წმინდა წერილი
3 ნეფი 8


თავი 8

ქარიშხლები, მიწისძვრები, ხანძრები, გრიგალები და ძლიერი სტიქიური უბედურებები მოწმობენ ქრისტეს ჯვარცმის შესახებ. მრავალი ადამიანი განადგურებულია. სამი დღის განმავლობაში მიწა ბნელეთით დაფარულია. ცოცხლად დარჩენილები დასტირიან საკუთარ ბედს. დაახლოებით 33–34 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, იყო ასე, რომ ჩვენი ჩანაწერების შესაბამისად – და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჩანაწერები არის ჭეშმარიტი, რადგან, აჰა, ამ ჩანაწერებს აწარმოებდა მართალი ადამიანი, ვინაიდან მან მრავალი სასწაული ჭეშმარიტად მოახდინა იესოს სახელით; და არ არსებობდა არავინ, რომელიც მოახდენდა სასწაულს იესოს სახელით, თუ არ იქნებოდა მთლიანად განწმენდილი საკუთარი ურჯულოებისგან –

2 და ახლა, იყო ასე, რომ თუ ამ ადამიანმა არ დაუშვა შეცდომა ჩვენი დროის გამოთვლაში, გავიდა ოცდამეცამეტე წელი;

3 და ხალხმა დიდი სიწრფელით დაიწყო ლოდინი იმ ნიშნისა, რომელიც მათ ლამანიელმა წინასწარმეტყველმა, სამუელმა, აუწყა, დიახ, იმ ჟამისთვის, როდესაც მიწის პირს ბნელეთი დაფარავდა სამი დღის განმავლობაში.

4 და ხალხს შორის წამოიჭრა დიდი ეჭვი და კამათი, ამდენი ნიშნის მიუხედავად, რომელიც იყო მოცემული.

5 და იყო ასე: ოცდამეთოთხმეტე წელს, პირველ თვესა და მეოთხე დღეს, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, ისეთი, როგორიც არასდროს არ ენახათ მთელ მიწაზე.

6 და იყო ასევე დიდი და საშინელი გრიგალი; და საშინელი ჭექა-ქუხილი, ისეთი, რომ შეაზანზარა მთელი დედამიწა, თითქოს ლამობდა შუაზე გაპობას.

7 და იყო ძალზედ მკვეთრი ელვა, ისეთი, როგორც არასდროს ენახათ მთელ მიწაზე.

8 და ქალაქ ზარაჰემლას ცეცხლი გაუჩნდა.

9 და ქალაქი მორონი ჩაიძირა ზღვის სიღრმეებში და მისი მაცხოვრებლები დაიხრჩვნენ.

10 და მიწა დაეყარა ქალაქ მორონიჰას და ქალაქის ადგილზე დიდი მთა წარმოიშვა.

11 და დიდი და საშინელი განადგურება იყო სამხრეთის მიწაზე.

12 მაგრამ, აჰა, უფრო დიდი და საშინელი განადგურება დაატყდა ჩრდილოეთ მიწას; რადგან, აჰა, მთელი მიწის პირი შეიცვალა ქარიშხალისა და გრიგალისგან, ჭექა-ქუხილისა და ელვისგან და მთელ დედამიწაზე მიწისძვრებისგან;

13 და შარაგზები დაინგრა და გაფუჭდა სწორი გზები და მრავალი გლუვი ზედაპირი გახდა უხეში.

14 და მრავალი დიდი და თვალსაჩინო ქალაქი ჩაიძირა და მრავალი დაიწვა და მრავალი ზანზარებდა იქამდე, სანამ შენობები მიწაზე არ დაეცა და არ დაიხოცნენ მაცხოვრებლები და ადგილები დარჩა გაპარტახებული.

15 და იყო გადარჩენილი ქალაქები; მაგრამ ძალზედ მძიმედ დაზიანდა და იქ იყო მრავალი დახოცილი.

16 და ზოგიერთნი გრიგალმა გაიტაცა; საით წაიღო – არავინ იცის, გარდა იმისა, რომ ისინი გატაცებულ იქნენ.

17 ამგვარად, მთელი დედამიწის პირი დამახინჯდა ქარიშხლებისა და ჭექა-ქუხილების, ელვებისა და დედამიწაზე მიწისძვრების გამო.

18 და აჰა, ლოდები შუაზე იყო გაპობილი; ისინი დამსხვრეული იყო მთელი დედამიწის პირზე ისე, რომ მათ ნამტვრევებს პოულობდნენ ნაპრალებსა და ბზარებში მთელი მიწის პირზე.

19 და იყო ასე, რომ როდესაც შეწყდა ჭექა-ქუხილი, ელვა და ქარიშხალი, ქარბუქი და დედამიწაზე მიწისძვრები – რადგან, აჰა, ისინი გრძელდებოდა თითქმის სამი საათის განმავლობაში; და ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს გრძელდებოდა უფრო დიდ ხანს, ამისდა მიუხედავად, ყოველი ეს დიდი და საშინელი რამ მოხდა თითქმის სამი საათის განმავლობაში და შემდეგ, აჰა, მიწის პირზე სიბნელე იყო მოფენილი.

20 და იყო ასე, რომ უკუნი სიბნელე იყო მთელი მიწის პირზე, ისეთი, რომ მაცხოვრებლები, რომლებიც მიწაზე არ დაეცნენ, ბნელეთის ბურუსს გრძნობდნენ;

21 და სიბნელის გამო ვერ ანათებდა შუქი, ვერც სანთლებითა და ვერც ჩირაღდნებით; ვერც ცეცხლს ანთებდნენ თავიანთი კარგი და ძალზედ გამომშრალი შეშით, ასე რომ ვერანაირი შუქი ვერ ანათებდა.

22 და არ ჩანდა არანაირი შუქი არც ცეცხლისგან, არც რაიმე მკრთალი ნათება, არც მზისა და არც მთვარისა და არც ვარსკვლავების, რადგან ასეთი სქელი იყო ბნელეთის ბურუსი, რომელიც მოეფინა მიწის პირს.

23 და იყო ასე, რომ ეს გრძელდებოდა სამი დღის განმავლობაში, რომ არანაირი შუქი არ ჩანდა და მთელ ხალხში განუწყვეტლივ დიდი გლოვა და კვნესა და ტირილი იყო; დიახ, მწარე იყო ხალხის ტირილი, მათზედ მოვლენილი ბნელეთისა და დიდი განადგურების გამო.

24 ერთ ადგილზე ისმოდა, როგორ ტიროდნენ სიტყვებით: ამ დიდ და საშინელ დღემდე რომ მოგვენანიებინა, ჩვენი ძმები შენდობილნი იქნებოდნენ და არ დაიწვებოდნენ იმ დიდ ქალაქში, ზარაჰემლაში.

25 და მეორე ადგილზე ისმოდა, როგორ ტიროდნენ და გლოვობდნენ სიტყვებით: ამ დიდ და საშინელ დღემდე რომ მოგვენანიებინა და არ დაგვეხოცა და არ ჩაგვექოლა წინასწარმეტყველები და არ გაგვეძევებინა, მაშინ შენდობილნი იქნებოდნენ ჩვენი დედები და ჩვენი ლამაზი ქალიშვილები და ჩვენი შვილები გადარჩებოდნენ და არ დაიმარხებოდნენ იმ დიდ ქალაქში, მორონიჰაში. და ასეთი დიდი და საშინელი იყო ხალხის კვნესა.