წმინდა წერილი
3 ნეფი 5


თავი 5

ნეფიელები მოინანიებენ და მიატოვებენ საკუთარ ცოდვებს. მორმონი წერს თავისი ხალხის ისტორიას და მარადიულ სიტყვას გამოუცხადებს მათ. ხანგრძლივი გაფანტულობის შემდეგ, ისრაელი შეიკრიბება. დაახლოებით 22–26 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, აჰა, ნეფიელთა მთელ ხალხში არ იყო არც ერთი ცოცხალი სული, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა ყოველ წმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამ სიტყვებში; რადგან იცოდნენ, რომ საჭირო იყო ამ სიტყვების აღსრულება.

2 და მათ იცოდნენ, რომ საჭირო იყო ქრისტეს მოსვლა მრავალი ნიშნის შესაბამისად, რომელიც მოცემული იყო წინასწარმეტყველთა სიტყვებისამებრ; და იმის გამო, რაც უკვე ახდა, მათ იცოდნენ, რომ ყველაფერი უნდა მომხდარიყო იმისდა შესაბამისად, როგორც ითქვა.

3 ამიტომ, მათ მიატოვეს ყველა თავიანთი ცოდვა, სისაძაგლე და მრუშობა და ბეჯითად ემსახურებოდნენ ღმერთს დღე და ღამე.

4 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მათ დაატყვევეს ყველა მძარცველი ისე, რომ არცერთი ცოცხლად არ გაქცეულიყო, მათ ჩაყარეს საპყრობილეში თავიანთი ტყვეები და ბრძანეს, ღვთის სიტყვა ექადაგებინათ მათთვის; და რამდენმაც მოინანია ცოდვები და დადო აღთქმა, რომ აღარასდროს ჩაიდენდა მკვლელობას, იმდენი გაანთავისუფლეს ტყვეობიდან.

5 მაგრამ რამდენმაც არ დადო აღთქმა და კვლავ საიდუმლო მკვლელობები ჰქონდა გულში ჩაფიქრებული, დიახ, ყველა, ვინც აფრქვევდა მუქარას თავიანთი ძმების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად განსჯილ იქნა და დაისაჯა.

6 და ამგვარად ბოლო მოუღეს ყოველ ბოროტ, საიდუმლო და ბილწ შეთქმულებას, რომელთა მეშვეობით ჩადენილ იქნა ამდენი სიბოროტე და მკვლელობა.

7 და ასე ჩაიარა ოცდამეორე წელმა და ასევე ოცდამესამე, ოცდამეოთხე და ოცდამეხუთე წლებმა; და ასე ჩაიარა ოცდახუთმა წელმა.

8 და ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც ზოგიერთის თვალში იქნებოდა დიდი და საოცარი; ამისდა მიუხედავად, მათ შესახებ ვერ დაიწერება ამ წიგნში; დიახ, ამ წიგნში ვერ შევა იმის მეასედიც კი, რაც ამდენ ხალხში გაკეთდა ოცდახუთი წლის განმავლობაში.

9 მაგრამ, აჰა, არის ჩანაწერები, რომლებიც მოიცავს ამ ხალხის მთელ საქმიანობას; და ნეფის მიერ არის მოცემული შემოკლებული, მაგრამ ჭეშმარიტი ამბავი.

10 ამიტომ, მე გავაკეთე ეს ჩანაწერები ყოველივე ამის შესახებ, ნეფის ჩანაწერის შესაბამისად, რომელიც ამოტვიფრულია ფირფიტებზე, რომლებსაც ნეფის ფირფიტები ეწოდება.

11 და აჰა, მე ვაკეთებ ჩანაწერს ფირფიტებზე, რომლებიც ჩემი საკუთარი ხელით დავამზადე.

12 და აჰა, მე მქვია მორმონი, მიწოდეს მიწა მორმონის სახელი, იმ მიწის, რომელზეც ალმამ ადამიანთა შორის დააარსა ეკლესია, დიახ, პირველი ეკლესია, რომელიც მათში დაარსდა, მათი შეცოდების შემდეგ.

13 აჰა, მე ვარ მოწაფე იესო ქრისტესი, ღვთის ძისა. მან მომიწოდა, ვიყო მისი სიტყვის მაუწყებელი თავის ხალხში, რათა მიიღონ მარადიული სიცოცხლე.

14 და საჭირო გახდა, რომ მე, ღვთის ნების შესაბამისად, გამეკეთებინა ჩანაწერი ყოველივე იმაზე, რაც მოხდა, რათა აღსრულდეს ლოცვები მათი რწმენის შესაბამისად, რომლებიც ამ ქვეყნიდან წავიდნენ, რომლებიც იყვნენ წმინდანნი –

15 დიახ, მცირე ჩანაწერი იმაზე, რაც მოხდა მას შემდეგ, რაც ლეხიმ მიატოვა იერუსალიმი, დღევანდელ დღემდე.

16 ამგვარად, ვაკეთებ ჩემს ჩანაწერს იმ ამბებიდან, რომლებიც გადმომეცა მათგან, ვინც იყვნენ ჩემამდე, ჩემი დღეების დასაწყისამდე;

17 და შემდეგ მე ვაკეთებ ჩანაწერს იმაზე, რაც ჩემი თვალით ვიხილე.

18 და მე ვიცი, რომ ჩანაწერი, რომელსაც ვაკეთებ, არის ჩანაწერი მართალი და ჭეშმარიტი; ამისდა მიუხედავად, არის მრავალი რამ, რომელზეც, ჩვენი ენის გამო, არ გვაქვს დაწერის შესაძლებლობა.

19 და ახლა, ვასრულებ ჩემს თქმულებას, რომელიც არის ჩემ შესახებ და ვაგრძელებ ამბავს, რომელიც იყო ჩემამდე.

20 მე ვარ მორმონი, ლეხის პირდაპირი შთამომავალი. მაქვს მიზეზი, ვადიდო ჩემი ღმერთი და ჩემი მხსნელი, იესო ქრისტე, რადგან მან გამოიყვანა ჩვენი მამები იერუსალიმის მიწიდან (და არავინ იცოდა ამის შესახებ, მის გარდა და მათ გარდა, რომლებიც მიწიდან გამოიყვანა) და იმისთვის, რომ ამდენი ცოდნა გვიბოძა მე და ჩემს ხალხს, ჩვენი სულების გადასარჩენად.

21 ჭეშმარიტად, მან აკურთხა იაკობის სახლი და მოწყალე იყო იოსების შთამომავლებისადმი.

22 და რამდენადაც იცავდნენ ლეხის შვილები მის მცნებებს, იმდენად აკურთხებდა იგი და ააყვავებდა მათ საკუთარი სიტყვის შესაბამისად.

23 დიახ, ჭეშმარიტად, იგი კვლავ მიიყვანს იოსების შთამომავლობის ნარჩენს უფლის, თავიანთი ღმერთის, ცოდნასთან.

24 და ჭეშმარიტად, ისე, როგორც ცოცხალია უფალი, იგი შეკრებს დედამიწის ოთხივე კიდიდან იაკობის შთამომავლობის ნარჩენს, რომელიც გაფანტულია მთელი დედამიწის პირზე.

25 და რადგან მან დადო აღთქმა იაკობის მთელ სახლთან, ეს აღთქმა, დადებული იაკობის სახლთან, აღსრულდება მისთვის შესაფერის დროს, იაკობის მთელი სახლის დასაბრუნებლად, იმ აღთქმის ცოდნისკენ, რომელიც მათთან დადო.

26 და შემდეგ ისინი გამომსყიდველს შეიცნობენ, რომელიც არის იესო ქრისტე, ძე ღვთისა; და შემდეგ შეიკრიბებიან დედამიწის ოთხივე კიდიდან თავიანთ საკუთარ მიწებზე, საიდანაც გაფანტულნი იქნენ; დიახ, ისე, როგორც ცოცხალია უფალი, ისე იქნება ეს. ამინ.