წმინდა წერილი
3 ნეფი 16


თავი 16

იესო ეწვევა ისრაელის სხვა დაკარგულ ცხვრებს. უკანასკნელ დღეებში სახარება წარმართებთან მივა და შემდეგ ისრაელის სახლთან. უფლის ხალხი თავისი თვალით იხილავს, როდესაც იგი კვლავ აღადგენს სიონს. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მყავს სხვა ცხვრებიც, რომლებიც არ არიან ამ მიწიდან, არც იერუსალიმისა და არც გარშემო არც ერთი სხვა მიწიდან, სადაც მსახურებისთვის ვარ ნამყოფი.

2 ვინაიდან, ვისზეც ვლაპარაკობ, არიან ისინი, რომლებსაც ჯერ არ სმენიათ ჩემი ხმა; არც არასდროს მათ არ გამოვცხადებივარ.

3 მაგრამ მამისგან ბრძანება მივიღე, რომ მათთან წავიდე და ჩემი ხმა მოისმინონ და ჩემს ფარაში ჩაითვალონ, რომ იყოს ერთი ფარა და ერთი მწყემსი; ამიტომ მივდივარ, რათა მათ გამოვეცხადო.

4 და მე გიბრძანებთ, ჩაიწეროთ ეს სიტყვები ჩემი წასვლის შემდეგ, რათა თუ იქნება ისე, რომ ჩემი ხალხი იერუსალიმში, რომელმაც მიხილა და ჩემთან ერთად იყო მსახურებისას, არ სთხოვს მამას ჩემი სახელით, სულიწმინდის მეშვეობით ცოდნის მიღებას თქვენსა და ასევე სხვა ტომების შესახებ, რომლებზეც მათ არ გაუგიათ, რომ ჩანაწერები, რომლებსაც თქვენ გააკეთებთ, შენახულ იქნას და წარმართებს მოევლინოთ, რათა წარმართთა სისავსით, მათი შთამომავლების ნარჩენი, რომელიც თავისი ურწმუნოების გამო გაფანტული იქნება მიწის პირზე, შეიკრიბოს და მოყვანილ იქნას ჩემს, მათი გამომსყიდველის, ცოდნამდე.

5 და შემდეგ, მათ შევკრიბავ დედამიწის ოთხივე კიდიდან; და მაშინ აღვასრულებ აღთქმას, რომელიც მამამ აღუთქვა ისრაელის სახლის ყოველ ადამიანს.

6 და კურთხეულ არიან წარმართნი, რადგან ჩემი სწამთ სულიწმინდით, რომელიც მათთვის ჩემზე და მამაზე მოწმობს.

7 აჰა, მათი ჩემში რწმენისათვის, – ამბობს მამა, – და თქვენი ურწმუნოების გამო, ისრაელის სახლო, წარმართებთან უკანასკნელ დღეს მივა ჭეშმარიტება, რათა ყოველივე ამის სისავსე მათთვის გახდეს ცნობილი.

8 მაგრამ, ვარამი, – ამბობს მამა, – ურწმუნო წარმართებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოვიდნენ მიწის პირზე და გაფანტეს ჩემი ხალხი, რომელიც მიეკუთვნება ისრაელის სახლს; და ჩემი ხალხი, რომელიც არის ისრაელის სახლისა, გაძევებულ იქნა მათი გარემოცვიდან და ფეხქვეშ გათელილი.

9 და მამის წარმართებისადმი მოწყალების გამო და ასევე მამის განაჩენის გამო ჩემი ხალხისადმი, რომელიც მიეკუთვნება ისრაელის სახლს, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ყოველივე ამის შემდეგ და იმის შემდეგ, რაც დავუშვი, რომ ჩემი ხალხი, რომელიც არის ისრაელის სახლის, იყოს ნაცემი, გაჭირვებული, დახოცილი და მათი გარემოცვიდან გაძევებული, შეძულებული და მათი დასაცინი და გამასხარავებული –

10 და ასე ბრძანებს მამა, რომ გითხრათ: იმ დღეს, როდესაც წარმართნი ჩემი სახარების წინააღმდეგ შესცოდავენ და უარყოფენ ჩემი სახარების სისრულეს და აღზევდებიან გულის ამპარტავნობით მთელ ერებსა და მთელი დედამიწის ხალხზე და აღივსებიან ყოველგვარი სიცრუითა და ტყუილით, სიავითა და ყველანაირი თვალთმაქცობით, მკვლელობებითა და სამღვდელოებაში ვერცხლისმოყვარეობით, მრუშობითა და საიდუმლო სისაძაგლით; და თუ ისინი ყოველივე ამას ჩაიდენენ და უარყოფენ ჩემი სახარების სისრულეს, აჰა, – ამბობს მამა, მათ ჩემი სახარების სისრულეს წავართმევ.

11 და შემდეგ, გავიხსენებ ჩემს აღთქმას, რომელიც დავდე ჩემს ხალხთან, ისრაელის სახლო; და შემდეგ მათ მოვუტან ჩემს სახარებას.

12 და მე დაგანახებ, ისრაელის სახლო, რომ წარმართებს არ ექნებათ შენზედ ძალა, არამედ გავიხსენებ ჩემ მიერ თქვენთან დადებულ აღთქმას, ისრაელის სახლო, და შენ ჩემი სახარების სისრულის ცოდნასთან მოხვალ.

13 მაგრამ, თუ წარმართნი მოინანიებენ და ჩემთან დაბრუნდებიან, – ამბობს მამა, – აჰა, ჩაითვლებიან ჩემს ხალხში, ისრაელის სახლო.

14 და ჩემს ხალხს, რომელიც ისრაელის სახლს მიეკუთვნება, არ დავრთავ ნებას, გაიაროს მათში და ფეხქვეშ გათელოს ისინი, – ამბობს მამა.

15 მაგრამ, თუ არ მომიბრუნდებიან და ჩემს ხმას ყურს არ დაუგდებენ, მე მათ ნებას დავრთავ, დიახ, ჩემს ხალხს ნებას დავრთავ, ისრაელის სახლო, რომ გაიაროს მათში და ფეხქვეშ გათელოს; და ისინი იქნებიან, როგორც გამტკნარებული მარილი, რომელიც იმიერიდან აღარაფრად ივარგებს, მხოლოდ გარეთ უნდა გადაიყაროს ჩემი ხალხის მიერ ფეხქვეშ გასათელად, ისრაელის სახლო.

16 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, ეს მიბრძანა მამამ, რომ ამ ხალხს ეს მიწა თავისი მემკვიდრეობისთვის გადავცე.

17 და მაშინ აღსრულდება წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვები, რომელიც ამბობს:

18 შენი გუშაგები აიმაღლებენ ხმას; ერთად იმღერებენ; რადგან თავიანთი თვალით იხილავენ, როდესაც უფალი კვლავ აღადგენს სიონს.

19 მხიარულად შემოსძახეთ; ერთად იმღერეთ, თქვე იერუსალიმის გაპარტახებულო ადგილებო; რადგან უფალმა ანუგეშა თავისი ხალხი, მან იერუსალიმი გამოისყიდა.

20 გაიშიშვლა უფალმა წმინდა მკლავი ყველა ერის თვალწინ და დედამიწის ყველა კიდე იხილავს ჩვენი ღმერთის ხსნას.