილი ინჟინერი, მშენებელი და ინტერიერის დიზაინერია. მისი პროექტია ჩვენი სულების სრულყოფილება და მარადიული სიხარული.

სულ ცოტა ხნის წინ სოლთ ლეიქ სითიში თვალში მომხვდა რეკლამა. მასზედ გამოსაჯული იყო ავეჯისა და ინტერიერის მოწყობის კომპანია უბრალო წარწერით: „ვემსახურებით სოლთ ლეიქ სითის საუკეთესო სახლებს“.

გზავნილი მიმზიდველი იყო - „რა არის „საუკეთსო სახლი“? შევნიშნე, რომ მე ამ შეკითხვამ დამაფიქრა, განსაკუთრებით ვფიქორბდი შვილებზე, რომლებიც მეუღლესთან, ქესისთან, ერთად გავზარდეთ და ასევე მათ შვილებზე, რომლებსაც ისინი ახლა ზრდიან. როგორც ყველა მშობელი, ჩვენც ვდარდობდით და ვლოცულობდით ჩვენს ოჯახზე. და ახლაც ასე ვიქცევით. ჩვენ მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ. როგორ იცხოვრონ მათ და მათმა შვილებმა საუკეთესო სახლებში? ფიქრები გამექცა ეკლესიის წევრების სახლებისკენ, რომლებშიც სტუმრობის უპირატესობა მოგვეცა მე და ქესის. ჩვენ მოპატიჟებით შევსულვართ სახლებში კორეასა და კენიაში, ფილიპინებსა და პერუში, ლაოსსა და ლატვიაში. მინდა გაგიზიაროთ ოთხი დაკვირვება ამ სახლების შესახებ.

პირველი: უფლის გადმოსახედიდან საუკეთესო სახლის შექმნა უკავშირდება იმ ადამიანების პირად თვისებებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ეს სახლები ვერ გახდება საუკეთესო მათში მცხოვრები ადამიანების ავეჯის, ნაცნობობისა ან სოციალური სტატუსის გამო. ნებისმიერი სახლის საუკეთესო დახასიათება არის ქრისტეს ხატება, რომელიც აირეკლება სახლის ბინადრებზე. ყველაზე მნიშვნელოვანია სახლში მცხოვრებთა სულების ინტერიერი და არა უშუალოდ შენობა.

ქრისტეს თვისებები მოიპოვება „დროთა განმავლობაში“1 აღთქმის ბილიკზე სიარულისას გამიზნული წინსვლის შედეგად. ქრისტეს თვისებები ამკობს იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ცდილობენ, სიკეთეში იცხოვრონ. ისინი ავსებენ სახლს სახარების სინათლით და არ აქვს მნიშვნელობა იმას, მიწის იატაკია სახლში თუ მარმარილოსი. მაშინაც კი, როცა ხართ ოჯახში ერთადერთი, ვინც მიჰყვება ბრძანებას „ეძიოს ყოველივე ეს“2 თქვენ შეგიძლიათ, შეიტანოთ თქვენი წვლილი თქვენი სახლის სულიერ მოწყობაში.

ჩვენ მივყვებით უფლის რჩევას, „მოვწესრიგდეთ; მოვამზადოთ ყოველი საჭირო ნივთი და შევქმნათ სახლი“ წესრიგით, მზადებით და სულიერი ცხოვრების დაარსებით და არა უძრავი ქონებით. როცა მოთმინებით მივყვებით მხსნელის აღთქმულ გზას, ჩვენი სახლი ხდება „დიდების სახლი, სახლი წესრიგისა [და] ღმერთის სახლი“.3

მეორე: საუკეთესო სახლების მაცხოვრებლები ყოველდღე პოულობენ დროს წმინდა წერილისა და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვების სწავლისთვის. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწვია, „გარდავქმნათ“ და „გადავაკეთოთ“ ჩვენი სახლები სახარების სწავლების მეშვეობით.4 მისი მოწვევა ითვალისწინებს იმას, რომ საუკეთესო სახლში უნდა დაბინავდეს ნაზი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირადი ზრდა და სისუსტეების გარდაქმნა. ყოველდღიური მონანიება არის გარდაქმნის იარაღი, რომელიც გვეხმარება, გავხდეთ ცოტა უფრო მეტად კეთილნი, მოსიყვარულენი და გამგებნი. წმინდა წერილის შესწავლა გვაახლოვებს მხსნელთან, რომლის სულგრძელი სიყვარული და მადლი გვეხმარება ზრდაში.

ბიბლია და მორმონის წიგნი გვიყვება ოჯახების შესახებ, ასე რომ არ არის გასაკვირი, რომ ეს ღვიური წიგნები გახლავთ საუკეთესო სახლების მშენებლობის შეუდარებელი სახელმძღვანელოები. მათში აღინუსხება მშობლების დარდი, ცდუნების ხიფათი, სიმართლის გამარჯვება, შიმშილობისა და სიუხვის განცდები, ომების საშინელებანი და მშვიდობის ჯილდო. ისევ და ისევ გვიჩვენებს წმინდა წერილი, როგორ აღწევს ოჯახი წარმატებას მართალი ცხოვრების შედეგად და როგორ განიცდის მარცხს სხვა გზაზე სიარულით.

მესამე: საუკეთესო სახლი მიჰყვება უფლის მიერ შექმნილ გეგმას საუკეთესო სახლისთვის - ტაძრისთვის. ტაძრის მშენებლობა იწყება ძირითადი ნაბიჯებით - ნიადაგის მოწმენდითა და ზედაპირის გასწორებით. მიწის მომზადების ეს აუცილებელი ნაბიჯები შეიძლება შევადაროთ ძირითადი მცნებების დაცვას. მცნებები არის ის საძირკველი, რომელზედ მოწაფეობა შენდება. მყარი მოწაფეობა გვაყალიბებს მტკიცე, ურყევ, შეუდრეკელ პიროვნებებად,5 ტაძრის რკინის კარკასის მსგავსად. მყარი კარკასი აძლევს უფალს იმის საშუალებას, რომ გულის შესაცვლელად სულიწმინდა გვიბოძოს.6 გულის ძლიერი შეცვლის გამოცდილება შეიძლება შევადაროთ ტაძრის ინტერიერში შესანიშნავი ელემენტების დამატებას.

როცა რწმენას ვაღრმავებთ, უფალი მუდამ ცვლილებებს ახდენს ჩვენში. ჩვენ უფლის ხატებას ვიღებთ ჩვენს სახეზე და ვიწყებთ მისი ბუნების სიყვარულისა და მშვენიერების გამოსხივებას.7 როცა მას ვემსგავსებით, ჩვენ მის სახლში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც შინ და ისიც ჩვენში თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ჩვენი სახლის სიახლოვე მის სახლის სიახლოვეში, თუ რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენებთ სატაძრო რეკომენდაციას და ვიქნებით ამ რეკომენდაციის ღირსნი, ჩვენი ვითარებიდან გამომდინარე. ასე რომ მოვიქცევით, უფლის სახლის სიწმინდე ჩვენს სახლშიც დაისადგურებს.

დიდებული სოლთ ლეიქის ტაძარი აქვეა. ეს ტაძარი აშენდა 1853-1893 წ.წ. პიონერების მიერ, პრიმიტიული იარაღებით, ადგილობრივი მასალების გამოყენებით და უსასრულო მძიმე შრომის შედეგად. ეკლესიის ადრეულმა წევრებმა გამოიჩინეს საუკეთესო საინჟინრო, არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებული ცოდნა, რის შედეგადაც აშენდა შედევრი, რომელსაც მილიონები აღიარებენ.

ტაძრის მიძღვნის შემდეგ დაახლოებით 130 წელი გავიდა. უხუცესმა გარი ე. სტივენსონმა აღნიშნა გუშინ, რომ ტაძრის ასაშენებლად ადრე გამოყენებული საინჟინრო პრინციპები შეიცვალა ახალი, უფრო უსაფრთხო სტანდარტებით. ტაძრის საინჟინრო და გასამაგრებელი სამუშაოების არ ჩატარება იქნებოდა უპატივცემლობა პიონერებისადმი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ და დაუტოვეს ტაძარი და მასზე ზრუნვა მომავალ თაობებს.

ეკლესიამ დაიწყო ოთხწლიანი აღდგენის პროექტი ტაძრის აგებულობისა და სეისური სიმყარის სამუშაოების ჩასატარებლად.8 გამაგრდება საძირკველი, იატაკი, კედლები. საუკეთესო ინჟინრები მიუსადაგებენ ტაძარს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვერ ვიხილავთ სამშენებლო ცვლილვებებს, მაგრამ მისი შედეგი რეალური და მნიშვნელოვანი იქნება. ყოველივე ამ საქმეში ტაძრის მშვენიერი ინტერიერი შენარჩუნდება.

ჩვენ უნდა მივყვეთ სოლთ ლეიქ ტაძრის მაგალითს და დავუთმოთ დრო ჩვენს სულიერ სეისმურ საინჟინრო მდგომარეობის შეფასებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. პერიოდული თვითშეფასება, უფალთან საუბარში კითხვის დასმასთან ერთად: „რაღა მაკლია კიდევ“?9 დაგვეხმარება საუკეთესო სახლის აშენებაში.

მეოთხე: საუკეთესო სახლები ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან თავშესაფარია. უფალი დაგვპირდა, რომ ვინც იცავს ღვთის მცნებებს, „აყვავდება მიწაზე“.10 ღვთის კეთილდღეობაა, ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად ვიაროთ წინ.

2002 წ. მე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე პრობლემებთან დაკავშირებით. პარაგვაიში, ასუნციონში ყოფნისას, ქალაქის პალოს პრეზიდენტს შევხვდი. იმ დროს პარაგვაი საშინელი ფინანსური კრიზისის წინაშე იდგა და ეკლესიის მრავალი წევრი იტანჯებოდა და თავი ძლივს გაჰქონდათ. მე სამხრეთ ამერიკაში მისიიდან დაბრუნების შემდეგ არ ვყოფილვარ, პარგვაიში კი საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი. უბრალოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ რეგიონის პრეზიდენტობაში მომიწია მსახურება. რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შემწევდა უნარი, იმ პალოს პრეზიდენტებისთვის რჩევა მიმეცა, მე ვკითხე მათ, რა იყო კარგად მოგვარებული მათ პალოებში. პირველმა პალოს პრეზიდენტმა მიამბო იმის შესახებ, რა მიდიოდა კარგად. მეორემ მითხრა, რა იყო კარგად და ახსენა რამდენიმე პრობლემა. იმ დროისთვის, როცა ბოლო პალოს პრეზიდენტამდე მივედით, მან მხოლოდ არასასიამოვნო პრობლემებზე ისაუბრა. როცა პალოს პრეზიდენტებმა ამიხსნეს სიტუაციის მასშტაბები, მე ძალიან დავდარდიანდი, თითქმის სასოწარკვეთლი ვიყავი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა.

როცა ბოლო პალოს პრეზიდენტი ამთავრებდა საუბარს, აზრი დამებადა: „უხუცესო კლეიტონ, დაუსვი მათ ეს შეკითხვა: ‘პრეზიდენტებო, თქვენს პალოებში ვინ იხდის სრულ მეათედს, უხვ მარხვის შემოწირულობას, განადიდებს მოწოდებას, ყოველთვიურად დადის ოჯახებში შინა მასწავლებლის ან სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამით11 , ატარებს ოჯახურ საღამოებს, სწავლობს წმინდა წერილს, ყოველ დღე ლოცულობს ოჯახთან ერთად და რამდენ მათგანს აქვს პრობლემები, რომლებსაც ისინი დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ ისე, რომ ეკლესია არ ჩაერიოს და მათ მაგივრად არ გადაწყვიტოს პრობლემები“?

მე დავემორჩილე ამ კარნახს და დავუსვი პალოს პრეზიდენტებს ეს კითხვა.

მათ გაკვირვებულებმა შემომხედეს, სიჩუმე ჩამოწვა და შემდეგ თქვეს: „“Pues, ninguno” რაც ნიშნავს: „არავინ“. შემდეგ მათ მითხრეს, რომ არც ერთ იმ წევრთაგანს, რომელიც ყოველივე ამას ასრულებდა, არ ჰქონდა პრობლემები, რომლებსაც თავად ვერ უმკლავდებოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი საუკეთესო სახლებში ცხოვრობდნენ. მათი ერთგული ცხოვრება აძლევდა მათ ძალას, ხედვას და ზეციურ დახმარებას, რომელიც მათ სჭირდებოდათ იმ ეკონომიკური ქაოსის პირობებში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართალნი არ გახდებიან ავად, არ შეემთხვევათ უბედური შემთხვევები, საქმე არ წაუვათ უკან ან არ ექნებათ სხვა მრავალი განსაცდელი. მოკვდავ მდგომარეობას ყოველთვის ახლავს სირთულეები, მაგრამ დროდადრო ვხედავდი, რომ ისინი, ვინც ცდილობენ მცნებების დაცვას, სიმშვიდითა და იმედით ახერხებენ წინ მიმავალი გზის პოვნას. ეს დალოცვები ყველასათვის ხელმისაწვდომია.12

დავითმა გამოაცხადა: „სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“.13 სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი სახლი და როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ოჯახის შემადგენლობა, თქვენ შეგიძლიათ, აუშენოთ თქვენს ოჯახს საუკეთესო სახლი. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება უზრუნველყოფს გეგმას ასეთი სახლისთვის. მხსნელი სრულყოფილი ინჟინერი, მშენებელი და დიზაინერია. მისი პროექტია ჩვენი სულების სრულყოფილება და მარადიული სიხარული. მისი მოსიყვარულე დახმარებით თქვენს სულს შეუძლია გახდეს ის, რაც უფალს სურს და თქვენც შეგიძლიათ, იყოთ თქვენი საუკეთესო ვერსია და მზად იყოთ, დააარსოთ საუკეთესო სახლი და იცხოვროთ მასში.

მე მადლიერებით ვმოწმობ, რომ ღმერთი, ყოველი ჩვენგანის მამა, ცოცხალია. მისი ძე, იესო ქრისტე, არის კაცობრიობის მხსნელი და გამომსყიდველი. ჩვენ მათ სრულყოფილი სიყვარულით ვუყვარვართ. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ღვთის სასუფეველი დედამიწაზე. ცოცხალი წინასწარმეტყველები და მოციქულები დღეს წინ მიგვიძღვიან. მორმონის წიგნი ჭეშმარიტია. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება უზრუნველყოფს გეგმას საუკეთესო სახლების დაარსებისთვის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.