გენერალური კონფერენცია
მოდით და გახდით ჩვენი ნაწილი
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


მოდით და გახდით ჩვენი ნაწილი

ჩვენ ვიწვევთ ღვთის ყველა შვილს მთელი მსოფლიოდან, შემოგვიერთდნენ ამ დიდ მცდელობაში.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მეგობრებო! ყოველ კვირას უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები მთელს მსოფლიოში თაყვანს სცემენ ჩვენს საყვარელ მამაზეციერს, სამყაროს მეფესა და ღმერთს, ასევე მის საყვარელ ძეს, იესო ქრისტეს. ჩვენ ვფიქრობთ იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებაზე - ერთადერთ უცოდველ სულზე, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია, ღვთის უნაკლო კრავზე. ჩვენ ვიღებთ ზიარებას მისი მსხვერპლის მოსაგონებლად და ვაღიარებთ, რომ იგი არის ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი.

ჩვენ გვიყვარს იგი და პატივს მივაგებთ მას. თავისი ბრძნული, მარადიული სიყვარულის გამო იესო ქრისტე დაიტანჯა და აღესრულა, თქვენთვისა და ჩემთვის. მან გატეხა სიკვდილის კარიბჭე, დაამსხვრია ბარიერები, რომლებიც აცალკევებდა მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს1 და მოუტანა იმედდაკარგულებს იმედი, ავადმყოფებს განკურნება, დატყვევებულთ - თავისუფლება.2

ჩვენ მას ვუძღვნით გულს, ცხოვრებასა და ყოველდღიურ ლოცვებს. ამიტომაც ჩვენ „ვლაპარაკობთ ქრისტეზე, ჩვენ ვხარობთ ქრისტეში [და] ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეზე, … რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომელ წყაროს დაეყრდნონ ცოდვების მისატევებლად“.3

მოწაფეობის გამოყენება პრაქტიკაში

მაგრამ ისო ქრისტეს მოწაფეობა მოიცავს ქრისტეზე საუბრისა და მასზე ქადაგებაზე გაცილებით უფრო მეტს. თავად მხსნელმა აღადგინა თავისი ეკლესია, რათა დაგვხმარებოდა, დავმსგავსებოდით მას. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ისეა აგებული, რომ უზრუნველყოს მოწაფეობისთვის საფუძვლების ცხოვრებაში გამოყენების საშუალებები. ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობით ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ამოვიცნოთ სულიწმინდის კარნახი და ვიმოქმედოთ ამ კარნახის შესაბამისად. ჩვენ ვანვითარებთ სხვების მიმართ კეთილგანწყობისა და თანაგრძნობის ჩვევას.

ეს მთელი ცხოვრების საქმეა და მოითხოვს პრაქტიკას.

წარმატებული ათლეტები უთვალავ საათს ატარებენ თავიანთი სპორტის საფუძვლების დახვეწაში. ექთნები, ქსელის მუშაკები, ბირთვული ინჟინრები და თქვვენი მონამორჩილიც კი, ჰარიეტის სამზარეულოში კერძების მომზადებაში რომ ვეჯიბრები მას, ყველანი ვაღწევთ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბეჯითად ვვარჯიშობთ.

მე, როგორც მფრინავი კაპიტანი, ხშირად ვავარჯიშებდი მფრინავებს ტრენაჟორზე - ეს რთული აპარატი ფრენის ილუზიას გიქმნის. ტრენაჟორი არა მხოლოდ ეხმარება მფრინავებს, აითვისონ ფრენის საფუძვლები, არამედ აძლევს მათ იმის საშუალებას, დადგნენ მოულოდნელობის წინაშე, რაც შესაძლოა რეალური ფრენის დროს მოხდეს და ისწავლონ სწრაფი რეაგირება.

იგივე შეიძლება ითქვას იესო ქრისტეს მოწაფეებზეც.

იესო ქრისტეს ეკლესიის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით და მისი უამრავი საშუალებების გამოყენებით ჩვენ უკეთ მოვემზადებით ცხოვრების ცვალებადი ვითარებებისთვის, როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს ისინი. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, შეგვაგულიანეს, ჩავიძიროთ ღვთისა და მისი ძველი დროისა და თანამედროვე წინასწარმეტყველების სიტყვებში. მამაზეციერისადმი გულწრფელი, თავმდაბალი ლოცვის მეშვეობით ჩვენ ვსწავლობთ სულიწმინდის ხმის ამოცნობას. ჩვენ ვიღებთ მსახურების, სწავლების, დაგეგმარების, მზრუნველობისა და მართვის მოწოდებებს. ეს საშუალებები ანვითარებს ჩვენს სულს, გონებასა და ბუნებას.

ისინი გვეხმარება, მოვემზადოთ წმინდა აღთქმების დადებისთვისა და დაცვისთვის, რაც დაგვლოცავს ამ ცხოვრებაში და იმ ქვეყნად.

შემოგვიერთდით!

ჩვენ ვიწვევთ ღვთის ყველა შვილს მთელი მსოფლიოდან, შემოგვიერთდნენ ამ დიდ მცდელობაში. მოდით და ნახეთ COVID-19 ით გამოწვეულ რთულ ვითარებაშიც კი შეგვხვდით ინტერნეტით. შეხვდით ინტერნეტით ჩვენს მისიონერებს. თქვენ თავად შეიტყვეთ ამ ეკლესიის შესახებ! და როცა ეს რთული დრო დამთავრდება, შეგვხვდით ჩვენს სახლებსა და სამლოცველოებში!

გიწვევთ, მოხვიდეთ და დაგვეხმაროთ! მოდით და იმსახურეთ ჩვენთან ერთად, გაუწიეთ მზრუნველობა ღვთის შვილებს და ამით იარეთ მხსნელის კვალზე და გააუმჯობესეთ ეს სამყარო.

მოდით და გახდით ჩვენი ნაწილი! თქვენ გაგვაძლიერებთ. თქვენც უფრო კარგი, კეთილი და ბედნიერი ადამიანი გახდებით. თქვენი რწმენა გაღრმავდება და უფრო მოქნილი გახდება, იგი უფრო მეტად გაუძლებს ამ ცხოვრების მოულოდნელობებსა და ქარიშხლებს.

როგორ უნდა დავიწყოთ? არსებობს უამრავი ხერხი.

ჩვენ გიწვევთ, წაიკითხოთ მორმონის წიგნი. თუ არ გაქვთ ეს წიგნი, შეგიძლიათ წაიკითხოთ იგი ინტერნეტში საიტზე ChurchofJesusChrist.org4 ან გადმოტვირთეთ იგი აპლიკაციიდან მორმონის წიგნი. მორმონის წიგნი არის კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. იგი ძველი და ახალი აღთქმის თანამგზავრია. ჩვენ გვიყვარს ეს წმინდა წერილები და ვსწავლობთ მათ.

ჩვენ გიწვევთ, დაუთმოთ დრო საიტს ComeuntoChrist.org და შეიტყოთ, რას სწავლობენ ეკლესიის წევრები და რა სწამთ.

მოიწვიეთ მისიონერები, გაგესაუბრონ ინტერნეტით ან თუ შესაძლებელია, თქვენს სახლში - მათ თქვენთვის აქვთ იმედისა და განკურნების გზავნილი. ეს მისიონერები ჩვენი ძვირფასი ვაჟები და ქალიშვილები არიან, რომლებიც საკუთარი ხარჯებით იმყოფებიან მსოფლიოს უამრავ სხვადასხვა კუთხეში.

იესო ქრისტეს ეკლესიაში თქვენ იპოვით დიდ ოჯახს, რომლის წევრებიც არაფრით არ განსხვავდებიან თქვენგან. თქვენ იპოვით ადამიანებს, ვისაც სჭირდება თქვენი დახმარება და ვისაც სურთ, დაგეხმარონ, თქვენს მცდელობებში, გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ანუ ისეთი ადამიანი, როგორებადაც უნდა იქცეთ ღმერთის ჩანაფიქრის მიხედვით.

მაცხოვრის გაშლილი ხელები ყველას სწვდება

შეიძლება იფიქროთ: „მე შეცდომები დავუშვი ცხოვრებაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე ვიგრძნობ, რომ ვარ იესო ქრისტეს ეკლესიის ნაწილი. ღმერთს არ აინტერესებს ჩემნაირი ადამიანი“.

იესო, რომელიც არის ქრისტე, მიუხედავად იმისა, რომ არის „მეფეთა მეფე“,5 მესია, ცოცხალი ღვთის ძე6 , დიდად ზრუნავს ღვთის ყოველ შვილზე. იგი ზრუნავს ჩვენზე მიუხედავად მდგომარეობისა - ვართ მდიდარნი თუ ღარიბნი, არასრულყოფილნი თუ მტკიცენი. მიწიერი ცხოვრებისას მხსნელი ემსახურებოდა ყველას: ბედნიერებსა და წარმატებულებს, გულგატეხილებსა და დაკარგულებს, უიმედოებს. ხშირად ისინი, ვისაც იგი ემსახურებოდა და მზრუნველობას უწევდა არ იყვნენ არც ცნობილნი, არც უნაკლონი არც მდიდარნი. ხშირად ისინი, ვისაც იგი ეხმარებოდა მხოლოდ მადლიერებით, მორჩილი გულითა და რწმენის სურვილით უხდიდნენ მას მადლობას.

თუკი იესომ თავისი მიწიერი ცხოვრება გაატარა „უმცირესთა ძმათაგანთა“ მზრუნველობაში7 განა მას დღეს არ ეყვარებოდა ისინი? განა ეკლესიაში არ არის საკმარისი ადგილი ღვთის ყოველი შვილისთვის? მათთვისაც კი, ვინც თავს გრძნობს უღირსად, მივიწყებულად ან ეულად?

არ არსებობს სრულყოფილების ზღვარი, რომელიც უნდა გადალახოთ იმისთვის, რომ გახდეთ ღვთის მადლის ღირსნი. იმისთვის, რომ თქვენმა ლოცვამ ზეცას მიაღწიოს არ არის საჭირო, იგი ითქვას ხმამაღლა, მჭერეტყველურად ან გრამატიკულად გამართულად.

სიმართლე თუ გინდათ, ღმერთს არ ჰყავს ფავორიტები8- ის, რაც ფასობს ამქვეყნად, მისთვის არაფერია. მან იცის თქვენი გული, თქვენ მას უყვარხართ მიუხედავად წოდებისა, ფინანსური მდგომარეობისა ან ინსტაგრამში თქვენი მეგობრებისა.

როცა გულს მამაზეციერისკენ მოვაბრუნებთ და მას მივუახლოვდებით, ჩვენ ვიგრძნობთ, რომ იგი უფრო ახლოს მოვიდა ჩვენთან.9

ჩვენ მისი საყვარელი შვილები ვართ.

ისინიც კი, ვინც მას უარყოფს.

ისინიც კი, ვინც შეუგნებელი, უმართავი ბავშვივით უწყრება ღმერთს და მის ეკლესიას, მეტაფორულად ჩაალაგებენ ჩანთებს და გავარდებიან გარეთ განცხადებით, რომ არასოდეს დაბრუნდებიან უკან.

როცა ბავშვი სახლიდან გარბის, იგი ვერ ამჩნევს, რომ მისი შეწუხებული მშობლები ფანჯრიდან იყურებიან. მომბალი გულით ისინი უყურებენ თავიანთ შვილს, რომელიც მიდის სახლიდან და იმედოვნებენ, რომ მათი ძვირფასი შვილი რამეს ისწავლის ამ გულისშემძვრელი გამოცდილებიდან და ახალი თვალებით შეხედავს ცხოვრებას და ბოლოსდაბოლოს დაბრუნდება სახლში.

იგივე ითქმის მამაზეციერზე. იგი ელის ჩვენს დაბრუნებას.

თქვენი მხსნელი, სიყვარულისა და თანაგრძნობის ცრემლებით, ელის თქვენს დაბრუნებას. მაშინაც კი, როცა გგონიათ, რომ შორს ხართ ღმერთისგან, იგი გხედავთ; იგი გითანაგრძნობთ და მორბის თქვენკენ გაშლილი ხელებით.10

მოდით და გახდით ჩვენი ნაწილი.

ღერთი ნებას გვრთავს, ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე

ჩვენ მიწიერი ცხოვრების გზაზე მოსიარულე პილიგრიმები ვართ, აზრისა და ჭეშმარიტების მაძიებელნი. ზოგჯერ ერთადერთი რამ, რასაც ვხედავთ, არის ჩვენ წინ გაშლილი გზა და არ ვიცით, საით წაგვიყვანს მისი მისახვევ-მოსახვევები. ჩვენმა მოსიყვარულე მამაზეციერმა არ მოგვცა ყველა კითხვაზე პასუხი. იგი მოელის ჩვენგან, თავად გავერკვიოთ ბევრ რამეში. იგი გველის, ვიწამოთ, თუმცა ზოგჯერ ეს არ არის ადვილი.

იგი ელის ჩვენგან, გავშალოთ მხრები და ცოტათი დავიძაბოთ, გამოვიჩინოთ ძალა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ.

ასე ვსწავლობთ და ვიზრდებით.

ნუთუ მართლა გჭირდებათ ყოველი დეტალის გაშიფვრა? ნუთუ მართლა გინდათ ყოველ კითხვაზე პასუხი გქონდეთ? ყოველი დანიშნულების წერტილი გქონდეთ მონიშნული?

მჯერა, რომ მეტწილად ყველანი ძალიან მალე დავიღლებოდით ასეთი ზეციური მიკრომენეჯმენტისგან. ჩვენ გამოცდილებიდან ვსწავლობთ მნიშვნელოვან გაკვეთილებს. საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. მონანიებითა და იმის გააზრებით, რომ ბოროტება არასდროს არ ყოფილა ბედნიერება“.11

იესო ქრისტე, ძე ღვთისა, აღესრულა, რათა ჩვენი შეცდომების გამო არ შეჩერებულიყო ჩვენი წინსვლა. უფლის წყალობით ჩვენ შეგვიძლია, მოვინანიოთ და ჩვენი შეცდომები გახდება უფრო დიდი სიხარულისკენ მიმავალი საფეხურები.

არ არის აუცილებელი, მარტო იაროთ ამ გზაზე. მან არ მიგვატოვა სიბნელეში სახეტიალოდ.

ამიტომაც 1820 წ. გაზაფხულზე ღმერთი, თავის ძესთან, იესო ქრისტესთან ერთად, გამოეცხადა ახალგაზრდა მამაკაცს, ჯოზეფ სმითს.

დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. სამყაროს ღმერთი გამოეცხადა ადამიანს!

ეს იყო ჯოზეფის ღმერთთან და სხვა ზეციურ არსებებთან მრავალ შეხვედრათაგან პირველი. მრავალი სიტყვა, რომლითაც ამ ღვთიურმა არსებებმა მიმართეს მას, ჩაწერილია უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წმინდა წერილში. იგი ადვილად ხელმისაწვდომია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს მას და თავისთვის შეიტყოს, რა გზავნილი აქვს ღმერთს ჩვენთვის ამ დღეებში.

გიწვევთ, თქვენთვის შეისწავლოთ იგი.

ჯოზეფ სმითი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა ეს გამოცხადებები მიიღო. მრავალი მათგანი მიეცა მას, როცა 30 წლისაც არ იყო.12 მას გამოცდილება აკლდა და ზოგიერთი ადამიანის აზრით, არ შეესაბამებოდა უფლის წინასწარმეტყველს.

და უფალმა მაინც მოიხმო იგი იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც ყველაგან წმინდა წერილში გვხვდება.

ღმერთი არ ელოდებოდა სრულყოფილ ადამიანს სახარების აღსადგენად.

რომ ყოფილიყო საჭირო, იგი კიდევ დაელოდებოდა.

ჯოზეფი ძალიან გგავდათ თქვენ და მეც. მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფმა შეცდომები დაუშვა, ღმერთმა მაინც გამოიყენა იგი თავისი დიადი მიზნების აღსასრულებლად.

პრეზიდენტი თომას ს. მონსონი ხშირად იმეორებდა ამ რჩევას: „ვისაც უფალი უხმობს, მას ღირსეულს ხდის“.13

პავლე მოციქული მიმართავდა წმინდანებს კორინთოში: „ნახეთ, [ძმებო და დებო] ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული.“14

ღმერთი, თავისი მიზნების აღსასრულებლად, იყენებს სუსტებსა და უბრალოებს. ეს ჭეშმარიტება არის მოწმობა იმისა, რომ ღმერთის ძალა და არა ადამიანის, აღასრულებს მის საქმეს დედამიწაზე.15

უსმინეთ მას, მიჰყევით მას

როცა ღმერთი გამოეცხადა ჯოზეფ სმითს, მან წარადგინა თავისი ძე, იესო ქრისტე და თქვა: „უსმინე მას“.16

ჯოზეფმა გაატარა დარჩენილი ცხოვრება ისე, რომ უსმენდა უფალს და მიჰყვებოდა მას.

ისე, როგორც ჯოზეფის შემთხვევაში, ჩვენი მოწაფეობაც იწყება გადაწყვეტილებით, მოვუსმინოთ და მივყვეთ მხსნელს, იესო ქრისტეს.

თუ გსურთ, მიჰყვეთ მას, მოიკრიბეთ რწმენა და იტვირთეთ მისი ჯვარი.

თქვენ აღმოაჩენთ, რომ მართლაც ეკუთვნით მის ეკლესიას - სითბოსა და სიყვარულის ადგილს, სადაც შეგიძლიათ, შეუერთდეთ მოწაფეობისა და ბედნიერების დიდებულ საქმეს.

იმედი მაქვს, რომ პირველი ხილვისადმი მიძღვნის ორასი წლისთავის იუბილეზე, როცა ჩვენ ვსწავლობთ და ვიხილავთ იესო ქრისტეს ეკლესიის აღდგენას, ჩვენ მივხვდებით, რომ ეს არ არის უბრალოდ ისტორიული მოვლენა. მე და თქვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს ამ დიად ისტორიაში, რომელიც კვლავ გრძელდება.

რაში მდებარეობს ჩემი და თქვენი როლი?

შევიტყოთ იესო ქრისტეს შესახებ. ვისწავლოთ მისი სიტყვა. მოვუსმინოთ მას, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა მის დიდებულ საქმეში და ამით მივყვეთ მას. გიწვევთ, მოხვიდეთ და გახდეთ ჩვენი ნაწილი!

არ არის აუცილებელი, იყოთ სრულყოფილი. უბრალოდ უნდა გქონდეთ სურვილი, განავითაროთ რწმენა და ყოველ დღე მიუახლოვდეთ უფალს.

ჩვენ გვევალება, გვიყვარდეს ღმერთი, ვემსახუროთ მას და ვემსახუროთ ღვთის შვილებს.

ასე რომ მოიქცევით, ღმერთი მოგფენთ თავის სიყვარულს, სიხარულს და გიბოძებთ ამ ცხოვრებისთვის საჭირო მითითებებს, ყველაზე სერიოზულ ვითარებისთვის და ამაზე მეტსაც.

მე ამაზე ვმოწმობ და გიტოვებთ დალოცვებს, დიდი მადლიერებითა და სიყვარულით ყოველი თქვენგანის მიმართ, ჩვენი მხსნელისა და მოძღვარის, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.