წმინდა წერილი
2 ნეფი 8


თავი 8

იაკობი აგრძელებს ესაიას კითხვას: უკანასკნელ დღეებში უფალი ანუგეშებს სიონს და შეკრებს ისრაელს. გამოსყიდულნი სიონში მოვლენ დიდი სიხარულით. შეადარეთ ესაია 51 და 52:1–2. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 დამიგდეთ ყური, თქვენ, სამართლიანობის მიმდევარნო. შეხედეთ იმ კლდეს, რომლისგანაც ხართ გამოკვეთილნი და ორმოს სიღრმეს, რომლიდანაც ხართ ამოთხრილნი.

2 შეხედეთ მამათქვენს, აბრაამს, და სარას, იმას, რომელმაც გაგაჩინათ; რადგან იმ ერთს მოვუხმე და ვაკურთხე იგი.

3 ვინაიდან უფალი ანუგეშებს სიონს, ის ანუგეშებს მის ყოველ აოხრებულ ადგილს; და ედემად აქცევს მის ხრიოკს და მის უდაბნოს – უფლის წალკოტად. სიხარული და ბედნიერება იქნება მასში, სამადლობელი და გალობის ხმა.

4 დამიგდე ყური, ჩემო ხალხო, და მომისმინე, ჩემო ერო. რადგან ჩემგან წამოვა რჯული და სამართალი, ჩემი იქნება სინათლე ხალხისათვის.

5 ჩემი სამართალი ახლოსაა; ხსნა ჩემი გამოვიდა და ჩემი მკლავი განსჯის ხალხებს. კუნძულები დამენდობა და ჩემს მკლავს დაეყრდნობა.

6 მიაპყარით თვალები ზეცას და დახედეთ დედამიწას ქვემოთ; რადგან ზეცა კვამლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაძველდება; და ისინი, რომლებიც მასზე ცხოვრობენ, მისნაირადვე დაიხოცებიან. მაგრამ სამარადისო იქნება ჩემი ხსნა და ჩემი სამართალი არ შეწყდება.

7 დამიგდეთ ყური, სამართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთა გულებშიც დავწერე ჩემი რჯული, ნუ გექნებათ ადამიანთაგან გინების შიში და ნურც მათი ლანძღვის შეგეშინდებათ.

8 რადგან შეჭამს მათ ჩრჩილი სამოსელივით და მატლი შეჭამს, როგორც მატყლს; მაგრამ სამართალი ჩემი იქნება სამარადისო და ხსნა ჩემი – თაობიდან თაობამდე.

9 გაიღვიძე, გაიღვიძე! შეიმოსე ძალა, უფლის მკლავო. გაიღვიძე, როგორც ძველ დღეებში. ნუთუ შენ არ ხარ ის, რომელმაც დაანაკუწა რაჰაბი და მოკლა ურჩხული?

10 ნუთუ არ ხარ ის, რომელმაც დააშრო ზღვა, დიდი სიღრმის წყლები; ის, რომელმაც ზღვის სიღრმენი გზად აქცია გამოსყიდულთა გასავლელად?

11 ამიტომ, უფლის მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და სიმღერით მოვლენ სიონში; და მათ თავზედ მოეფინება მარადიული სიხარული და სიწმინდე; და მიიღებენ ბედნიერებასა და სიხარულს; ჩამოსცილდებათ დარდი და გლოვა.

12 ის მე ვარ; დიახ, მე ვარ ის, ვინც თქვენ განუგეშებთ. აჰა, ვინ ხარ შენ, რომ გეშინია ადამიანისა, რომელიც მოკვდება და კაცის ძის, რომელიც ბალახად იქცევა?

13 და გავიწყდება უფალი, შენი შემქმნელი, რომელმაც გადაჭიმა ზეცა და დაუდო საფუძველი დედამიწას და განუწყვეტლივ ყოველი დღე გეშინია მჩაგვრელის მრისხანების, თითქოს მზად იყოს განადგურებისათვის? და სად არის მჩაგვრელის მრისხანება?

14 დატყვევებული დევნილი ჩქარობს, განთავისუფლდეს და ორმოში არ მოკვდეს და არც პური გაუთავდეს.

15 მაგრამ მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომლის ტალღები ღრიალებდა; ცაბაოთ უფალია ჩემი სახელი.

16 და პირში ჩაგიდე სიტყვები და გადაგაფარე ჩემი ხელის ჩრდილი, რათა დამეთესა ზეცა და დამედო საფუძველი დედამიწისთვის და მეთქვა სიონისთვის: აჰა, შენ ხარ ჩემი ხალხი.

17 გაიღვიძე, გაიღვიძე, ადექი, იერუსალიმო, რომელმაც უფლის ხელიდან შესვა მისი მრისხანების თასი. შენ ბოლომდე შესვი მისი თრთოლვის თასი თავის ნალექით.

18 და არა ჰყავს მას გამძღოლი შვილთა შორის, რომლებიც მან შვა; არც ხელის დამჭერი შვილთა შორის, რომლებიც მან გაზარდა.

19 ეს ორი შვილი მოვიდა შენთან, ვინ იდარდებს შენზე, შენს აოხრებასა და ნგრევაზე, შიმშილსა და მახვილზე და ვისი მეშვეობით უნდა განუგეშო?

20 შვილები შენი, ამ ორის გარდა, დაუძლურდნენ; ისინი წვანან ყოველი ქუჩის თავში, როგორც გარეული ხარი ასმანაკში, აღსავსენი უფლის რისხვით, შენი ღმერთის საყვედურით.

21 ამიტომ, მოისმინე ახლა ეს, შენ, გაჭირვებულო და მთვრალო, თუმცა არა ღვინით;

22 ასე ამბობს შენი უფალი, უფალი და შენი ღმერთი ქომაგობს თავის ხალხს; აჰა, მე გამოგართვი ხელიდან თრთოლვის თასი, ჩემი რისხვის თასის ნალექი; შენ მას მეტად აღარ შესვამ.

23 მაგრამ მე მას მივცემ ხელში შენს მტანჯველთ, რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს: ქედი მოიხარე, რომ შენზე გავიაროთ; და შენ დადე შენი სხეული, როგორც მიწა და ქუჩა მათთვის, ვინც მასზე დადის.

24 გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალით, სიონო; ჩაიცვი მშვენიერი სამოსი, იერუსალიმო, წმინდა ქალაქო; რადგან ამიერიდან ვეღარ შემოვა შენში წინდაუცვეთავი და უწმინდური.

25 ჩამოიბერტყე მტვერი, აღსდექ, ამხედრდი, იერუსალიმო, მოიხსენი ბორკილები კისრიდან, სიონის დატყვევებულო ასულო.