წმინდა წერილი
3 ნეფი 24


თავი 24

უფლის მაცნე მეორედ მოსვლისთვის გზას მოამზადებს. ქრისტე იქნება მსაჯულის ადგილზე. ისრაელს უბრძანეს მეათედისა და შესაწირავების გადახდა. ინახება სამახსოვრო წიგნი. შეადარეთ მალაქია 3. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე, რომ მან უბრძანა, ჩაეწერათ სიტყვები, რომლებიც მამამ მალაქიას უბოძა, რომლებსაც იგი მათ ეტყვის. რადგან იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ისინი ჩაწერილ იქნა, მან ისინი განმარტა. და ეს არის სიტყვები, რომლებიც მათ უთხრა: მამამ ეს უთხრა მალაქიას: აჰა, მოვავლენ ჩემს მაცნეს და მოამზადებს გზას ჩემ წინაშე და უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ და აღთქმის მაცნე, რომელიც გსურთ; აჰა, იგი მოვა, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

2 მაგრამ, ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით.

3 დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და განმწმენდელივით; განწმენდს ლევიანთა შვილებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღონ უფალს შესაწირავი.

4 მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდასა და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარდასულ წლებში.

5 და მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

6 რადგან მე ვარ უფალი, მე არ ვიცვლები; და თქვენც არ დაილევით, იაკობის ძენო.

7 თქვენი მამების დღეებიდან მოყოლებული, არღვევდით ჩემს წეს-ჩვეულებებს და არ იცავდით მათ, მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. მაგრამ თქვენ ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?

8 განა ადამიანი მოიპარავს ღმერთისგან? თქვენ კი მპარავთ მე. მაგრამ ამბობთ: სად გპარავთო? მეათედში და შესაწირავში.

9 წყევლითა ხართ დაწყევლილნი, რადგან მომპარეთ, მთელმა ერმა.

10 მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში; აბა, გამომცადეთ ამით, – ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა ისე, რომ მის მისაღებად საკმარისი ადგილი არ იქნება.

11 შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

12 კურთხეულებად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ – ამბობს ცაბაოთ უფალი.

13 მძლავრობს ჩემზე თქვენი სიტყვები, – ამბობს უფალი. თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?

14 თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებს მისი წეს-ჩვეულებების დაცვა და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?

15 და ბედნიერები არიან ამპარტავნებიო; აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო.

16 მაშინ უფლის მოშიშნი ხშირად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში და ყურს უგდებდა უფალი და ესმოდა; და დაიწერა მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.

17 და ჩემი იქნებიან ისინი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, როდესაც უნჯად გავამზადებ მათ; და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს.

18 მაშინ დაბრუნდებით და განასხვავებთ მართალს ბოროტისგან, ღვთის მორჩილს მის ურჩისგან.