წმინდა წერილი
3 ნეფი 28


თავი 28

თორმეტი მოწაფიდან ცხრას სურს და იღებს ქრისტეს სასუფეველში მემკვიდრეობის დაპირებას გარდაცვალების შემდეგ. სამი ნეფიელი მოისურვებს და მიიღებს სიკვდილზე ძალაუფლებას, რათა დარჩნენ დედამიწაზე იესოს მეორედ მოსვლამდე; ისინი გარდაიქმნენ და მათ იხილეს ის, რისი თქმაც არ შეიძლება და ახლა ადამიანთა შორის მსახურობენ. დაახლოებით 34–35 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე: როდესაც იესომ თქვა ეს სიტყვები, იგი ესაუბრა თავის მოწაფეებს სათითაოდ, ეუბნებოდა მათ: რა გსურთ ჩემგან, მამასთან ჩემი წასვლის შემდეგ?

2 და ყველა მათგანმა, სამის გარდა, უთხრა: ჩვენ გვსურს, რომ მას შემდეგ, რაც მივაღწევთ ადამიანისთვის განსაზღვრულ წლოვანებას, დასრულდეს ჩვენი მსახურება, რომელზეც მოგვიწოდე, რამეთუ დაუყოვნებლივ მოვიდეთ შენთან, შენს სასუფეველში.

3 და მან უთხრა: კურთხეულნი ხართ, ვინაიდან ეს ისურვეთ ჩემგან; ამიტომ, მას შემდეგ, რაც სამოცდათორმეტი წლის გახდებით, ჩემს სასუფეველში მოხვალთ და ჩემთან ჰპოვებთ სიმშვიდეს.

4 და როდესაც მათთან ისაუბრა, იგი მოუბრუნდა დანარჩენ სამს და მიმართა მათ: რა გსურთ ჩემგან, მამასთან ჩემი წასვლის შემდეგ?

5 და ისინი დაღონდნენ თავიანთ გულებში, ვინაიდან ვერ ბედავდნენ იმის თქმას, რაც სურდათ.

6 და მან მიუგო მათ: აჰა, მე ვიცი თქვენი ფიქრები და გსურთ ის, რაც ჩემგან ისურვა იოანემ, ჩემმა საყვარელმა მოწაფემ, რომელიც იყო ჩემთან მსახურობისას, სანამ იუდეველებმა არ აღმართეს.

7 ამიტომ, უფრო მეტად კურთხეულნი ხართ, ვინაიდან ვერასდროს იგემებთ სიკვდილს; არამედ იცოცხლებთ, რათა იხილოთ მამის ყველა საქმე ადამიანთა შვილებისთვის, იქამდე, სანამ ყველაფერი არ აღსრულდება მამის ნებისამებრ, როდესაც ჩამოვალ ჩემი დიდებით ზეციურ ძალებთან ერთად.

8 და არასდროს გადაიტანთ სიკვდილის ტკივილებს; ხოლო როდესაც მოვალ ჩემი სიდიადით, თქვენ მოკვდავებიდან უკვდავებად შეიცვლებით თვალის დახამხამებაში; და მაშინ კურთხეულნი იქნებით ჩემი მამის სასუფეველში.

9 და კიდევ, არ იგრძნობთ ტკივილს, სანამ იქნებით ხორციელნი, არც დარდს, გარდა ქვეყნის ცოდვებისთვის და ყოველივე ამას გავაკეთებ იმისთვის, რაც მთხოვეთ, ვინაიდან თქვენ მთხოვეთ, რომ ჩემთან ადამიანთა სულების მოყვანა შეძლოთ მანამ, სანამ ქვეყანა იარსებებს.

10 და ამის გამო თქვენ გექნებათ სისრულე სიხარულისა; და ჩემი მამის სასუფეველში დასხდებით; დიახ, სავსე იქნება თქვენი სიხარული, როგორც მე მიბოძა მამამ სისრულე სიხარულისა; თქვენც იქნებით ისეთნი, როგორიც ვარ მე; და მე ვარ, როგორიც არის მამა; და მამა და მე ვართ ერთნი;

11 და სულიწმინდა მოწმობს მამაზე და ჩემზე; და მამა სულიწმინდას უბოძებს ადამიანთა შვილებს, ჩემ გამო.

12 და იყო ასე, რომ როდესაც იესომ წარმოთქვა ეს სიტყვები, იგი ყოველ მათგანს შეეხო თითით, გარდა იმ სამისა, რომლებიც უნდა დარჩენილიყვნენ და შემდეგ იგი წავიდა.

13 და აჰა, გაიხსნა ზეცა და ისინი აყვანილ იქნენ ზეცაში და იხილეს და მოისმინეს გამოუთქმელი.

14 და მათ აეკრძალათ, ეს გადმოეცათ სიტყვებით; არც ძალა მიეცათ, რათა მოეთხროთ ის, რაც იხილეს და მოისმინეს.

15 და ვერ იტყოდნენ, იყვნენ სხეულში თუ სხეულის გარეშე, ვინაიდან ეს მოევლინათ, როგორც მათი გარდაქმნა, რომ გარდაიქმნენ ამ ხორციელი სხეულიდან უკვდავ მდგომარეობაში, რათა იხილონ ღმერთის საქმენი.

16 და იყო ასე, რომ ისინი კვლავ ქადაგებდნენ დედამიწის პირზე; ამისდა მიუხედავად, არ ქადაგებდნენ იმას, რაც მოისმინეს და იხილეს, იმ ბრძანებების გამო, რომლებიც ზეციდან მიიღეს.

17 და ახლა, იყვნენ ისინი მოკვდავნი თუ უკვდავნი, თავიანთი გარდაქმნის დღიდან, მე არ ვიცი;

18 მაგრამ ვიცი, იმ ჩანაწერების მიხედვით, რომლებიც იქნა მოცემული – ისინი დადიოდნენ მიწის პირზე და ხალხს ემსახურებოდნენ, მოჰყავდათ ეკლესიაში იმდენი, რამდენიც იწამებდა მათ ქადაგებას, ნათლავდნენ მათ და რომლებიც მოინათლებოდნენ – სულიწმინდას იღებდნენ.

19 და მათ საპყრობილეში ყრიდნენ ისინი, რომლებიც ეკლესიას არ მიეკუთვნებოდნენ. და საპყრობილეები ვერ აკავებდა მათ, ვინაიდან შუაზე იპობოდა.

20 და მათ ღრმად მიწაში ყრიდნენ; მაგრამ ისინი ღმერთის სიტყვით მუსრავდნენ მიწას, ისე რომ მიწის სიღრმიდან მისი ძალით თავისუფლდებოდნენ; ამიტომ, შეუძლებელი იყო ისეთი სიღრმის ორმოების ამოთხრა, რომლებიც მათ შეაკავებდა.

21 და სამჯერ ჩაყარეს ღუმელში და ვერაფერი ავნეს.

22 ორჯერ ჩაყარეს გარეული მხეცების ბუნაგში; და აჰა, ვერაფერი ავნეს, ისინი ისე ეთამაშებოდნენ მხეცებს, როგორც ბავშვი ეთამაშება პატარა ბატკანს.

23 და იყო ასე, რომ ასე დადიოდნენ მთელი ნეფის ხალხში და ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ მთელ ხალხში მიწის პირზე; და ისინი მოიქცეოდნენ უფლის რწმენაში და უერთდებოდნენ ქრისტეს ეკლესიას; და ამგვარად, ამ თაობის ადამიანები კურთხეულნი იყვნენ იესოს სიტყვების შესაბამისად.

24 და ახლა, მე, მორმონი, ცოტა ხნით ვწყვეტ საუბარს ამის შესახებ.

25 აჰა, ვაპირებდი მათი სახელების დაწერას, რომლებიც არასდროს იგემებენ სიკვდილს, მაგრამ უფალმა ამიკრძალა; ამიტომ, მე მათ არ ჩამოვწერ, ვინაიდან ამ ქვეყნისგან არიან დამალულნი.

26 მაგრამ, აჰა, მე ვიხილე ისინი და ისინი მემსახურნენ.

27 და, აჰა, იქნებიან წარმართთა შორის და წარმართებს არ ეცოდინებათ მათ შესახებ.

28 ისინი იქნებიან იუდეველთა შორის და იუდეველებს არ ეცოდინებათ მათ შესახებ.

29 და იქნება ასე: როდესაც უფალი საკუთარი სიბრძნით ჩათვლის შესაფერისად, ემსახურონ ისრაელის გაფანტულ ტომებს და ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს და მათგან მრავალ სულს მიიყვანენ იესოსთან, რათა აღსრულდეს მათი სურვილი და ასევე ღმერთის დამარწმუნებელი ძალის გამო, რომელიც არის მათში.

30 და ისინი არიან ღმერთის ანგელოზებივით და თუ ილოცებენ მამისადმი იესოს სახელით, შეუძლიათ გამოეცხადონ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ნებით.

31 ამიტომ, დიადი და საოცარი საქმენი შესრულდება მათ მიერ, იმ დიდსა და მომავალ დღემდე, როდესაც ყოველი ადამიანი აუცილებლად უნდა წარსდგეს ქრისტეს სამსჯავროს წინაშე;

32 დიახ, წარმართთა შორისაც კი, მათ მიერ შესრულდება დიადი და საოცარი საქმენი, იმ განკითხვის დღემდე.

33 და თქვენ რომ გქონოდათ ყველა წმინდა წერილი, სადაც ქრისტეს ყოველი საოცარი საქმე არის აღწერილი, ქრისტეს სიტყვებიდან გეცოდინებოდათ, რომ ყოველივე ეს აუცილებლად ახდება.

34 და ვარამი მას, ვინც ყურს არ უგდებს იესოს სიტყვებს, ასევე მათ, რომლებიც მან ამოირჩია და გაგზავნა მათთან; ვინაიდან, რომელიც არ იღებს იესოსა და მის მიერ გაგზავნილთ სიტყვებს, არ იღებს მასაც; და ამიტომ, უკანასკნელ დღეს იგი მათ არ მიიღებს;

35 და უკეთესი იქნებოდა მათთვის, რომ არ დაბადებულიყვნენ. ვინაიდან, ნუთუ გგონიათ, რომ თავს დააღწევთ სასამართლოს განაწყენებული ღმერთისა, რომელსაც ადამიანები ფეხქვეშ თელავდნენ, რათა ამით ხსნა მოსულიყო?

36 და ახლა, აჰა, ვლაპარაკობდი მათ შესახებ, რომლებიც უფალმა ამოირჩია, დიახ, იმ სამის შესახებ, რომლებიც ზეცაში იყვნენ აყვანილნი, რომლებიც არ ვიცოდი, განწმენდილნი იყვნენ თუ არა მოკვდავებიდან უკვდავებში –

37 მაგრამ, აჰა, მას შემდეგ, რაც დავწერე, უფალს ვკითხე და მან გამომიცხადა, რომ საჭირო იყო მოეხდინა ცვლილება მათ სხეულებში, სხვაგვარად, მათ მოუწევდათ ეგემათ სიკვდილი;

38 ამიტომ, რომ არ ეგემათ სიკვდილი, ცვლილება მოხდა მათ სხეულებში, რათა არ გამოეცადათ არც ტკივილი და არც დარდი, ქვეყნის ცოდვებზე დარდის გარდა.

39 ახლა, ეს ცვლილება არ იყო იმისი ტოლი, რაც უკანასკნელ დღეს მოხდება; მაგრამ ცვლილება მოხდა მათში ისეთი, რომ სატანას არ ჰქონოდა მათზე ძალაუფლება, შეეცდინა ისინი; და განიწმინდნენ ხორცში, რათა წმინდანი ყოფილიყვნენ და მიწიერ ძალებს არ დაებრკოლებინა ისინი.

40 და ამ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ქრისტეს განკითხვის დღემდე; და იმ დღეს უფრო მეტად შეიცვლებიან და მიღებულნი იქნებიან მამის სასუფეველში, რათა აღარ გამოვიდნენ იქიდან, არამედ სამარადისოდ იცხოვრონ ზეცაში ღმერთთან.