წმინდა წერილი
3 ნეფი 21


თავი 21

ისრაელი გაერთიანდება, როდესაც მორმონის წიგნი იქნება მოვლენილი. წარმართნი თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან ამერიკის კონტინენტზე. ისინი გადარჩებიან, თუ იწამებენ და მორჩილნი იქნებიან; წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვეთილ იქნებიან და განადგურდებიან. ისრაელი ააშენებს ახალ იერუსალიმს და დაკარგული ტომები დაბრუნდებიან. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ჭეშმარიტად გეუბნებით, მოგცემთ ნიშანს, რათა იცოდეთ ჟამი, როდესაც ეს უნდა ახდეს, როდესაც შევკრებ ჩემს ხალხს, მრავალწლიანი გაფანტულობის შემდეგ, ისრაელის სახლო და მათ შორის კვლავ დავაარსებ ჩემს სიონს;

2 და აჰა, ამას მოგცემთ ნიშნად, რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით, როდესაც ყოველივე ეს, რაც მე გამოგიცხადეთ და რასაც გამოგიცხადებთ, პირადად და სულიწმინდის ძალით, რომელიც მამისგან მოგეცემათ, წარმართებსაც გამოეცხადებათ, რათა იცოდნენ ამ ხალხის შესახებ – იაკობის სახლის ნარჩენზე და ამ ჩემს ხალხზე, რომელიც მათ მიერ იქნება გაფანტული;

3 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, როდესაც მამისგან მათ ყოველივე ეს გამოეცხადებათ და მამისგან მიღებული თქვენ გადმოგეცემათ;

4 რადგან ამაშია მამის სიბრძნე, რომ ისინი დამკვიდრდნენ ამ მიწაზე და მამის ძალით, თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, რომ მათგან ეს გადმოვიდეს თქვენი შთამომავლობის ნარჩენთან, რათა აღსრულდეს მამის აღთქმა, რომელიც მან დადო თავის ხალხთან, ისრაელის სახლო.

5 ამიტომ, როდესაც ეს საქმენი და ის საქმენი, რომლებიც მომავალში თქვენ შორის შესრულდება, წარმართებიდან გადმოვა თქვენს შთამომავლებზე, რომლებიც ურჯულოების გამო გადაშენდებიან ურწმუნოებაში;

6 რადგან ასე სურს მამას, რომ ეს გადმოვიდეს წარმართებისგან, რათა წარმართებს დაანახოს საკუთარი ძალა იმ მიზნით, რომ წარმართებმა, თუ გულს არ გაიქვავებენ, შეძლონ მონანიება, ჩემთან მოსვლა და ჩემი სახელით ნათლობა და ჩემი მოძღვრების ჭეშმარიტი დედაარსის წვდომა, რათა ჩემს ხალხში ჩაითვალონ, ისრაელის სახლო;

7 და როდესაც ყოველივე ეს ახდება, რომ შენი შთამომავლობა დაიწყებს ყოველივე ამის წვდომას, ეს მათთვის იქნება ნიშანი, იცოდნენ, რომ უკვე დაწყებულია მამის საქმე იმ აღთქმის აღსასრულებლად, რომელიც მან დადო ხალხთან, რომელიც ისრაელის სახლს მიეკუთვნება.

8 და როდესაც დადგება ის დღე, იქნება ასე, რომ მეფეები დამუწავენ პირს; რადგან დაინახავენ იმას, რაც არ უამბიათ მათთვის; და რაც არ სმენიათ, იმას გაიგებენ.

9 რადგან იმ დღეს მამა აღასრულებს ჩემ გამო საქმეს, რომელიც მათ შორის იქნება დიადი და საოცარი საქმე; და მათ შორის იქნებიან, რომლებიც ამას არ იწამებენ, თუმცა ამას მათ ადამიანი განუცხადებს.

10 მაგრამ, აჰა, ჩემი მსახურის სიცოცხლე ჩემს ხელში იქნება; ამიტომ, მას ვერაფერს ავნებენ, თუმცა, დამახინჯდება მათ გამო. მაგრამ მას განვკურნავ, ვინაიდან მათ დავანახებ, რომ ჩემი სიბრძნე უფრო ძლიერია, ვიდრე ეშმაკის ცბიერება.

11 ამიტომ, იქნება ასე, რომ რომელიც არ იწამებს ჩემს სიტყვებს ანუ იესო ქრისტეს სიტყვებს, რომლებსაც მამა უბრძანებს, წარმართებთან მიიტანოს და უბოძებს ძალას, მიიტანოს ისინი წარმართებთან (ეს მოხდება ისე, როგორც თქვა მოსემ) ისინი ჩემი ხალხისგან მოიკვეთებიან, იმ ხალხისგან, რომელიც არის აღთქმული.

12 და ჩემი ხალხი, რომელიც არის იაკობის ნარჩენი, იქნება წარმართებს შორის, დიახ, მათ შორის, ვითარცა ლომი ტყის მხეცებში და ახალგაზრდა ლომივით ცხვრის ფარაში, რომელიც თუ გაივლის მათ შორის – გათელავს და ნაფლეთებად დაგლეჯს და ვერავინ ვერ იხსნის მათ.

13 ხელი მათი აღიმართება მტერზე და ყველა მათი მტერი იქნება მოკვეთილი.

14 დიახ, ვარამი წარმართებს, თუ არ მოინანიებენ; ვინაიდან იმ დღეს იქნება ასე, – ამბობს მამა, რომ მე მოვკვეთ შენგან შენს ცხენებს და გაგინადგურებ ეტლებს;

15 და მოვკვეთ შენი მიწის ქალაქებს და დავამხობ ყოველ შენს გამაგრებას.

16 და მოვკვეთ ჯადოსნობას შენი მიწიდან და აღარ გეყოლება გრძნეულები;

17 ქანდაკებებს მოვკვეთ შენი გარემოდან და შენს სათაყვანო ხატებს; და ვეღარ ეთაყვანები შენი ხელით ნაკეთს;

18 და ამოვძირკვავ კორომებს შენი გარემოდან; გაგინადგურებ ქალაქებს.

19 და იქნება ასე, რომ მოისპობა ყოველი ტყუილი და სიცრუე, შური, დაპირისპირება და სამღვდელოების ვერცხლისმოყვარეობა და მრუშობა.

20 რადგან იქნება ასე, – ამბობს მამა, რომ იმ დღეს ყველას, ვინც არ მოინანიებს და არ მოვა ჩემს საყვარელ ძესთან, მოვკვეთ ჩემი ხალხისგან, ისრაელის სახლო.

21 და მე მოვავლენ მათზე შურისგებასა და რისხვას, როგორც კერპთაყვანისმცემლებზე, ისეთს, როგორიც არ სმენიათ.

22 მაგრამ თუ მოინანიებენ და ჩემს სიტყვებს ყურს დაუგდებენ და გულს არ გაიქვავებენ, მე დავაარსებ ჩემს ეკლესიას მათ შორის; და დადებენ აღთქმას და ჩაითვლებიან იაკობის იმ ნარჩენში, რომელსაც ეს მიწა ვუბოძე საკუთარი მემკვიდრეობისთვის;

23 და დაეხმარებიან ჩემს ხალხს, იაკობის ნარჩენს, ასევე ყველას ისრაელის სახლიდან, რომლებიც მოვლენ, რათა ააშენონ ქალაქი, რომელსაც სახელად ერქმევა ახალი იერუსალიმი.

24 და შემდეგ, ისინი დაეხმარებიან ჩემს ხალხს, რომელიც მთელ მიწის პირზეა გაფანტული, შეიკრიბოს ახალ იერუსალიმში.

25 და შემდეგ ზეციური ძალა მოევლინება მათ; და მეც მათ შორის ვიქნები.

26 და შემდეგ, დაიწყება მამის სამუშაო იმ დღეს, როდესაც ამ სახარებას იქადაგებენ ამ ხალხის ნარჩენში. ჭეშმარიტად გეუბნებით, იმ დღეს დაიწყება მამის სამუშაო, მთელ ჩემს გაფანტულ ხალხში, დიახ, დაკარგულ ტომებში, რომლებიც მამამ იერუსალიმიდან გამოიყვანა.

27 დიახ, მამის მიერ დაიწყება სამუშაო ყველა ჩემს გაფანტულ ხალხში, რათა მომზადდეს გზა, რომლითაც ისინი მოვიდოდნენ ჩემთან, რათა ჩემი სახელით მამას მიმართონ.

28 დიახ, შემდეგ მამის მიერ დაიწყება სამუშაო ყველა ერში გზის მოსამზადებლად, რომლითაც მისი ხალხი შეიკრიბება სახლში, საკუთარი მემკვიდრეობის მიწაზე.

29 და გამოვლენ ყველა ერიდან; არც აჩქარებით არ გამოვლენ და არც გამოიქცევიან, რადგან მათ წინ მე ვივლი, – ამბობს მამა, და ზურგიდანაც მე დავიცავ.